ივერიონი / დავით ქობალია: რა დამალა მთავრობამ და რა ბედი ელის ანაკლიას?!

დავით ქობალია: რა დამალა მთავრობამ და რა ბედი ელის ანაკლიას?!

ანაკლიაში გამართული სამთავრობო შეხვედრისადმი დიდი იმედით არ ვყოფილვარ განწყობილი, მაგრამ რაც იქ ვიხილე, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა!

 

ანაკლიის ზღვისპირეთი საგანგებოდ კარგი ამინდით რომაა ცნობილი, ჩემი აღმოჩენა არ არის. გუშინდელი დღე მაინც განსაკუთრებული იყო, რაც დარწმუნებული ვარ, ანაკლიის ღონისძიების ორგანიზატორებმა ამინდის ბიუროს ცნობით წინასწარ იცოდნენ და მათაც ტრადიციას არ უღალატეს!

 

საუბარი მაქვს იმ ტრადიციაზე, რაც მიშა სააკაშვილმა დაამკვიდრა მისი პიარმმართველობის ჟამს საქართველოში!

 

ალბათ, ყველას გახსოვთ _ ღია ცისქვეშეთში, პაპანაქება სიცხეში, თუ მრავალსართულიანი სახლების სახურავებზე  გამართული სამთავრობო სხდომები, ყვარლის ტბის ულამაზესი ხედების ფონზე ოფლში გახვითქული სამთავრობო ხელისუფალთა გარიგვინებული თავები, სვეტიცხოვლის ციხეგალავანთან ქვაფენილზე გამოტანილი კულტურის სახლის სავარძლები, მშენებელ-რესტავრატორების როლში ხარაჩოებზე შემდგარი  მარჯანიშვილის თეატრის მსახიობები და ქადაგად დავარდნილი ქვეყნის პირველი პირი!

 

ზუსტად იგივე გაიმეორა დღევანდელმა მთავრობამ გუშინ ანაკლიაში, როცა ღონისძიებაზე მოწვეული რამდენიმე ასეული სტუმარი, ბატონი თეიმურაზ ქარჩავას, 90-იანი წლების დასაწყისში აშენებული „აიეტის სასახლედ“ წოდებული, თეთრი ქვითკირით ნაგები გალავნის  შორიახლოს პაპანაქება მზისგულში დასვა და კიდევ ერთხელ მოასმენინა იაფფასიანი ზღაპარი ანაკლია პორტის შესახებ, რაც ადრე არაერთხელ მაღალკვალიფიციურ დონეზე განმარტებულ და დასაბუთებულ იქნა, თუ რატომ და რისთვის უნდა აშენდეს ჩინელების მიერ განახლებული „ახალი აბრეშუმის გზის“ უმნიშვნელოვანესი ნაწილი _ ანაკლია პორტი!

 

რაც მთავარია, პრემიერმინისტრ კვირიკაშვილს არ გამორჩენია, რომ მისი თქმით 2,5 მილიარდ დოლარად ღირებული პროექტის რეალიზაციის შემთხვევაში ანაკლიელებს აუშენებენ და საჩუქრად გადასცემენ _ ამბულატორიას, საბავშვო ბაღს და სპორტულ მოედნებს!..

 

ტრადიცია, არა მარტო სამთავრობო ღონისძიებების ერთ სტილში მოწყობით გრძელდება, არამედ, მისი შინაარსის ზედმიწევნით იდენტურობით, რაც ანაკლიის შემთხვევაში ასე გამოიხატა:

 

2011 წელს, იქ, სადაც პრეზიდენტყოფილმა სააკაშვილმა დასვა ისარი და ბრძანა აქ  „ლაზიკა“ პორტი აშენდებაო, ბატონი ივანიშვილის  მიერ მოყვანილმა მთავრობამ ფეხი არ მოიცვალა-! სააკაშვილისდარად ანაკლიის აბორიგენ დასახლებას დაუმიზნა (მიუხედავად, გაცილებით უკეთესი ადგილის და შესაძლებლობის არსებობისა) და _ კვირიკაშვილ, ქუმსიშვილ, ხაზარაძე ორჯერ დიდ „ლაზიკა“ პორტის აშენებას აპირებენ.

 

არავინ უწყის, მართლა მიაწერა ხელი სახელმწიფოსთან ანაკლია პორტის ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადებულმა „ანაკლიიის განვითარების კონსორციუმმა“ გუშინდელი შოუს შემდეგ. ასეც რომ იყოს, სამწუხაროდ, მარტო ხელისმოწერა არ არის საკმარისი, მთავარია, რა წერია იმ ხელშეკრულებაში, რაც საქართველოს მთავრობასა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის უნდა გაფორმდეს.

 

არავინ შეცდეს და ქვეყნის მთავრობისადმი უპატივცემლობა არ დამწამოს: მე ფაქტები მაიძულებს ფრთხილი ვიყო _ დიდი ხანია ტენდერის მკაცრად დადგენილი ყველა პირობა დაირღვა. სახელწიფოსა და ტენდერში გამარჯვებულს შორის ხელშეკრულებაზე ხელმოწერა გასულ 5 მაისს უნდა შემდგარიყო, პორტის მშენებლობა კი არაუგვიანეს პირველ ივნისს დაწყებულიყო. სამწუხაროდ, დღემდე სიტყვა არავის დასცდენია ამ დარღვევებზე და არც პასუხი მოუთხოვიათ ვინმესთვის!

