ივერიონი / თემურ შაშიაშვილი: საქართველოში პოლიტიკური პლასტელინების ეპოქა უნდა დასრულდეს!

თემურ შაშიაშვილი: საქართველოში პოლიტიკური პლასტელინების ეპოქა უნდა დასრულდეს!

„თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში პოლიტიკური პლასტელინების ეპოქა გამეფბდა. დღეს გავცელებულ განცხადებაში თეთრების ლიდერი წერს:

"საპრეზიდენტო არჩევნებით საქართველოში ქართული განწყობა დამარცხდა"-ეს შეფასება გავაკეთე ბატონი მარგველაშვილის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ და ვწუხვარ,რომ მისი პრეზიდენტობის ყოველი დღე ამას ადასტურებს.

მაგრამ დღეს მსურს ვისაუბრო საქართველოში გავრცელებულ ერთ პოლიტიკურ სიმახინჯეზე, ე.წ. პოლიტიკურ კომფორმიზმზე, რაც არანაკლებ საშიში მოვლენაა, ვიდრე პლასტელინადწოდებულის გაპრეზიდენტება.

ყველას კარგად გვახსოვს როგორ პატარა ბავშვივით დაყავდა წინასაარჩევნო შეხვედრებზე ბიძინა ივანიშვილს მარგველაშვილი რეგიონიდან რეგიონში, როგორ დაყვებოდნენ მათ ე.წ.ცნობადი სახეები, „ქართულ ოცნებაში“ გაერთიანებული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.

მაშინ, პლასტელინის გაპრეზიდენტებას მხარს უჭერდა თავად ივანიშვილი, ამიტომ შეფასებებიც იყო დადებითი და მეტად აღმატებული... პლასტელინი მისაღები იყო „ქართული ოცნების“ უკლებლივ ყველა წევრისა და მხარდამჭერისთვის. რადგან მიაჩნდათ, რომ მარგველაშვილი „მათი პლასტელინია“.

ამ საერთო აღფრთოვანებულ გუგუნში თითქოს ჩაიკარგა (ვინ დაგიდევდათ) საღად მოაზროვნე და კრიტიკულად განწყობილი ადამიანების, მათ შორის, ჩვენი პარტიის განცხადებები, რომ მარგველაშვილი ისეთ ანტიქართული განწყობის ორგანიზაციების სათავეებთან იდგა, როგორიცაა „სოროსის ფონდი“,„თავისუფლების ინსტიტუტი “, „ენ-დი-აი“- ( რაც , სხვათაშორის, თავად მას არ უარუყვია) , რომ ყველაზე დიდი თანხა ამერიკის სექტანტური მიმართულების ჯგუფებმა სწორედ ინსტიტუტში („ჯიპა“) ჩადეს, რომლის რექტორადაც მარგველაშვილი გააამწესეს… ისიც, რომ იგი ნევროლოგიური დიაგნოზით არის ავად და მკურნალობს.

ვის ვთხოვთ დღეს პასუხს, საქართველოს პრეზიდენტის შეცდომების თუ პროვოკაციული ქმედებების გამო?

მას, ვინც არ მალავდა და ღიად ადასტურებდა საკუთარ ვინაობას, თუ მათ, ვინც გარკვეული მოსაზრებების გამო ჩათვალა, რომ მათთვის მისაღებ და მორჩილ ფიგურას სვამდა ქვეყნის პირველი პირის ადგილზე (!) დიახ, ვის უნდა მოეთხოვოს დღეს პასუხი?

ჩვენ ხმამაღლა ვამბობთ: ქართული განწყობა მარგველაშვილმა კი არ დაამარცხა, არამედ "ქართული ოცნების" იმ წევრებმა, რომლებიც უსირცხვილოდ გვლანძღავდნენ-რას ერჩით ამ სანთელივით მართალ კაცსო და დღეს ასევე უსირცხვილოდ ლანძღავენ მარგველაშვილს, თითქოს დაივიწყეს მისი წინასაარჩევნო ქება - დიდება.

ჩვენ პოზიცია არ შეგვიცვლია. როცა ლამის მთელი საქართველო ბიძინა ივანიშვილს გაეგო ფეხქვეშ და მის საამებლად მარგველაშვილს დაუჭირა მხარი საპრეზიდენტო არჩევნებზე, ჩვენ გულახდილად ვთქვით სათქმელი არა იმიტომ, რომ ვინმეს ვეწინააღმდეებოდით, ან ოპოზიციაში ვუდგებოდით, არამედ იმიტომ, რომ ჩვენთვის მთავარია საქართველო და ვთვლით, რომ მისი ხელისუფლება ქვეყნის გარედან არ უნდა იმართებოდეს, არამედ უნდა იყოს მხოლოდ საკუთარი ქვეყნის და მისი ხალხის, ეროვნული ინტერესების მსახური!

დღესაც იგივე ხალხის, ვინც ივანიშვილის საამებლად აქებდა და ადიდებდა მარგველაშვილს, გასაგონად ვიმეორებთ: მარგველაშვილი არ შეცვლილა,ის იგივეა რაც იყო-უვარგისი პრეზიდენტობისათვის. თქვენი მისდამი დამოკიდებულება შეიცვალა, ბატონებო, ბიძინა ივანიშვილის შეხედულების შესაბამისად. მაშინ აქებდა -აქებდით, დღეს აკრიტიკებს - ლანძღავთ!..

სამწუხარო ის არის, რომ ბატონ ბიძინას მოსწონს პლასტელინები. მაამებლები, ვინც დღეს პრეზიდენტს ლანძღავს, გუშინ კი აქებდა და ადიდებდა ივანიშვილის გულის მოსაგებად, მისი პირადი პლასტელინები არიან, ხოლო მარგველაშვილი, რომელიც მას ასევე თავისი პლასტელინი ეგონა, აღმოჩნდა დასავლელი პატრონების: სოროსის და გარკვეული მასონური დაჯგუფებების ერთგული პლასტელინი.

იქნებ ვინმეს მძიმედ მოეჩვენოს ჩემი შეფასება, მაგრამ მიმაჩნია, რომ მარგველაშვილი იყო შედეგი ჩვენთან გამეფებული პოლიტიკური კომფორმიზმის, მაამებლობის და ბრმად ტაშის დაკვრისა.

თუ არ აღმოიფხვრა ეს პოლიტიკური სიმახინჯეები, მარგველაშვილი არ იქნება პირველი და უკანასკნელი „შეცდომა“ რისი მძიმე საზღაურიც საქართველომ და ქართველმა ხალხმა უნდა გაიღოს“!


29-07-2016, 17:26
უკან დაბრუნება