ივერიონი / დიმიტრი მეჭურჭლიშვილი: სკოლების ტიპებად დაყოფა - რისკი თუ პანაცეა?!

დიმიტრი მეჭურჭლიშვილი: სკოლების ტიპებად დაყოფა - რისკი თუ პანაცეა?!

ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ განათლების სამინისტრომ პარლამენტში შეიტანა კანონპროექტი, რომელიც სკოლების ტიპებად (წამყვანი და არაწამყვანი) დაყოფას გულისხმობს. აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას გვთავაზობს სსიპ N116 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი, ბატონი დიმიტრი მეჭურჭლიშვილი, რომელიც წლების წინ მოითხოვდა სისტემის რეფორმირებას.

 

დღეს კი იგი საკინიძის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლია.

 

სასკოლო სისტემის რეფორმირების განზრახვას მივესალმები და მხურვალედ ვუჭერ მხარს, რადგან ის ღრმა კრიზისში იმყოფება და საჭიროა. აქედან გამომდინარე, საჭიროა რადიკალური რეფორმის განხორციელება კრიზისის დასაძლევად.

 

ისმება კითხვა: შესაძლებელია თუ არა სისტემის გაუმჯობესება სკოლების ტიპებად დაყოფით?

 

პირდაპირ ვიტყვი: სასკოლო საგანმანათლებლო სივრცე ბაზრის ,,უხილავი ხელის“ მიერ უკვე დაყოფილია, ახლა საჭიროა ამ ვითარების ლეგალიზაცია და საგნებისა და მოვლენებისთვის საკუთარი სახელების დარქმევა!

 

თქვენი პასუხიდან გამოდის რომ სკოლები თავისით უკვე დაყოფილან წამყვანებად და წასაყვანებად, ახლა ხდება მათი ,,საკანონდებლო ნათლობა“ სამინისტროს მიერ?

 

არ მესმის რა ტერმინია „წამყვანი“ ან „წასაყვანი“ სკოლა?! და ვგონებ არც მინისტრს ესმის ეს ტერმინი სრულად. ყოველ შემთხვევაში მისი ინტერვიუდან ასე ჩანს. ეს ტერმინი ჩემთვის მიუღებელია იმიტომ რომ არაბუნებრივია, ხელოვნურია, ალბათ რომელიღაცა უცხოური მოდელიდან გადმოღებული „კალკია“. მეორეც, ის თავისი შინაარსით დისკრიმინაციულია!

 

მე ვიკვლევდი ქართულ სასკოლო საგანმანათლებლო სივრცეს, სტატიებიც გამოაქვეყნე და წიგნიც გამოვეცი ამ თემაზე, ასე რომ, შემიძლია მკითხველს განვუმარტო, როგორ არის ბუნებრივად დაყოფილი ეს სივრცე?

 

მიუხედავად იმისა, რომ განათლების სამინისტრო დღემდე არ აღიარებდა ამ რეალობას ბაზრის უხილავი ხელის და განვითარებული ისტორული პროცესის შედეგად  სკოლების მრავალვარიანტულობა სახეზეა. სასკოლო საგანმანათლებლო სივრცე სკოლების განვითარების დონის, სწავლის ხარისხის, კორპორაციული კულტურის, მოთხოვნადობის ინდექსის, დატვირთულობის ხარისხის, უსაფრთხოების დონის, სიტუსის ხელსაყრელობის და მრავალი სხვა ფაქტორის მიხედვით დაყოფილია სხვადასხვა ტიპის სკოლების ჯგუფებად.

 

ა) საჯარო და კერძო სკოლების ჯგუფი : ეს ჯგუფი განიცდის ერთმანეთის მიმართ საკანონდებლო და ფინანსურ დისკრიმინაციას. დინამიკაში მიმდინარეობს კერძო სკოლების ზრდა და საჯარო სკოლების ფარული გაკოტრების პროცესი!!!

 

ბ) საბაზრო და არასაბაზრო ზონების ჯგუფი:  იქ, სადაც მშობელს და მოსწავლეს აქვს არჩევანის საშუალება, ანუ მოქმედებს საბაზრო ეკონომიკის პრინციპი (ადამიანები ალტერნატივების წინაშე დგანან) იქ მოქმედებს კონკურენციის წნეხი - აი ეს სკოლები წარმოადგენენ საბაზრო ზონის სკოლებს.

