ივერიონი / ზაურ ნაჭყებია: ვის წისქვილზე ვასხამ წყალს?

ზაურ ნაჭყებია: ვის წისქვილზე ვასხამ წყალს?

„- ვის წისქვილზე ასხამ შენ წყალს, რით განსხვავდები ლევან ბერძენიშვილისგან და გიგა ბოკერიასგან?!“ - აღშფოთებულმა დამირეკა ახალგაზრდობისდროინდელმა მეგობარმა, როცა ჩემი სტატია „მე ვაპროტესტებ „heroკრატიას“ - ის ხალხის დაცინვაა“ წაიკითხა და ლამის ტელეფონიდან გამოძვრა.

 

როცა შედარებით დამშვიდდა, აღშფოთების მიზეზი ვკითხე. მთავარი მიზეზი, თურმე, მარტო ის კი არ არის, რომ მე პოლიტიკურ მოვლენებს ჩემებურად ვუყურებ (რამდენად ობიექტურად, უფალმა განსაჯოს!), არამედ, ის, რომ პირდაპირ თუ ირიბად ბიძინა ივანიშვილს სხვადასხვა კონტექსტში ვახსენებ ხოლმე...

 

არიან „ოპონენტები“, ვისთანაც კამათს უბრალოდ აზრი არა აქვს, თუმცა, ეს არ მიკარგავს სტიმულს - ვწერ იმას, რასაც ვფიქრობ, ვეხები იმ თემებს, რომელსაც საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა, შეიძლება ითქვას, ტაბუ დაადო.

 

ახლა კი ჩემი მეგობრების დაუსრულებელ კითხვაზე: ვის წისქვილზე ვასხამ წყალს, საჯაროდ ვაცხადებ: _ მე საქართველოს წისქვილზე ვასხამ წყალს (და არა „ნაციონალების“, როგორც ამას მსაყვედურობენ), მაგრამ „რესურსი“ არ მყოფნის „დოლაბი“ დავატრიალო და „საფქვავი მასალა“ ჩენჩოსგან და სხვა „მინარევებისგან“ გავწმინდო!

 

„ნაციონალებს“ კი ჩემზე მეტად ისინი წყალობენ, ვისაც პირში წყალი აქვს ჩაგუბებული, ან დღევანდელ;ი ხელისუფლების აპოლოგეტად გვევლინებიან!

 

ღმერთმა დამიფაროს უმადურობისგან, მაგრამ ჩემთვის მთავარი არა მოჩვენებითი მშვიდობა (მავანთა აზრით, რადგან დღეს ცოცხს არ ურჭობენ საპატიმროებში და ბიზნესს არ „ახევენ“, ყველაფერი კარგად მიდის), არამედ, სახელმწიფოს პროორიტეტების განსაზღვრაა, რომელზეც არც ხალხი და არც მის მიერ არჩეული ხელისუფლება ფიქრობს!

 

ზემოთ ხსენებული სტატიის გარშემო ატეხილმა აჟიოტაჟმა და მკვეთრად არაადექვატურმა კომენტარებმა (სტატია „ივერიონში“ დაიბეჭდა და სოციალურ ქსელშიც გამოქვეყნდა) დამარწმუნა, რომ დღევანდელ საზოგადოებაში არა მარტო „დამუხრუჭებულ“ აზროვნებასთან გვაქვს საქმე, არამედ საერთოდ მოშლილია კრიტიკული აზროვნების აპარატი, რაც რეალობის ობიექტურად აღქმაში გვიშლის ხელს. საზოგადოების ზომბირების პროცესმა მასაში სტერეოტიპების დამკვიდრებას შეუწყო ხელი და თუ ვინმე განსხვავებულ აქცენტებს აკეთებს, ან პროვოკატორად შერაცხავენ, ან, უმადურობის იარლიყს მიაკერებენ!

