ივერიონი / დავით ქობალია: მორიგი საახალწლო ზღაპრები ხაზარაძე და კონტი ჯგუფისგან, ანუ, ვა-ვა ანაკლია!!!

დავით ქობალია: მორიგი საახალწლო ზღაპრები ხაზარაძე და კონტი ჯგუფისგან, ანუ, ვა-ვა ანაკლია!!!

კიდევ ერთმა წელმა ჩაიარა. უამრავ იმედაკიდებულმა, გარდა იმისა, რომ ცოცხლები ვართ, დიდად ვერაფრით გაგვანებივრა, მაგრამ უკეთესი მომავლის იმედი მაინც არ გვტოვებს. ამიტომაც გადავწყვიტე, წელს ალბათ ბოლო სტატიით მივმართო „ანაკლია პორტის ათასწლეულის პროექტის“ ბედით დაინტერესებულ მკითხველს, რათა ამ პროექტისადმი უპასუხისმგებლო მოპყრობით გამოწვეული მოსალოდნელი წარუმატებლობები დროზე იქნას გაცხადებული, რომ ახალ წელს სუფთა გონებით და შემართებით შევხვდეთ.

 


მკითხველს შევახსენებ, რომ  8 და 9 დეკემბერს ზუგდიდსა და ანაკლიაში წინასწარ დაანონსებული „ანაკლია პორტის მშენებელი კომპანიის მოსახლეობასთან შეხვედრები“ შედგა.

ბუნებრივია, ჩვენც (მე და სტუმარი გერმანიის საპორტო ქალაქ კილიდან, პროფესორი რუდიგერ ფონ ანდრესენი), დიდი ინტერესით  ჩავედით ორივე პუნქტში „ანაკლია პორტის მშენებელ კომპანიასთან შესახვედრად“. სამწუხაროდ, ჩვენი მოლოდინი, _ საინტერესო ინფორმაციები მოგვესმინა შავი ზღვის აუზში ერთ-ერთი უდიდესი „ანაკლია პორტის“ მშენებლობისა და დაფინანსების შესახებ, არა მარტო არ გამართლდა, არამედ, გაწბილებული დავრჩით და ამხელა გზაგამოვლილები შეურაცხყოფილებიც კი დაგვტოვა.

ზუგდიდსა და ანაკლიაში „ანაკლია პორტის მშენებელი კომპანიის წარმომადგენლების“ გამოსვლები სრულიადაც ვერ პასუხობდნენ  პორტის მშენებლობისა და მისი ოპერირების საკითხებში გათვითცნობიერებული სტუმრების შეკითხვებს. დასმულ კითხვებზე  „პორტის მშენებელი კომპანიის“ წარმომადგენელი ინგლისურად მოსაუბრე ორი  ქალბატონი თავაზიანად პასუხობდა _ „ჩვენ ეს არ გვეხება, ამ კითხვებზე ვერ გიპასუხებთო!“

კითხვები კი ძირითადად ანაკლიის აბორიგენი მოსახლეობის გასახლებას, ტენდერით გათვალისწინებული _ წელიწადში 100 მილიონი ტონა ტვირთბრუნვის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დადასტურებას, მის ალტერნატიულ, უნივერსალურ, გაცილებით ეფექტურ და უფრო მოკლე დროში, მშენებლობის განხორციელების პროექტის არსებობასა და ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადებული კომპანიის პროექტთან ერთად მისი განხილვის აუცილებლობას ეხებოდა, რაც მომხსენებელი ქალბატონებისთვის უცნობი აღმოჩნდა და ბუნებრივია პასუხებიც არ ჰქონდათ!

მათი თქმით, ზუგდიდსა და ანაკლიაში დაგეგმილი შეხვედრების მიზანი „საერთაშორისო მოთხოვნების თანახმად, ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტის შემუშავების პროცესს ეხება“ რისთვისაც ინგლისურად მოსაუბრე ქალბატონებმა მოხსენებები მთლიანად „გარემოზე ზემოქმედების შედეგები“-ს ინგლისური და ლათინური ტერმინოლოგიების განმარტებებს მიუძღვნეს, რაც ძირითად თემას ნაკლებად პასუხობდა და მსმენელის ინტერესს ვერ აკმაყოფილებდა.

