ივერიონი / ელზა ჯმუხაძე: „ნაციონალების“ ყრილობას ლენინის სურათიღა აკლდა, ანუ ვინ ჩაყვება სააკაშვილს საიქიოში!

ელზა ჯმუხაძე: „ნაციონალების“ ყრილობას ლენინის სურათიღა აკლდა, ანუ ვინ ჩაყვება სააკაშვილს საიქიოში!

 

„ნაციონალების“ ყრილობაზე გამოსვლისას გრიგოლ ვაშაძემ ვითომ ახალ ხელისუფლებას, რეალურად კი ჩვენ - ხალხს დაგვაყვედრა, რომ დღემდე „ნაციონალების“ მიერ შექმნილი ინსტიტუციებით თუ სიკეთეებით (პატრული და სხვა) ვსარგებლობთ, იმავე „ნაციონალების“ დროს დამტკიცებულ ჰიმნს ვმღერით და იმავე დროს დამტკიცებულ სახელმწიფო დროშას ვაფრიალებთ.

 

გეკითხებით ყველას, ვინც ასე აზროვნებთ: ხელისუფლება რომ შეიცვლება, რასაც შექმნის, სახლში უნდა წაიღოს, ხოლო, რასაც ვერ წაიღებს, იმიტომ, რომ ეს შეუძლებელია, უნდა გვამადლოს?

 

სწორედ ესაა პროვინციალიზმი და ქაჯობა, რომელმაც ერთხელ ისე „გვაჯობა“, რომ კაცმა არ იცის, როდის მოვერევით.

 

ეს „პოლიტიკური დაავადების“ აშკარა სინდრომია, როდესაც წინასწარი განზრახვით პარტიის ყრილობის დღეს სწორედ იმ თარიღს დაამთხვევ, როდესაც მსოფლიომ იცის, რომ უნდა გაიმართოს ამერიკის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია.

 

პროვინციალიზმის გამოვლინებაა, თუ მიშას ვაშინგტონიდან ჩართვა ვინმეს მსოფლიო დონის პოლიტიკოსის გამოსვლად და კარგ ტონად მიაჩნია, რადგან ეს არის ინაუგურაციის დღისთვის ჩვეულებრივი ტურისტის რანგში სწორედ იმისთვის „ჩაქანება“, რომ თეთრი სახლის სურათის ფონზე დასკუპდე და სკაიპით ჩაერთო პარტიის ყრილობას, რათა მავანთა „ხბოს აღტაცება“ გამოიწვიო...

 

სწორედ ასეთ სიტუაციაზეა ნათქვამი „კუმ ფეხი გამოყო, მეც ნახირ-ნახირაო“.

 

პოლიტიკოსი უპირველესად იმას უნდა ხედავდეს, ახალი არჩევანის მიმართ პირადი განწყობის და დამოკიდებულების მიუხედავად, რა საინტერესო პროცედურებს და ტრადიციებს ითვალისწინებს ამერიკაში და, ზოგადად, დასავლეთში ინაუგურაცია:

 

ძველის და ახლის - ყველასი ერთად, გზავნილების მთავარი ადრესატი არის ხალხი და ქვეყანა! თუ პოლიტიკოსობაზე გაქვს პრეტენზია, იმასაც უნდა ხედავდე, რა პატივისცემით ეპყრობა ამერიკაში ძველი ხელისუფლება ახალს და - პირიქით; თუ არ ვიცით, დროა, ვისწავლოთ, რომ ცივილურ სამყაროში ახალი ხელისუფლება თავის მოღვაწეობას სწორედ იმ წერტილიდან აგრძელებს, სადაც შეჩერდა წინამორბედი თავისი ქვეყნისა და ხალხისადმი მსახურების გზაზე.

 

მოიკიდოს ახლა ობამამ ზურგზე ყველაფერი თავისი გაკეთებული და, რასაც ვერ მოიკიდებს და წაიღებს, ამით მუდმივად ამუნათოს ტრამპიც და ხალხიც? ხომ არის ასეთი მიდგომა წარმოუდგენელი და სასაცილო?

 

ჰოდა, სწორედ ასეთი წარმოუდგენლად სასაცილო იყო, გრიგოლ ვაშაძე, რომელსაც ნაცების დროს საგარეო ურთიერთობები ებარა და ამიტომ სხვაზე მეტად მოეთხოვება, არ იყოს პროვინციალურად მოაზროვნე.

 

არადა, ფაქტია: ვაშაძემ საჯაროდ დაგვამადლა პატრული, რომელიც კარგად იცის, რომ მიშას დროს ბიძინას ფულით დადგა ფეხზე, თუმცა ეგ რა გასაკვირია, როდესაც ვაშაძემ დროშა და ჰიმნიც კი დაგვამადლა?

 

და კიდევ ერთი: ნუ დაუჯერებთ, ხალხო, ნუგზარ წიკლაურს ან სხვას, როდესაც ისინი ამბობენ, რომ მიშას საქართველოს მოქალაქეობა ვინმემ პოლიტიკური მოსაზრებით წაართვა - რაც არ უნდა დააშავოს ადამიანმა და რაც არ უნდა პოლიტიკურად მიუღებელი იყოს ვინმე, ადამიანისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა არის დაუშვებელი და ეს დედამიწის ზურგზე არსად ხდება (ჯუნგლების სამართლებრივი მოწყობის წესებს არ ვიცნობ და, ამიტომ მსგავ სივრცეებში არსებულ პრაქტიკაზე ვერაფერს მოგახსენებთ).

 

საქართველოს მოქალაქეობა მიშამ პოლიტიკური და სრულიად პრაგმატული მოსაზრებით წარსულს „ჩააბარა“ იმ წუთიდან, რა წუთიდანაც მან, საქართველოდან მართლმსაჯულების და ხალხის რისხვის შიშით გაქცეულმა, ცოტა ხანსაც კი ვერ გაუძლო ცდუნებას, სადმე რაიმე თანამდებობაზე მაინც დამჯდარიყო და იქ დაეკმაყოფილებინა თავისი მოძალებული სახელისუფლო ვნებები.

 

დიახ, მიშამ საკუთარი პოლიტიკურ-მანიაკალური ნებით და გადაწყვეტილებით საქართველოს მოქალაქეობას უკრაინის მოქალაქეობა ამჯობინა, ახლა კი აქეთ ჩვენ არ გვეშვება, იქით - უკრაინას; მუდმივად ცდილობს, საქართველოდან პოლიტიკური ნიშნით დევნილის იმიჯი შეიქმნას იმ დროს, როდესაც არის ჩვეულებრივი ძებნილი, უკრაინაში კი დაარწმუნოს ხალხი, რომ, ვითომდა, უკრაინულ პოლიტიკაში რაიმეს გამკეთებელია იმ დროს, როდესაც მთელი გულისყური სხვა, უკრაინისთვის უცხო ქვეყნისკენ (ამ შემთხვევაში საქართველოსკენ) აქვს მიპყრობილი.

 

საბოლოო ჯამში, ნაციონალების ყრილობამ „აწ განსვენებული“ კომპარტიის ყრილობები გამახსენა, რა დროსაც პარტიის ყრილობა დიდი ხნის მკვდარი, თუმცა კომუნისტების გულებში „მარად ცოცხალი“ ლენინის უზარმაზარი პორტრეტების ფონზე მიმდინარეობდა: ისინიც ლენინის გზას მისდევდნენ და აკი, მიჰყვნენ კიდეც ბოლომდე - საიქიოში...

 

 

21-01-2017, 11:36
უკან დაბრუნება