ივერიონი / ნასყიდა დარბუაშვილი: წინ გაურკვევლობა და „ცრუსასწაულები“ გველოდება!

ნასყიდა დარბუაშვილი: წინ გაურკვევლობა და „ცრუსასწაულები“ გველოდება!

ახლოვდება არჩვნები (პრაქტიკულად დიდი დრო აღარ რჩება) გარკვეულია ის ძალები, რომლებიც არჩევნებში იღებენ მონაწილეობას. უკვე გამოიკვეთა ისინიც, ვინც  პარლამენტში მოსახვედრად იბრძოლებენ.

სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ, საქართველოს მოსახლეობას კვლავ მოგვიწევს არჩევანის გაკეთება ცუდსა და უარესს შორის. რაც იმას ნიშნავს, რომ შემდგომი 4 წელი ქვეყანაში არაფერი შეიცვლება და გაგრძელდება ქვეყნის ნგრევის და მოსახლეობის თანდათანობითი ფიზიკური მოსპობის პროცესი.

ჩემი ანალიზით, ქვეყნის მძიმე მდგომარეობაში ყოფნა გაგრძელდება, მანამ არჩევანის გაკეთება გვიწევს ცუდსა და უარეს შორის და სანამ არ მოხდება იგივე არჩევანის გაკეთება კარგსა და უკეთესს შორის!

როგორ უნდა შეიცვალოს ვითარება, როგორ უნდა მოხდეს "ცუდსა და უარეს შორის" არჩევანიდან "კარგსა და უკეთესს შორის" არჩევანზე გადასვლა და ქვეყნის განვითარება?!

ამის გაკეთება მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის მოსახლეობას, ხალხს შეუძლია.

დღეის მდგომარეობით, ხალხში მოთხოვნილება არ არის მაღალი დონის პოლიტიკურ პარტიებზე. მოსახლეობას ქვეყნის ბედი არ აინტერესებს. მკითხველი შეიძლება ამაში არ დამეთანხმოს, მაგრამ ეს ასეა!

შეიძლება ბევრი ვერც ხვდება იმას, რომ მას თავისი ქვეყნის ბედი და მომავალი არ ადარდებს. გამოდიან რა საკუთარი ინტერესებიდან (ვიღაცას აკრიტიკებენ, ვიღაცას მუშაობას უწუნებენ, ტელე ეკრანებზე ჩნდებიან და ა.შ.), მიაჩნიათ, რომ ამით ქვეყნის საქმეს აკეთებენ და პატრიოტები არიან.  მათ უდიდეს უმრავლესობას მხოლოდ საკუთარი, ვიწრო ინტერესები ამოძრავებთ და მცოდნე და დაკვირვებული ადამიანი ამას კარგადაც ხედავს!

როგორც წესი, როცა რაიმეს კეთება პირადულს ეხება, ადამიანი ყველაფერს დაწვრილებით სწავლობს, ანგარიშობს, აანალიზებს, ლოგიკურ დასკვნებს აკეთებს და შემდეგ იღებს ამა თუ იმ გადაწყვეტილებას.

როცა საქმე ქვეყანას ეხება მაშინ, ცალკეული გამონაკლისების გარდა, არავინ თავს არ იწუხებს ქვეყანის ბედზე, ანუ ყველაზე და საკუთარ თავზე ფიქრით.

ამაში რომ პრაქტიკულად დავრწმუნდეთ, მოვიყვანოთ მაგალითი.

როდესაც ოჯახი ქალიშვილს ათხოვებს. დაწვრილებით სწავლობს მომავალ სიძეს, მის ხასიათებს, რა აქვს დამთავრებული, სად მუშაობს, სად უმუშავია, რა ოჯახი აქვს, რა ნათესავები ჰყავს და ა.შ. დაწვრილებით აანალიზებს შვილის მომავალს, რა ოჯახი ექნება, რით ირჩენს თავს, რა პრობლემები შეიძლება ცხოვრებაში შეხვდეს და ა.შ.

ანალოგიურად ხდება ყველა სხვა შემთხვევაში. მაგალითად, ბიზნესის დაწყების დროს, რაიმე სერიოზული ნივთის, ან უძრავი ქონების შეძენისას, მოგზაურობის დაგეგმვისას და ა. შ.

