ივერიონი / დავით ქობალია: რატომ უნდა გაასახლონ ანაკლიის აბორიგენი მოსახლეობა?!

დავით ქობალია: რატომ უნდა გაასახლონ ანაკლიის აბორიგენი მოსახლეობა?!

ორი ათასზე მეტი მნახველი ჰყავდა საინფორმაციო ანალიტიკურ სააგენტო " IVERIONI"-ში გამოქვეყნებულ სტატიას _ "საპარლამენტო ავაზაკების შერჩევას სჯობს ანაკლია მოსალოდნელი საშიშროებისგან ვიხსნათ!" (მორიგი სამთავრობო ბლეფი ანაკლიაში).

 

უამრავი სატელეფონო ზარი მოჰყვა იმავე სტატიის გამოქვეყნებას გაზეთებში "საქართველოს რესპუბლიკა" და "ილორი". რამდენიმე ათეულმა მკითხველმა გამომიგზავნა შემოთავაზება:

"_ თუ საზოგადოების აზრის გამოკითხვას დააპირებთ "ანაკლია პორტის" პრობლემებთან დაკავშირებით, სიამოვნებით ჩავერთვებით საორგანიზაციო ჯგუფებში!"

იყვნენ ისეთებიც, თითქოს გახარებული მირეკავდნენ ჩემი სტატიის გამო, მაგრამ გამწარება უფრო ეტყობოდათ და საუბარს ერთი და იგივე კითხვით ამთავრებდნენ _ "კიდევ რამე ხომ არ დაგრჩათ ბატონო დავით "ანაკლია პორტზე" სათქმელი?"

თავიდან დიდი ყურადღება არ მიმიქცევია ამ კითხვისთვის, მაგრამ მისი შეფარული შინაარსი მაშინ გაცხადდა, როცა სამეგრელო ზემო სვანეთის საინფორმაციო პორტალ NEWSPORTAL.ge-ში გამოქვეყნებული "ანაკლიის პორტი ციფრებში" წავიკითხე!

ამ საინფორმაციო მასალის ავკარგიანობაზე ქვემოთ მოგახსენებთ, აქ კი იმას გეტყვით, რომ მართალნი ყოფილან ჩემი მკითხველები როცა მეკითხებოდნენ _ "რამე ხომ არ დამრჩა ანაკლიაზე სათქმელი?"

_  ნუ იტყვით და სათქმელი, თურმე, კიდევ ბევრია!

მკითხველთა კიდევ ერთი, საგანგებოდ საინტერესო ჯგუფი გამოიკვეთა ჩემი სტატიის გამოქვეყნების შემდეგ _ ამ ჯგუფის წევრები მაღალი ინტელექტით, წლების განმავლობაში ნაგროვები ავტორიტეტით, საზოგადოებაში დიდი პატივისცემით, მაგრამ საკუთარი ინიციატივის, ქვეყნისთვის ექსტრემალურ სიტუაციებში აქტიურობის უქონლობით, კანონდამრღვევი მთავრობების მიმტევებლობით გამოირჩევიან.

რასაც მათ ვერ დაუწუნებ _ დაწერილის ზედმიწევნით კარგად წაკითხვა, სიტუაციის ანალიზი და შეფასება, რა გაუხარდება ან ეწყინება მოქმედ ხელისუფლებას, შეიძლება თვითონ ავტორი ისე კარგად ვერ შიფრავდეს საკუთარ ნაწერს, როგორც ეს ყოვლისმცოდნენი!

სწორედ მათგან მივიღე საინტერესო და ასევე გამაოგნებელი შენიშვნა _ "სტატია მწვავე და საინტერესოა, რამდენიმე ისეთი საკითხი გამოიკვეთა. საგანგებო ყურადღებას იმსახურებს, მაგრამ, როგორ ფიქრობ _ ღირს კი ამ საკითხებზე კარსმომდგარი არჩევნების წინ  საუბარი?.. ხომ არ ჩაგითვლიან მას სამთავრობო საარჩევნო კომპანიის წინააღმდეგ გამოსვლად?.."

მართალი გითხრათ, ცოტათი მეც დამაფიქრა ამ კითხვამ, მაგრამ, როცა კიდევ ერთხელ გადავიკითხე ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პირით გახმოვანებული "ანაკლია პორტი ციფრებში" ქვეყნის ღალატად ჩავთვალე რაღაცის და ვიღაცის გამო გაჩუმება, სიმართლის არ თქმა თუნდაც არჩევნების წინ, რადგან წაყრუება კიდევ უფრო გაამწარებს ჩემს ხალხს და ისედაც დაქცევის პირას მყოფ ჩემს სამშობლოს!

