ივერიონი / რითმაპარიები და ჭეშმარიტ ლიტერატურას გადაჩვეული მკითხველი!

რითმაპარიები და ჭეშმარიტ ლიტერატურას გადაჩვეული მკითხველი!

გუშინ საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ თანამედროვე ქართულ ლიტერატურას გულშემატკივარი თანდათან შემოეძარცვა. სამწუხაროა, მაგრამ, ფაქტია: დღეს ფართო გასაქანი ფსევდო ლიტერატურას ეძლევა, რომელიც ძირითადად სოციალურ ქსელში ყელყელაობს და ტაშ-ფანდურითა და შოუს სხვა ელემენტებით შესანიშნავადაა შეფუთული!

 



დიახ, ცრუშემფასებელთა და ტაშის მოყვარულთა მხარდაჭერით მოხერხებულად იფუთება უნიჭობა, რომელმაც ლიტერატურული სივრცე საერთოდ წალეკა!..

ყალბი და გულისამრევი ე.წ. პრეზენტაციები ერთი და იგივე პუბლიკის (შეიძლება ითქვას, კასტის)წყალობით დითირამბების, ხმაურიანი აპლოდისმენტების თანხლებით ტარდება და უკვე საშიშ აპოგეას აღწევს!

ქართულ რეალობაში წიგნის პრეზენტაციამ, ანუ სხვაგვარად თუ ვიტყვით, წარდგინებამ მისთვის დამახასიათებელი დატვირთვა დაკარგა და ხმაურიანი შოუს სინონიმად იქცა - ასეთ პრეზენტაციებზე ყველაფერზე საუბრობენ, გარდა საპრეზენტაციოდ წარდგენილი წიგნისა...

ხშირად ისეთი შთაბეჭდილებაც შეგექმნება, რომ ავტორის სახით საქმე გაქვს ახალ გალაქტიონთან ან ანა კალანდაძესთან(არის გამონაკლისებიც. განსაკუთრებით დამამახსოვრდა ამ ორიოდე კვირის წინ მოსწავლეთა სასახლეში ჩატარებული ედუარდ უგულავას პოეზიის საღამო, რომელმაც შოუს ელემენტების გარეშე ჩაიარა და ჭეშმარიტი პოეზიის ზეიმად იქცა.საღამომ დაადასტურა, რომ ნამდვილ პოეზიას შოუ არ სჭირდება!)

სამწუხაროდ, დღეს ყოველი მეორე პოეტობას იჩემებს. არადა, მათ უმეტესობას არაფერი აქვთ საერთო პოეზიის კლასიკურ გაგებასთან. ზოგი თავის უნიჭობას ე.წ. ვერლიბრით ფუთავს, ზოგიც რითმას აწვალებს და თავის ნაცოდვილარს პოეზიად ასაღებს.ასე და ამგვარად, დღითიღე ივსება ნაგვითა და საშიში „ბაცილებით“ თანამედროვე ქართული ლიტერატურა. გამკითხავი კი არავინაა!

რაც შეეხება პროზას, ძალიან ცოტა ცდის საკუთარ კალამს ამ ჟანრში, რადგან, იგი უფრო ღრმა ფანტაზიას და მასშტაბურ აზროვნებას მოითხოვს. ფსევდოპოეტებს ლექსის წერა (უფრო სწორად, კეთება!) კი ძალიან ეიოლებათ - მოიპარავენ საიდანღაც რითმას, ხშირად რიტმსაც გააყოლებენ ხელს და ლექსიც ცხვება. მე თქვენ გეტყვით და ლიტერატურის კრიტიკოსებმა არ გამოჩხრიკონ!..

თუმცა, არც უმაგისობაა - ლექსმწერები ერთმანეთს აბეზღებენ, რომ ვიღაცამ ვიღაცისგან რითმა (ხანდახან ლექსი) მოიპარა, ვიღაც ნამდვილი პლაგიატია, მაგრამ, პირში თქმას ვერ ბედავენ, რადგან, თვითონაც იპარავენ (აბა ქურდი ხომ არ ეტყვის ქურდს, მეც ქურდი ვარო!).

მრავალგზის გვითქვამს, რომ თანამედროვე ქართული ლიტერატურის ასეთი სავალალო მდგომარეობა ლიტერატურული კრიტიკის არარსებობის ბრალია. არც იმის ნიშანწყალი იგრძნობა, რომ ამ საქმეს უახლოეს ხანებში ჭეშმარიტი გულშემატკივარი გამოუჩნდება. არადა, თუ ობიექტურად შევაფასებთ, დღევანდელ რეალობაში არა იმდენად პროფესიონალი ლიტერატორების დეფიციტია, რამდენადაც ჩვენში მყარად ფესვგადგმული მახინჯი ტენდენციის -არავინ გავანაწყენოთ!

