ივერიონი / მიხეილ ჯიბუტი: როდის დაარსდა თსუ, ანუ, გილოცავთ „ცოდნის ტაძრის“ დაარსების 99-ე წლისთავს!

მიხეილ ჯიბუტი: როდის დაარსდა თსუ, ანუ, გილოცავთ „ცოდნის ტაძრის“ დაარსების 99-ე წლისთავს!

სათაურის წაკითხვის შემდეგ, დარწმუნებული ვარ, აბსოლუტური უმრავლესობის პირველი რეაქცია იქნება დაეჭვება: „კი მაგრამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ხომ 1918 წლის 8 თებერვალს (ძველი სტილით 26 იანვარს) დაარსდა?“. ამდენად, „სათაურში არც თარიღია სწორი და არც უნივერსიტეტის ასაკი“!

 



დიახ, ასე ვიცოდით ჩვენ ბოლო დრომდე.

ისტორიული ფაქტები კი სხვაა.

პროფესორმა ოთარ ჟორდანიამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია დააზუსტა და დააკონკრეტა (მან ამის შესახებ ცოტა ხნის წინ ისაუბრა ტელევიზიითაც და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ამ საინტერესო მასალის ნახვა (http://www.obieqtivi.net/tv1.php?id=29288 . 30 ნოემბერი 2016).

საქმე ისაა, რომ საზოგადოებრივ ცნობიერებაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებისა და გახსნის ფაქტები გაიგივებულია.

ნებისმიერი იურიდიული პირი ჯერ უნდა დაარსდეს, იურიდიული სტატუსი მოიპოვოს და შემდეგ გაიხსნას, ანუ ფუნქციონირება დაიწყოს. ამ თანმიმდევრობის დარღვევა მაშინაც კი შეუძლებელია, თუ ორივე მოვლენას ერთ დღეს აქვს ადგილი.

სწორი ისტორია ასეთია:

თბილისის უნივერსიტეტი, როგორც კერძო სასწავლებელი, დაარსდა 1917 წლის 15 დეკემბერს (ძველი სტილით 2 დეკემბერს) - ამ დღეს ამიერკავკასიის კომისარიატმა ივანე ჯავახიშვილის მიერ შეტანილი განცხადების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება უნივერსიტეტის დაარსებისა და მისი წესდების დამტკიცების თაობაზე.

თბილისის უნივერსიტეტის გახსნა და კურთხევა მოხდა 1918 წლის 8 თებერვალს (ძველი სტილით 26 იანვარს) დავით IV აღმაშენებლის ხსენების დღეს - ამ დღეს უნივერსიტეტის დამფუძნებელმა მამებმა საქვეყნოს გამოაცხადეს უნივერსიტეტის ფუნქციონირების დაწყება.

პირველი ლექცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა 1918 წლის 12 თებერვალს (ახალი სტილით 30 იანვარს).

თბილისის უნივერსიტეტს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსი  1918 წლის 16 სექტემბერს მიენიჭა (ძველი სტილით 3 სექტემბერს) -  1918 წ 26 მაისს  შექმნილი საქართველოს რესპუბლიკის ახალი ხელისუფლების მიერ.

შემთხვევითი არაა ის, რომ ეს სწორი ისტორია არ გამოიყენება.

ამ ისტორიას თავისი ისტორია აქვს.

თსუ ისტორიას ყველა თავის ჭკუაზე წერდა.

„ბოლშევიკები“ და „მენშევიკები“ ერთ აზრზე იყვნენ პირველი მსოფლიო ომის პერიოდის შეფასებაში და ცდილობდნენ ეს ისტორია დავიწყებას მისცემოდა. ზოგადად მათ ეს შეძლეს. ერის მეხსიერებაში პირველი მსოფლიო ომი თითქმის გამქრალია. არ არსებობს ამ ომში დაღუპულთა  მემორიალური ძეგლები. ყველაფერი რაც ომის პერიოდთან იყო დაკავშირებული, მით უმეტეს დადებითი, შეგნებულად იყო მიჩქმალული. უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ჩამონათვალში მოჰყვა თბილისის უნივერსიტეტის დაარსების ფაქტი.

„მენშევიკები“ ხაზს უსვამდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტად რეორგანიზების ფაქტს, სადაც რეალურად იყო მათი დადებითი წვლილი.

1921 წლის 25 თებერვლიდან „ბოლშევიკების“ ხელისუფლებას ინტერესი ჰქონდა შეემცირებინა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტად გარდაქმნის მნიშვნელობა და არც პირველი მსოფლიო ომის დროს ეროვნული უნივერსიტეტის დაარსების ფაქტის წარმოჩენა არ სურდა!

ასე შემორჩა საიუბილეო ღონისძიებებისთვის  შედარებით პოლიტიკურად ნეიტრალური თარიღად თბილისის უნივერსიტეტის გახსნის თარიღი.

