ივერიონი / ზაურ ნაჭყებია: რას ვზეიმობთ და რისი უნდა გვეშინოდეს?!

ზაურ ნაჭყებია: რას ვზეიმობთ და რისი უნდა გვეშინოდეს?!

სტატიაში „ფეხის ამწევებიდან... ხელის ამწევებამდე“ მკითხველს შევპირდი, რომ საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებით გამოწვეულ პოლიტიკურ რეალობაზე, მეორე ტურის დასრულების შემდეგ ვისაუბრებდი - ვასრულებ დაპირებას.

 

მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ტრიუმფალური გამარჯვებით გამოწვეული ეიფორია ჯერაც არ დამცხრალა, გარკვეული ანალიზის გაკეთება მაინც შეიძლება (რა თქმა უნდა, პროგნოზების დონეზე).

 

პირველი და უმთავრესი: ბოლო საპარლამენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ საქართველოში ჩატარებული ნებისმიერი არჩევნები ფარსი და თვალისახვევაა და ყველაფერი წინასწარ დაწერილი სცენარით ვითარდება - ამომრჩეველი პროცესების მხოლოდ ფორმალური მონაწილეა, რომ „დემოკრატიული ფასადი“ გაალამაზოს!

 

მართალია, ის ვიღაცას აძლევს ხმას, მაგრამ, არ იცის, ის „ვიღაცა“ სინამდვილეში ვინ არის, რა დამსახურებისთვის უნდა მისცეს ხმა (არა აქვს მნიშვნელობა, პარტიაა თუ პიროვნება), რას გააკეთებს მისი „რჩეული“ მისთვის და ზოგადად, საქართველოსთვის.

 

დიახ, საქართველოში ყოველგვარ არჩევნებს ფასი დაეკარგა. ამაში არა მარტო ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობა იგულისხმება, არამედ, ის საარჩევნო კანონმდებლობა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მემკვიდრეობით „ნაციონალებისგან“ მიიღო და არათუ გაწმინდა „მავნე მინარევებისგან“, არამედ, კიდევ უფრო დააბინძურა და დაამძიმა!

 

აქედან გამომდინარე, დღეს უკვე ყველაზე ეფექტურად მუშაობს სტალინის „უკვდავი“ თეზა: „ვინც ითვლის, ის იგებს არჩევნებს!“

 

დღევანდელი საარჩევნო კანონმდებლობა და შესაბამისად, საარჩევნო გარემო ნებისმიერი დონის არჩევნების ჩატარებას აზრს უკარგავს.

 

მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი - საბოლოოდ დავრწმუნდით, რომ ხალხი ბოლომდე დაზომბირებულია და იგი ადვილად იჯერებს იმას, რაშიც არწმუნებენ.

 

შეიძლება თამამად ითქვას, რომ ივანიშვილმა უტყუარი გასაღები მოარგო მასის ფსიქოლოგიას, როცა საკუთარ პოლიტიკურ სუბიექტს და შემდგომ კოალიციურ კონგლომერატს სახელწოდებად „ქართული ოცნება“ შეურჩია!

 

როგორც 2011-ში და 2012-ში, ხალხი დღესაც ოცნებობს და ეს გაგრძელდება მანამ, სანამ ჯერ კიდევ „თალხი ღრუბელი“ კუპრივით შავ ღრუბლად არ გადაიქცევა!..

 

მესამე და საბოლოოდ გამოკვეთილი - საქართველოში, კლასიკური გაგებით  პოლიტიკური პარტიების ერა არ იქნა და არ დადგა! ყოველ შემთხვევაში, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური სუბიექტების („ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“, „პატრიოტთა ალიანსი“) კლასიკურ პარტიად ტრანსფპრმირების შანსი ნულის ტოლია. ჯერ ჯერობით არც ალტერნატიული კლასიკური პოლიტსუბიექტების ფორმირების შანსი არსებობს!

 

ნიშანდობლივია ისიც, რომ „ოღონდ სააკაშვილის რეჟიმი არ დაბრუნდეს!“ - წინასაარჩევნოდ შემოგდებულმა ამ მზაკვრულმა ფორმულამ შესანიშნავად იმუშავა და ცნობიერად თუ არაცნობიერად, შედეგად „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მივიღეთ.

 

თუმცა, ეს არ არის სრულად საქართველოს ამომრჩეველთა უმრავლესობის ნების გამოხატულება. ოფიციალური სტატისტიკით, საპარლამენტო არჩევნებში სრულუფლებიან წევრთა თითქმის ნახევარს მონაწილეობა არ მიუღია!