ზემოთნახსენები ნაცოდვილარი რომ წავიკითხე, თავიდან გავბრაზდი, მაგრამ მოგვიანებით ისევ მივუბრუნდი მას და მხოლოდ მაშინ მივაქციე ყურადღება, რომ ეს "სიბრძნე" არა რომელიმე ჟურნალისტის ან დაბალი დონის სამთავრობო ჩინოვნიკის შეთხზულია, არამედ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის გარანტის, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გონების ნაყოფია, ბრაზი გამიქრა, მაგრამ ჩემდაუნებურად წამომცდა _ არა, ჩვენი საშველი არ იქნება!

_ დიდი პატივისცემის მიუხედავად, ვერ დავეთანხმები ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორს, ცნობილ ოკეანოლოგს, ბატონ ნოდარ წივწივაძეს, რომ პრემიერმინისტრი "უცოდინარ მრჩევლებს შეცდომაში შეჰყავთ", დანამდვილებით ვიცი, ბ-ნ კვირიკაშვილს საკმარისზე მეტი ინფორმაცია გააჩნია "ანაკლია პორტზე“, ვიდრე იგი ამ ინფობლოკშია გამოტანილი!

ეკონომიკის მინისტრად ყოფნისას (ჯერ კიდევ მაშინ, როცა ხაზარაძე და კონტი ჯგუფის შესახებ არავინ არაფერი იცოდა), არაერთი მოხსენება მოუსმენია ბ-ნ პრემიერ-მინისტრს პორტის მშენებლობის მაღალი დონის სპეციალისტებისგან, ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის აშენების პერსპექტივებზე. ამიტომ, აბსოლუტურად გაუგებარია ის აბდაუბდა "სამეგრელო-ზემო სვანეთის საინფორმაციო პორტალ NEWSPORTAL.ge-ში" ბ-ნი კვირიკაშვილის ნათქვამად რომ გამოქვეყნდა, განსაკუთრებით, პორტის მშენებლობის საერთო ღირებულების,  მშებენლობის პროცესში და მშენებლობის დამთავრების შემდეგ ხალხის დასაქმების ნაწილში და, რაც ყველაზე მთავარია, საეჭვოა იგი ტენდერის მთავარ მოთხოვნას "100 მილიონი ტონა ტვირთბრუნვა წელიწადში" აკმაყოფილებდეს!

არაფერს ვიტყოდი უნიჭოდ შესრულებულ ნახატებზეც, ანაკლიის პორტის მშენებლობის 7 ეტაპის წარმოსაჩენად რომ სთავაზობენ მკითხველს, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა უცოდინრობა, არა ერთი რომელიმე პიროვნების, არამედ ქვეყნის სირცხვილია და იგი ყველაზე გაბედულ ინვესტორსაც კი დააფრთხობს!

შექმნილი, ტრაგიკომიკური სიტუაციიდან გამომდინარე, სტატიების წერას აზრი არა აქვს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს ხელები ჩამოვუშვათ და გავჩუმდეთ.

სასწრაფოდაა მოსაწვევი კონფერენცია ანაკლიაში და პორტის მშენებლობის, ოკეანოლოგიის, ზღვის ნაპირდაცვის, ეკოლოგიის, გეოლოგიის სპეციალისტებთან ერთად ანაკლია პორტის ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადებული კონსორციუმის მიერ შემოთავაზებული პროექტის და მისი ალტერნატივას საჯარო განხილვაა მოსაწყობი, რომელიც გაცილებით უკეთაა ცნობილი ქვეყნის მოსახლეობისთვის!

მითუმეტეს, მთავრობა ვალდებულია საჯაროდ განიხილოს ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი, რასაც ქვეყანაში მოქმედი კანონიც ავალდებულებს მას.

ასევე საკითხავია, ვისი რეკომენდაციით და დასკვნით იქნა " BAFO"-ზე - (Best and Final Offer - ინგლ. საუკეთესო და საბოლოო შემოთავაზება) წარდგენილი კონსორციუმი, რომელსაც, როგორც დღეს ირკვევა წარმოდგენაც კი არ ჰქონდა რა საქმეს ჰკიდებდა ხელს?

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ხაზარაძე და კონტი ჯგუფის ნახატები, აფრიკის რომელიღაც სანაპიროდან ამოგლეჯილი რეალობა უფროა, ვიდრე ანაკლიის ისედაც მცირე ნაპირს მორგებული სამრეწველო პროექტი, რომელიც ყველას და ყველაფერს უალტერნატივო გაქრობას უქადის!..