ეს თარიღი შემდგომში  განმტკიცდა საქართველოში ეროვნული მოძრაობის წიაღში  (განსაკუთრებით მისი აღმავლობის პერიოდში) უკვე იმით, რომ ამ დღეს მოხდა უნივერსიტეტის კურთხევა  საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის კირიონ II-ის მიერ, რომელმაც სწორედ ამ დღეს წარმოთქმულ სიტყვაში პირველმა ( ჩემთვის ცნობილი მასალების მიხედვით) უწოდა თბილისის უნივერსიტეტს „ცოდნის ტაძარი“.

მნიშვნელოვანი ფაქტი იყო უნივერსიტეტისთვის სახელმწიფო სტატუსის მინიჭება. ივანე ჯავახიშვილი თავიდანვე იბრძოდა, რომ უნივერსიტეტი ყოფილიყო „ეროვნული-ქართული“ და „სახელმწიფო“. თავიდან ამის სრულად რეალიზება ვერ მოხდა. ეს მოხერხდა მოგვიანებით - 1918 წლის სექტემბერში. ეს იყო დიდი ივანეს იდეის რეალიზება, რომ ეროვნული - ქართული საქმეები, ამავე დროს გამხდარიყო სახელმწიფოებრივი.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს უდიდესი როლი მიუძღვის საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენაში, თუმცა, „ცოდნის ტაძრის“ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის  განმავლობაში, სამწუხაროდ, მნიშვნელოვნად წინ არ წაწეულა.

დიახ, დამოუკიდებლობის 25 წელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის ეს არის არსებობისათვის ბრძოლის ისტორია, რომელიც ამ წუთებშიც მიმდინარეობს. იმის ნაცვლად, რომ უნივერსიტეტი გადაქცეულიყო დამოუკიდებელი საქართველოს ინტელექტუალურ წინამძღოლად, სამოქალაქო აზროვნების ცენტრად, ახალი საქართველოს მმართველი კადრებით უზრუნველყოფის ბაზად, სხვადასხვა მოტივაციის მქონე ჯგუფების მიერ (როგორც უნივერსიტეტის შიგნიდან, ისე გარედან)  სხვადასხვა ფორმით და განუწყვეტლივ, ხელისუფლების მხრიდან აშკარა  გულგრილობის, მეტიც, ხელშეწყობით (განსხვავება ხარისხსა და სისასტიკეშია), დაიწყეს მისი  როლის დაკნინება, მისი გადაქცევა ერთ რიგით სასწავლებლად, რომლის მატერიალური მდგომარეობა და ფუნქციონირების ავტონომიურობა ჩამორჩება მრავალ კერძო უმაღლეს სასწავლებელს.

დამოუკიდებელი საქართველოს წარუმატებლობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია სტუდენტი-ახალგაზრდობისა და მეცნიერების პასიური მონაწილეობა ქვეყნის აღმშენებლობაში.

 


საქართველოს წარმატების ერთ-ერთი გასაღები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თავდაპირველი - ივანე ჯავახიშვილისეული  დიდების დაბრუნებაშია!!!

ეს გზა, მრავალთა შორის, ისტორიული გაკვეთილების შესწავლაზე გადის!

უნივერსიტეტის დაარსების თარიღი არა მარტო ფაქტია, არამედ, მნიშვნელოვანი რგოლია იმ ჯაჭვში, რომლითაც უნივერსიტეტის დაარსებაში ივანე ჯავახიშვილის ღვაწლი ილია ჭავჭავაძის ღვაწლის გაგრძელებად წარმოჩინდება!..

აქ ეს ამბავი სხვათა შორის ებმის უნივერსიტეტის შენობის ამბავს - თუ როგორ მოხვდა ის დღევანდელ  შენობაში მისი დაარსების პირველივე დღიდან.

ანუ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსდა 99 წლის წინ 15 დეკემბერს!


ანუ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადგილსამყოფელი უცვლელია 99 წლის მანძილზე!!!

ანუ, 2017 წელს უნდა მოვემზადოთ და ავღნიშნოთ.

არა, - „დიდი ოქტომბრის რევოლუციის 100 წლისთავი“,

არამედ,  - „ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 100 წლისთავი“.

უკეთესია, თუ გამოვაცხადებთ უნივერსიტეტის წელიწდეულს და ავღნიშნავთ 100 წლისთავს - დაარსების, გახსნის, პირველი ლექციის, სახელმწიფო სტატუსის მინიჭების -მთელი 12 თვის განმავლობაში გაწერილი ღონისძიებებით და ამას დავაგვირგვინებთ უნივერსიტეტისთვის რეალური ავტონომიურობის დაკანონებითა და  საკუთარი გადარჩენისთვის მოფიქრალი სასწავლო დაწესებულებიდან საქართველოს დიდებისთვის მებრძოლ „ცოდნის ტაძრად“ გადაქცევით.

15-12-2016, 10:59
უკან დაბრუნება