 

აქედან გამომდინარე,  თუ არ გასაჯაროვდა, რას მოაწერეს ხელი გუშინ ანაკლიაში, შეიძლება გავიდეს დრო და მძიმე პრობლემების წინაშე აღმოჩნდეს, ისედაც დაქცევის პირას მდგარი საქართველო!

 

მიდით, დღეს აქ დავსვათ წერტილი და გადავხედოთ ერთ უცნობ წერილს, რომელიც ჩინელებს გამოუქვეყნებიათ 2016 წლის 13 მარტს «South China Insight» -შიდა საგულდაგულოდ უმალავენ მკითხველს.

 

 

 

საცობი აბრეშუმის გზაზე: კორპორაციებმა ყაჩაღურად წაიღეს შავი ზღვის ღრმაწყლოვანი პორტის ჩინური პროექტი

ანაკლია, საქართველო

შავი ზღვის საქართველოს სანაპიროს ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი, რისთვისაც ორ წელზე მეტი ხნის მანძილზე იბრძოდნენ ჩინური კორპორაციები, 8 თებერვალს გამართულ ტენდერში მოულოდნელად მოიგო ქართულ-ამერიკულმა კონსორციუმმა.

პორტი, რომელიც ლოგიკური დაბოლოება უნდა ყოფილიყო შუა აზიასა და კავკასიაზე გამავალი ჩინური „აბრეშუმის გზისა“, საბოლოოდ დარჩათ ამერიკელებს, რომელთაც არათუ რაიმე გეოგრაფიული კავშირი გააჩნიათ ტრანსევრაზიულ ჩინურ პროექტთან, არამედ მისი ამოქმედების ინტერესიც კი არ გააჩნიათ. ანაკლიაში ჩინური კორპორაციის დამარცხება არა მხოლოდ ჩინური ევრაზიული ინიციატივების გაუბედაობაზე მიანიშნებს, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების აზიური პოლიტიკის ანტიჩინური ტენდენციების გაძლიერებაზე მეტყველებს. ამ ისტორიას განსაკუთრებულ კოლორიტს მატებს ისიც, რომ ჩინურ-ამერიკული კორპორაციული ომი მიმდინარეობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სიახლოვეს _ რუსეთის ძლიერი გავლენის ზონაში.

2016 წლის 8 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ყველა გააოცა, როცა ტელევიზიით გამოაცხადა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა Anaklia Development Consortium-მა, რომელიც ქართული TBC Holding-ის და ამერიკული Conti Group-ის ერთობლივ საწარმოს წარმოადგენს. პორტის მშენებლობის საერთო ღირებულება, რომელიც 10 წელიწადში უნდა დასრულდეს, 3,7 მილიარდი დოლარია. პორტის საპროექტო სიმძლავრე, რომელიც ჩინურ-ევროპული ვაჭრობის ჰაბი უნდა გახდეს, 100 მილიონ ტონა ტვირთზეა გათვლილი. პირველი ტვირთი ამ გზაზე გაივლის 2019 წელს. მაგრამ პროექტის „აქილევსის ქუსლად“ რჩება სათანადოდ განუვითარებელი სარკინიგზო ინფრასტრუქტურა _ პორტმა კიდევაც რომ შეძლოს 100 მილიონი ტონა ტვირთის დამუშავება, საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქმენეთის, უზბეკეთისა და ყაზახეთის მცირე გამტარუნარიანიობის მქონე რკინიგზა ამხელა ტვირთს ვერ გაატარებს, და მის სათანადო პარამეტრებში მოქცევას საკმაოდ დიდი კაპიტალდაბანდება დასჭირდება. ამ სარკინიგზო ქსელის მოდერნიზაცია ჩინეთს უნდა ჩაეტარებინა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ტენდერმა გვერდი აუარა ჩინურ Hubei Hongyuan Power Engineering Company-s da China Harbour Engineering Company-ს, საბოლოოდ გარკვეული არ არის, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ჩინური მხარე.

ცდილობს რა გვერდი აუაროს რუსეთის დამოკიდებულებას ტვირთების გადაზიდვის საკითხებში, ჩინეთი წინააღმდეგობას წააწყდა სავსებით გლუვ ზედაპირზე, როცა ყველაზე ნაკლებად ელოდა ამერიკელების გამოჩენას “აბრეშუმის გზაზე”.

როგორც ჩანს, ჩინელები არ ელოდნენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების წინ ამერიკაში ესოდენ კარდინალურად შეიცვლებოდა სიტუაცია. ახლა „აბრეშუმის გზის“ მთავარი პუნქტი _ ანაკლიის პორტი ამერიკელების ხელშია და გამოდის, რომ სარკინიგზო სტრუქტურაში ჩადებულმა ჩინურმა ინვესტიციებმა შუა აზიის ქვეყნებსა და ირანში, ამერიკელების სასარგებლოდ უნდა იმუშაონ.

ჩინელები, რომელთაც შექმნეს „აბრეშუმის გზა“, როგორც საზღვაო გზის სახმელეთო ალტერნატივა, დღეს ამ პროექტის ჩაშლის საფრთხის წინაშე იმყოფებიან  და ან რუსეთთან ერთად უნდა აითვისონ „აბრეშუმის გზის“ ეკონომიკური ზოლი, ან თურქეთი უნდა გამოიყვანონ ამერიკელთა გავლენიდან, მაგრამ ეს უფრო ძვირი დაჯდება, ვიდრე პირვანდელი პროექტი.

გაზეთი «South China Insight», 13.03.2016

დაველოდოთ მკითხველის რეაქციას და ამის შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი ანაკლია პორტზე!

 

4-10-2016, 16:57
უკან დაბრუნება