გუშინდელმა საღამომ, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩატარდა, დამარწმუნა, რომ ხალხი აკადემიურ თავყრილობებს გადაეჩვია-მათ ჯანსაღ ოპონირებას და ნაწარმოების ობიექტურად შეფასებას ტაშფანდური და დითირამბების მოსმენა ურჩევნიათ.ბედნიერად გრძნობენ თავს, თუ ამ ვაკხანალიაში თვითონაც მონაწილეობენ!

„შეხვედრა მწერალთან“ ასე ერქვა გუშინდელ ღონისძიებას, რომელიც მწერალ ანა ნინუას შემოქმედებას, უფრო სწორად, მისი მესამე რომანის „წყვდიადის ლორდი“ წარდგინებას მიეძღვნა.

მიუხედავად იმისა, რომ დარბაზი ვერ შეივსო (არადა, გარდა იმისა, რომ ღონისძიება სოციალური ქსელით დავაანონსეთ, პირადად დავპატიჟე ათეულობით „პოეტობის ბაცილით“ დაავადებული და პრეზენტაციებში უცვლელად მონაწილე ნაცნობ-მეგობრები) ჩანაფიქრმა მიზანს მიაღწია - ეს იყო უშუალო შეხვედრა მწერალთან, რომელიც გაჯერებული იყო მისი შემოქმედების კრიტიკული შეფასებით. ვისაც ანა ნინუას რომანები ჰქონდათ წაკითხული საკუთარ ემოციებს (შეფასებებს) ღიად აფიქსირებდნენ, ხოლო, ვინც მის შემოქმედებას არ იცნობდა, ყურადღებით უსმენდა მწერალს და მისთვის საინტერესო პასუხსაც იღებდა.

შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო აკადემიური საღამო, რომელმაც ყოველგვარი შოუს ელემენტების გარეშე (მაინცდამაინც არც სელფომანია ყოფილა) ჩაიარა (სხვათაშორის, ისინიც კი აღიარებდნენ, ვინც ბოლო წლებში წყალწყალა, მოჩვენებით პრეზენტაციებს მიეჩვია, სადაც თითქმის არაფერი ითქმება ავტორის შემოქმედებაზე, ყოველ შემთხვევაში, კრიტიკული შეფასებები არასდროს არ ისმის).

არავინ ამტკიცებს, რომ ანა ნინუა ქართული პროზის აღიარებული დიდოსტატების მიხეილ ჯავახიშვილის, კონსტანტინე გამსახურდიას და ნიკო ლორთქიფანიძის გვერდით უნდა დავაყენოთ, მაგრამ არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვით, რომ მას თანამედროვე პროზაიკოსებს შორის გამორჩეული ადგილი უჭირავს (სამწუხაროდ, თანამედროვე პროზაიკოსი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია). იგი ყურადღებას იქცევს თხრობის ორიგინალური მანერით, დახვეწილი ქართულით და რაც ყველაზე ნიშანდობლივია, სიუჟეტური ქარგის ბუნებრიობით. ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რომ რომანში მოთხრობილი ამბების თანამონაწილე ხარ და ყველაფერი შენი თანდასწრებით ხდება!

ეს არის სწორედ მწერლის გამარჯვება!

საყურადღებოა ისიც, რომ ავტორმა შინაგანი გულწრფელობით მიიღო ყველა საქმიანი შენიშვნა და პირობაც დადო, რომ მომავალ რომანებში აუცილებლად გაითვალისწინებს!

საბოლოოდ ავტორიც და სტუმრებიც კმაყოფილი დარჩნენ. მე, როგორც ანა ნინუას რომანების უცვლელმა რედაქტორმა და საღამოს წამყვანმა ვიგრძენი, რომ რაოდენობა ხარისხს არ ნიშნავს, - იმაშიც დავრწმუნდი, მწერალთან ასეთ უშუალო შეხვედრებს გაცილებით მეტი სარგებლობის მოტანა შეუძლია მკითხველისთვის და ზოგადად ქართული ლიტერატურისთვის, ვიდრე, იაფფასიან, ტაშფანდურა და შოუს ელემენტებით გაჯერებულ პრეზენტაციებს, სადაც მკითხველი (დამსწრე საზოგადოება) სულიერ საგზალს ვერ იღებს!

მტკიცედ გადავწყვიტე: ხშირად მივიღო მონაწილეობა პრეზენტაციებში და ზოგადი კრიტიკიდან კონკრეტიკაზე გადავიდე, ვისაც არ ესიამოვნება, როგორც იტყვიან, ცივი წყალი დალიოს!

 

ზაურ ნაჭყებია

13-10-2016, 16:47
უკან დაბრუნება