ივერიონი / დავით ქობალია: საპარლამენტო ავაზაკების შერჩევას სჯობს ანაკლია მოსალოდნელი საშიშროებისგან ვიხსნათ!

დავით ქობალია: საპარლამენტო ავაზაკების შერჩევას სჯობს ანაკლია მოსალოდნელი საშიშროებისგან ვიხსნათ!

 

 

მორიგი სამთავრობო ბლეფი ანაკლიაში!

 

 

გასული მაისის ბოლოს ქართული მედიასაშუალებები იუწყებოდნენ (მათ შორის ყოველგვარი ქართულ-ეროვნული საქმის მოძულე „რუსთავი 2“), რომ:

„საქართველოში აკრედიტირებულმა დიპლომატებმა ანაკლიაში ის ტერიტორია დაათვალიერეს, სადაც პორტი აშენდება. ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებმა ელჩებს ანაკლიის პროექტის შესახებ ინფორმაცია ადგილზე მიაწოდეს და მათ კითხვებს უპასუხეს.

შეხვედრას საგაერეო საქმეთა მინისტრი მიხეილ  ჯანელიძე და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია ესწრებოდნენ (12:57 / 29.05.2016).

როგორც სანდო და კომპეტენტურმა წყარომ გვაცნობა _ „სამწუხაროდ, ელჩები არ ჩასულან ანაკლიაში. მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ საქართველოში აკრედიტებული საელჩოების და დიპლომატიური სამსახურების თანამშრომლებს წინასაარჩევნო, ძვირადღირებული ქალაქგარეთ გასვლა მოუწყვეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა!..

სამეგრელოში სტუმრობის მეორე დღეს _ ანაკლიაში ჩასულმა უცხოეთის საელჩოების და დიპსამსახურების თანამშრომლებმა ხაზარაძე და კონტი ჯგუფის „ნახატების“ გამოფენა დაათვალიერეს!“

ჩემთვის, ანაკლიაში პორტის მშენებლობის თემა გამორჩეულად საინტერესოა. გამომდინარე აქედან, გადაუმოწმებელ და შეუსწავლელ ინფორმაციას არამცთუ ვერიდები, არავის ვურჩევ მკითხველის ყურამდე მიიტანოს!

რადგანაც, დარწმუნებული ვარ ყალბი და სხვა ქვენა მიზნებისთვის გამიზნული ნებისმიერი აქცია, მხოლოდ და მხოლოდ ჩრდილს და ზიანს აყენებს ათასწლეულის პროექტს, რომელსაც „ანაკლია პორტი“ ჰქვია, არ ვაპირებ ვინმეს ხათრით არ ვთქვა სიმართლე, რასაც სამთავრობო ჩინოვნიკები ქვეყნის მოსახლეობას უმალავენ!

აქვე, კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩემს ერთგულ მკითხველს _ ბოლო ოთხი წლის მანძილზე ოცზე მეტი სტატია გამოვაქვეყნე სხვადასხვა მედიასაშუალებებით. არ დამრჩენია საკითხი, რაც პირდაპირ თუ ირიბად ანაკლიაში პორტის მშენებლობას ეხებოდა. თითქმის ორი წლის განმავლობაში მიმდინარე ტენდერი ფინიშის სწორამდე მივაცილე ორ კონსორციუმთან ერთად და, როგორც იქნა გამოცხადდა გამარჯვებული, მაგრამ?..

მაგრამ, სამწუხაროდ, აქ დამთავრდა „ოცნება“ და კვლავ აქტუალური გახდა კითხვა:

„აშენდება თუ არა ანაკლია პორტი?“

ორწლიანი ხანგრძლივობის ტენდერის შემდეგ გამარჯვებულად გამოცხადებულ კომპანიას არ უნდა გაეჩინა კითხვები, მაგრამ აქაც იჩინა თავი „სამთავრობო ყმაწვილების“ ზედაპირულმა მიდგომამ სახელმწიფო სტრატეგიული ობიექტისადმი და ზემოთ ხსენებული ტენდერის არც ერთი პირობა არ შესრულდა, უფრო მეტიც _ ამის გამო სირცხვილის გრძნობაც კი არ გაჩენიათ არც ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადებულ „ხაზარაძე და კონტი ჯგუფს“ და არც მათ ლობისტებს.