 

სამწუხაროდ, ერში თვითგადარჩენის ინსტინქტი მოქმედებს, რომელიც უკანა პლანზე წევს სახელმწიფო იდეალებისადმი და მარადიული ფასეულობებისადმი ერთგულებას. თუ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს სიხარბისადმი მიდრეკილება ახასიათებს, მეორე ნაწილი ყველაფერზე თვალს ხუჭავს, ოღონდ, ფიზიკურად გადარჩეს! ამასთან, ყველა მათგანს ჰყავს საკუთარი კუმირი - თუ ერთისთვის სააკაშვილი დღესაც „მტკიცე ხელთან“ და ქვეყნის „აღმაშენებელთან („ნაცმოძრაობის“ მომხრეები) ასოცირდება, მეორენი მამა-მარჩენალს ივანიშვილში (ქართული ოცნების“ მომხრეები) ხედავენ. არიან ისეთებიც (არც თუ ისე ბევრი), ვისაც ორივე პოლიტიკური ძალის მიმართ უკმაყოფილების გრძნობა უჩნდება და სამართლიანად ფიქრობენ, რომ ერთიც და მეორეც პოლიტიკური სივრციდან უნდა გაქრნენ. თუმცა, მათი უკმაყოფილება (შინაგანი ამბოხი) სოციალურ ქსელს და პირად საუბრებს არ სცილდება - ჯერჯერობით ვერ იპოვეს საკუთარ თავში იმის რესურსი, რომ თანამოაზრეთა გუნდი ერთ მუშტად შეკრან და ქვეყანაში ახალი სტანდარტების დამკვიდრებაზე იზრუნონ!

 

მიკვირს იმ ადამიანების, რომლებიც კატეგორიულად აცხადებენ, რომ „heroკრატია“ უნდა გახდეს „ნაცმოძრაობის“, როგორც დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის გასამართლების საფუძველი, ეს უნდა ნახოს მომავალმა თაობებმა, რომ მსგავსი რამ არასდროს განმეორდეს, რომ ხალხის მახსოვრობა ხანმოკლეა და „heroკრატია“ ყოველთვის იქნება იმის შეხსენება, თუ რა ჯოჯოხეთი გამოიარა საქართველომ მთელი 9 წლის მანძილზე!

 

საკმაოდ დამაფიქრებლად მეჩვენა მსოფლიო დონის არქიტექტორის, უწესიერესი და უგანათლებულესი თანამემამულის (გვარს შეგნებულად არ ვასახელებ) შეფასება, რომ ეს ფილმი ბრბოზეა გათვლილი და მხოლოდ და მხოლოდ ურთიერთდაპირისპირებას და აგრესიული მუხტის გაძლიერებას უწყობს ხელს!..

 

„ნაციონალური“ კოშმარი 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების წინ „ლაივში“ ნახა ქართველმა მაყურებელმა „ციხის კადრების“ სახით და მან მაშინ თავისი ფუნქცია ზედმიწევნით შეასრულა - საზოგადოებას დაანახა რეჟიმის ნამდვილი სახე, რამაც არჩევნების ბედი ფაქტიურად გადაწყვიტა.

 

ვერავინ დამარწმუნებს, რომ „heroკრატია“ „ნაციონალური“ რეჟიმის გასამართლების საფუძველი გახდება. ეს რომ სდომოდა დღევანდელ ხელისუფლებას, ზუგდიდის ტყეებში წამების ამსახველ იმ 17 000 ფირს, როგორც უტყუარ სამხილს, არ გაანადგურებდა.

 

რაც არ უნდა ამტკიცონ „ნაციონალებმა“, რომ ციხის კადრები ივანიშვილის დაკვეთით გადაიღო ბედუკაძემ, ფაქტი ერთია: ასეთი სისასტიკე მაშინდელი ციხის პრაქტიკაში რომ არ ყოფილიყო, ბედუკაძე ამ შოუს დადგმას ვერ გაბედავდა.

 

სხვა რაზე მოგვითხრობს ფილმი? ან რა არის აქ თუნდაც მხატვრულ ფორმაში იმაზე უფრო ამაზრზენი, ვიდრე, სამეგრელოს ტყეებში აღმოჩენილ კასრებში იყო ასახული?

 

არც არაფერი!

 

გულუბრყვილოდ მეჩვენება ერთ-ერთი კომენტატორის განცხადება, რომ „ეს ფილმი დასავლეთმა და ამერიკამ უნდა ნახოს და გააცნობიეროს, რა გადაიტანა საქართველომ მის მიერ მოთრეული და თავს მოხვეული მთავრობისგან?!!“

 

სასაცილოა - ე.წ. დასავლეთმა და ამერიკამ ჩვენზე უკეთ იცოდნენ, რა ცოდვის ბორბალი ტრიალებდა საქართველოში. 