არაფერი მსგავსი არ ხდება, როცა საქმე ეხება ქვეყანას, მის მომავალს და ამ ქვეყნის განვითარებას!

ამ ყველაფრის კიდევ ერთი დადასტურებაა ბრძოლა თანამდებობებისთვის. ისინი, ვინც არჩევნებში აქტიურ მონაწილეობას იღებენ და თანამდებობის გარეშე დარჩებიან, ხელისუფლებას პრეტენზიებს უყენებენ "ამდენს ვეხმარებოდი და სამსახურის, თანამდებობის გარეშე დამტოვესო", სწორედ ეს არის პირადი ინტერესებით მოქმედება! ესე იგი ეს ხალხი ქვეყნისთვის და მისი მომავლისთვის კი არ იბრძვის, პირადი მიზნები და ინტერესები ამოძრავებთ.

როცა მოსახლეობის უმრავლესობას ქვეყნის ბედი არ ადარდებს, ყველა რჯულისა და გაურკვეველი წარმომავლობის ძალებს ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი უჩნდებათ. ამას მარტივი ახსნა აქვს: თუ ხალხს ქვეყნის ბედი არ ადარდებს, მაშინ, არც იმას აკონტროლებს რა ძალები იბრძვიან ხეისუფლების ხელში ჩასაგდებად.

ძალები რომლებსაც ხელისუფლებაში მოსვლა უნდათ, კარგად ხვდებიან, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ქვეყნის ბედით არ არის დაინტერესებული, აქედან გამომდინარე, არაფერს არ აანალიზებენ!

თავს არ იწუხებენ (არცა აქვთ ამის თავი) ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამების დამუშავებით. მათთვის მთავარი ერის მხრივ, ლამაზი მომავლის დახატვა და ქვეყნის მომავალზე დაუფიქრებელი მოსახლეობის მოტყუებაა და მეორეს მხრივ, პოლიტიკური მოწინაღმდეგეების ხალხის თვალში "გაშავება".

ამის გაკეთებაც ძალიან იოლია იმ ხალხში, რომელიც ქვეყნის ბედზე არ ფიქრობს, მთავარია კარგად ფლობდე საარჩევნო და პიარ ტექნოლოგიებს!

ამიტომაცაა, რომ თუ დავაკვირდებით პოლიტიკური ძალების დაპირებებს, რა დაპირებები აქვთ: გავზრდით პენსიებს, სოციალურ დახმარებებს, ხელფასებს (არ იშურებენ მათ რაოდენობებს - ზოგი სასწაულ ციფრებს ასახელებს. პირდებიან რომ მათ სოფელში გაიყვანენ გზებს, გააკეთებენ ხიდებს, შეიყვანენ წყალს და ა. შ.), თუ დავაკვირდებით დავინახავთ, რომ დაპირებები მიმართულია კონკრეტული ამომჩევლის პირად ინტერესებზე.

არავინ არაფერს ამბობს, როგორ ააღორძინებს ეკონომიკას, მრეწველობას და მის ცალკეულ დარგებს, სოფლის მეურნეობას, როგორ დააბრუნებს ქვეყნის გარეთ გასულ მოსახლეობას, როგორ გაზრდის სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლების დონეს, როგორ შეუწყობს ხელს მეცნიერების განვითარებას, როგორ მოახდენს ტექნიკური და ტექნოლოგიური მიღწევების ქვეყანაში დანერგვას, როგორ აპირებს საბანკო სისტემის გაუმჯობესებას და ა.შ.

ამას იმიტომ არ აკეთებენ, რომ, ჯერ ერთი, ამ ყველაფერს დიდი ცოდნა სჭირდება და თუ ამ საკითხებზე ილაპარაკა, მათი უცოდინრობა გამოჩნდება და სააშკარაოზე გამოვა. მეორე, ხალხი რომელიც ქვეყნის ბედზე არ ფიქრობს ეს არ აინტერესებს.


რა პოლიტიკური ძალებია დღეს საქართველოში?

პოლიტიკური ძალები 4 ჯგუფად შეიძლება დავყოთ:

1. პოლიტიკური ძალები რომლებსაც მართლა უნდათ, რომ ქვეყანა განავითარონ, მაგრამ ამის ინტელექტუალური რესურსი არ გააჩნიათ, ანუ წარმოდგენა არა აქვთ ქვეყნის მართვაზე.

