ივერიონი / მართლმსაჯულების მომავალი სამი ქალბატონის ხელშია, ანუ აეხდება თუ არა ბოლომდე ფარდა ჩხარტიშვილის ავანტიურას!

მართლმსაჯულების მომავალი სამი ქალბატონის ხელშია, ანუ აეხდება თუ არა ბოლომდე ფარდა ჩხარტიშვილის ავანტიურას!

 

 

 

 

 

თითქმის ათი წელიწადია, ქართველი და უცხოელი აქტიორების მონაწილეობით მთელი მსოფლიოს დასანახად მიმდინარეობს ტრაგიკომედია კოდური სახელწოდებით „წადით, თქვენი...“. წარმოდგენის სცენარის ავტორი, რეჟისორი, კომპოზიტორი, დირიჟორი და მთავარი როლის შემსრულებელი გახლავთ ქართველი მილიონერი, პოლიტიკოსი, ქველმოქმედი და საზოგადო მოღვაწე ივანე ჩხარტიშვილი - უბრალოდ, ვანო, როგორც მას თავის დოკუმენტებში მოიხსენიებს დიდი ბრიტანეთის სამეფო სასამართლო.



ვანო ჩხარტიშვილის სახელთან დაკავშირებულ კრიმინალურ ისტორიებში ბევრი რამ ბუნდოვანი, უბრალოდ, საღი გონებისთვის მიუღებელი და მიუწვდომელია.

განსაკუთრებით, ეს ეხება იმ არეულ 90-იან წლებში ჩატარებულ გრანდიოზულ აფიორას - „ახალი ქართული ბანკის“ შექმნას და მისი მეშვეობით 800 000-მდე მეანაბრის გაკოტრებას.

ეს გახლდათ ხელისუფლების უმაღლესი ჩინების მიერ კარგად დაგეგმილი და შესრულებული „ოპერაცია“ - უმძიმესი დანაშაული ქართველი ხალხის, საქართველოს სახელმწიფოსა და, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, კაცობრიობის წინააღმდეგ.

ბატონი ჩხარტიშვილის ნიჭიერებაზე არც ისეთი მაღალი წარმოდგენისა ვარ, ყველაფერი რომ მას დავაბრალო, მაგრამ „ახალი ქართული ბანკის“ პრეზიდენტი და ერთ-ერთი დამფუძნებელი ამ საქმეში მეორეხარისხოვან როლს რომ არ დასჯერდებოდა, ამას წყალი არ გაუვა.

თუ არ ვცდები, ჰენრი ფორდს (ან იქნებ არისტოტელე ონასისს!) ეკუთვნის ფრთიანი გამოთქმა, „მზად ვარ გიპასუხოთ ყველაფერზე, ოღონდ ნუ მკითხავთ, როგორ ვიშოვე პირველი მილიონი“. ეს ნიშნავს, რომ საკუთარი თავის და რეპუტაციის პატივისმცემელი ბიზნესმენი, მას შემდეგ, რაც რაღაც ბნელი გზებით საწყისი ფინანსები იშოვა, იგივეს აღარ იმეორებს - ქონების დაგროვებას პატიოსანი გზებით ცდილობს.

ქართული ბიზნესის სიამაყე ბატონი ვანო ამ მხრივაც გამონაკლისია - მას შემდეგაც, რაც ერთ მშვენიერ დილას ასი მილიონის მფლობელად გაიღვიძა, სხვისი ქონების ხელში ჩაგდებაზე ფიქრობს.

თანამედროვე მსოფლიოში ძნელი წარმოსადგენია ბიზნესმენი (ხაზს ვუსვამ, ბიზნესმენი და არა მაფიოზი!) ვინც საერთაშორისო მასშტაბის ამდენ ავატურაში იყოს გახლართული, ერთდროულად ამდენი მომჩივანი ჰყავდეს, თვითონაც ერთდროულად ამდენი ფირმის მოსარჩელე იყოს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ოფისის თავხედურად მითვისებისთვის კოლეგა-ბიზნესმენების მთელი ლეგიონი უჩიოდეს...

გადახედეთ თუნდაც ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში გამოსულ ქართულ გაზეთებს („საქართველოს რესპუბლიკა“, „ალია“, „ვერსია“, „ქრონიკა“, „პრაიმ თაიმი“, „ასავალ-დასავალი“...), ნახეთ თითქმის ყველა სერიოზული ქართული ტელეარხის „ვანოს თემაზე“ მომზადებული გადაცემები... ნებისმიერ თავმოყვარე ქვეყანაში (ისეთშიც კი, ევროპასთან ინტეგრაციაზე რომ არ ოცნებობს) მედიის ასეთი ერთსულოვანი, ტოტალური შეტევის საფუძველზე ხელისუფლება ან „ვანოს საქმის“ გამოძიებას დაიწყებდა, ან ცილისწამებისა და პატიოსანი ბიზნესმენის საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის მედიასაშუალებებს დასჯიდა.