მოვუსმინოთ როგორ აფასებს ბატონი ნოდარ წივწივაძე მთავრობის მიერ ლობირებულ პროექტს:

"სამეგრელო-ზემო სვანეთის საინფორმაციო პორტალ NEWSPORTAL.GE-ში" მოყვანილი სურათების მიხედვით, პორტის კონფიგურაციის, მისი კონსტრუქციული "გადაწყვეტის", გაბერილი ტვირთბრუნვისა და "ოპტიმისტური" ოპერირების შესახებ ამჯერადაც არაფერს ვამბობ, არა ჩასაფრებული ექსპერტის, არამედ ჭეშმარიტების დადგენის მსურველი მოქალაქის პოზიციიდან.

ვფიქრობ, რომ პრემიერი, უცოდინარ მრჩეველებს შეცდომაში შეჰყავთ, რითაც მოსახლეობას წინასაარჩევნოთ "აბოლებენ".

როგორც ადრე ვითხოვდი, ახლაც ვადასტურებ, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ობიექტის მშენებლობისთვის მთავრობამ, ტენდერში "გამარჯვებულ", მათ მიერ ლობირებულ პროექტთან ერთად, ალტერნატიული (სპარტაკ ერაგიას მიერ შემუშავებული) პროექტის სახალხო განხილვა-დებატების ორგანიზება უნდა მოახდინოს ანაკლიაში, მხარეთა სამუშაო ჯგუფების, დამოუკიდებელ ექსპერტთა, მას-მედიის წარმომადგენელთა და რაც მთავარია, ქვეყნის "მამათა" და გადაწყვეტილების მიმღებთა, მაღალი რანგის ჩინოსანთა მონაწილეობით."

ბატონ ნოდარ წივწივაძის წინადადების გათვალისწინება უთუოდ მართებს საქართველოს მთავრობას, რადგან ამ საკითხის გაურკვევლობამ, ადვილი შესაძლებელია, კარსმომდგარი არჩევნების წინ არასასურველი ხმაური გამოიწვიოს, რისი მომხრე მე ნამდვილად არ ვიქნები!

რაც შეეხება „ანაკლია პორტთან“ დაკავშირებულ, თითქმის ყოველდღიურ, ახალ ინორმაციებს, მათ აშკარად ეტყობათ არაპროფესიონალის ხელი, რაც მტერს თუ გაახარებს მხოლოდ. მაგალითისთვის 27 ივლისს "სამეგრელო-ზემო სვანეთის საინფორმაციო პორტალ NEWSPORTAL.GE-ში გამოქვეყნებული "ანაკლიის პორტამდე საავტომობილო მაგისტრალი იქნება" საკმარისი.

არა მარტო საავტომობილო მაგისტრალი, სარკინიგზო, გაზის, წყლის და ელექროენერგიის მიწოდების ინფრასტრუქტურული კომპლექსი უნდა შეიქმნას და  ანაკლიაში ასაშენებელი პორტის პროექტს უნდა მოერგოს, რომელიც ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადებულ კონსორციუმს წინასაპროექტო მოსაზრების დონეზეც კი არ გააჩნია. ეს რომ ასე არ იყოს, პორტის მშენებლობის დაწყებას ანაკლიის აბორიგენი მოსახლეობის გასახლებით არ შეეცდებოდნენ!

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მიერ გახმოვანებული "ანაკლია პორტი ციფრებში" და ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ნახატები, რომელიც თითქოსდა პორტის მშენებლობის 7 ეტაპს განასახიერებს, უკანასკნელი დილეტანტისთვისაც საეჭვოს ხდის, საბოლოოდ, წელიწადში 100 მილიონი ტონა ტვირთბრუნვაზე გათვლილი პორტის რეალურობას.

მრავალგზის მითქვამს _ უამრავი კვლევა და სტატია მივუძღვენი 2013 წლიდან დღემდე "ანაკლია პორტის" უნიკალურ პროექტს. ჩვენ, საგანგებოდ შევეხეთ პორტის მშენებლობის არქეოლოგიურ ნაწილს. მშენებლობა 2000 ჰექტარზე უნდა გაიშალოს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მშენებლობა ისტორიული კოლხეთის შუაგულში გაიმართება სადაც არასოდეს სერიოზული არქეოლოგიური გათხრები არ ჩატარებულა, საბოლოოდ უნიკალურ საინჟინრო ნაგებობასთან ერთად, ადვილი შესაძლებელია, ასევე უნიკალური ისტორიულ-არქეოლოგიური მასალები შესძინოს ჩვენი ქვეყნის და მსოფლიო ისტორიას.