 

არის სკოლების მეორე დიდი ჯგუფი,  სადაც მშობელს არ აქვს ალტერნატივის საშუალება. აქ ადგილი აქვს ე.წ. ,,საბაზრო ჩავარდნას“ ეს არის არასაბაზრო ზონა, თუმცა, საბაზრო ჩავარდნის მიუხედავად, ბაზრის უხილავი ხელი მათზეც მოქმედებს ირიბად! პროცესების განვითარების დინამიკის მიხედით არასაბაზრო ზონა თანდათანობით მცირდება!

 

გ) პრივილეგირებული და არაპრივილეგირებული სკოლები:  სკოლების მეორე დიდი არაფორმალური დაყოფაა ე.წ. პრივილეგირებული და არაპრივილეგირებული სკოლები. პრივილეგირებული სკოლების ჯგუფი იყოფა ორ ქვეტიპად.

 

ესენია: ე.წ. ,,ვიაიპ“ სკოლები, პრესტიჟული სკოლები, სადაც წლების მანძილზე სწავლობდნენ ადგილობრივი სახელისუფლებო და ხელისუფლებასთან დაახლოებული ,,ნეოკოლინიალური ინტელიგენციის“ შვილები. ამ სკოლებს წლების განმავლობაში სამინისტროს მხრიდან   ჰქონდათ განსაკუთრებული ყურადღება და მხარდაჭერა მათკენ იყო მიმართული ყველა პრეფერენცია: უკეთესი ინფრასტრუქტურა,, მოწინავე ტექნოლოგიები პრივილეგირებული პედაგოგები, პრივილეგირებული და ,,პატრონიანი“ ირექტორები და ა.შ.

 

პრივილეგირებული სკოლების მეორე ქვეჯგუფს შეადგენენ სახელმწიფო მონოპოლიები, ე.წ. სპეცსკოლები საბჭოთა კავშირის დროს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის სპეციალისტების მომზადების მიზნით შექმნილი სკოლებს. დღეს ეს სკოლები არიან ხელოვნური მონოპოლიები, რომლებიც მუშაობენ განსხვავებული ლიბერალური კანონმდებლობით და გნსხვავებული ფინანსური უზრუნველყოფით - ისინი მუშაობენ სხვა სკოლების მიერ გამოვლენილი და აღზრდილი ტალანტებით გაზრდილი საათობრივი დატვირთვით და ბუნებრივია, რომ მათ მიერ ნაჩვენები შედეგები განსხვავებულია.

 

დ) ლიდერი, მდევარი, აუტსაიდერი სკოლები:  საჯარო და კერძო სექტორში ნაჩვენები სწავლების ხარისხის მოთხოვნადობის ინდექსის საწარმოო სიმძლავრის დატვირთულობის ხარისხის კორპორაციული კულტურის, უსაფრთხოების დონის მიხედვით, გამოიყოფიან ბაზრის ლიდერი, მდევარი და აუტსაიდერი სკოლები სამინისტროს დისკრიმინაციული და უმეცარი პოლტიკის გამო (სამინისტროს დღემდე არა აქვს სკოლების მუშაობის შეფასების კრიტერიუმები დადგენილი) ბაზრის ლიდერი სკოლები საზოგადოებისთვის ჩრდილში დგანან!

 

ე) მთის სკოლების ჯგუფი: ქვეყანაში გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ერთნაირი პრობლემატიკით ფუნქციონირებს სკოლების დიდი ჯგუფი ე.წ. მთის სკოლების ჯგუფი. ცუდი ინფრასტრუქტურით, კადრებისა და კონტინგენტის დეფიციტით.

 

ვ) ტრასის სკოლები: ქალაქებში ფუნქციონირებს სკოლების მცირე ჯგუფი ე.წ „ტრასის სკოლები.“ მათთვის დამახასიათებელი უპირატესობებითა და ნაკლოვანებებით.

 

როგორც ამ ბუნებრივი დაყოფიდან ჩანს, „წამყვანი“ და „წასაყვანი“ სკოლის ტიპები ამ დაყოფაში არ გვხვდება. ისმება კითხვა: მაშ, რა მიზანს უნდა ემსახურებოდეს ე.წ. ელიტ ჯგუფის შექმნა და მათი განსხვავებული დაფინანსება-მართვა?!