ჩვენთან არც ერთი ხდება და არც მეორე. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ბატონ ვანოს საქართველოს ხელისუფლებაში ჯერ კიდევ ძლევამოსილი მფარველები ჰყავს.

ბოდიშს ვიხდი, თუ გადავაჭარბე - შესაძლოა, ეს მფარველები თვითონ არ იყვნენ ხელისუფლებაში, მაგრამ იყვნენ ის ადამიანები, ვისაც დიდი გავლენა აქვთ ხელისუფლებაზე. უფრო კონკრეტულად - სასამართლო ხელისუფლებაზე.

სხვანაირად, ძნელი ასახსნელია, როგორ ხვდებოდა ვანოს სახელთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საქმეების უმრავლესობა თბილისის საქალაქო სასამართლოს ერთი მოსამართლის, გიორგი სულაკაძის, ხელში; როგორ ბედავდა ეს კაცი სასამართლოს შესახებ კანონის უხეშ დარღვევას (იმ საქმის განხილვას, რომელსაც უკვე განიხილავდა სხვა, მაგალითად, ფოთის, სასამართლო); რატომ ითვალისწინებდა მოსარჩელე (ვანო ჩხარტიშვილის) მხარის უკლებლივ ყველა ბოდვით მოსაზრებას და არ ითვალისწინებდა მოპასუხის არც ერთ არგუმენტს; რატომ ცდილობდა მოპასუხე მხარეების გაკოტრებას; ელემენტალური ლოგიკის საწინააღმდეგოდ, რატომ გამოჰქონდა ვანოს სასარგებლოდ მოპასუხეებისათვის კოლოსალური თანხების დაკისრების გადაწყვეტილება...

ამჯერად შეგნებულად გვერდს ვუვლი „ჩხარტიშვილი-თიბისი-ტრანსფორდი-აგრიკომის“ საქმის დეტალების განხილვას. ამაზე უკვე ისედაც ბევრი ითქვა და დაიწერა. თუ ბატონი ვანოს მხარეს ჩემს კომპეტენციასა და მიუკერძოებლობაში ეჭვი შეეპარება, მზად ვარ აქ გამოთქმული მოსაზრებები დოკუმენტურად დავასაბუთო, თუნდაც ერთი საქმის მაგალითზე.

მოსამართლე სულაკაძემ თავისი ბნელი მისია უკვე შეასრულა. ახლა საქმეს სააპელაციო სასამართლო და, შესაბამისად, მოსამართლეთა სხვა შემადგენლობა (ნათია გუჯაბიძე, ნატალია ნაზღაიძე, ქეთევან მესხიშვილი) განიხილავს.

თუ უკვე ჩატარებული პროცესებიდან გამომდინარე ვიმსჯელებთ, ვითარება რადიკალურად შეცვლილია - მოსამართლე, წინამორბედისგან განსხვავებით, უსმენს მოპასუხე მხარის არგუმენტებს და აშკარად ცდილობს საქმეში გარკვევას.

ეს გარემოება, მართალია, იმედს აჩენს, მაგრამ ეჭვი მაინც რჩება - გაბედავს თუ არა სააპელაციო სასამართლო ვანო ჩხარტიშვილის ძლევამოსილი ფიგურის ზეგავლენისგან თავის დაღწევას და საბოლოოდ ობიექტური გადაწყვეტილების მიღებას. ამ ეჭვს ისიც აძლიერებს, რომ სასამართლო მხარეებს დაჟინებით მორიგებისკენ მოუწოდებს!

შექმნილი ვითარებიდან მორიგება, იცოცხლეთ, მართლაც საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, მაგრამ აქვე ისმის საკრამენტული კითხვა - რა შეიძლება იყოს მორიგების საგანი ვანო ჩხარტიშვილსა და, მაგალითად, „აგრიკომს“ შორის?

საქმე ის არის, რომ თავის დროზე (ექვსი წლის წინათ) ოდესღაც ვანოს კუთვნილი ფოთის წისქვილქარხანა „აგრიკომმა“ შეიძინა არა მისი ყოფილი მფლობელისგან (ვანოსგან), არამედ, „თიბისი ბანკისგან“. იგი კეთილსინდისიერი მყიდველია და ვანო ჩხარტიშვილთან, საერთოდ, არ შეიძლება რაიმე სადავო ჰქონდეს.

