ივერიონი / მიხეილ ჯიბუტი: რა კავშირია სოლოკრატიასა და სოლოლაკს შორის?!

მიხეილ ჯიბუტი: რა კავშირია სოლოკრატიასა და სოლოლაკს შორის?!

სოლოკრატია - („Solokratia”: “solo” იტალიური - ერთი; κράτος - ბერძნული - ხელისუფლება, მმართველობა) - ეს არის ერთი კაცის მიერ სახელმწიფოს არაფორმალურად და სრულად მმართველობის ძალაუფლება, რომელიც საქართველოში 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად წარმოიშვა.

 

 

სოლოლაკი - ეს არის მთა თბილისში და ამ მთის მიმდებარე ტერიტორიაზე გაშენებული უბანი. სხვათაშორის, სოლოლაკი პირველი წინასწარ დაგეგმარებული ქალაქგანაშენიანების ნიმუშია თბილისში - ის არის ბურჟუაზიული თბილისის მთავარი უბანი XIX საუკუნესა და XX საუკუნის დასაწყისში.

 

გარდა პრესტიჟულობისა, ეს უბანი იყო ბატონყმობაზე კაპიტალიზმის უპირატესობის ნივთიერი მაგალითი. სოლოლაკმა, ამავე დროს, ახალი ურბანული კულტურა დაამკვიდრა თბილისში. ამ უბანში მცხოვრები ადამიანებიდან გამომდინარე, მას პოლიტიკაზე დიდი ზეგავლენა ჰქონდა. სოლოლაკის მიმზიდველობას განსაზღვრავდა მეფისნაცვლის სასახლესთან და საერთოდ, თბილისის პოლიტიკურ და კულტურულ ცენტრთან ტერიტორიული მოსაზღვრეობა. ეს გაგრძელდა საბჭოთა ხელისუფლების პირველ პერიოდში, თითქმის მეორე მსოფლიო ომამდე (როდესაც თბილისი ისე, როგორც ბურჟუაზიული სოლოლაკის დროს იყო ამიერკავკასიის დედაქალაქი). პირველი კომუნისტური ელიტის წარმომადგენლები სწორედ ამ უბანში ცხოვრობდნენ.

 

შემდეგ საბჭოთა ელიტამ თავისი პრესტიჟული უბანი შექმნა ვაკის სახით - მიზიდულობის ცენტრი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სხვა უმაღლესი სასწავლებლები გახდა.

 

საქართველოში კაპიტალიზმის რესტავრაციის 25 წლის განმავლობაში ვაკე სულ უფრო და უფრო კარგავს თავის პრესტიჟულობას. დღეისათვის ბურჟუაზიული პრესტიჟული უბანი თბილისში ჩამოყალიბებული არ არის.

 

სოლოლაკის ქედზე ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრისა და სხვა ინფრასტრუქტურის შექმნამ, ახალი მიზიდულობა შესძინა უბანს მდიდარი ადამიანებისთვის. უნდა ვივარაუდოთ, რომ „თბილისის პანორამის“ პროექტის განხორციელება და სოლოკრატიის მთავარი რეზიდენციის სოლოლაკში არსებობა გახდება სოლოლაკისთვის ძველი პრესტიჟის (დიდების) დაბრუნების საფუძველი. თუ რა ზომამდე განვითარდება ეს პროცესი, დამოკიდებულია სოლოკრატიის არსებობის ხანგძლივობაზე.

 

ამდენად, სოლოკრატიას სოლოლაკთან აქვს არა ტერმინოლოგიური, არამედ, მხოლოდ გეოგრაფიული კავშირი, რამეთუ, სოლოკრატიის მმართველი რეზიდენცია მდებარეობს სოლოლაკში!

 

ეს დამოკიდებულება შეიცვლება მაშინ, თუ (ვინ იცის) მომავალში სოლოლაკის სახელი განიცდის გაორებას და ის უშუალოდ კოჯრის წყლის სარწყავ არხთან (არაბულად „სულუ -ლაჰ“), რომლითაც ბაღები (მათ შორის დღევანდელი ბოტანიკური ბაღი) ირწყვებოდა, კი არ იქნება დაკავშირებული, არამედ, გაგებული იქნება, როგორც SOLOLAKY (“ბრწყინვალე, პრიალა ერთი“) .

 

ასეთ შემთხვევაში სოლოლაკია ადგილი, სადაც მხოლოდ რეზიდენცია კი არ მდებარეობს, არამედ, სადაც წარმოიშვა სოლოკრატიაც!

26-10-2016, 15:59
უკან დაბრუნება