 

ამ გასაჯაროებული მწირი ინფორმაციიდან სრული სურათის დანახვა შეუძლებელია,  თუმცა, შეიძლება რაღაც-რაღაცები ვივარაუდოთ. კერძოდ, ეს იქნება ელიტ. ლიგა, სადაც შევლენ და გავლენ სკოლები. ის რომ ეს ლიგა არ იქნება დახურული, ჩაკეტილი და იმოქმედებს ბაზრის პრინციპი - კარგია. მაგრამ სამართლიანობის რა ხარისხი იმოქმედებს მათი შერჩევისას, ეს დიდ კითხვის ნიშანს ტოვებს. რა კრიტერიუმები იქნება მათთვის მოძებნილი, ასევე გაუგებარია. გაუძლებს „ვიაიპი“ სკოლის ზეწოლებს მინისტრი?! მოერევა ის სამინისტროში მოკალათებული სანიკიძის იდიოტოკრატიას, რომელთაც სკოლები გავლენის სფეროებად აქვთ დაყოფილი?! ისინი ხომ ეცდებიან საკუთარი მფარველობის ქვეშ მყოფი სკოლების „ელიტ.ლიგაში“ მოხვედრას?! იქნება რეალური, სამართლიანი კონკურენცია?! გასარკვევია ვინ გაზომავს და დათვლის შედეგებს?!  იქნება ეს იდეა ანტისაბაზრო თუ საბაზრო გადაწყვეტილება?! რა მიზანს ემსახურება ეს ელიტ.ლიგა რეალურად?!

 

მინისტრი ამბობს, რომ სკოლის დირექტორებს ექნებათ ხშირი შეხვედრა პრემიერთან და ესაა მათი აღიარება თუ გავითვალისწინებთ, რომ დირექტორების შეხვედრა პრემიერთან ქმედით მოტივატორად არ გამოდგება, მაშინ შესაძლოა ვიფიქროთ, რომ ამ ელიტ.ლიგამ უნდა შეასრულოს პრემიერის პიარ-პლატფორმის როლი. დაახლოებით ისეთი, როგორსაც ასრულებდა მასწავლებელთა სახლი ძველი ხელისუფლების დროს. და ლამის სისტემის ხსნად იყო მონათლული.

 

სინამდვილეში კი მისი შექმნა და ბაზრის მონოპოლისტის ფუნქციის მინიჭება იყო მცდარი, არასაბაზრო გადაწყვეტილება, რაც შემდგომმა შედეგებმა დაადასტურა. მან ვერ შეასრულა პედაგოგთა სერთიფიცირების ამოცანა, მიუხედავად იმისა, რომ დაიხარჯა უამრავი ფული. აი ეს ანტისაბაზრო წარმონაქმნი დღესაც აგრძელებს ძველი ფორმით ფუნქციონირებას. ასეთი რამ რომ არ დაემართოს ელიტ.ლიგას მინისტრმა უნდა გაითვალისწინოს უამრავი წვრილმანი თუ მსხვილმანი.

 

ასევე ისმება კითხვა:რა რეალურ რისკებს შეიძლება ვხედავდეთ?

 

ბუნებრივია, რამდენიმე სახის რისკი იქნება:

ა) საკანონმდებლო: ბ) ფინანსური: გ) საკადრო.

 

საკანონმდებლო ცვლილებები უნდა იყოს ისეთი, რომელიც უზრუნველყოფს თავისუფალი ბაზრის ფუნქციონირებას, სამართლიანი კონკურენციის ხელშეწყობას, მენეჯმენტის თავისუფლებას, დირექტორის მაღალ ლეგიტიმაციას, დისკრიმინაციული დაფინანსების ფორმულის შეცვლას მოტივაციის ფორმულით. სარისკო იქნება არსებული შრომის კოდექსი, რომელიც იერარქიით მაღლა დგას შინაგანაწესზე. გასაუქმებელი იქნება სანიკიძის ბრძანება დის.კომიტეტის შესახებ, რომელიც ზღუდავს მენეჯერის თავისუფლებას. გასაუქმებელი იქნება სანიკიძე-ლომინაშვილის დისკრიმინაციული შესწორება ზოგადი განათლების კანონში, რომელიც სამინისტროს წარმოაჩენს მხარედ შრომით დავებში.

 

დაბოლოს: რა ინტელექტუალური რესურსით აპირებს რეფორმის განხორციელებას მინისტრი?!

 

რეფორმატორები მას სამინისტროში არ ჰყავს!

 

არადა, „კადრები წყვეტენ ყველაფერს.“

9-01-2017, 14:41
უკან დაბრუნება