ასე მოიარეს ხუთივე კონტინენტი მიმდინარე წლის 5 თებერვლიდან (ტენდერში გამარჯვებულის გამოცხადების თარიღი) ანაკლიაში ე.წ. „ელჩების“ ჩამოყვანამდე _ პრემიერმა კვირიკაშვილმა, ეკონომიკის მინისტრმა ქუმსიშვილმა და თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ხაზარაძემ ანაკლიაში პორტის ასაშენებელი ფულის სამათხოვროდ, მაგრამ ყველა მხრიდან მხოლოდ „ქების სიგელებით“ დაბრუნდნენ.

ამასობაში სახელმწიფოსთან პორტის აშენების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის ვადაც (05.05.2016) ამოიწურა.

ბუნებრივია, არც მშენებლობა დაწყებულა პირველ ივნისს, როგორც ზემოთ ხსენებული „სამი მუშკეტერი“ იფიცებოდა „ანაკლია პორტის“ ტენდერში გამარჯვებულის გამოცხადების ბრიფინგზე!

დროებით აქ დავსვამ წერტილს და მკითხველს ვაცნობებ, რომ სანამ ამ სტრიქონების წერას შევუდგებოდი, ენგურის შესართავიდან ჭურიამდე ფეხით მოვიარე ზღვის სანაპირო და ვერსად შევნიშნე პორტის მშენებელთა ნაკვალევი, გარდა ნაპირსამაგრებად წოდებული მძიმეწონიანი, რკინა-ბეტონის ურჩხულებისა, ნაპირსამაგრი საქმის მცოდნე სპეციალისტების აზრით მისხალი შედეგის მომტანი რომ არ არის!..

ასევე, შევხვდი ადგილობრივ მოსახლეობას, რომელიც არა მხოლოდ ეჭვის თვალით უყურებს  ანაკლიაში პორტის მშენებლობის პერსპექტივას, არამედ უკიდურესად მძიმდება მათი განწყობა არსებული ხელისუფლებისადმი. ყველაფერი ეს კი, კარსმომდგარი საპარლამენტო არჩევნების წინ ხდება, რაც უამრავ კითხვებს ბადებს!

 

ბუნებრივია მეც მაწუხებს იგივე კითხვა:

ვისი ინტერესებიდან გამომდინარე გამოცხადდა უფულო, უპროექტო, უიდეო და, რაც ყველაზე მთავარია, ადგილობრივი გარემო პირობების უცოდინარი და  აბორიგენი მოსახლეობის ხელმყოფი კომპანია გამარჯვებულად?

ხაზარაძეს და მის ლობისტებს ეპატიებათ სამეგრელოს და ანაკლიის პრობლემებში ღრმად ჩაუხედაობა, მაგრამ, როგორ გავიგოთ ადგილობრივი ხელისუფლების, სახელმწიფო ავანტურისტების მიერ აგორებული ბლეფისადმი აყოლა?

ამ უკანასკნელთ მინდა ვკითხო _ სად აპირებთ წასვლას „ანაკლია პორტის“ მშენებლობა რომ ჩაიშლება?

ზემოთ ნახსენები _ კვირიკაშვილები, ქუმსიშვილები და ხაზარაძეები, როგორც მათი თანამდებობაზე მოსვლამდე არ ჩასულან ანაკლიაში, ისე არც თანადდებობიდან წასვლის მერე იზამენ პირს ანაკლიისკენ, მაგრამ თქვენ სად აპირებთ წასვლას?!

ვერც იმას დავმალავ (რომ იტყვიან, ფუი ეშმაკს და რას არ გაიგებ კაცი) _ ადგილობრივი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები მომავალი არჩევნების შემდეგ პარლამენტში აპირებენო გადაბარგებას!!!