 

 

უნდა გადაეღოთ თუ არა ეს ფილმი და მოარჩენს თუ არა იგი „დაჩირქებულ წყლულს?

 

ჩემდა გასაკვირად, არა მარტო მასის მნიშვნელოვანი ნაწილი, არამედ, ის ადამიანები და მათი ოჯახის წევრებიც კი, ვინც უშუალოდ იყო 9-წლიანი ჯოჯოხეთის მსხვერპლი, საჯაროდ იწონებენ „heroკრატიის“ გადაღების იდეას და კატეგორიულად აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ სწორი სვლა გააკეთა, რათა დანაშაული არ მიიჩქმალოს!!!

 

პირდაპირ ვიტყვი: იმაზე ცუდად ყოფილა საქმე ქვეყანაში, ვიდრე მე მეგონა - გამწარებულ ხალხს ამაზრზენი კადრების მხატვრული ფორმით გადაწყვეტა კი არ უნდა ამშვიდებდეს, არამედ, დამნაშავეების საკადრისად დასჯა!..

 

ჩემი აზრით, ეს ფილმი მათთვის არა „მალამო“, არამედ, ღრმა ჭრილობაზე მარილის მოყრაა, რომელსაც ჯერჯერობით ვერ გრძნობენ!!!

 

„heroკრატია“ არც საზოგადოების დაკვეთის შესრულებად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან, აქ მხოლოდ ისაა ნაჩვენები, თუ როგორ აწამებდა და აჩმორებდა საზოგადოებას დამნაშავე რეჟიმი. ფილმის ღირებულება ასჯერ და მეტად გაიზრდებოდა, რეზიუმეს სახით მაინც რომ იყოს ნათქვამი, თუ რა გააკეთა აღნიშნული რეჟიმის მშვიდობიანად გასტუმრების შემდეგ დღევანდელმა ხელისუფლებამ.

 

აქსიომაა: ფილმი ქართული საზოგადოების უსუსურობისა და უილაჯობის დემონსტრირებაა. ამასთან, იმაზეც მიგვანიშნებს, რომ იგივე საზოგადოებამ, მიუხედავად რეჟიმის ცვლილებისა, ყველაფერი გადაყლაპა!

 

ზემოთ სწორედ ამიტომაც წამომცდა, რომ არა მარტო აზროვნების დამუხრუჭებასთან, არამედ, კრიტიკული აზროვნების აპარატის საერთოდ მოშლასთან გვაქვს საქმე! არაფერს ვამბობ ერის ღირსების დაკნინებაზე (ნიშანდობლივია ისიც, რომ დღევანდელ საზოგადოებას სისასტიკის დემონსტრირებაზე აქვს მიდრეკილება...).

 

არგუმენტად ნამდვილად არ გამოდგება იმის წამდაუწუმ განმეორება, რომ გერმანელები ფაშისტების სისასტიკეს დღესაც აჩვენებენ. როგორც ჩემს ერთ-ერთ სტატიაში ვწერდი, ფაშიზმი მსოფლიო დონის ბოროტება იყო, სააკაშვილი კი პატარა ფიურერი გახლდათ, რომელიც საკუთარ ხალხს ქართულ „საკონცენტრაციო ბანაკებში“ ხდიდა სულს...

 

არ მესმის, რა უნდა ვანახოთ მსოფლიოს?

 

ის, რომ ჯალათი ხელისუფლება გვყავდა, თუ ის ქართველი ხალხი როგორ გმინავდა 9 წლის მანძილზე სააკაშვილის რეჟიმის უღელქვეშ?

 

არა მგონია, ეს 9-წლიანი მონაკვეთი საქართველოს ისტორიის ღირებული ფურცელი იყოს. პირიქით, „heroკრატიამ“ ოდესღაც ამაყი ქართული სული სამუდამოდ დაჩრდილა!

 

ეჭვი მაქვს, რომ ესეც წინასწარ განზრახული ავანტიურა იყო...

 

 

რატომ არ დავუჯერეთ თემურ მირიანაშვილს და რა ჯადო აქვს ფულს?!

 

„გიჟი ხარ შენ, გიჟი, ჩამოყალიბებული გიჟი“ - ხმამაღლა იყვირა შევარდნაძის მრჩეველმა თემურ მირიანაშვილმა მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე, როცა მაშინდელმა იუსტიციის მინისტრმა, მიხეილ სააკაშვილმა კორუმპირებული ჩინოვნიკების „სასახლეების“ სურათები ააფრიალა.