 

 

რატომ  და რას უნდა უმადლოდეს „ქართული ოცნება“ მიხეილ სააკაშვილს?!

 

გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო უმრავლესობით ხელისუფლებაში მოსვლა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დამსახურებაა, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ პოლიტიკური პროცესები წინასწარ დაწერილი სცენარით იმართება.

 

დიახ, დიახ, „ქართული ოცნების“ მხრიდან სააკაშვილის საფრთხობელად წარმოჩენამ, რომელსაც ვითომ განზრახული ჰქონდა არსებული ხელისუფლების ძალადობით დამხობა, თავად სააკაშვილის არაპროგნოზირებადმა (თუმცა, მისთვის ჩვეულმა) მუქარებმა, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში შიში და ძალადობრივი რეჟიმის დაბრუნების ილუზია შექმნა.

 

შედეგიც შესატყვისი მივიღეთ - არჩევნებში მონაწილეთა უმრავლესობამ ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“ სააკაშვილის, ანუ, „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ. ხოლო, ამომრჩეველთა ის კატეგორია, ვისაც სააკაშვილის მუქარა სერიოზულად არ მიუღია და არც ხელისუფლებას უჭერდა მხარს, არჩევნებზე საერთოდ არ მისულა!

 

ერთი სიტყვით, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო სტრატეგიამ კარგად იმუშავა და სწორედ ის შედეგი დაიდო, რაც წინასწარ იყო ჩაფიქრებული!

 

მისნობა არ სჭირდება იმის პროგნოზირებას, რომ ამომრჩეველთა აქტიურობის შემთხვევაში სულ სხვა შედეგი დადგებოდა  - არ იყო გამორიცხული ფორმალურად მრავალპარტიული პარლამენტიც მიგვეღო, მაქსიმუმ „ქართული ოცნების“ უბრალო უმრავლესობით!..

 

ჩემთვის ღიმილისმომგვრელია საზოგადოების გარკვეული ნაწილის აღტაცებული შეძახილები, რომ არჩევნებში „საქართველომ გაიმარჯვა“ - „ნაციონალების სახით“ ცხრათავიანი ურჩხული დავამარცხეთ (არადა, პარლამენტში გასული ყველა პარტია გამარჯვებულად ითვლება, მითუმეტეს, 500 ათასამდე ამომრჩევლის მხარდაჭერა „ურჩხულის“ დამარცხება ნამდვილად არ არის!) და ახლა ხელისუფლებას ხელ-ფეხი ეხსნება მშვიდად აკეთოს ქართული საქმე!

 

„ქართულ ოცნებას“ ხელ-ფეხი ნამდვილად ეხსნება, მაგრამ, მთავარია, რისთვის გამოიყენებს ამ შეუზღუდავ ძალაუფლებას და ხომ არ გადაიქცევა იგი საშიშ და არაპროგნოზირებად მონსტრად, რომლის საპირწონე (ალტერნატივა) არც პარლამენტის შიგნით („ნაციონალები“ თავიანთი წარსულის გამო ჯანსაღ ოპონირებას ვერ შეძლებენ) და არც პარლამენტს გარეთ, სამწუხაროდ ჯერჯერობით არ გვეგულება!

 

 

რატომ დაიშალნენ პოლიტიკური პარტიები და არსებობს თუ არა ახალი ტიპის პოლიტიკური სუბიექტის შექმნის პერსპექტივა?!

 

სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი წერდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა „პოლიტიკური ველი მოასუფთავა“. თუ არასაპარლამენტო და კოალიციიდან გასული (თუ გაგდებული) პოლიტიკური სუბიექტების საბოლოო კრახს გავითვალისწინებთ, ფორმულირება ზუსტია - მრავალპარტიულობის „(დემოკრატიის ერთ-ერთი ნიშანი) მითიც გაქრა და ისეთი პირი უჩანს, რომ ისინი ფეხზე ვერც წამოდგებიან!

 

უცნაური, მაგრამ ლოგიკური იყო კოალიციიდან გასული პარტიების („თავისუფალი დემოკრატები“, „რესპუბლიკელები“) ლიდერთა გაუჩინარება.

 

ამ შემთხვევაში არა მარტო თვითგადარჩენის ინსტინქტმა შეასრულა გადამწყვეტი როლი, არამედ, ესეც საერთო სცენარის ნაწილია - საქართველოში მრავალპარტიული პოლიტიკანობის თამაში დასრულდა და მწვანე შუქი ორპარტიული პოლიტიკანობის (სინამდვილეში ერთპარტიული) დამკვიდრებას აენთო!..