გაოცებას იწვევს ის ფაქტიც, რომ ქ. ზუგდიდში, მიუხედავად იმისა, რომ ამ საგანგებო შეხვედრაზე განსახილველი საკითხი ქვეყნის მომავლის განმსაზღვრელია, დარბაზი, როგორც ყოველთვის, ადგილობრივი ხელისუფლების დავალებით მოსული მსმენელებით იყო შევსებული. ზოგის გამოკლებით, დამსწრეთა მხრიდან მოხსენებისადმი ინფანტილური დამოკიდებულება, მაგრამ  სრული მორჩილება   იგრძნობოდა და ბუნებრივია, მათ არც შეკითხვებზე და არც მომხსენებელთა პასუხებზე რეაქცია არ ჰქონიათ! მათ ვალი მოიხადეს, მოვიდნენ, მოისმინეს, ტაში დაუკრეს, დასასრულს ყავა მიირთვეს, ნამცხვარიც მიაყოლეს, დაიშალნენ და სახლებში დაბრუნდნენ!

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ახალს და საინტერესოს ბევრს ვერაფერს გავიგებდით, რადგან _ გარემოზე ზემოქმედების შედეგების კვლევა და დადგენა  სამშენებლო პროექტის არსებობის შემთხვევაში ხდება, რაც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ჯერჯერობით არ გააჩნია!!!

სწორედ ამ შემთხვევამ მიბიძგა კიდევ ერთხელ შევახსენო მკითხველს: 2013 წლიდან დაწყებული არაერთხელ დამიწერია და გამომიქვეყნებია სხვადასხვა გაზეთებსა  და ინტერნეტგამოცემებში რომ _ „ანაკლია პორტი და ახალი აბრეშუმის გზა საქართველოს გავლით არ არის უალტერნატივო და მას განსაკუთრებულად სათუთი დამოკიდებულება სჭირდება, როგორც ტენდერში გამარჯვებული კომპანიის, ასევე მასპინძელი სახელმწიფოსა და მისი მთავრობის მხრიდან!

ასევე გარკვევით ვწერდი _ როცა „ახალი აბრეშუმის გზაზე“ ვსაუბრობთ, საქმეში ჩახედულ მკითხველს, ბუნებრივია,  მისი მთავარი აღმძრავი და მასულდგმულებელი გიგანტი სახელმწიფო ჩინეთი დაუდგება თვალწინ და ნათელი ხდება „ანაკლია პორტი“ მხოლოდ ჩინელების მონაწილეობის შემთხვევაში შეიძლება ათასწლეულის პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდეს.

მკითხველმა იცის, რომ _ ჩინელები, კონსორციუმ „ანაკლია პორტი და ეკო პარკთან“ ერთად საქართველოს მთავრობის „გულმოდგინე“ მეცადინეობით თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ამის შესახებაც დაწვრილებით მაქვს  მონაყოლი და ამიტომ მკითხველს დროს აღარ დავაკარგვინებ. 

მე მხოლოდ 2014 წელს ლიხტენშტეინის დედაქალაქ ვადუცში, საბანკო ექსპერტებთან ერთად „ანაკლია პორტი და ეკო პარკის“ პროექტის განხილვის შემდეგ დადებული დასკვნის მოკლე შინაარსს გავიხსენებ:

„ბატონებო, 10-15 წლის წინ რომ ვინმეს ამ დარბაზში განსახილველად მოეტანა პროექტი, სადღაც, შავი ზღვის აუზში მდებარე პროვინციაში _ ანაკლიაში 100 მილიონი ტონა ტვირთბრუნვის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისა და მისი დაფინანსების შესახებ, სიბრალულით შევხედავდით მას.

დღეისათვის მსოფლიოში ტვირთბრუნვების გეოგრაფია რადიკალურად შეიცვალა, საბოლოო პროდუქციის მომხმარებლამდე მიტანის პროცესი საგრძნობლად დაჩქარდა. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ევროპაში გაყიდული საქონლის სამოცდაათ პროცენტზე მეტი ჩინეთშია დამზადებული, განმარტება არ სჭირდება იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია „ახალი აბრეშუმის გზის, კავკასიის დერეფნის და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გავლით“ მშენებლობა.

