ივერიონი / ადგილის დედა, ანუ პოლიციის შენობა მემორიალად უნდა გადაკეთდეს!

ადგილის დედა, ანუ პოლიციის შენობა მემორიალად უნდა გადაკეთდეს!

ალბათ ყველასთვის გასაგებია რას გულისხმობს გამოთქმა „ადგილის დედა“. ასეთი ადგილი შეიძლება ჰქონდეს ბუნებას, რელიეფს, სოფელს, ქალაქის განაშენიანებას. ის შეიძლება ბუნების წარმონაქმნი იყოს, ანდა არქიტექტორმა შექმნას ქალაქის განაშენიანებაში.

 

თბილისში, მახათას მთაზე ეკლესიისთვის შერჩეული ადგილი, ანდა ავლაბარში სამების  კათედრალური  ტაძრის განთავსება განპირობებული იყო სწორედ ასეთი თვისებების მატარებელი ადგილის გამოვლენით.

 

ასეთი მაგალითებით სავსეა  ქართული  ხუროთმოძღვრება. შორს რომ არ  წავიდეთ,  ამის საილუსტრაციოდ მცხეთის ჯვარისა და სვეტიცხოველის კლასიკური მაგალითებიც კმარა. მათი გაბატონებული მდგომარეობა, აქ ჩამოკრული დედო ზარის  ხმა მორწმუნეთა გულებში   აღძრავს  სიყვარულისა და სასოების გრძნობას, იწვევს მლოცველებს და აერთიანებს  ქართველ ერს. 

 

არქიტექტურა  ყველა ხელისუფლების იდეოლოგიური იარაღია. ხოლო ხელისუფლება შეიძლება იყოს  დემოკრატიული, სოციალისტური(აქ არ იგულისხმება  სსრკ), მონარქიული, ტოტალიტარული, პოლიციური, და ა.შ.

 

დიახ, შეიძლება იყოს  ტოტალიტარულ-პოლიციური, რაც სულ ცოტა ხნის წინ გადავიტანეთ. ეს იყო კლასიკური მაგალითი თავისი  იდეოლოგიური  არქიტექტურით.  იქ სადაც  ტაძრებს  ვაშენებდით,  დაიწყო  პოლიციის შთამბეჭდავი შენობების  აგება. პოლიციის შენობა გახდა შიშისა და ჩაგვრის  იარაღი.ამ იდეოლოგიის მატარებელთა  აზრით, ის უნდა ჩანდეს ყველა მხრიდან და თესავდეს შიშის გრძნობას!

 

სწორედ ასეთ ადგილასაა აშენებული  ვაკე საბურთალოს  პოლიციის    შთამბეჭდავი შენობა, ბავშვთა ქალაქის   “მზიურის“ თითქმის შუაგულში - ვაკისა და საბურთალოს განაშენიანების, მდინარე  ვერეს  ღია სივრცეში. გაბატონებულ ადგილას, რომელსაც  სწორედ  „ადგილის დედა“  ჰქვია, დგას არა ტაძარი, არა თეატრი, არა მემორიალი, არამედ პოლიცია.

 

ხლა როცა  საქართველო განთავისუფლდა  მაჯლაჯუნასგან, შიშისგან, პოლიციის შენობა  თავისი  პომპეზურობით  უაზროდ გამოიყურება. მისი ამ სახით არსებობა საზოგადოების შეურაცყოფაა.   როცა შიში გაივლის,  რჩება ზიზღის გრძნობა. ზიზღი არ იწვევს  აგრესიას, მაგრამ იწვევს ირონიულ ღიმილს და ადამიანი ხდება დაუნდობელი დანაშაულის ჩამდენის მიმართ, რაც აუცილებლად  თავს იჩენს არჩევანის გაკეთების დროს!

 

 იმის ძახილს, რომ ეს ჩვენ არ გაგვიკეთებიაო, მაგრამ აგრძელებ ამ გაუგებრობით სარგებლობას, თავისი სახელი აქვს- ვირეშმაკობა.

 

მაგრამ, აი გამოჩნდა  ადამიანი, რომელიც შესძრა უსამართლობამ და  ხელში აიღო არა იარაღი უსამართლობის დასამხობად, არამედ სულიერება და ხელოვნება გამოხატული  არქიტექტურაში. ანუ, ტოტალიტარულ არქიტექტურას  დაუპირისპირა დემოკრატიული არქიტექტურა და მძიმე  ბოროტება შეიცვალა შინაარსითა და  ფორმით  დემოკრატიული  იდეით.

 

ჩვენმა, უნიჭიერესმა და საერთაშორისოდ აღიარებულმა ხუროთმოძღვარმა, ბატონმა ვახტანგ დავითაიამ შემოგვთავაზა ამ  გაუგებრობის გამოსწორების უმშვენიერესი გზა-ვაკე-საბურთალოს  პოლიციის პომპეზური შენობა, რომელიც განთავსებულია მდინარე ვერეს  ხეობაში  მდებარე,  ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ სივრცეში და უჭირავს ამ მიდამოზე  დომინანტური მდგომარეობა,  გადაკეთდეს სამშობლოსთვის თავდადებულთა და დაცემულთა ხსოვნის მემორიალად -სიმბოლოდ, რომელიც შეასრულებს ამ მიზნით აგებული დიდებული ტაძრის როლს.

 

80 წელს გადაცილებულმა ხუროთმოძთვარმა ეს პროექტი  შეასრულა სრულიად უანგაროდ და  წარუდგინა საზოგადოებას. მოეწყო მისი საჯარო განხილვა, იყო აღფრთოვანებული  გამოსვლები. პროექტს მაღალი  შეფასება მისცეს პროფესიონალებმა. გამოითქვა აზრი, რომ მისი განხორციელება ხელისუფლების მხრიდან იქნება  მონანიების ტოლფასი.

 

აი ბურთი და აი მოედანი, „ დაუკვირდით საქმეს და ივარგეთ“. როგორც ამას ჩემი რაჭველი ბებია იტყოდა.

 

P.S.  გახსოვთ მხატვრული ფილმი „12  განრისხებული მამაკაცი“. ამ ფილმში ზნეობრივ მაგალითს გვაძლევს ერთ-ერთი  ნაფიცი მსაჯული, რომელიც არ ეთანხმება დანარჩენ 11  ნაფიც მსაჯულს და ბოლოსდაბოლოს ყველას გადმოიბირებს თავისი სიმართლით. ეს იყო ზნეობრივი გმირობის ტოლფასი.შემთხვევითი არ არის, რომ ეს ნაფიცი მსაჯული არქიტექტორი იყო.

 

ლერი გოშაძე,

საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი 

15-06-2016, 15:26
უკან დაბრუნება