2. პოლიტიკური ძალები, რომლებიც უცხო ქვეყნიდან ფინანსდებიან და "პატრონების", ინტერესებს ლობირებენ და მათ პოლიტიკას ატარებენ.

3. პოლიტიკური ძალები, რომლებიც პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, ცდილობენ ხელისუფლებაში  მოსვლას.

4. პოლიტიკური ძალები რომლებსაც მართლა უნდათ რომ ქვეყანა განავითარონ და ამის რეალური ინტელექტუალური რესურსი გააჩნიათ, ანუ, იციან ქვეყანა როგორ მართონ, მაგრამ არ გააჩნიათ სათანადო ფინანსური რესურსი და შესაბამისად, ხალხის მხარდაჭერაც.

მოყვანილ პოლიტიკურ ძალებს საერთო ერთი რამ აქვთ: ყველა მათგანი ქვეყნის აყვავებას და "ამქვეყნიურ სამოთხეს" გვპირდება, გვიმტკიცებს რომ მარტო მან იცის როგორ ააყვაოს ქვეყანა და მის გარდა სხვამ არავინ.

პირველი ტიპის პოლიტიკურ ძალებს მართლა აინტერესებთ ქვეყნის განვითარება, თუმცა, ეს მხოლოდ სურვილია და ამის ინტელექტუალური რესურსი მათ არ გააჩნიათ.

მეორე ტიპის პოლიტიკური ძალები უცხო ქვეყნების ინტერესების გამტარებლები არიან. მათ უცხო ქვეყნები აფინანსებენ და ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, მათ ინტერესებს ატარებენ. ასეთი შემთხვევები განვითარებად ქვეყნებში ტიპიურ ხასიათს ატარებს.

25 წელია საქართველო ასეთი ტიპის პოლიტიკური ძალებით იმართება და ქვეყნის ნგრევის მეტს არაფერს აკეთებენ. არც მათი "პატრონები" ცდილობენ განავითარონ ქვეყანა, ვინაიდან, ქვეყნის განვითარებას დიდი ინტელექტის მქონე მოაზროვნე ადამიანები სჭირდება, მოაზროვნე ადამიანების მართვა და მათი მარიონეტებად გამოყენება კი ძნელია (ფაქტიურად შეუძლებელია)!

ამავე დროს, დაბალი ინტელექტის მქონე, ხელისუფლებაში მოსულმა სუბიექტებმა კარგად იციან, რომ "პატრონის" მხარდაჭერის გარეშე ხალისუფლებას ვერ შეინარჩუნებენ და დაკარგავენ, აქედან გამომდინარე, "პატრონის" მუდმივ მორჩილებაში არიან!

მესამე ტიპის პოლიტიკური ძალები ხელისუფლებაში მოდიან მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. იმის გამო, რომ საარჩევნო კომპანია დიდ ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ამ პოლიტიკურ ძალებში შედიან ძირითადად ბიზნეს ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც თავიაანთ ბიზნესებს ლობირებენ და ფაქტიურად სხვას არაფერს აკეთებენ!

მეოთხე ტიპის პოლიტიკურ ძალებს მართლა აინტერესებთ ქვეყნის განვითარება და ამის ინტელექტუალური რესურსიც გააჩნიათ. ქართულ პოლიტიკურ "სპექტრში" ჯერ ასეთი ძალა არ გამოჩენილა და ასეთ ძალაზე ხალხისგან მოთხოვნილება არც ყოფილა. არსებულ საარჩევნო სისტემის პირობებში მსგავსი პოლიტიკური ძალა არც გამოჩნდება!

ყველამ ვიცით, რომ არჩევნებში მონაწილეობას დიდი ფული სჭირდება, იქ სადაც ფულია კონკრეტული კერძო ინტერესებიც ჩნდება. ამრიგად, ქვეყანაზე მოფიქრალი ძალების არჩევნებში გამარჯვება არსებული საარჩევნო სისტემის პირობებში შეუძლებელია!

ეს რომ მოხდეს ფუნდამენტურად უნდა შეიცვალოს საარჩევნო სისტემა და რაც ყველაზე მთავარია, როგორც ზემოთ ვთქვით, ხალხში უნდა გაჩნდეს ასეთ ძალებზე მოთხოვნილება!

