ივერიონი / მიხეილ ჯიბუტი: დონალდ ტრამპი და სოლოკრატიული საქართველო!

მიხეილ ჯიბუტი: დონალდ ტრამპი და სოლოკრატიული საქართველო!

2016 წლის 8 ნოემბერს აშშ 45-ე პრეზიდენტად დონალდ ტრამპი აირჩიეს.

 

პირველი: ტრამპი -ინგლისურად TRUMP ნიშნავს „კოზირს“. კოზირმა „გაჭრა“ ჰილარი კლინტონის ყველა პოლიტიკური კარტი.

 

დონალდ ტრამპი 70 წლისაა და პირველი ვადით არჩეულ აშშ პრეზიდენტებს შორის უხუცესია!

 

ტრამპი დაიბადა 1946 წლის 14 ივნისს.

 

ისე კლინტონის ასაკი 69 წელია.

 

ეს ფაქტი იმისთვის, ვისთვისაც აშშ მაგალითია,  სამაგალითო უნდა იყოს საქართველოში საკმაოდ ფართოდ გავრცელებული პოლიტიკური ეიჯიზმის (ინგლ.Ageism-ასაკის გამო ადამიანის დისკრიმინაცია) დასაძლევად. ეიჯიზმი ეხება ახალგაზრდებსაც და მოხუცებსაც, თუმცა საქართველოში ის ძირითადად მოხუცების მიმართაა გამოხატული. მისი დამკვიდრება დაიწყო პრეზიდენტმა შევარდნაძემ და სისტემად აქცია პრეზიდენტმა სააკაშვილმა. ეს უკანასკნელი დღემდე შენარჩუნებულია!..

 

მეორე: ტრამპის ყველაზე დიდ ნაკლად მისი პოლიტიკაში გამოუცდელობა და მისი არაპროგნოზირებადი ხასიათი სახელდება.

 

მიუხედავად ამისა,  მაინც შესაძლებელია იმის პროგნოზირება, რომ ტრამპი ეცდება წინა საარჩევნო დაპირებების შესრულებას.

 

აქედან საქართველოს უპირველესად ეხება სამი წინასაარჩევნო დაპირება: აშშ პოლიტიკა ემიგრანტებთან მიმართებაში გამკაცრდება, აშშ უარს იტყვის სხვა ქვეყნების ძვირადღირებულ დახმარებაზე და იგი ითანამშრომლებს რუსეთთან.

 

საქართველოს მაშტაბებიდან გამომდინარე, შეიძლება პირველი ორი ცვლილება შეიძლება უმნიშვნელო იყოს, რასაც ვერ ვიტყვით მესამეზე.

 

აშშ - რუსეთის ურთიერთობაში გაიზრდება პიროვნული ფაქტორის როლი, რადგანაც დიდი ალბათობით შედგება ტრამპისა და პუტინის შეხვედრები. ამ შეხვედრებს ექნება უდიდესი მნიშვნელობა საქართველოსთვის. უპირველეს ყოვლისა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მომავლის განსაზღვრის საქმეში.

 

უნდა შეიქმნას სპეციალიზებული კვლევის ცენტრები, რომლებიც შეიმუშავებენ ქვეყნის საგარეო ურთიერთობების განვითარების რეკომენდაციებს.

 

ამასთან, აშშ და რუსეთის მიმართულებით დაძლეულ უნდა იქნას დიპლომატიური ეიჯიზმი და მობილიზება გაუკეთდეს ყველა ადამიანურ რესურსს, რაც ქვეყანას გააჩნია. განსაკუთრებით ითქმის ეს რუსეთთან მიმართებაში. დიდია იმ ადამიანთა რიცხვი, რომელთა გამოყენება შეიძლება ამ ურთიერთობებში პროგრესის მისაღწევად.

 

მესამე: ქართულ სოლოკრატიას ტრამპის მიმართ არ უნდა გაუჩნდეს ორაზროვანი დამოკიდებულება ეჭვიანობის ნიადაგზე - იმის გამო, რომ ტრამპთან პრეზიდენტ სააკაშვილს ჰქონდა ურთიერთობა. საქართველოს სახელმწიფოს მესვეურებმა სრული პატივისცემა უნდა გამოხატოს ამერიკელი ხალხის არჩევანის გამო.

 

მეოთხე: ფაქტია, ტრამპი, როგორც პრეზიდენტი ვერ შეეგუება იმ პოლიტიკურ სისტემას, რომელსაც კორუმპირებული უწოდა, იმ საარჩევნო სისტემას, რომელიც ამხილა ფალსიფიკაციაში და საარჩევნო სიების გაყალბებაში და ა.შ.

 

ქართველებმათვალყური უნდა მივადევნოთ, თუ როგორ განახორციელებს ტრამპი პრაქტიკაში თავის დანაპირებს, პირველ რიგში კი ლოზუნგს - „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ და ამერიკელების გაერთიანების ამოცანას ( ტრამპის დაპირებაა, რომ ის იქნება „გამაერთიანებელი“).

 

გაჩნდა იმედი, რომ ე.წ. „დასავლეთი“ წარმოჩინდება მისი ნამდვილი შინაარსით, როდესაც ამერიკელები და ქართველები იმეგობრებენ იმ გარემოში, როდესაც ერთი მოქმედებს პრინციპით „ამერიკა უპირველეს ყოვლისა!“, ხოლო მეორე კი პრინციპით - „საქართველო უპირველეს ყოვლისა!“.

 

მთავარი ახლა ისაა, რომ ქართულმა სოლოკრატიამ შეძლოს დახლეჩილი საზოგადოების გაერთიანება - შეძლოს საქართველოს მოქალაქის სტატუსის ამაღლება, საქართველოში დაბადებით უპირატესობის მატერიალიზება, პროგრესი ტერიტორიის გამთლიანებისკენ, სიღარიბის აღმოფხვრა, საქართველოდან ქართველების გაქცევის ნაცვლად, მათი შინ მობრუნება და ქართველებისათვის საქართველოს დაბრუნება.

 

ისე, როგორც ამერიკელებისათვის ამას გვპირდება მისი ახალი პრეზიდენტი!

 

მეხუთე: თუ ტრამპი დანაპირებს შეასრულებს, მაშინ პატრიოტიზმი იქცევა მთავარ პოლიტიკურ მოდად აშშ-ი და ის მოედება მთელ მსოფლიოს. მათ შორის საქართველოს!

 

ფეხზე ამდგარი და ქუდ მოხდილი ველოდები ამ დღეს.

 

ყველანი მოვსწრებოდეთ!

 

 

9-11-2016, 16:33
უკან დაბრუნება