ივერიონი / დავით ქობალია: უვარგისს, თუნდაც საკუთარი ოჯახის წევრს, ხმას ნუ მივცემთ!

დავით ქობალია: უვარგისს, თუნდაც საკუთარი ოჯახის წევრს, ხმას ნუ მივცემთ!

სამი დღე დარჩა არჩევნებამდე _ არჩევნებში მონაწილეთა დიდი უმრავლესობისთვის, ერთმანეთის ლანძღვის, გინების, შეურაცხყოფის, უსაზღვრო უზნეობის გამოვლინების სამი დღე!

 

სამწუხაროდ, ყველაფერი ეს, წინასაარჩევნო ნორმად იქცა ჩვენს ქვეყანაში ბოლო მეოთხედი საუკუნის განმავლობაში და უწყინარი და უდანაშაულო ამომრჩეველიც კი აიყოლიეს პარლამენტარობისთვის მებრძოლმა კანდიდატებმა.

 

ხშირად მეკითხებიან _ რას მოიტანს ახალი არჩევნები?

 

ვპასუხობ მე.

 

_ოთხი წლის შემდეგ 10-15 მილიონერი შეემატება საქართველოს!

 

თუ არ გჯერათ, დააკვირდით: ყველას გყავთ ნაცნობი ნაპარლამენტარი, ნამინისტრალი და მაღალ სახელმწიფო ეშელონებში ნაჩინოვნიკარი ახლობლები. გაიხსენეთ, ვინ იყვნენ ისინი მანამდე და რა გახდნენ ზემოთხენებულ პოზიციებზე ყოფნის შემდეგ!

 

პარლამენტში ჯდომა ადამიანს ჭკუა-გონებას რომ არ მატებს, შორს ნუ წავალთ, არაერთგზის გვაჩვენეს ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ქუთაისში, „შუშის მედუზაში“ ნაჯდომი პარლამენტარების დიდმა უმრავლესობამ. გაიხსენეთ, მათი, უცხო სიტყვებით გაჯერებული სასაუბრო ლექსიკა, ნათქვამის ნახევრის მნიშვნელობა თვითონვე არ ესმოდათ, სახეზე კი ლუარსაბისეული თვითკმაყოფილება რომ არ გალევიათ ამ ოთხი წლის მანძილზე!

 

გასართობად, გაგიხარიათ, მართლა არ მოგვიწყენია მათი ყურებით, მაგრამ ასეთი გართობის შედეგია ჩვენი დღევანდელი ყოფა და დიდი და პატარა რომ პარლამენტისკენ იქაჩება _ „უამრავი უწიგნური და მოსულელო ოთხი წელი თუ იჯდა პარლამენტში, მე მათზე ბევრად უკეთესი ვარ, ახლა მე მომისმინეთო!“

 

ვერაფერს იტყვი, ეს ლოგიკაც ბოლო 25 წლის განმავლობაში დამკვიდრდა ჩვენს სამშობლოში!

 

ვწერ ამ სიტყვებს და ყურში ჩამესმის _ ეს ყველაფერი კარგი, გავიგეთ რატომ ვართ ასეთ დღეში, მაგრამ რა ვქნათ, როგორ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან?

 

ბუნებრივია, მეც მაწუხებს იგივე კითხვა. სამი დღე დარჩა არჩევნებამდე და ჯერ კიდევ ვერ გადამიწყვეტია, ვის მივანდო ჩემი სამშობლოს ბედი მომავალი ოთხი წლის მანძილზე. ცუდი ნიშანია ეს ქვეყნისთვის, მაგრამ არა გამოუვალი. არჩევანს, უამრავი, ე.წ. ახალი სახეების გამოჩენაც ართულებს, _ რადგან მათ არ ვიცნობთ, ნდობაც გვიძნელდება!

 

დიდი ფიქრის შემდეგ, ვფიქრობ გამოსავალი ვიპოვე, გადავწყვიტე ნდობა გამოვუცხადო:

 

_გამართული ქართულით და არა უცხო სიტყვების რახარუხით მოსაუბრეს!

 

_არა ევროინტეგრაციის, არა ამერიკული და რუსული გზის მეოცნებეს, არამედ ქართული გზის ერთგულს!

 

_არა უცხო ქვეყნის იარაღის ძალით, მტრადმოკიდებული მეზობლის შემშინებელს, არამედ, მისი მშვიდობიანი გზით შერიგების მსურველს!

 

_არა ქართულ-ეროვნული ტრადიციის, რელიგიის, კულტურის უარმყოფელს, არამედ, მათი უყოყმანოდ და თამამად დამცველს სამშობლოში თუ მის ფარგლებს გარეთ!

 

_არა წინასაარჩევნოდ მატერიალური დაპირებების (ასფალტის დაგება, შუქის და გაზის გაყვანა და ა.შ.) შემსრულებელს, არამედ, ქვეყნის სასიკეთოდ გამოტანილი კანონის დამფასებელს და ერთგულს, ამომრჩევლის ღირსების დამცველს, მოუსყიდავს და სხვისი ტკივილის გამთავისებელს!