მეოთხე სახის პოლიტიკური ძალის გამოჩენა ხალხის ნებაზეა დამოკიდებული და მანამ საარჩევნო კომპანია მთლიანად ფულზეა დამოკიდებული, ისეთი ძალების ხელისუფლებაში მოსვლა, რომლებიც ქვეყნის შენებას შეძლებენ, შეუძლებელია!

პირველი სამი პოლიტიკური ძალა ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანას არ ააშენებს და მათ ხელში მხოლოდ ქვეყნის ნგრევა გაგრძელდება. დიახ, მათ ხელში ქვეყანა თანდათანობით ინგრევა და მათ მართველობას ქვეყანა სრულ კატასტროფამდე მიყავს.

განსაკუთრებით სახიფათოა მეორე ტიპის პოლიტიკური ძალები. ამ ძალების "პატრონს" საკუთარი მიზნები აქვთ და არ აინტერესებთ ქვეყნის ბედი. მათთვის მთავარია დაცული იყოს მათი ინტერესები. ასეთ ვითარებაში ქვეყნისთვის სახიფათოა არა მხოლოდ მთავრობა, არამედ სხვადასხვა ჯგუფები რომლებიც ცდილობენ "უპატრონო ქვეყანაში" თავის სარგებელი ნახონ. ასეთ განუკითხაობაში ცალკეული ჯგუფების ხელში ექცევა ქვეყნის სიმდიდრეები და ხალხს, ვინც უნდა სარგებლობდეს ამ სიმდიდრეებით მრავალჯერ უფრო ძვირი უჯდებათ იმ აუცილებელი სიკეთეების მიღება, რაც არსებობისთვისაა საჭირო!

მარიონეტი მთავრობა ხალხზე არ ზრუნავს, საერთოდ არ ინტერესდებიან ხალხის ბედით, მათთვის ხალხი, მოსახლეობა არაფერს წარმოადგენს და ანგარიშს არ უწევენ. ამის გამო ხდება მოსახლეობისგან მთავრობის დისტანცირება - მოსახლეობა პირისპირ რჩება იმ რთულ პრობლემებთან, რომლებიც მთავრობამ უნდა გადაუწყვიტოს!

მეორე ტიპის პოლიტიკურ ძალებს უცხოეთიდან, მათი პატრონებისგან, უაღრესად ძლიერი მხარდაჭერა აქვთ. იმისათვის, რომ ხელისუფლებაში მოსულმა არაფრის მქნელმა მარიონეტებმა, ხელისუფლება შეინარჩუნონ, უაღრესად დახვეწილი სისტემაა შექმნილი. ამ სისტემის მთავარი შემადგენელები არიან: "დემოკრატია", "დემოკრატიული არჩევნები" და "თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა". ყველაფერი დემოკრატიის ეგიდით ხდება სინამდვილეში ხშირად დემოკრატიის ფასადს მიღმა "წმინდა წყლის დიქტატურაა".

ყველამ იცის, როგორ და რა პიარ ტექნოლოგიებით ატარებენ და აყალბებენ არჩევნებს, ამას ისინი აღწევენ მოსახლეობის უაღრესად დაბალი მოქალაქეობრივი პოზიციების გამო. ეგრეთწოდებული "დემოკრატიული არჩევნებით" მათთვის სასურველი ძალა მოყავთ ხელისუფლებაში.

"დემოკრატიულად არჩეული" პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ გამოსვლა დიდი დანაშაულია და აბა ვინმემ გაბედოს, მათ წინააღმდეგ გამოსვლა?!

ხელისუფლების უუნარობას და იმას, რომ არ შეუძლით მართონ ქვეყანა, ძალიან მარტივად უკეთებენ გადაფარვას "თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის" მეშვეობით. ყველას აჯერებენ, რომ თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა "თვითრეგულირებადი სისტემაა" და არაფერს მართვა არ სჭირდება!

მიუხედავად ამისა მარიონეტული ხელისუფლებების უსუსურობა და უაზრო გადაწყვეტილებები  ძალიან ხშირად ჩნდება ბუნებრივი ან პოლიტიკური კატაკლიზმების დროს - როცა სხვა გამოსავალი აღარა აქვთ, ასეთი ხელისუფლებები საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ძალას იყენებენ და ხალხზე ძალადობენ!..