ჯერ კიდევ 2014 წლის იანვარში, ქარჩავა-ერაგიას საპროექტო მოსაზრების ავტორ, ბატონ სპარტაკ ერაგიასთან საუბრისას ვწერდი _ პორტის მშენებლობის დაწყებამდე უნდა შეიქმნას მძლავრი არქეოლოგიური ექსპედიცია, რომელიც 24 საათის რეჟიმში იმუშავებს სამშენებლო მოედანზე და აღჭურვილი იქნება თანამედროვე არქეოლოგიური ლაბორატორიით, სადაც ადგილზევე დადგინდება ახალაღმოჩენილი არქეოლოგიური მასალის ისტორიული ღირებულება. ამის შემდეგ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არასერიოზულია "პორტის მშენებლობის თარიღის გადაწევა "მაქაცარიას დიხაგუძუბას" არქეოლოგიური შესწავლის გარეშე!"

განხილვას არ უნდა ექვემდებარებოდეს, ანაკლიის აბორიგენი დასახლების ხელშეუხებლობა, რადგან, არაერთგზის იქნა ყოფილი და დღევანდელი ხელისუფლება ინფორმირებული, რომ, არსებობს, უცხოელ, პორტის მშენებლობის პროფესიონალ ექსპერტთა მიერ მოწონებული პორტის ასაშენებელი ადგილი, რომელიც საერთოდ არ ეხება დასახლებულ ტერიტორიას და სახელმწიფოსაც ათავისუფლებს ფინანსური ვალდებულებებისგან, რაც გასასახლებელი მოსახლეობის ტერიტორიის შესასყიდად უნდა იქნას გაღებული!

კიდევ ერთხელ უნდა შევახსენო მკითხველს, რომ  ანაკლია პორტის ტენდერის გამოცხადებისას, პორტის ასაშენებელი ადგილის გამონთავისუფლება (საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივი მოსახლეობის კარმიდამოების შესყიდვა), ინფრასტრუქტურული ნაწილის (ავტობანი, რკინიგზა, გაზი, წყალი და ელექტრო გაყვანილობები) აშენება და მოწყობა, რომელიც რამდენიმე ასეულ მილონი დოლარის ღირებულებას შეადგენს, გაუგებარ მიზეზთა გამო, საქართველოს მთავრობამ ივალდებულა.

მახსენდება, გასული წლის დეკემბრის მიწურულს, როცა ჯერ კიდევ გაცხარებული დებატები მიდიოდა ტენდერში წარსადგენ მასალებზე, კონსორციუმ "ანაკლია პორტი და ეკოპარკში" შემავალმა ჩინურმა კომპანია "პაუერჩაინამ" საქართველოს მთავრობას მიმართა წინადადებით, რომ _ ანაკლია პორტის დაფინანსებასთან ერთად, ინფრასტრუქტურული ნაწილის დაფინანსებას და მშენებლობასაც ის იკისრებდა, რაც უზრუნველყოფდა პორტის მშენებლობისა და ინფრასტრუქტურული ნაწილის სინქრონულად შერწყმას, სახელმწიფოს კი მოუხსნიდა ინფრასტრუტურული ნაწილის დაფინანსების საზრუნავს. ჩინური კომპანია თუ ანაკლია პორტის მშენებლობის ღირებულების (5-5,5 მილიარდი დოლარი) დაფინანსებას საქართველოს მთავრობიდან ყოველგვარი გარანტიის (სახელმწიფო, საბანკო) გარეშე კისრულობდა, ინფრასტრუქტურული ნაწილის დასაფინანსებელი (როგორც ზემოთ ვახსენეთ, სახელმწიფომ ივალდებულა) წლიური 2%-იანი სესხის მოსაზიდად კი სახელმწიფოსგან გარანტიას ითხოვდა.

სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობის მიერ უარყოფილ იქნა ჩინელების წინადადება და ძალაში დატოვა ანაკლია პორტის წინასატენდერო მოთხოვნებში ჩაწერილი _ ანაკლია პორტის ინფრასტრუქტურული ნაწილის დაფინანსება (რამდენიმე ასეული მილიონი აშშ დოლარი) ქვეყნის ბიუჯეტიდან უნდა მოხდეს!

