ივერიონი / ნასყიდა დარბუაშვილი: ნოდარ ხადური ფინანსთა მინისტრად უნდა დარჩეს!

ნასყიდა დარბუაშვილი: ნოდარ ხადური ფინანსთა მინისტრად უნდა დარჩეს!

 

 

ამბობენ, ერთ-ერთი საფეხბურთო შეხვედრის წინ უცხოელ კომენტატორს ქართველებისთვის უკითხავს, საბჭოთა ნაკრებში ყიფიანი ხომ თამაშობსო?

კომენტატორს უთქვამს, არ წამოიყვანესო.

გაკვირვებული დარჩენილა უცხოელი კომენტატორი: თუ ასეთი დონის ფეხბურთელი სახლში დატოვეთ და უკეთესები წამოიყვანეთ, მაშინ თქვენ ძალიან ძლიერი ნაკრები გეყოლებათო!

ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურს თუ სახლში უშვებენ, მაშინ „ძალიან ძლიერი“ ახალი მთავრობა გვეყოლება, ვინაიდან მიმაჩნია, რომ ხადური იყო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი სტაბილური ფინანსთა მინისტრი.

მართალია, სტაბილურობა არ ნიშნავს იმას, რომ იგი იყო იდეალური მინისტრი (შეიძლება ძალიან შორსაა იდეალური მინისტრობისგან, ისეთისგან, როგორი მინისტრებიც გვინდა რომ ქვეყანას ჰყავდეს), მაგრამ პირადად მე გულწრფელად ვთვლი, რომ ნოდარ ხადური არის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მინისტრი, მეტიც, „ქართული ოცნების“ მთავრობაში ყველაზე ძლიერი მინისტრი!

2 წლის წინათ, როცა ხადურზე მასმედიაში ათას სისულელეს წერდნენ და საუბრობდნენ და ხმა გავრცელდა, რომ ხადურს ხსნიანო, მაშინ ერთმა მეგობარმა მკითხა: რას იტყვი ხადურის მოხსნაზეო? მე გულწრფელად ვუთხარი, მაგაზე უკეთესი ვინ ჰყავთ-მეთქი!

რაც მაშინ ვუპასუხე, დაახლოებით იგივეს გავიმეორებ 4 წლის შემდეგ.

დიახ, ნოდარ ხადური საქართველოს ისტორიაში პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ფინანსთა მინისტრია, ვინც 10 მილიარდიან სახელმწიფოს ბიუჯეტს, 4 წლის განმავლობაში ისე ასრულებდა, რომ არ აყაჩაღებდა ბიზნესებს (ყველა ბიზნესმენი ამას ადასტურებს), მასიურად არ ძარცვავდა მოსახლეობას და მოსახლეობის იძულებით ქონების რეალიზაციით ბიუჯეტს არ ავსებდა. არ ანიავებდა სახელმწიფო ქონებას ბიუჯეტის შესავსებად. არ ზრდიდა გადასახადებს ბიუჯეტში შემოსავლების გასაზრდელად. 4 წლის შმდეგ სახელმწიფოს არ დაუტოვა მილიარდობით გაზრდილი ვალი, ესეიგი ბიუჯეტს არ აფინანსებდა ვალებით!

მახსოვს, მინისტრად ახალი დანიშნული იყო როცა მას შევხვდი და რჩევა მივეცი: ბიუჯეტი შეამცირე, გაგიჭირდებათ ამხელა ბიუჯეტის შესრულება, ღმერთმა დაგვიფაროს, როგორც წინა მთავრობა ასრულებდა ბიუჯეტს, ისევ იმ ხერხებით გააგრძელოთ ბიუჯეტის შესრულება მეთქი.

არ ინერვიულო, ეგ არ იქნებაო, მითხრა.

დღესაც ძალიან მიკვირს, არსებული ეკონომიკის პირობებში როგორ სრულდებოდა სახელმწიფოს 10 მილიარდიანი ბიუჯეტი. რაშიც, რა თქმა უნდა, ხადურის დამსახურება ძალიან დიდია. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ მთავრობას პროგრამები ჩაუვარდებოდა, განსაკუთრებით  საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ჩავარდნის მეშინოდა. მაგრამ არა, ყველაფერი დაფინანსდა (დაგვიანებების გარეშე). ჩემდა გასახარად უნდა ვაღიარო, რომ ჩემი „შიშები“ და მოლოდინები უსაფუძვლო გამოდგა.

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ყოველთვის კარგ მინისტრად ითვლებოდა და ასეც არის. მაგრამ ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი „საყოველთაო დაზღვევაა“, რაშიც, ჩემი აზრით, ფინანსთა სამინისტროს და ფინანსთა მინისტრის დამსახურება არანაკლებია (თუ უფრო მეტი არა), ვიდრე, ჯანდაცვის სამინისტროს და თავად სერგეენკოსი!

ბევრი ეგრეთწოდებული ოპოზიციური პარტია და ცრუ პოლიტიკოსები ნოდარ ხადურს ებრძოდნენ. ალბათ იმიტომ, რომ დიდი წარმატებით ართმევდა თავს ფინანსების მობილიზებას და სახელმწიფო პროგრამების დაფინანსებას. არ ხდებოდა დაფინანსების დაგვიანება, ბიუჯეტის სეკვესტრები,შეუფერხებლად გაიცემოდა ხელფასები და პენსიები. თანაც ისე, რომ რაიმე გადაცდომები და სერიოზული დარღვევები არ ყოფილა!

იდეალური ფინანსთა მინისტრი არავინ იქნება, მაგრამ მან შეძლო ის, რომ მისი მინისტრობით კმაყოფილი იყო როგორც გადასახადის გადამხდელები, ისე სახელმწიფო უწყებები და სახელმწიფო პროგრამებში ჩართული ბიზნესიც.

გარკვეული ძალები ადანაშაულებდნენ ფინანსთა სამინისტროს ლარის კურსის გაუფასურების გამო. არადა, გაუგებარია რა შუაში იყო ლარის კურსთან ფინანსთა სამინისტრო. ლარის კურსზე და ლარის მდგომარეობაზე პასუხისმგებელია საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ-ი), რომელიც თავის დანაშაულს ფინანსთა სამინისტროს და მთავრობას აბრალებდა.

უფრო მეტსაც ვიტყვი: ამ 4 წლის განმავლობაში ფინანსთა სამინისტრო ყველაფერს აკეთებდა ლარის გასამყარებლად. ლარის კრიტიკულ პერიოდებში მკვეთრად ამცირებდა ბიუჯეტის ხარჯებს. რითაც ხელს უწყობდა ლარის გამყარებას და ხელს უშლიდა ლარის გაუფასურების პროცესს, მაშინ, როცა, სებ-ი სრულიად საწინააღმდეგო დანაშაულებრივ პოლიტიკას ატარებდა. 

მიმაჩნია, რომ თუ „ქართულ ოცნებას“ საფინანსო ინსტიტუტის ჩამოშლა არ უნდა, ნოდარ ხადური ფინანსთა მინისტრად უნდა დარჩეს.

17-11-2016, 10:56
უკან დაბრუნება