ივერიონი / უპასუხისმგებლო ელჩი და გულგრილი მთავრობა!

უპასუხისმგებლო ელჩი და გულგრილი მთავრობა!

მინდა გავაკეთო საგანგებო განცხადება


ორიოდე დღის წინ ჩვენ გავხდით მომსწრენი იმისა, თუ როგორ ირღვეოდა ადამიანის უფლებები და თავისუფლებები - კერძოდ, თურქეთში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეზე განხორციელდა განსაკუთრებით ვანდალური მოპყრობის  ფაქტი, რითაც დაირღვა პირველ რიგში ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, ხოლო, მეორე რიგში უცხო ქვეყნის მოქალაქისადმი განხორციელდა ღირსების და პატივის შემლახავი მოქმედებები.

საოცრად აღმაშფოთებელი არის ის ფაქტი, რომ ეს ყველაფერი ასახულია ვიდეომასალებად, სადაც კარგად ჩანს თუ როგორ აყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას არა ერთი, არამედ, რამდენიმე პოლიციელი.

მიუხედავად ამისა, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოები აცხადებენ უტიფრად, რომ მათ საერთოდ არ დაურღვევიათ დაკავებულის უფლებები, თუმცა, კადრში კარგად ჩანს როგორ ადგამს ფეხს დაკავებულის თავზე პოლიცელი, მეორე კი ურტყამს სახეში ავტომატის კონდახს, მესამე მუშტს გამეტებით.

არ არის გამორიცხული, იმ დაკავებულის უფლებები ამ წუთებშიც ირღვეოდეს. ამ დროს კი ჩვენი სტრუქტურები ამ ყველაფერს გულცივად ხვდებიან.

არადა, ასეთ ფაქტზე აუცილებლად უნდა მომხდარიყო ჩვენი საელჩოს მხრიდან მკაცრი რეაგირება, უნდა ჩარეულიყო მყისიერად პირადად ელჩი და ოფიციალურად უნდა გაგზავნილიყო საპროტესტო ნოტა.

ამ ნაბიჯების გადადგმის სანაცვლოდ, ჩვენ მოვისმინეთ შემდეგი:

თურქეთში საქართველოს ელჩი გვამცნობს, რომ თურქი სამართალდამცავები უარყოფენ მომხდარ ფაქტს. ეს არის სამსახურეობრივი გულგრილობა, სხვა თუ არაფერი. მთელმა საქართველომ იხილა კადრები. მათ შორის მე ჩემი თვალით ვნახე ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკე, რითიც დაუცველი ხდება ნებისმიერი ჩვენი მოქალაქე. ელჩის უმოქმედეობის გამო ბატონი კოპლატაძე უნდა იყოს გამოწვეული თანამდებობიდან, როგორც მინიმუმ - აღარ ვსაუბრობთ ასეთი ფაქტებისადმი გულგრილი დამოკიდებულების გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე.

საქართველოს პარლამენტმა დაუყოვნბელივ უნდა იმსჯელოს ელჩის უმოქმედობაზე, რაც კანონით დასჯადია და მართლსაწინააღმდეგო ქმედება.

ჩემი პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, მე ვერ დავტოვებ ასეთ ფაქტებს რეაგირების გარეშე და მკაცრად მოვუწოდებ, რომ ჩვენი მოქალაქის უფლებები, პატივი და ღირსება დაცული იყოს მიუხედავად ადგილსამყოფელისა, დროისა თუ სივრცისა.

ამ ფაქტზე კი პირადად მე განვაგრძობ თვალყურის დევნებას და პარლამენტში შესვლის შემთხვევაში ამ პროცედურის გატარებას.

გიორგი რურუა
მაჟორიტარობის კანდიდატი დიდუბის რაიონში

25-07-2016, 11:08
უკან დაბრუნება