იმის გამო რომ ხალხი არ აკონტროლებს და არ წყვეტს ქვეყნის ბედს, მათი პასიურ მდგომარეობაში ყოფნის გამო, პროცესები კიდევ უფრო ღრმავდება. ერთი ძალის ხლისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ხდება სხვა ძალების მასთან დაპირისპირება, რისი შედეგიცაა მუდმივი საზოგადოების გახლეჩვა მრავალ ნაწილებად, ათასგვარი სექტებისა და უმცირესობების წარმოშობა, მათი პატრონების ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევა და მათთვის საჭირო გარემოს შექმნა და ა.შ.



რა არის ამის მიზეზი და შეიძლება თუ არა არსებული მდგომარეობის შეცვლა?


რა თქმა უნდა, შეიძლება, უფრო მეტიც, ყველაფრის რადიკალურად შეცვლა შეიძლება. ამისთვის სამი რამაა საჭირო:

1. მოსახლეობის ქვეყნის ბედით დაინტერესება და პოლიტიკურ პროცესებში აქტიური ჩართვა.

2. გააზრებული არჩევანის გაკეთება.

3. არ დაუშვან არჩევნების გაყალბება და დაიცვან საკუთარი არჩევანი.

შეიძლება თუ არა საარჩევნო სისტემის შეცვლა ისე, რომ აღარ იყოს საჭირო დიდი ფინანსური რესურსები?
   
დიახ, თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების ერაში ეს სრულიად შესაძლებელია. ინტერნეტი, ფეისბუკი და ა.შ. ამის სრულ შესაძლებლობებს იძლევა. შეიძლება გაკეთდეს ერთი მაღალი დონის საარჩევნო უფასო საიტი, სადაც არჩევნებში მონაწილე პარტიები განათავსებენ თავიაანთ პროგრამებს და დაპირებებს და მათი განხორციელების გზებს. ქვეყნის მართვაზე თავიაანთ ხედვებს...

სწორი იქნება, რომ მივიღოთ სათანადო კანონი ცრუ დაპირებების და მოსახლეობის მოტყუების წინააღმდეგ. პირადად მე მიმაჩნია, რომ უნდა იყოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ხალხის შეგნებულად მოტყუებაზე და ის პირები, რომლებიც ცრუ დაპირებებს მისცემენ და მოატყუებენ ხალხს, სისხლის სამართლის წესით უნდა დაისაჯნონ. რატომ არ უნდა დაისაჯონ ისინი, ვინც თავისი ტყუილებით, ცრუ დაპირებებით და თაღლითობით, ზარალს აყენებს ქვეყანას და მოსახლეობას?!


თუ თაღლითობა არ ეპატიება რიგით ადამიანს,
რატომ ვპატიობთ პოლიტიკოსებს?!


პასუხი აქ მარტივია, მათმა "პატრონებმა" ასე მოიფიქრეს, რომ დაიცვან თავიანთი მარიონეტები. ხალხმა ეს მახინჯი საარჩევნო სისტემა უნდა შეცვალოს ქვეყნის სასიკეთოდ და განსაზღვროს პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსების პასუხისმგებლობა და სასჯელი.

შეიძლება თუ არა არჩევნები ჩატარდეს ისე, რომ არ გაყალბდეს?

შეიძლება, ამის გაკეთება ძალიან იოლია, საჭიროა სამი რამ:

1. მოვიფიქროთ სისტემა, რომლითაც ამომრჩევლის მიერ მიცემული თვითოეული ხმა გაკონტროლდება ისე რომ არ დაირღვეს ფარულობა. ასეთი სისტემა პირადად მე დიდიხანია შევიმუშავე და არსებობს.

2. ის, ვინც გაყალბებაში მიიღებს მონაწილეობას, მკაცრად დაისაჯოს და ეს დანაშაული გაუთანაბროთ სამშობლოს ღალატს!

3. პარტიები, რომლებიც ორგანიზებულ გაყალბებაში მიიღებენ მონაწილეობას, უნდა სამუდამოდ აიკრძალოს, ხოლო ამ პარტიის ხელმძღვანელებს 10 წლით აეკრძალოთ პოლიტიკური საქმიანობა და საჯარო სამსახურებში მუშაობა.