 

ეს „მეამბოხე“ მინისტრი ნელ-ნელა იკვლევდა გზას საზოგადოების გულებისკენ და ბოლოს იმდენი მოახერხა, რომ „ახალგაზრდა რეფორმატორის“ იმიჯით „ვარდების რევოლუციის“ სათავეში მოექცა. ბევრი მასში შევარდნაძის კორუმპირებული რეჟიმის „მესაფლავეს“ ხედავდა და აქედან გამომდინარე, სააკაშვილმა „ხბოს აღტაცებით“ შეპყრობილი მასის უპირობო მხარდაჭერაც მოიპოვა.

 

ბევრს დიდხანს სჯეროდა, რომ „მიშა მაგარია“ და რასაც ის აკეთებდა ჭანჭიკმოშვებული ბიუროკრატიული სტრუქტურების გასაძლიერებლად და სახელმწიფოს, როგორც ასეთის, შესადგომად იყო საჭირო.

 

„მაგარი მიშა“ ისე შევიდა როლებში, რომ შევარდნაძის გაზულუქებულ ბიუროკრატიულ აპარატს ზედ „ახალი ქართველებიც“ (ე.წ. ბიზნესი) მიაყოლა, კონსტიტუციაც საკუთარ ტანზე ჩოხასავით მოირგო და აბსოლუტური ძალაუფლებით შეიარაღებულს ცა ქუდად არ მიაჩნდა და დედამიწა ქალამნად!

 

ყველას ეგონა, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ დამნაშავე „ნაციონალები“ (ხაზს ვუსვამ, „დამნაშავე“, რადგან ნაციონალური მოძრაობის“ წევრობა დანაშაულად არ უნდა დაკვალიფიცირდეს!), ანუ „ბოროტების მანქანის“ შემქმნელნი და შემსრულებელნი პოლიტიკური სივრციდან გაქრებოდნენ - ქვეყნიდან გაიქცეოდნენ ან ციხეში ამოყოფდნენ თავს, მაგრამ ეს ასე არ მოხდა - „ნაცმოძრაობა“ დღესაც „ფორმაშია“ და მათი სიტყვებით თუ ვიტყვით, „უნიათო ხელისუფლების“ მშვიდობიანად გასტუმრებით იმუქრება!

 

 

ვინ რას ფიქრობს „heroკრატიაზე“?!

 

„heroკრატიას“ რადიკალურად განსხვავებული გამოხმაურებები მოჰყვა. ეს ნათლად ჩანს, ზემოთ ხსენებულ სტატიაზე გაკეთებულ კომენტარებშიც. სიცხადისთვის რამდენიმე მათგანს მოვიხმობ:

 

„აღარ გვჭირდება ამდენი სტრესები, ისედაც ნერვებდაწყვეტილ ხალხს. ვერაფერი გააკეთეს, სწორედ ამის შედეგია, რომ დღეს სანდრა რულოვსი ზუგდიდში იყრის კენჭს“ - წერს პოეტი და ნიჭიერი ლიტერატორი ნონა ფიფია.

 

იურისტი ლელა ფრიდონიშვილი უფრო შორს მიდის და აცხადებს: „წესიერ საზოგადოებაში ხაინდრავას ფილმს უკურეაქცია უნდა მოჰყვეს. ხაინდრავა ხელისუფლების ანტირეკლამიტია... ხალხს მუდა თავისი მიზნებისთვის იყენებს“.

 

ახლა კი ცნობილ ქართველ მწერალს, ანა ნინუას მოვუსმინოთ: „გოგა ხაინდრავას ფილმი სრულიადაც არ გახლავთ ისტორიულობის რადარზე დასარჩენად გამიზნული. იგი მიმართულია გამოიწვიოს ყოველი ჩვენგანის ფსიქოფიზიკური ტრანსფორმაცია... არავითარი იდეური დატვირთვა ფილმს არ გააჩნია, გარდა იმისა, რომ ჩვენ ვართ სამარცხვინო ისტორიის მქონე ერი... სულიერი ფასეულობების დამკარგავი, დამონებული...“

 

ერთ-ერთი კომენტატორი, რომელიც სოციალურ ქსელში გაურკვეველი სახელითა და გვარითაა დაფიქსირებული,  წერს:

 