 

ადრე ვწერდი და კიდევ გავიმეორებ:  პარლამენტს გარეთ დარჩენილი ყველა პოლიტიკური პარტია რომ შეკრიბო და ერთიანად გადაადნო, მათგან დღევანდელი საკონსტიტუციო უმრავლესობის სერიოზული ალტერნატივა მაინც არ გამოვა!!!

 

...და ეს არა იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ კლასიკური პოლიტიკური სუბიექტისთვის დამახასიათებელ  მოთხოვნებს აკმაყოფილებს, არამედ, იმიტომ, რომ მათ შორის განსხვავებული იდეოლოგიურ-ორგანიზაციული ნიშნები ფაქტიურად არ არსებობს და ვერც ფინანსური რესურსებით გადაუგრიხავენ ხელს ივანიშვილთან ასოცირებულ უკვე საკონსტიტუციო უმრავლესობას!

 

რაც შეეხება ოდიოზურ, საზოგადოების მხრიდან დამნაშავე რეჟიმად აღიარებულ „ნაციონალურ მოძრაობას“, შეიძლება ისინი პოლიტიკური სივრციდან არ გაქრნენ, მაგრამ, პარტიის რადიკალური რებრენდინგის პირობებშიც კი უახლოეს წლებში „ქართული ოცნების“ სერიოზულ ალტერნატივად ვერ იქცევიან...

 

თუმცა, იმის ალბათობაც არსებობს, რომ თუ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსულმა ხელისუფლებამ, სერიოზული (დანაშაულებრივი) შეცდომები დაუშვა, შეიძლება „ნაცმოძრაობამ“, როგორც გამოცდილმა (პროფესიული ნიშნით ჩამოყალიბებულმა) და მოტივირებულმა პოლიტსუბიექტმა, მხარდამჭერებიც გააფართოვოს. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ „შიდა დინებები“ მაქსიმალურ პიკს არ მიაღწევს და დღევანდელი საპარლამენტო სახეები ივანიშვილს არ მიეყიდებიან!

 

„ქართული ოცნების“ დღევანდელ საპარლამენტო სიას თუ გადავხედავთ, დავასკვნით, რომ პარლამენტართა უმრავლესობა არა პროფესიული (კვალიფიციური) ნიშნითაა დაკომპლექტებული, არამედ, როგორც ჩემს ერთ-ერთ ბოლო სტატიაში ვწერდი, „ხელის ამწევთა“ ფუნქციას უფრო ასრულებენ.

 

ფაქტია, რომ მათ არც იდეოლოგიური თანხვედრა აერთიანებთ და არც იმის წინაპირობა არსებობს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობას კლასიკურ პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბების სურვილი ჰქონდეს!

 

სხვათაშორის, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ამის აუცილებლობაც არ არსებობს, რადგან მაქსიმალური ძალაუფლებით აღჭურვილ ხელისუფლებას დღეს რეალური ოპონენტი არ ჰყავს და ჯერჯერობით მისი ფორმირების არც კონტურებია გამოკვეთილი!

 

მე საქართველოს დაპირისპირებულ პოლიტიკურ ჯგუფებად დაყოფის მომხრე ნამდვილად არა ვარ (ეს მხოლოდ მტრების ინტერესებში შედის), მაგრამ, არც უკონტროლოდ დარჩენილი ხელისუფლების მომხრე ვიქნები!!!

 

სხვათაშორის, საინტერესო მოსაზრებას გვთავაზობს ცნობილი პუბლიცისტი და თეოლოგი ზვიად ნოდია. იგი ამას წინათ სოციალურ ქსელში ხაზგასმით წერდა: „ყველგან ყველაფრის დევალვაცია ხდება - ყველაფერს აკეთებენ, ღმერთს და საკუთარ თავს კი არ ეკუთვნოდე, არამედ, მათ ჭკუაზე დაზომბირებული დადიოდე...

 

საჭიროა ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მოძრაობა, რამეთუ ჩავწვდეთ ღმერთის მიერ დაშვებულ განსაცდელს - რატომ გვარგუნებს თავისუფლებას: იმისთვის, რომ „კაი ვჭამოთ, კაი ვსვათ?!... ვის რაში სჭირდება პოლიტიკა პოლიტიკანობისთვის?“

 

კარგი რამ არის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მოძრაობა ბატონო ზვიად, მაგრამ ამის მიღწევას ეროვნულ-სახელმწიფოებრივი აზროვნება სჭირდება, რომლისგანაც თანამედროვე საზოგადოება ფაქტიურად დაცლილია!