მალე ახალი არჩევნები იქნება. როგორც უკვე ავღნიშნე, ეს არჩევნები არაფერს შეცვლის, ვინაიდან, არსებული საარჩევნო სისტემა არ იძლევა საშუალებას, რომ ქვეყანაში მოვიდნენ ისეთი პოლიტიკური ძალები, რომლებიც ქვეყნის განვითარებას შეძლებენ.


რა რეალობაა დღეისათვის?


იგივე ხალხი და პარტიები, რომლებიც არაერთხელ იყვნენ პარლამენტში და ხელისუფლებაში და არაფერი ღირებული არ გაუკეთებიათ და ქვეყანას მუდმივად ანგრევდნენ, კვლავ ცდილობენ პარლამენტში მოხვედრას და ხელისუფლებაში მოსვლას!

ხალხი და პარტიები, რომელიც ათასგვარ დაპირებებს აძლევდნენ მოსახლეობას და არაფერს არ უსრულებდნენ, ცდილობენ ახალ-ახალი ფუჭი დაპირებებით კვლავ მოვიდნენ ხელისუფლებაში.

ხალხი და პარტიები რომლებსაც საშინელი დანაშაულებები აქვთ ჩადენილი, კვლავ ცდილობენ ახალი მოტყუებებით, ახალი პიარტექნოლოგიებით, სიცრუით და ეშმაკობით, უცხო ქვეყნების გარკვეული ძალების მხარდაჭერით და დიდი ფულის იმედით, ისევ მოვიდნენ ხელისუფლებაში.  
  
რეალურად არცერთ პარტიას და დეპუტატობის კანდიდატს არანაირი რეალური პროგრამა არ გააჩნია. რასაც ისინი ქვეყნის განვითარების პროგრამას ეძახიან, ეს არის ლოზუნგების ნაკრები და სხვა არაფერი.

სამწუხაროდ ზოგიერთ პარტიას თავისმა "პატრონებმა" ზდმიწევნით კარგად ასწვლა ისეთი მეცნიერება, როგორიცაა: "მასების ცნობიერების მანიპულაცია" და ლოზუნგის მსგავსი ფუჭი დაპირებებით, ილუზიური მომავლის შექმნით, წარსულის დავიწყების მცდელობით, ცდილობენ ზეგავლენა მოახდინონ ამომრჩეველზე და მათ ცნობიერებაზე.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არცერთ პარტიას არსდროს არ ჰქონია ქვეყნის განვითარების ეკონომიკური პროგრამა. არადა ეკონომიკური განვითარებაა ქვეყნის განვითარების საძირკველი, რაზეც ყველაფერი დანარჩენი შენდება!


რა გათვლები აქვთ პარტიებს?


პარტიების დიდი ნაწილი ამტკიცებს, რომ ისინი მოვლენ უმრავლესობით ხელისუფლებაში, თუმცა "ოცნებისა" და "ნაციონალების" გარდა, პარტიების უმრავლესობას თანაბარი შანსები აქვთ, ბარიერის გადალახვას თუ შეძლებენ და ეს მათ ძალიან კარგად იციან.

რ არის გამოკვეთილად ლიდერი პარტია ან პარტია, რომელსაც ქვეყნის განვითარების ისეთი რელური პროგრამა ქონდეს, რომელიც მყარ გათვლებს ეყრნობა და ლოგიკურად დამაჯერებელია, რასაც ამომრჩეველი უპირობოდ ხმას მისცემდა. სწორედ ამიტომ გარდა "ოცნებისა" და "ნაცმოძრაობისა", პარტიების უმრავლესობას თანაბარი შანსები აქვთ.

როგორც ვთქვი, რეალური  შანსები აქვთ მხოლოდ "ოცნებას" და "ნაცმოძრაობას". ოცნების შანსებს განაპირობებს ის რომ ის ხელისუფლებაშია, გააჩნია სახელისუფლო რესურსი - გააჩნია ფინანსური რესურსები პრესა და ტელევიზია, ჰყავთ მეტნაკლებად ორგანიზებული გუნდი.