არჩევნების გახსენებამ კიდევ უფრო დამიმძიმა გუნება-განწყობა. თბილისში რომ ცოტა ვინმეს ახსოვდეს „ანაკლია პორტი“ ნამდვილად არ გამიკვირდებოდა, მაგრამ სამეგრელოში ყველას არჩევნები აკერია პირზე და 12 მილიარდ დოლარად შეფასებული პროექტის დაღუპვა რომ არავის ადარდებს, კარგს არაფერს უქადის ქვეყნის და ამ კუთხის მომავალს!

ამას წინათ, სამეგრელოს ერთ-ერთ ისტორიულ სოფელ კორცხელში ადგილობრივი მნიშვნელობის არჩევნები გაიმართა, სადაც სამი, მათგან ორი _ პოზიცია-ოპოზიციის და მესამე კიდევ ერთ-ერთი უდღეური პარტიის კანდიდატი იყრიდა კენჭს. სასწაული ამბავი დატრიალდა კორცხელში _ თავპირი დაანგრია ერთმანეთს პოზიცია-ოპოზიციის ნაწილმა. სამწუხაროდ, მე ამ პროცესის თვალყურის მიდევნების საშუალება არ მქონია, მაგრამ, მეორე დღეს ჩემი ტელეფონი არ გაჩერებულა, კუთხე არ დარჩენილა საქართველოში, ზარი არ შემოსულიყო _ დედა არავისთვის უგინებიათ, მაგრამ დედა დაულოცეს იმათ დამბეგვავებს, ვისი დასისხლიანებული სახეები და უკანალზე დაგდებული მძორები გაასაჯაროვა „რუსთავი 2“-მა, თან, როგორც ყოველთვის, სამეგრელოს და მეგრელების დადანაშაულება სცადა ამ სიბინძურის მთესველმა!

არ გაამართლა, არ იმუშავა კორცხელში დადგმულმა სპექტაკლმა, რადგან ყველასათვის ცნობილი იყო სამი ნაციონალი რომ მონაწილეობდა არჩევნებში, სამი უჯიშო და უეროვნებო პარტიის სახელით. ამიტომ ბეგვეს ისინი, ვისაც უამრავჯერ მოუწევთ სამართლიანი ხალხის სამსჯავროზე წარსდგომა და იგივე სასჯელის მიღება, ვიდრე ყველანი ერთად, პატიებას არ თხოვენ და მუხლს არ მოიყრიან იმათ წინაშე, ვისაც ათი წლის მანძილზე ღირსება შეულახეს, პატივი აჰყარეს და პროტესტის გამოთქმის უფლებაც არ დაუტოვეს!..

აქ ვამთავრებ მთავარი თემიდან უსიამოვნო გადახვევას. ხალხი და უფალი მიაგებს სამაგიეროს ყველა იმათ, ვისაც ნდობა გამოუცხადა და არ შეასრულა, იმათაც, ვინაც ათი წლის მანძილზე ფეხქვეშ გათელა ადამიანის და ქვეყნის ღირსება და კვლავ მის სათავეში მობრუნებას და დარჩენილი იმედის ამოშანთვას აპირებს!

კიდევ ერთხელ ვიმეორებ _ ქვეყანას და მის მოსახლეობას, რომელიც კრინტს არ ძრავს 12 მილიარდიანი პროექტის ფაქტიურ დაღუპვაზე და კარსმომდგარ არჩევნებში ქვეყნის ახალი მძარცველების შერჩევაზეა გადართული, მომავალი არ გააჩნია!

როცა ამ თემაზე საუბარი დავაპირე სამეგრელოს ე.წ. ინტელიგენციასთან, მათ ერთსულოვანი დუმილით მიპასუხეს _ „ჩვენი თქმა რას უშველის, ჩვენ ვინ გვეკითხებაო!“

 

მაშინ, მე ვსვამ მათ მაგივრად კითხვებს:

1.    ანაკლია პორტის ტენდერის პირობებით, ტენდერში გამარჯვებულს წინასწარვე უნდა ჰქონოდა პროექტის ფინანსური უზრუნველყოფის საკითხი შესაბამისი საბანკო გარანტიებით დადასტურებული. რატომ დაეძებს პროექტის დამფინანსებელს კვირიკაშვილ-ქუმსიშვილ-ხაზარაძის ტრიო ტენდერში გამარჯვებულის გამოცხადების შემდეგ?!