 

არის სხვა ფაქტორიც - რაც სიტყვა ეროვნულთან ასოცირდება, ყველა წამოწყებას თანამედროვე გლობალისტები (გნებავთ, რადიკალ-ლიბერალები) ყველანაირად შეუშლიან ხელს.

 

რაღაც სხვა უნდა მოვიფიქროთ!

 

 

რას მოგვიტაბს საკონსტიტუციო უმრავლესობა?!

 

როგორც წესი, საკონსტიტუციო უმრავლესობა ერთი პარტიის დიქტატს (რომელიც ხშირად დიქტატურაში გადაიზრდება) გულისხმობს.

 

ერთი შეხედვით (გულუბრყვილო მასას ასეც სჯერა) დღევანდელ ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ლიდერების სახით ხელის შემშლელი არ ეყოლება და იგი იმას გააკეთებს, რასაც დაუკვეთავენ (უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა, რასაც დაავალებენ!) ოღონდ, დამკვეთში, ანუ დამვალებელში ხალხი (საზოგადოება) ნაკლებად იგულისხმება!..

 

არავინ ამტკიცებს, რომ „ქართული ოცნება“ დიქტატურას დაამყარებს და სახელმწიფოს ინტერესების საზიანოდ მოიქცევა, მაგრამ, არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ მაქსიმალური ძალაუფლებით აღჭურვილმა ამორფულმა ერთობამ (აქ არ შეიძლება საუბარი იდეოლოგიურ ერთობაზე) კონტროლი დაკარგოს (უკონტროლო ძალაუფლება მაცდურია) და ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებები მიიღოს!

 

მითუმეტეს, მათი (პარლამენტარების) გაერთიანება ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ნიშნით (როგორც ამას ზვიად ნოდია მოითხოვს) არ მომხდარა. მეორეც, არსებობს ვალდებულებები, რომელსაც გამსახურდიას შემდგომი ხელისუფლებები გარეშე ძალებისგან იღებენ და ზედმიწევნით ასრულებენ კიდეც!

 

ასეთ პირობებში იმის რეალური საშიშროება არსებობს, რომ დაუმსახურებლად გაპარლამენტარებულ-გადიდკაცებულმა პერსონებმა საკუთარ კომფორტს სახელმწიფოს ინტერესები ანაცვალონ და საკონსტიტუციო უმრავლესობით გათამამებულებმა დანაშაულამდე დასული შეცდომები დაუშვან!!!

 

ეჭვის საფუძველიც არ გვექნებოდა, კოალიციად არსებულ „ქართულ ოცნებას“ 4 წლის მანძილზე ანტიქართული გადაწყვეტილებები რომ არ მიეღო და „ნაციონალებისგან“ მემკვიდრეობით მიღებული ანტისახელმწიფოებრივი კანონები გაესწორებინა.

 

კერძოდ, მწვანე შუქი არ აენთო უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის მიყიდვის პრაქტიკისთვის (როგორც ამბობენ, დღეს ასობით ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგული იყიდება ჩინელებზე, არაბებზე და სხვა გადამთიელებზე), არ მიეღო ანტიდისკრიმინაციული კანონი, კიდევ უფრო არ გაეუარესებინა განათლების სისტემა (სკოლებში ისეთი საგნების დანერგვა იწყება, საერთოდ რომ მოსპობს ქართულ იდენტობას. მაგალითად, „მე და საზოგადოება“), არ მიეღო კანონი „იუვენალური იუსტიციის შესახებ“ (რომელიც სოციალურ მუშაკს უფლებას აძლევს დასმენის შემთხვევაში ბავშვი ოჯახს წაართვას და მშობლებისა და შვილების ტრადიციული ურთიერთობები გაანადგუროს!), სათანადო ყურადღება მიექცია მეცნიერებისთვის და საკუთარი გადაწყვეტილებები აეგო მეცნიერული გათვლების საფუძველზე, შეესრულებინა საზოგადოების ზეწოლით მის მიერვე მიღებული კანონი „სახელმწიფო ენის შესახებ“ - შეექმნა „სახელმწიფო ენის დეპარტამენტი“, სახელმწიფო ენის კომისია და შეემუშავებინა სახელმწიფო ენის განვითარების პროგრამა (სხვათაშორის, მთავრობამ თითიც არ გაანძრია პარლამენტის მიერ მიღებული კანონის აღსასრულებლად. როგორც სარწმუნო წყაროებიდან შევიტყვე, თუ 2016 წელს ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ფუნქციონირებისთვის 300 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული, მომავალი წლის ბიუჯეტში ეს მუხლი, თურმე, გააქრეს და გაცემულია ზეპირი დავალება „სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონიდან „სახელმწიფო ენის დეპარტამენტი საერთოდ ამოიღონ! მე პირადად, ამის თაობაზე ორჯერ მივწერე ღია ბარათი პრემიერ-მინისტრს, ბ-ნ გიორგი კვირიკაშვილს, მაგრამ... „არსაიდან ხმა, არსით ძახილი!“). როგორც ზემოთ ვთქვი, ეროვნულ თავისებურებებთან შესაბამისობაში მოეყვანა საარჩევნო კანონმდებლობა და არსებითად შეეცვალა საარჩევნო გარემო.