„ნაცმოძრაობას“ გააჩნია ფინანსები, უმაღლესი დონის პიარტექნოლოგიები, უცხოეთიდან გარკვეული ძალების მხარდაჭერა, კარგად ათვისებული მასების ცნობიერებაზე ზემოქმედების ტექნიკა, პრესა და ტელევიზია, მაღალ დონეზე ორგანიზებული გუნდი. თუმცა არცერთ მათგანს ხალხის ძირითადი მასა, უმრავლესობა მხარს არ უჭერს!


რაზეა გათვლილი „ნაცმოძრაობის“ სტრატეგია?


„ნაციონალურ მოძრაობას“ მოტივირებული ამომრჩეველი ჰყავს რომელთა მობილიზებას ყოველთვის ახერხებს. მათი რიცხვი დიდი არ არის, მაგრამ მუდმივი და გარანტირებულია. იმის გამო, რომ „ნაცმოძრაობას“ მუდმივად ჰყავს მყარი მოტივირებული ამომრჩეველი, რაც უფრო მცირე რაოდენობის ამომრჩეველი მივა არჩევნებზე, მით უფრო მეტ პროცენტს აიღებს და მით უფრო მეტ ადგილებს მოიპოვებს პარლამენტში!

ამიტომ „ნაცმოძრაობის“ სტრატეგია მდგომარეობს იმაში, რომ რაც შეიძლება ნაკლები ამომრჩეველი მივიდეს არჩევნებზე და აქცენტებს აკეთებს მოსახლეობის იმედგაცრუებაზე, ხელისუფლების უუნარობაზე, იმაზე, რომ ქვეყანა ინგრევა და  ოცნების დღეები დათვლილია, რომ გაიზარდა კრიმინალი, რომ ეკონომიკა განიცდის ვარდნას, რომ გაუარესდა სოციალური მდგომარეობა და აჩვენებენ საშინელ გაჭირვებულებს და ა.შ.

ერთი სიტყვით, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოსახლეობაში არჩევნების მიმართ პესიმიზმი გაჩნდეს და არჩევნებზე არ მივიდნენ. ამას აკეთებს უაღრესად დახვეწილად და ძალიან მაღალ დონეზე.

მოვიტანოთ ერთი მაგალითი.

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოველი წევრი თავის გამოსვლებს იწყებს და ამთავრებს იმით, რომ "ოცნების" ხელისუფლებამ საგარეო პოლიტიკაში შეცვალა დასავლური კურსი და პრორუსულ კურსს დაადგა და ამას დაბეჯითებით ამტკიცებენ.

რაზეა ეს გათვლილი?

ხელისუფლებაზე ისედაც განაწყენებული პროდასავლურათ განწყობილი მოსახლეობა სახელისუფლო პარტიის წინააღმდეგ განეწყობა. ამავე დროს, პრორუსულად განწყობილი მოსახლეობა ხედავს, რომ ხელისუფლება აბსოლუტურად არაფერს არ აკეთებს რუსეთთან მიმართებაში და ისიც სახელისუფლო პარტიის წინააღმდეგაა განწყობილი. ამ პროპაგანდის მიზანი და შედეგი არის ის, რომ როგორც პროდასავლური, ისე პრორუსული განწყობების ამომრჩეველი სახელისუფლო პარტიის წინააღმდეგი ხდება.

„ნაცმოძრაობის“ პროპაგანდა-აგიტაციის შედეგად მოსახლეობა პესიმიზმში ვარდება და არჩევნებზე არ მიდის, მიზანი მიღწეულია. ამომრჩეველთა დაბალი აქტივობა „ნაციონალური მოძრაობის“ არჩევნებზე მიღებულ პროცენტებს ზრდის. რაც უფრო დაბალი იქნება მოსახლეობის აქტივობა, მით უფრო მეტ ადგილებს აიღებს პარლამენტში.

თუ ამომრჩეველი მასიურად მივიდა არჩევნებზე (90-95%) „ნაციონალური მოძრაობა„ საარჩევნო ბარიერის დაძლევის პრობლემის წინაშე დადგება. თუ ამომრჩეველთა მინიმალურა რაოდენობამ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა „ნაცმოძრაობამ“ 25-30%, ან შეიძლება მეტიც აიღოს.

პრაქტიკულად ეს სისტემა იმდენად მაღალ დონეზეა დახვეწილი, რომ არჩევნებზე ყოველი არ მისული ამომრჩეველი ფაქტიურად „ნაცმოძრაობას“ "აძლევს ხმას".
 