„მათთვის, ვინც მართლა გააუპატიურეს, რა შვება იქნება ამ ფილმის ყურება?! ლურჯ კასრებში აღმოჩენილ მასალებს, ანუ სამხილებს ანადგურებენ და იგივე თემაზე მხატვრულ ფილმს იღებენ?! გვაშაყირებენ...“

 

„ფილმის გადაღება - ეს არის ივანიშვილის შურისძიება სააკაშვილზე. მას „ნაციონალების“ განეიტრალება რომ სურდეს, ფილმს კი არ გადაიღებდა, დანაშაულებრივ რეჟიმს გაასამართლებდა!“

 

სტატიას ისეთი ალიაქოთი მოჰყვა და კომენტარებით ისე დაიხუნძლა, ყველა მათგანის გამოტანა შეუძლებელია, თუმცა ძირითადი ტენდენცია მაინც იკითხება.

 

არ დავმალავ, რომ ფილმს უფრო მეტი მომხრე ჰყავს, ვიდრე, მოწინააღმდეგე, მაგრამ მომხრეების არგუმენტები იმდენად სუსტია, რომ საკამათოდაც არ ღირს. ვფიქრობ, ეს უფრო ფსიქო-ემოციურ ფონზე გაკეთებული კომენტარებია.

 

სტატიას ერთი შეხედვით არასასურველი კომენტარებიც მოჰყვა. ბევრი „ჭკუის სწავლებას“ და „მეცამეტე გოჭობას“ მსაყვედურობს, თუმცა, ვერ ასაბუთებს, რატომ არ შეიძლება მქონდეს მე ამა თუ იმ მოვლენაზე მასისგან განსხვავებული მოსაზრება.

 

ზოგი კი მეკითხება: მე რომ ვყოფილიყავი დაზარალებულთა (სასტიკად წამებულთა) რიგებში, დღეს როგორ მოვიქცეოდი და რატომ არ ვაქტიურობდი მაშინ, როცა სააკაშვილის რეჟიმი სულს ხდიდა საკუთარ მოსახლეობას!!!

 

მოდით ჯერ კითხვის მეორე ნაწილს ვუპასუხებ:

 

სააკაშვილის რეჟიმის დროს მეწინავე დროშა ნამდვილად არ მეჭირა, არც მიტინგებზე აქტიურობით გამოვირჩეოდი, რადგან, ვხედავდი, რომ ე.წ. ლიდერები ხალხს ატყუებდნენ და საზარბაზნე ხორცად იმეტებდნენ. თუმცა, როგორც ჟურნალისტი და პერიოდული გამოცემების ხელმძღვანელი, იმ უმსგავსობებზე თვალს არ ვხუჭავდი - ოღონდ, ვერ დავიტრაბახებ, რომ იგივე მუხტით და პათოსით, როგორც  ამას დღეს ვახერხებ (აქსიომაა, რომ დღეს საკუთარი აზრის გამოთქმას არავინ გიშლის), ანუ, ვაბანკზე წასვლას მეც ვერიდებოდი ზემოთ ნახსენები მიზეზის (ლიდერების მხრიდან სიყალიბისა და არათანმიმდევრულობის) გამო.

 

ხოლო კითხვაზე, რას გავაკეთებდი დღეს, მეც იმ კოშმარის უშუალო მონაწილე რომ ვყოფილიყავი, ვპასუხობ: ფილმის გადაღებას ზემოთ ხსენებული რეზიუმეთი ტაშს ნამდვილად არ დავუკრავდი, რადგან, იმ ჯოჯოხეთის შეხსენება არ იქნებოდა ჩემთვის სულის სალბუნი, არამედ, გამოვიდოდი ქუჩაში და მოვუწოდებდი იმ 300 000 პრობაციონერს და სააკაშვილის ჯურღმულებში ნახევარსიცოცხლეწართმეულებს, ხელისუფლებას კი მოვთხოვდი, გაესამართლებინა დამნაშავე რეჟიმი თავისი დამკვეთებითა და შემსრულებლებით  და გაეუქმებინა „ნაცმოძრაობა“, როგორც დამნაშავე პოლიტიკური პარტია!

 

ვფიქრობ, ფილმს მაშინ ექნებოდა ისტორიული ღირებულება, თუ იგი მომავალ თაობებს დაანახებდა, რომ ბოროტება დაუსჯელი არ რჩება და ვინც საკუთარი ხალხის დათრგუნვას და სულში ჩაფურთხებას შეეცდება, ასე სამაგალითოდ დაისჯება. სხვანაირად, „heroკრატია“ ქართული მონური სულის დემონსტრირებაა და მეტი ვერაფერი!

