ივერიონი / ბატონო პრემიერო, მიიღეთ მიწის კოდექსი და გადაარჩინეთ ქართული მიწა!

ბატონო პრემიერო, მიიღეთ მიწის კოდექსი და გადაარჩინეთ ქართული მიწა!

ღია წერილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრს

ბატონ გიორგი კვირიკაშვილს

 

 

ბატონო პრემიერ-მინისტრო,

მოგეხსენებათ, სახელმწიფოს შექმნის უპირველესი პირობაა ტერიტორიული იდენტობა, ხოლო სახელმწიფოს ტიპზე, მის სიძლიერეზე მეტყველებს, თუ როგორ იმართება ეს ტერიტორია  და რამდენად დაცულია კანონის მიერ.

ეს მდგომარეობა ავალდებულებს სახელმწიფოს, დაარსოს ქვეყნის მიწების მართვასა და გამოყენებაზე განსაკუთრებული წესებისა და შეზღუდვების მთელი სისტემა. ამ სისტემის შესაქმნელად: სახელმწიფოს მოვალეობაა - მიწასთან დაკავშირებული პოლიტიკისა და სამართლებრივი ჩარჩოების ფორმულირება; უფლებაა - ჩაერიოს საქმიანობაში რომელიც აუარესებს მიწის მდგომარეობას, მიიღოს სხვადასხვა სამართლებრივი სანქციები მიწათმესაკუთრეების, მიწათმფლობელების და მიწათმოსარგებლეების მიმართ; პრეროგატივაა - განსაზღვროს მიწის რესურსებით სარგებლობის ძირითადი მიმართულებები, განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭოს მიწების დანიშნულებით გამოყენების სწორ გადაწყვეტას, მიწების ნაყოფიერების გაუმჯობესებას და ნიადაგის დაცვას.

ღია წერილში საკითხის დეტალურად განხილვის შესაძლებლობის არქონის გამო, პრობლემის აუცილებლობაზე და ქვეყნისთვის მის სასიცოცხლო მნიშვნელობაზე განმარტებების მოყვანის გარეშე, პირდაპირ მოგახსენებთ, რომ საკითხი ეხება საქართველოს მიწის კოდექსს - მიწის უზენაეს კანონს!

მიწის ფონდში მომხდარ ნებისმიერ ცვლილებას სახელმწიფო უნდა განაგებდეს ერთიანი, უზენაესი კანონით - მიწის კოდექსით და ამ კოდექსის საფუძველზე შემუშავებული წესებისა და რეკომენდაციებით: მონიტორინგს უწევდეს და აანალიზებდეს მიწის ყოველწლიური ბალანსის მდგომარეობას; აწესრიგებდეს მიწის რესურსების გამოყენების, სარგებლობის ძირითად მიმართულებებს; შეიმუშავებდეს ლანდშაფტურ - ეკოლოგიური მართვის განსაკუთრებულ წესებსა და შეზღუდვებს; მათ შორის, ინტენსიური და არაინტენსიური სავარგულების მატება - კლების დინამიკას, ქალაქთმშენებლობის, გზების და სხვა საჭიროებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწის ბრუნვიდან ამოღებას, სამაგიერო მიწის ჩანაცვლებას და ა.შ. 

მიწის მოქმედმა კანონმდებლობამ, რომელიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის გარდა,  რამდენიმე სპეციალურ კანონს მოიცავს, მთლიანობაში, ვერ მოაწესრიგა მრავალი პრობლემა, რომელიც მტკივნეულად დგას სახელმწიფოს წინაშე.

მიწის კოდექსის უქონლობა მიწის ეფექტურ მართვას, რომელიც ქვაკუთხედს წარმოადგენს როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის, დღეისათვის გააჩნია გამოწვევები, რომლებიც პირობითად შესაძლებელია დაიყოს ორ ნაწილად: პირველი - მიწის რესურსების განვითარებისა და დაცვის ხედვის, სტრატეგიისა და სახელმწიფო პროგრამის არარსებობა; მეორე - მიწათსარგებლობის შესახებ მონაცემების არ არსებობა; რომელიც თავის მხრივ, შეუძლებელს ხდის სოფლის მეურნეობის პოლიტიკის/სტრატეგიის შემუშავებასა და მის მართვას.

სახელმწიფო, რომელიც ვალდებულია შეიმუშაოს ქვეყნის ოპტიმალური და პერსპექტივაზე გათვლილი პოლიტიკა, აუცილებელია მის მიერ შექმნილი ერთიანი, უზენაესი კანონით (კოდექსით) იცავდეს მიწის მართვასთან დაკავშირებულ მრავალფეროვან, მრავალმხრივ და ხშირად წინააღმდგობრივ პრობლემებს.

თანამედროვე მსოფლიოში თითქმის ყველა ქვეყანას აქვს მიწის კოდექსი, რომელიც განსაზღვრავს და მოიცავს კანონით დადგენილ ყველა ფორმას რაც შეიძლება არსებობდეს მიწასთან დაკავშირებით.

საქართველოს მიწის კოდექსი აუცილებლად და სასწრაფოდაა მისაღები. მხოლოდ მის საფუძველზეა შესაძლებელი მიწის ბაზრის ისეთი სისტემის ჩამოყალიბება ქვეყანაში, რომელიც თავისუფალი იქნება დღეს ამ სფეროში არსებული მოუწესრიგებლობისა და საზოგადოებრივი დაძაბულობისგან.

საქართველოს მიწის კოდექსის შესაქმნელად დიდი დრო არაა საჭირო, ვინაიდან, მეცნიერ-პრაქტიკოსთა ჯგუფმა ბოლო ორ ათწლეულში დაამუშავა  მიწის კოდექსის ძირითადი ნაწილები, რომლის შეკვრა, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, კოდექსის პროექტის სამუშაო ვარიანტად  შესაძლებელია  ოპტიმალურად მცირე ვადაში.

პატივისცემით,
პაატა კოღუაშვილი, პროფესორი   
ჯუმბერ ფანჩულიძე, პროფესორი     
ანზორ  მესხიშვილი, პროფესორი
მიხეილ ჯიბუტი, პროფესორი 

მამუკა გიორგაძე, პოლიტიკოსი                              

20-12-2016, 10:33
უკან დაბრუნება