რაც შეეხება კონსორციუმ „ანაკლია პორტი და ეკო პარკის“ მიერ შემოთავაზებული პროექტის დამფინანსებლების ჩამონათვალს, იგი უნიკალურია, სადაც წამყვანი პოზიცია ჩინურ სახელმწიფო გიგანტ კომპანიას „პაუერჩაინას“ უკავია. ის, რომ საქართველოს სახელმწიფო არ აძლევს საბანკო, ან სახელმწიფო გარანტიას ტენდერში გამარჯვებულს და მიუხედავად ამისა, ჩინური სახელმწიფო კომპანია „პაუერჩაინა“ მზადყოფნას გამოთქვამს დააფინანსოს პროექტი, თვითონვე ააშენოს იგი, და მისი ექსპლოატაციაც უზრუნველყოს, პროექტის გარანტირებულ წარმატებას განაპირობებს. ბატონებო, ეს ის შემთხვევაა, როცა საქმის დაწყებას, პროექტის მასპიძელი ქვეყნის მთავრობის კეთილი ნება აკლია მხოლოდ!“

სამწუხაროდ, სწორედ „პროექტის მასპინძელი ქვეყნის მთავრობის კეთილი ნება“ დააკლდა კონსორციუმ „ანაკლია პორტი და ეკო პარკს“ და მასში შემავალ ჩინურ გიგანტ კომპანაია „პაუერჩაინას“!

ამიტომაც, დღეისათვის აგონიაში მყოფი ქვეყნის მთავრობა და მისი რჩეული, ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადებული „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“,  იგივე „ხაზარაძე და კონტი ჯგუფი“ გვთავაზობს სხვადასხვა  ზღაპარს, 100 მილიონი ტვირთბრუნვის ღრმაწყლოვანი პორტის აგებისთვის, ანაკლიის აბორიგენი მოსახლეობის გასახლების გარდაუვალი აუცილებლობის დასადასტურებლად.

ორი დღეა რაც  ანაკლიიდან ჩამოვედი. საკმარისი დრო მქონდა ფიქრისა და კითხვებისთვის:

_ რატომ არ განიხილავს საქართველოს მთავრობა ძირითად პროექტს, რომელიც ბატონი თეიმურაზ ქარჩავას დაკვეთით ბატონმა სპარტაკ ერაგიამ შეასრულა, საერთოდ არ ეხება დასახლებულ ტერიტორიებს და ბუნებრივია არც მოსახლეობის გასახლებას ითხოვს?

_ რატომ აქვეყნებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ საეჭვო ესკიზ-ნახატებს მისსავე დაარსებულ ჟურნალ „ანაკლიაში“ და ინტერნეტსაიტებზე, სადაც აშკარად ჩანს, რომ მისი წლიური ტვირთბრუნვა 25 მილიონ ტონასაც ვერ გაწვდება და „პორტის საბოლოო სახეს“ უწოდებს მას?

_ რომელი ჭკუათმყოფელი ინვესტორი დააფინანსებს 9 ეტაპად დაყოფილ, თითქმის 30  წელზე გაჭიმული პორტის მშენებლობის პროექტს, როგორც ეს მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციებიდან ჩანს?

_ ვინ იწინასწარმეტყველებს 30 წლის შემდეგ, რა სახის სატრანსპორტო საშუალებები იქნება აქტუალური?!

ვინც და როგორც არ უნდა ეცადოს, ხალხს ვერავინ მოატყუებს, რაც არ უნდა უტყვი იყოს _ ხალხი ბრძენია! და, მეც ყურში ჩამესმის მათი დასკვნა 9 დეკემბერს ანაკლიაში გამართული შეხვედრის შემდეგ:

„ჩვენ კარგად გვესმის რომ სახელმწიფოს პორტის ასაშენებელი თანხები არ გააჩნია და ეს დასაძრახი არ არის, მაგრამ, თუ სახელმწიფო ჩვენგან იაფად ნაყიდი მიწებით აპირებს პორტის აშენებას _ ხაზარაძე რა შუაშია? 