2.    რა სტატუსით დაჰყვებიან კვირიკაშვილ-ქუმსიშვილი ხაზარაძეს ფულის საშოვნელად? დიდი ალბათობით ისინი ამ წლის ბოლოს იმ თანამდებობებზე არ იქნებიან რასაც ახლა იკავებენ, რა ურთიერთობა ექნებათ მათ მომავალში ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან?!

3.    ტენდერში გამარჯვებულს, ამ უფლების მინიჭებიდან არაუგვიანეს სამ თვეში უნდა მოეწერა ხელი სახელმწიფოსთან პორტის აშენების ხელშეკრულებაზე. ეს ვადა 5 მაისს გავიდა. რატომ დაირღვა ეს პირობა?!

4.    ტენდერში გამარჯვებულს მიმდინარე წლის პირველ ივნისს უნდა დაეწყო პორტის მშენებლობა. სახელმწიფოს მიერ დადგენილი ტენდერის პირობებით ეს ვადაც დაირღვა და იგი მომავალი წლის ამ დრომდე არ დაიწყება მრავალ მიზეზთა გამო, რასაც სტატიის დასკვნით ნაწილში მოგახსენებთ. ვინ უნდა მოსთხოვოს პასუხი ამ დარღვევაზე ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადებულ კომპანიას?

5.    რა ბედი ეწია 3 მილიონ დოლარს, რომელიც ტენდერში მონაწილეს ზემოთხსენებული პირობების დაცვის საგარანტიოდ უნდა დაედო და ამ პირობების დარღვევის შემთხვევაში სახელმწიფოს ბიუჯეტში უნდა გადარიცხულიყო?

6.    მიუხედავად უამრავი შენიშვნა-შეკითხვისა, რომლებზეც დღემდე არ მიგვიღია პასუხი, რა აუცილებლობიდან გამომდინარე მიადგა ტენდერში გამარჯვებული ანაკლიის აბორიგენ მოსახლეობას გასასახლებლად, როცა დიდი ხანია არსებობს საერთაშორისო ექსპერტების (Ernst & Young) მიერ მოწონებული პროექტი, რომელიც მაქსიმალურად ხელშეუხებელს ტოვებს დასახლებულ ტერიტორიას და მისი ინფრასტრუქტურული განვითარების უნიკალურ ნიმუშს წარმოადგენს?!.

ზემოთ ვახსენე, რომ მშენებლობა პირველ ივნისს უნდა დაწყებულიყო... სახელმწიფოს მიერ დადგენილი ტენდერის პირობებით, ეს ვადაც დაირღვა და იგი მომავალი წლის ამ დრომდე არ დაიწყება-მეთქი მრავალ მიზეზთა გამო!

მოვუსმინოთ ბატონ ნოდარ წივწივაძეს (ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ივ.ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰიდრომექანიკისა და ოკეანოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის გამგე, იუნესკოს სამთავრობათაშორისო ოკეანოგრაფიული კომისიის საქართველოს ოკეანოგრაფიული კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი...), თუ როგორ აფასებს იგი ალტერნატიულ პროექტს (იხ. „თეიმურაზ ქარჩავას მხარდამჭერთა ჯგუფი“), რომელიც ხელაღებით იქნა უარყოფილი სამთავრობო და მოწვეულ ექსპერტთა მიერ:

„ამ პროექტის უგულველყოფა მთავრობის მხრიდან გაუაზრებელი დანაშაულებრივი ქმედების ტოლფას აქტად მიმაჩნია. ქართველი სპეციალისტი- ოკეანოლოგების, ჰიდროტექნიკოსების, გეომორფოლოგებისა და გეოლოგების აზრით, ტენდერის გამოცხადებამდე ანაკლიის სანაპირო ზონის კომპლექსური კვლევები უნდა ჩატარებულიყო, რომელიც მნიშვნელოვან თანხებსა და დროს მოითხოვდა. სამწუხაროდ არც უცხოელ ექსპერტებს და არც ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელობას, პორტის პროექტირებისა და მშენებლობისთვის, ამ მნიშვნელოვანი კვლევების ჩატარების აუცილებლობა არ გაუთვალისწინებია. შესაბამისად, მონაწილე მხარეების მიერ წარმოდგენილი პროექტების ვარგისიანობაზე, პორტის ოპერირების ეფექტურობაზე, დაგეგმილი ტვირთბრუნვის უზრუნველყოფაზე მშენებლობის ეტაპების მიხედვით მსჯელობა, გადაწყვეტილების მიღება და ტენდერში გამარჯვებული მხარის გამოვლენა, მხოლოდ პოლიტიკურ ნებად და ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარების პერსპექტივების უგულველყოფად მიმაჩნია.“