მახსოვს, ჩინელების ზემოთხსენებულ შეთავაზებაზე, სამთავრობო კულუარებიდან ხმა დაირხა _ "ჩვენი გარანტიით, ჩინელები ფულის გაკეთებას აპირებენ ანაკლიაშიო!"

საკითხავია: _ რა მიზანს ემსახურება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება,  ასეულობით მილიონი დოლარი გაიღონ გამათხოვრებული ქვეყნის ბიუჯეტიდან ანაკლია პორტის ინფრასტრუქტურული ნაწილის დასაფინანსებლად?
თუ ფული გაქვს, ვინ ეშმაკი იტყვის ისესხე, ივალე და ისე აშენე ქვეყანაო, მაგრამ მშიერი ხალხის მიერ შეკოწიწებული ბიუჯეტი რომ, სხვა, უფრო სარფიანი და სასწრაფოდ გადასაწყვეტი საკითხების მოსაგვარებლად უნდა გამოიყენო, ალტერნატივა არ გააჩნია!

სამწუხაროდ, საქართველო ყაზახეთი არაა, ახალი დედაქალაქი ააშენოს, 500 მილიარდი დახარჯოს და მოძალადე უცხოურ ბანკებს ერთი ცენტიც არ ჩაადებინოს საკუთარი ქვეყნის აღმშენებლობაში!

არაერთმა ინკოგნიტო არამკითხემ დამირეკა ამ დღეებში და უტიფრად მკითხა _ "რა ინტერესი გაგაჩნიათ ანაკლიაში, პორტის მშენებლობაზე ამდენს რომ წერთ?"

არ დავმალავ, მოულოდნელი არ ყოფილა ეს შეკითხვა ჩემთვის!

ადამიანები გადაეჩვივნენ სხვისი კეთილდღეობისთვის ზრუნვას. ქვეყანა და სახელმწიფო საერთოდ რა სახსენებელია, თუ რამეს არ მოელი მისგან!

ამ შემთხვევამ წინასაარჩევნო დღეებში მომრავლებული კითხვებიც გამახსენა:

_ ვის მივცეთ ხმა?

_ სად არის გამოსავალი?

_სხვებს რომ აკრიტიკებ, გვიჩვენე რა გზას დავადგეთ? და ა.შ...

ჩემი პასუხი მოკლე და კონკრეტულია:

_ ჩვენ სხვა გზა არ გაგვაჩნია, გარდა სიმართლისა! სიმართლეს კიდევ დანახვა სჭირდება. რომ დაინახო უნდა შეამჩნიო, სხვებს უნდა მოუსმინო და წაიკითხო!

ყველას გასაგონად ვაცხადებ _ მე არაფერი მაინტერესებს „ანაკლია პორტთან“ მიმართებაში, გარდა იმისა, რომ ქვეყნის უკეთესი მომავლის ნაცვლად, დაუზოგავი და მტრული მიდგომით, თვალშეუდგამი სილამაზისა და უძველესი ისტორიის მატარებელი კუთხე არ დაიქცეს, აბორიგენი კოლხური მოსახლეობა არ გადაშენდეს, ქვეყანას საუკუნეში ერთხელ ეძლევა მსგავსი პროექტის განხორციელების შანსი და ის არ დავკარგოთ!

აქვე მინდა გავიხსენო და არამკითხე ინკოგნიტოებს გავაცნო ბატონ თეიმურაზ ქარჩავას კარგა ხნის წინ ნათქვამი სიტყვები:

"_ თუ ჩემზე უკეთესი პროექტით ვინმე მოვა, საჯაროდ წარმოადგენს და დაასაბუთებს მის უპირატესობას, მე მზად ვარ, წლების განმავლობაში, "ანაკლია პორტთან" დაკავშირებული ყველა ჩემი ნაშრომი და შეძენილი ქონება გადავცე, გვერდით დავუდგე და ვემსახურო მას!"

ჩემს სტატიებში, ბუნებრივია, მარტო ჩემს ნააზრევს არ გადმოვცემ, ისინი მაღალი დონის პროფესიონალებთან განსჯის შემდეგ გამომაქვს სამზეოზე და გამგებმა უნდა მოისმინოს და გაიგოს, მაგრამ, როცა ამის ნაცვლად, ალთა-ბალთას მოდებული პასუხები მესმის, ეჭვი მიღრმავდება _ მავანი, ჩვენი ქვეყნის მტრის დავალებით მოქმედებს, სხვის აზრს არ ისმენს და ამიტომაც ცდილობს პორტის მშენებლობა აბორიგენი ანაკლიელების გასახლებით დაიწყოს!


29-07-2016, 12:02
უკან დაბრუნება