 

ღმერთმა ქნას, ეჭვი ეჭვად დარჩეს და „ქართულმა ოცნებამ“ მის ხელთ არსებული შეუზღუდავი ძალაუფლება, როგორც ეს საზოგადოების არც თუ ისე მცირე ნაწილს მიაჩნია, სახელმწიფოებრივი ინტერესების უზრუნველსაყოფად გამოიყენოს (ყოველ შემთხვევაში, ახლა მაინც ვერ იტყვიან, რომ ხელს „ნაციონალები“ უშლიან და სათანადო გადაწყვეტილებებს ვერ ღებულობენ).

 

ნიშანდობლივია ისიც, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა კონსტიტუციის ფასადური ცვლილებებისთვის არ გვჭირდება: მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური თვალსაზრისით გამართლებული იქნება, პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში დაბრუნებას, „ქართულ ოცნებას“ დიდ სახელმწიფოებრივ ნაბიჯად ვერ ჩავუთვლი. არც არჩევნების მეორე ტურის წინ გაჟღერებული პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლა (პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევა) მოუტანს ქვეყანას დადებით შედეგს - პირიქით, დააკნინებს პრეზიდენტის ინსტიტუტს და სახელისუფლო შტოებს შორის არსებულ არც თუ მყარ ბალანსსაც კიდევ უფრო მოაფამფალებს (შეიძლება მარგველაშვილი არ მოგვწონს, მაგრამ, საპრეზიდენტო ინსტიტუტი პიროვნებას კი არ უნდა მოვარგოთ, არამედ, პირიქით, პიროვნება უნდა მოერგოს ინსტიტუტს!).

 

თუ გვინდა საკონსტიტუციო უმრავლესობა ერთპარტიულ დიქტატურაში არ გადაიზარდოს, პრეზიდენტის ინსტიტუტი პირიქით უნდა გავაძლიეროთ, რომ მან მეტ-ნაკლებად შეძლოს შეუზღუდავი ძალაუფლების დაბალანსება (ქართული ეთნოფსიქიკა კოლექტიურ მმართველობას ვერ ეგუება - მას მტკიცე ხელი სჭირდება). ვერც კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციის (ქორწინება ეს არის ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი ერთობა) ჩაწერა ჩაითვლება დიდ ვაჟკაცობად, რადგან, თუ მოღალატე ხელისუფლებებთან არ გვექნება საქმე, საქართველოში, რომელიც ქრისტიანულ ფუნდამენტზეა დაფუძნებული, ამის ჩაწერის აუცილებლობა არც უნდა არსებობდეს!

 

„ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლას მაშინ ექნება გამართლება, თუ იგი 4 წლის მანძილზე დაშვებულ შეცდომებს გამოასწორებს, სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემებს წინა პლანზე წამოწევს და ყველა მის ხელთ არსებულ რესურსს სახელმწიფო ინტერესების გასაძლიერებლად გამოიყენებს. თუ იგი პოლიტიკურ ძალისხმევას არ დაიშურებს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად!

 

გულწრფელად ვამბობ: თუ „ქართული ოცნება“ ხალხის ოცნებას რეალურ სიბრტყეში გადაიყვანს, ტაშს პირველი მე დავუკრავ!

 

როგორც იტყვიან, აღდგომა და ხვალეო!

 

 

სად არის გამოსავალი?!