 

8 ოქტომბერს, არჩევნებზე მისული, ამ მოთხოვნით ვიხელმძღვანელებ და თუ ასეთ კანდიდატს ვიპოვი, ჩემთვის არ ექნება არანაირი მნიშვნელობა თუ ვის პარტიულ კუთვნილებას წარმოადგენს იგი, რადგან დარწმუნებული ვარ ასეთი პიროვნება საეჭვო წარსულის პარტიულ მარაქაში არ დაიდებს ბინას!

 

ახლა, რაც შეეხება ქვეყნის უმნიშვნელოვანეს პროექტს „ანაკლია პორტს“ _ მინდა დავასრულო არჩევნებზე საუბარი და გავაფრთხილო ქვეყნის მომავლით გულანთებული ამომრჩეველი _ „ანაკლია პორტის“ მშენებლობის საკითხის გააქტიურების გამო ხმა არც ყოფილ და არც მოქმედ ხელისუფლებას არ მისცეთ, რადგან ორივე მათგანი ამ პროექტს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე კი არ იჩემებს, არამედ ჩვენი ქვეყნის ოკეანისგაღმელ მბრძანებელთა მითითებით და დავალებით ასრულებს!

 

ნათქვამის დასტურად იხილეთ (http://www.south-insight.com/node/218114) 2016 წლის 13 მარტს «South China Insight» -შიგამოქვეყნებული სტატია სათაურით:

 

 საცობი  აბრეშუმის გზაზეკორპორაციებმა  ყაჩაღურად წაიღეს შავი  ზღვის  ღრმაწყლოვანი პორტის  ჩინური პროექტიანაკლიასაქართველო“!

 

კიდევ ერთხელ ვიმეორებ _ არამც და არამც, ამომრჩეველი არ უნდა აჰყვეს მავანთა პარტიულ ინტერესებს, იგი ქვეყნის და მისი მომავლის ინტერესებიდან უნდა გამოვიდეს, რადგან მხოლოდ ეს იქნება თითოეული ამომრჩევლის უკეთესი ხვალინდელი დღის გარანტი!

 

მაგალითი გნებავთ?

 

ერთი წამით წარმოიდგინეთ რა მოხდებოდა საქართველოში, იგი 2012 წლის წინასაარჩევნო ფორმატში დარჩენილიყო?

 

პასუხი მარტივია _ მინიმუმ ორჯერ გავქრებოდით!

 

პირველად _ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების მეორე დღეს თუ არა, მეორე კვირას ომში ვიქნებოდით ჩართული, ჩვენი თავის და ჩვენი, ევროპელი და ოკეანისგაღმელი მფარველების იმედად დღენახევარში დამთავრდებოდა ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ისე, რომ პამპერსების და სასმელი წყლის ჩამოტანასაც კი ვერ მოასწრებდნენ, წყალწაღებულ ქვეყანაში, ჩვენი უცხოელი „მოკეთეები“!

 

მეორედ _ სირიიდან დაძრული ლტოლვილების ნაკადი შეავსებდა არა მარტო ქალაქ „ლაზიკას“ ნახევარი მილიონი მოსახლეობით, უფრო მეტიც _ დასავლეთ საქართველოს სანახევროდ გაუკაცრიელებულ კარ-მიდამოსაც უპრობლემოდ აითვისებდნენ ისინი, ვინაც გასული ახალი წლის დღეებში სექსფეიერვერკი გაუმართა 82 მილიონიანი გერმანიის მოსახლეობას!

 

ღმრთის წყალობით ჩვენ ყველაფერ ამას გადავურჩით!

 

სამართლიანობა მოითხოვს ითქვას _ ღმრთის წყალობას მიწიერი ადამიანის ხელიც ერია, ესეც არ უნდა დავივიწყოთ, _ უმადურობა ბიბლიური ცოდვაა, მაგრამ, ამის გამო, მისი გაღმერთება და მუდამ მის იმედად ყოფნა არას გვარგებს; თუ ჩვენც არ ვივარგეთ, უარესი უბედურება დაგვატყდება თავს!

 

რამდენიმე კვირაა, სადაც არ უნდა გაიხედო, უზარმაზარი საარჩევნო ბანერებიდან, ყველასათვის ცნობილი ქვეყნის დამაქცევართა უტიფრად დაღრეჯილი სახეები გადმოგვყურებენ... გეთანხმებით, დიდი უბედურებაა, მაგრამ ამასაც ეშველება!

 

კარგად დავფიქრდეთ, სანამ საარჩევნო ყუთთან მივიდოდეთ, _ უვარგისს, თუნდაც საკუთარი ოჯახის წევრს, ხმას ნუ მივცემთ!

                                                                                                                         

აქამდე რომ ასე არ მოვიქეცით, ამიტომაც გადაგვიარა უზნეობის და გადაშენების სარეველამ. სხვას ნურაფერს მოვთხოვთ, იგი ჩვენი გასამარგლი და მოსასპობია!

 

 

 

5-10-2016, 16:11
უკან დაბრუნება