რაზეა გათვლილი „ოცნების“ სტრატეგია?
 
„ოცნებამ“ ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, საარჩევნო ტექნოლოგიები „ნაცმოძრაობისგან“ ისწავლა და გადაიღო. სავარაუდოდ, „ნაცმოძრაობის“ მართვის ტექნოლოგიების გამოყენებაა ერთერთი მიზეზი იმისა, რომ ბევრი „ნაცმოძრაობის“ წევრი „ოცნებამ“ თავისთან გადაიყვანა და ბევრი მათგანი თანამდებობრივადაც დააწინაურა კიდეც!

კარგად გავიხსენოთ, რა ხდებოდა 2012 წელის საპარლამენტო არჩევნებზე - „ოცნება“ ინტენსიურად მოუწოდებდა ამომრჩევლებს რომ ყველა მისულიყო არჩევნებზე. დღეს ეს არ ხდება.

რატომ?

იმიტომ, რომ მაშინ, 2012 წელს, „ოცნების“ მიზანი იყო რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი მიეყვანა არჩევნებზე, რომ ნაცმოძრაობა დაემარცხებინა.

რა ხდება დღეს?

„ოცნებამ“ კარგად იცის რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი მხარს აღარ უჭერს, ისევე როგორც „ნაცმოძრაობას“, „ოცნებასაც“ მოტივირებული ამომრჩეველი ჰყავს - ძირითადად "სახელისუფლო რესურსი". ასევე, მან კარგად იცის, რომ პესიმისტურად განწყობილი მოსახლეობა რომელიც არჩევნებზე არ მიდის, არჩევნებზე რომც მივიდეს, მათ ხმას არ მისცემს. ამიტომ არ აწყობს მათი მისვლა არჩევნებზე, ამიტომაც არაფერს აკეთებს ხალხის არჩევნებზე მასიურად მისაყვანად. რაც ნაკლები ამომრჩეველი მივა არჩევნებზე, მით მეტ პროცენტს აიღებს!

„ოცნების“ მიზანია, ამორჩეველი, ვინც არჩევნებზე მივა, თავისი მოქალაქეობრივი მოვალეობის შესასრულებლად, ისე "დააშინოს" ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნებით, რომ ხმა „ოცნების“ გარდა, არავის მისცეს.

პრაქტიკულად, ბრძოლა ამ არჩევნებზე იქნება „ნაცმოძრაობასა“ და „ოცნებას“ შორის. უფრო სწორად ბრძოლა იქნება „ნაცმოძრაობის“ და „ოცნების“ საარჩევნო ტექნოლოგიებს შორის. თუ გავითვალისწინებთ, რომ საარჩევნო ტექნოლოგიებში „ნაცმოძრაობას“, „ოცნებასთან“ შედარებით დიდი უპირატესობა აქვს, ჯერ კიდევ საკითხავია, ვინ გახდება პირველი პარტია ამ არჩევნებში!


როგორი იქნება ძალთა ბალანსი პარლამენტში?

თუ მოსახლეობა გააქტიურდა და მასიურად მივიდა არჩევნებზე, ძნელი სათქმელია როგორი ძალთა ბალანსი იქნება პარლამენტში. ხოლო, თუ არ მივიდა, ახალ პარლამენტს ძირითადად „ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ დააკომპლექტებს.

ამ პარლამენტში უბედურება ის იქნება, რომ სავარაუდოდ არცერთს არ ექნება უმრავლესობა და შეიძლება კოალიციური მთავრობა შეიქმნას. შემდეგი ოთხი წელი კი იქნება „ხელის გადაგრეხვა“ და ბრძოლა ხელისუფლებისთვის. „ნაცმოძრაობა“ ეცდება ხელისუფლების ხელში ჩაგდებას, „ოცნება“ კი  ხელისუფლების შენარჩუნებას და სინამდვილეში საქმე არ გაკეთდება. 
 
ამრიგად, თუ მოსახლეობა მასიურად არ მივიდა არჩევნებზე, სავარაუდოდ, წინ არც თუ სასურველი და სასიამოვნო ოთხი წელი გველოდება!

8-09-2016, 14:55
უკან დაბრუნება