...სამი დღე დავყავი ანაკლიაში, მაგრამ ვერც მთავრობის და ვერც ხაზარაძის გამოგზავნილ მსტოვართა ნაკვალევს მივაგენი, ათასნაირ ხმებს რომ ავრცელებენ პორტის მშენებლობაზე და ტვინს და გულს ურევენ ადგილობრივ მოსახლეობას. შედარებით საყურადღებო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ (იგივე ხაზარაძე და კონტი ჯგუფი) სახელით მოსაუბრე, ვინმე, ქალბატონ „ტატის“ ნათქვამი აღმოჩნდა _ „ჩვენ არაფერ შუაში ვართ, ანაკლიის მოსახლეობას მთავრობა ასახლებს და ჩვენ არც ფულს ვუხდით ვინმეს და არც რამეს ვპირდებითო!“

ამ განცხადებამ კიდევ ერთხელ მოჰფინა ნათელი იმ ფაქტს, რომ ხაზარაძე და მთავრობა შეხმატკბილებულად მუშაობენ. ისიც ცხადია, რომ ხაზარაძის პარტნიორები ამერიკელები არიან და ბუნებრივია ისინი ვერ ჩაერევიან აბორიგენი ანაკლიელების გასახლების საქმეში - იგი საქართველოს მთავრობამ უნდა აღასრულოს, რომელსაც ქვეყნის სათავეში ყოფნის რამდენიმე თვე დარჩა.

ჩემთვის გასაგებია, თუ რატომ ავრცელებენ განსხვავებულ ხმებს ანაკლიიდან გასასახლებელი მოსახლეობის მიწის ფასთან დაკავშირებით. მათ სურთ გაიგონ რა შეთავაზებაზე იქნება ადგილობრივი მოსახლეობა თანახმა. მაგრამ, ამ შემთხვევაში ეს არ არის მთავარი, აქ გაცილებით ავაზაკური ქმედება იკვეთება, რაც თავზარდამცემ კითხვას ბადებს:

რატომ აირჩია მთავრობამ პროექტი, რომელიც უამრავ პრობლემებს ბადებს, სპეციალისტების აზრით ვერანაირად ვერ იქნება წელიწადში 100 მილიონი ტვირთბრუნვის ღრმაწყლოვანი პორტი და ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილის (დიდი ალბათობით მთლიანად) გასახლებას მოითხოვს, როცა არსებობს საერთაშორისო ექსპერტთა მიერ მოწონებული ალტერნატიული პროექტი, რომელიც 100 მილიონი და მეტი ტვირთბრუნვის გარანტიას იძლევა და საერთოდ არ ეხება ადგილობრივ მოსახლეობას?!

აქედან გამომდინარე, რატომ აიკიდა მთავრობამ ზედმეტი, ყოვლად არასაჭირო ხარჯები მისი მმართველობის მიწურულს?

ხომ არ ნიშნავს ეს, დიდი ხნის წინ გამოთქმული ეჭვის დადასტურებას, რომ _ ანაკლიაში არავინ აპირებს პორტის აშენებას, იქ უფრო მნიშვნელოვანი და საშიში რამ შენდება, ამიტომაც უნდა მოაშორონ იქაურობას ადგილობრივი მოსახლეობა?!.

მიმაჩნია, ამ საკითხზე კამათი ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე მოსახლეობის დაუკითხავად, ახალი საპარლამენტო ავაზაკების შერჩევა-შემოთავაზება და მათ ვარგისიანობაზე თავპირის მტვრევა!


დავით ქობალია

30-06-2016, 11:46
უკან დაბრუნება