გაგიკვირდებათ და, ბანკსა და „აგრიკომს“ შორის გარიგების სრულ კანონიერებას თვით მოსამართლე სულაკაძეც კი არ უარყოფს. აქედან გამომდინარე, მხარეებს შორის მოლაპარაკების საგანი, საერთოდ, არ არსებობს.

მით უფრო, სასამართლოს მიერ უკვე გაქარწყლებულია თავის დროზე ვანოს მიერვე გამოგონილი თეორია ვანოს წინააღმდეგ მითიური „მსოფლიო იმპერიალისტური შეთქმულების“ შესახებ სააკაშვილ-მერაბიშვილის, ქართველი და უცხოელი ბიზნესმენების მონაწილეობით.

როგორც ჩანს, მოლაპარაკების თემით სასამართლოს დროის მოგება სურს. დრო კი მას სულის მოსათქმელად, საქმის არსში ღრმად ჩასაწვდომად, შექმნილი ვითარებიდან მეტნაკლებად უმტკივნეულო გამოსავალზე საფიქრელად სჭირდება. მართალია, ამით მოპასუხეები ზარალდებიან, მაგრამ, სამართლებრივი თვალსაზრისით, ურიგო გადაწყვეტილება სულაც არ უნდა იყოს...

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ „ჩხარტიშვილის საქმე“ არ არის მხოლოდ სამართლებრივი დავა ორ სუბიექტს შორის. მისი შედეგი ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი და ხვალინდელი ქართული ბიზნესისთვის, ქართული სამართლისთვის, მთლიანად ქართული სახელმწიფოებრიობისთვის. მან უნდა გამოაჩინოს, საით მიდის საქართველო: ევროპული დემოკრატიისკენ, ზოგადად, პროგრესისაკენ სწრაფვა - ეს მავანთა აკვიატებაა, სიცრუე და ლიტონი დაპირებაა თუ სერიოზული სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება, რასაც ზურგს უმაგრებს ქვეყნის სახელისუფლებო ნება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ეს შემადგენლობა უმძიმესი დილემის წინაშე დგას - ან კოლეგა მოსამართლის (სულაკაძის) საბოლოოდ გაწირვა, ძლევამოსილი ჩხარტიშვილის და მისი კლანის მარადიულ მტრად მოკიდება და სამაგიეროდ, ქართული სამართლებრივი სისტემის, სასამართლო ხელისუფლების პრესტიჟის გადარჩენა; ან კოლეგის (დროებით) პასუხისმგებლობიდან დაძვრენა, ჩხარტიშვილის კეთილგანწყობის შენარჩუნება და სამაგიეროდ ქართული მართლმსაჯულების ჭაობში ჩატოვება!

არჩევანი მართლაც ურთულესია.

თუმცა, სამი ქალბატონისგან შემდგარ კოლეგიას, წესით, გადაწყვეტილების მიღება არ უნდა გაუჭირდეს: ჯერ ერთი, ვითარება ქვეყანაში ისეთი აღარაა, როგორიც თუნდაც სამი წლის წინათ იყო - სასამართლო, ფაქტობრივად, თავისუფალია აღმასრულებელი ხელისუფლების მეურვეობისგან; მას ვეღარც პოლიცია და პროკურატურა აკონტროლებენ (მიშა და ზურა ოდესაში არიან, ვანო და გიგი - ციხეში, გოგა და პალიკო - ოპოზიციის ოპოზიციაში...); საზოგადოებრივი განწყობაც სამი წლის წინანდელისგან რადიკალურად განსხვავებულია. თანაც, რამდენიმე დღის წინ ყველა დონის დღევანდელ მოსამართლეს სიმამაცის და ნამდვილი პატრიოტიზმის მაგალითი უჩვენა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი დარახველიძემ - იგი არ შეუშინდა პოლიციისა და პროკურატურის ავტორიტეტს და გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა სამ ადამიანს, ვისაც ბრალად პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა, მისი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა ედებოდა.

სასამართლოს ამ შემადგენლობას ნამდვილად შეუძლია საკუთარი სახელები ოქროს ასოებით ჩაწეროს თანამედროვე საქართველოს, ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში.

არ ვაჭარბებ - ქართული მართლმსაჯულების მომავალი ახლა სამი ქალბატონის ხელშია!    


თეიმურაზ ქორიძე
   

10-06-2016, 14:08
უკან დაბრუნება