ტყუილად თავს ნურავინ შეიწუხებს _ ჩვენ კარგად ვიცით ჩვენი, მამაპაპისეული  კარ-მიდამოს ფასი და ნურავინ შეეცდება ჩვენზე ზემოქმედებას - ჩვენ სახელმწიფოს მიწებს არ მივყიდით, რადგან, სახელმწიფო არ აშენებს პორტს, როგორც გვითხრეს პორტს ინვესტორი აშენებს და ჩვენც მხოლოდ ინვესტორს დაველაპარაკებით!“

მე არ მიცდია ცეცხლზე ნავთი დამესხა და მეთქვა _ უბედურება ის არის, რომ, არც ინვესტორი და არც პორტის ასაშენებელი ფული არ არსებობს!


თუმცა, ისევ ანაკლიელებმა ამიხსნეს:

„ჩვენ გვჯერა, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი მართლა ააშენებს ხუთვარსკვლავიან სასტუმროს და უნიკალურ ბოტანიკურ ბაღს განმუხურში. ანაკლიას მიშა სააკაშვილის დროს აშენებული სამი სასტუმროს ამარა ხომ არ დატოვებენ. განმუხურში დაწყებულ მშენებლობებს ანაკლიამაც უნდა აუწყოს ფეხი და ამიტომაც სჭირდებათ ჩვენი მიწები. იმასაც ამბობენ _ ასეთ საკურორტო დასახლებას პატარა პორტიც დასჭირდებაო!

თუ ეს ასეა, ჩვენთან სასაუბროდ მთავრობის წარმომადგენლები ნუ მოვლენ, ჩვენთან ბატონი ხაზარაძე და მისი ინვესტორები მოვიდნენ!“

მეც მათ ვუერთდები, როგორც ჟურნალისტი და ანაკლიელი და კატეგორიულად მოვითხოვთ _ მომავალში მთავრობამ და ე.წ. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ იგივე „ხაზარაძე და კონტი ჯგუფმა“ მეზღაპრე გოგონები კი არ გამოგვიგზავნონ ანაკლიაში, არამედ პორტის მშენებლობის სპეციალისტები და მისი დამფინანსებლები!


P.S. ორი კვირის წინ, საქართველოს მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ კაპიტალის 0,01 პროცენტი წილის მფლობელი გახდა. საინტერესოა რას ნიშნავს 0,01 პროცენტი, რა თანხას შეადგენს იგი? რა მიზნით გადადგა მთავრობამ ეს ნაბიჯი? იმისთვის ხომ არა, რომ თავისი შეფარული განზრახვა „სახელმწიფოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტის მშენებლობის გამო“ ანაკლიელების აუცილებელი გასახლების საკითხი  გაამართლოს და ამით პრობლემები მოუგვაროს ხაზარაძე-კონტი ჯგუფს?

აქვე უნდა აღვნიშნო, ზემოთხსენებული ნამდვილად ვერ გამოდგება წყალგაუვალ არგუმენტად ადგილობრივი მოსახლეობის გასასახლებლად, რადგან, იგი არ გახლავთ უალტერნატივო.


მკითხველს უნდა შევახსენო, _ „სახელმწიფოსთვის  სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტის მშენებლობის გამო“  მოსახლეობის უპირობო გასახლება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუ მას ალტერნატივა არ გააჩნია!

კონკრეტულ შემთხვევაში, ხაზარაძე და კონტი ჯგუფის მიერ შემოთავაზებული პროექტი, რომელიც  ანაკლიის უძველეს დასახლებაზეა დამიზნებული, პირდაპირ იმეორებს სააკაშვილისეულ „ლაზიკა პორტს“ და თეიმურაზ ქარჩავას დაკვეთით, სპარტაკ ერაგიას მიერ შესრულებული პროექტის, რბილად რომ ვთქვათ, მახინჯი ალტერნატივაა!

მკითხველმა ისიც მინდა იცოდეს, რომ _ სწორედ სპარტაკ ერაგიას შექმნილი პროექტით გაეცნო საქართველოს მთავრობა ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის იდეას!