 

სამწუხაროდ, არავინ ამახვილებს ყურადღებას მოქმედი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის წინასაარჩევნო განცხადებებზე, რომ დროა ერთმანეთის პატიება და ერთმანეთის გატანა ვისწავლოთ!

 

ჭეშმარიტად, ბატონო გიორგი, ერი მანამ ვერ დაწყნარდება, სანამ დაპირისპირებულ ჯგუფებად იქნება დაყოფილი, მაგრამ „heroკრატია“ ერის გამთლიანების და მშვიდობიანი თანაარსებობის მისიას ნამდვილად ვერ შეასრულებს. პირიქით, იგი აგრესიულ მუხტს კიდევ უფრო გააძლიერებს და საზოგადოებას უფრო მეტად დააპირისპირებს ერთმანეთთან...

 

 

ხაინდრავას „დევიატკიდან“ „heroკრატიამდე“, ანუ რა წააგო საქართველომ?

 

„ხაინდრავამ ჯერ ის ცოდვები მოინანიოს, „მხედრიონელების“ გვერდით რომ იდგა იარაღში ჩამჯდარი და ნამდვილ ქართულს და ეროვნულს რომ სდევნიდა. რატომ „მხედრიონის“ სამეგრელოში თარეშის დროს არ იღებდა დოკუმენტურ ფილმებს?“ - წერს თავის კომენტარში სამეგრელოს ერთ-ერთი წარმომადგენელი.

 

სხვათაშორის, კომენტარებში ხაინდრავას „დევიატკას“ ხშირად ახსენებენ ხოლმე. საუბარია იმ ავადსახსენებელ 1992 წლის 5 იანვარზე, როცა საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია იძულებული გახდა გაქცეულიყო საქართველოდან. თვითმხილველები ყვებოდნენ, თუ როგორ ისროდნენ ხაინდრავას „დევიატკიდან“ ავტომატებით შეიარაღებულნი და როგორ ჩახოცეს მეტეხის ხიდთან ავტობუსში პრეზიდენტის მხარდამჭერი უდანაშაულო ადამიანები.

 

მაშინ ამის გამო არავინ დაუსჯიათ - პირიქით, შევარდნაძემ ხაინდრავას აფხაზეთის სახელმწიფო მინისტრობა უბოძა, ხოლო, სააკაშვილმა რანგი ცოტათი აუწია და შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დანიშნა... დღეს უკვე არ არის საინტერესო, თუ რატომ გაირბინა შავმა კატამ სააკაშვილსა და ხაინდრავას შორის.

 

საზოგადოების გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ მას თავისი წარსულიდან გამომდინარე, ამ ფილმის გადაღების მორალური უფლება არ ჰქონდა!

 

რა მოიგო ამით გოგა ხაინდრავამ და რა წააგო საქართველომ?

 

მან უკვე დაიმკვიდრა ქართული რეალობის ამსახველი მრავალსერიანი მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის რეჟისორის იმიჯი - ფილმისა, რომელზეც ზოგიერთებს ელეთ-მელეთი მოსდით, ხოლო, ზოგიერთები ქირქილებენ.

 

რა წააგო საქართველომ?

 

ბევრი რამ: უპირველესად, ეს არის ქართული მონური სულის დემონსტრირება, იმის აღიარება, რომ ჩვენ ყველაფერს ვეგუებით!

 

როგორც ჩანს, ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების შემდგომი ხელისუფლებების მთავარი იდეოლოგიური ხაზი, რომ ქვეყანა მსოფლიო ასპარეზზე მხოლოდ უარყოფით კონტექსტში წარმოჩინდეს!!!

 

თუ ბოლომდე არ გავაცნობიერეთ რასთან გვაქვს საქმე, არ არის გამორიცხული, „heroკრატია“ ქართველი ერის „სავიზიტო ბარათად“ იქცეს და მან ერის გმირული ისტორიული წარსულიც გადაფაროს!

 

როგორც ჩანს, მავანთ სწორედ ეს უნდათ!!!

 

ზაურ ნაჭყებია

 

15-09-2016, 09:49
უკან დაბრუნება