 

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ახალი პოლიტიკური მოძრაობის აღზევებისთვის არც ფინანსური (ივანიშვილს ამაში ვერ გაეჯიბრები) და არც სულიერი (ჯერჯერობით ძნელია ხალხის აყოლიება) რესურსი არ არსებობს, არსებობს სხვა გზა, რომელიც წესით და კანონით, ხელისუფლების გაღიზიანებას არ უნდა იწვევდეს. თუმცა, მისგან არც ხელშეწყობას უნდა ველოდოთ!

 

გახსოვთ ალბათ, პრემიერობიდან წასვლის წინ ბიძინა ივანიშვილი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას დაგვპირდა. მეტიც, ხელისუფლებიდან მისი ნაადრევი წასვლა სწორედ ამ ფაქტორით ახსნა: იგი გვიმტკიცებდა, რომ სამოქალაქო სექტორის გაძლიერებით ოპოზიციაში ჩაუდგებოდა მის მიერ დანატოვარ მთავრობას!

 

ამ განცხადებას ჩემი მყისიერი გამოხმაურება მოჰყვა, სადაც შავით თეთრზე ვამბობდი, რომ ივანიშვილის ამ დაპირებას არ ვენდობოდი, რადგან, აქსიომაა, არცერთი ხელისუფლება (ივანიშვილი გვინდა არ გვინდა, მის დანატოვარ ხელისუფლებასთან ასოცირდება) არ დაუშვებს თავისი ფორმითა და შინაარსით ყველაზე ჯანსაღი და მიზანსწრაფული ოპონენტის ფორმირებას. ისე აგიხდეთ ყველაფერი, როგორც ჩემი პროგნოზი ახდა - გარდა იმისა, რომ საზოგადოების თვალის ასახვევად არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქე“ შექმნა, თითი თითზე არ დაუკარებია, არათუ სამოქალაქო სექტორის გასაძლიერებლად, არამედ, მისი ჩანასახის ფორმირებისთვისაც კი!..

 

რაც ივანიშვილმა არ გააკეთა, ჩვენ უნდა გავაკეთოთ - უნდა დაიწყოს პროფესიონალთა გუნდის ფორმირება არასამთავრობო სექტორის სახით (ეს შეიძლება იყოს ერთი, ორი ან რამდენიმე ჯგუფი), რომელიც ოპერატიულად, ექსპერტიზის დონეზე გააკეთებს ხელისუფლების (პარლამენტი, მთავრობა) ნებისმიერი ინიციატივის ობიექტურ შეფასებას და საზოგადოებას რეალურ სურათს დაანახვებს.

 

სწორედ ქართულ ნიადაგზე აღმოცენებული ეს არასამთავრობო ჯგუფი (ჯგუფები) უნდა გახდნენ მედიატორი ხალხსა და ხელისუფლებას შორის. ისინი უნდა იყონ თავისუფალი პოლიტიკური ვალდებულებებისგან. ამ შემთხვევაში მათ ექნებათ მორალური უფლება ღია ოპონირება გაუწიონ ხელისუფლებას - არ მისცენ მოდუნების, ან „დაუკრეფავში“ გადასვლის საშუალება!

 

დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, ყველაზე ეფექტიანი სწორედ საზოგადოების ნების გამომხატველი სამოქალაქო საზოგადოების ჩანასახის შექმნა იქნება!

 

თუ როგორ, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამ მიმართულებით, ვინ შეიძლება გახდეს ამ ჯგუფების (პროფესიონალთა კლუბის)წევრი და მხარდამჭერი, ცალკე საუბრის თემაა.

 

აქვე დავძენ, რომ პოლიტიკური პარტიებისგან განსხვავებით, ამ წამოწყებას არც ფსევდოლიდერები სჭირდება და არც უკონტროლო ფინანსური რესურსი მავანთა გაძლიერებული ამბიციების დასაკმაყოფილებლად და ხალხის მოსასყიდად!!!

 

დანარჩენი საზოგადოების მხრიდან რეალობის ობიექტურად გააზრებისა და სურვილის საქმეა.

 

P.S. მიხეილ სააკაშვილი გადადგა, დონალდ ტრამპი უკვე ამერიკის პრეზიდენტია. მოახდენს თუ არა ეს მოულოდნელობა (ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით არც სააკაშვილის გადადგომას ველოდით და არც ტრამპის გამარჯვებას) საქართველოს მომავალზე, ამას დრო გვიჩვენებს. თუმცა, ყველაფერი მაინც ხალხის გადასაწყვეტია - რას შეეგუება და რა გახდება მისთვის მიუღებელი!

 

 

10-11-2016, 17:12
უკან დაბრუნება