...ისე, ვატყობ, თუ არ დავაჩქარე, ეს სტატია უსასრულოდ გამიგრძელდება, რადგან ყოველდღე ახალახალ „აღმოჩენებს“ გვთავაზობენ მედიასაშუალებები, სადაც, სამწუხაროდ, არც ისე კომპეტენტური და ანაკლია პორტის საკითხებში გაცნობიერებული პირები გამოჰყავთ (თუმცა თანამდებობები და ექსპერტის იარლიყი არცერთ მათგანს არ აკლია), მაგრამ, ის, რაც 17 დეკემბერს „ბიზნეს კურიერში“ მოვისმინეთ, მხოლოდ საქართველოში შეიძლება მოხდეს. გთავაზობთ მოკლე სტენოგრამას ამ გადაცემიდან:

„ბიზნეს კურიერის“ წამყვანი აკაკი გოგიჩაიშვილი:

„ამ კვირაში გადამზიდავ კომპანიებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა ფოთის პორტის დაკეტვამ. მიზეზი კი ის იყო, რომ პორტში შესასვლელი შლამით გაივსო და გემებს ვეღარ იღებს, არადა ესეც და სხვა ინფრასტრუქტურული განვითარება პორტის ინვესტორის ვალდებულება იყო, რაზეც 250 მილიონი დოლარი უნდა დაეხარჯა და ორი ახალი ნავმისადგომი აეშენებინა, თუმცა, საინვესტიციო პროექტი გაჩერებულია.

ამ ფონზე გაუგებარია მთავრობის გადაწყვეტილება, რომ _ ბიუჯეტიდან 100 მილიონს დახარჯავს ანაკლიის მოსახლეობისგან მიწების გამოსასყიდად, რომ ინვესტორმა იქ ახალი პორტი უნდა ააშენოს და კიდევ 100 მილიონს მას სესხადაც მისცემს...“ 

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მამუკა ხაზარაძე:

„პირველი ეტაპი არის 600 მილიონი დოლარი, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დიდი საფინანსო ინსტიტუტებისთვის და ასევე კერძო ინვესტორებისთვის დაინახონ მზაობა არის თუ არა სახელმწიფოს მხრიდან, ამ პროექტთან დაკავშირებით. ჩვენ მემორანდუმი გავაფორმეთ, თუმცა ამ 100 მილიონთან შეხება იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ინვესტიციაში ჩვენი მხრიდან ჩაიდება დაახლოებით 300 მილიონი დოლარი. კიდევ ვიმეორებ, ეს არის საკრედიტო ხაზის სახით, ეს არ არის კაპიტალში ინვესტირება, ეს იქნება ყველაზე ძვირი კრედიტი, სხვათაშორის, ეს აღნიშნულიც არის... თუ ჩვენ დავინახეთ, რომ, რაღაცა კატაკლიზმების გამო ჩვენ გაგვიჭირდა, აუცილებელია სახელმწიფომ დაანახოს ყველა ინვესტორს, რომ იგი მზად არის შემოვიდეს ამ პროექტში, სწორედ ამისთვის არის ეს ბალიში...“

ტელეგადაცემის წამყვანს შეიძლება ეპატიოს იმის არცოდნა, რომ „საზღვაო ტვირთბრუნვის დაცემას“ არაფერი აქვს საერთო „ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის“ მშენებლობასთან (მე იგი სტატიის პიველ ნაწილში მოკლედ ავხსენი, თუმცა, ვატყობ სხვა დროს მომიწევს მასზე უფრო დეტალურად საუბარი), მაგრამ ტენდერში გამარჯვებული ხაზარაძე რომ სახელმწიფოს ავალდებულებს _ „ვინიცობაა ფეხი დამიცურდეს, ასი მილიონო დოლარი უნდა მომაშველოო“ ქვეყნის მთავრობის და მეგასაინვესტიციო პროექტის აბუჩად აგდებაა!!!

ყველაფერი ეს კი, საახალწლოდ, ეროვნული ვალუტის აგონიის პარალელურად ხდება, მაშინ, როცა, ქვეყნის ერთგული მთავრობისა და კეთილსინდისიერი ინვესტორის ხელში _ ანაკლია-პორტის პროექტი, სულთმობრძავი ქვეყნის, ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გარანტი უნდა გამხდარიყო!

26-12-2016, 11:38
უკან დაბრუნება