ივერიონი / ზაურ ნაჭყებია: რატომ მეშინია საზმაუს რეფორმების?!

ზაურ ნაჭყებია: რატომ მეშინია საზმაუს რეფორმების?!

თემები ნამდვილად არ მელევა ამ გაუსაძლის და გაუკუღმართებულ ქვეყანაში, მაგრამ, რადგან დავიწყე, ბოლომდე უნდა დავასრულო!

რომ აუჩემებიათ, სიტყვის თავისუფლებას ექმნება საფრთხე, თუ „რუსთავი-2"მა მესაკუთრე და სარედაქციო პოლიტიკა შეიცვალაო, იმას რატომ არ ამბობენ, როდის იყო ეს ტელეკომპანია საზოგადოების სამსახურში და როდის იცავდა სახელმწიფოს ინტერესებს?!

მესმის, კერძო საკუთრება ხელშეუხებელი უნდა იყოს, მაგრამ, ჯერ უნდა გავარკვიოთ, რა ბინძური ფინანსებით იკვებება დღემდე „რუსთავი-2" და რა ზიანი მოუტანა მან ქვეყანას. შორს რომ არ წავიდეთ, მარტო ე.წ. „ვარდების რევოლუციაში" მათი წვლილიც კმარა. აბა გავიხსენოთ ტელეკომპანიის „რევოლუციური ისტერია" და მათი თავხედური ლოზუნგი: „რუსთავი-2" გამარჯვებული ხალხის ტელევიზიაა!"

მაშინ ისე ვიყავით დაზომბირებული „რუსთავი2-"-ის ცრუ პროპაგანდით და იმდდენხანს გასტანა ე.წ. „ხბოს აღტაცებამ", არავის უკითხავს, ვისზე გაიმარჯვა ხალხმა-შევარდნაძეზე?... და რა მოიტანა ლოზუნგმა: „ოღონდ შევარდნაძე არა!"

სხვათაშორის, „ოღონდ, სააკაშვილი არა" - არც ამ ლოზუნგმა გაამართლა ბოლომდე-სააკაშვილი და მისი ხროვა უნდა წასულიყო, მაგრამ, თვალი ყველაფერზე არ უნდა დაგვეხუჭა-მითუმეტეს, „ნაციონალური" რეჟიმის ფორმალურად (უფრო სწორი იქნება ვთქვათ, სანახევროდ) მოშორებაში ლომის წილი ხალხმა შეიტანა. ლიდერი (ივანიშვილი) კი მოვიდა ზუსტად იმ დროს, როცა უნდა მოსულიყო. ამდენად, ვერავინ დამარწმუნებს, რომ სააკაშვილის რეჟიმის ჩამოშორების სურვილი სპონტანურად იშვა, ან, ხალხის გაუსაძლისმა მდგომარეობამ უკარნახა ვინმეს.

ნიშანდობლივია ისიც, რომ სააკაშვილი გააქცია იმან, ვინც მოიყვანა ხელისუფლებაში და მის აღზევებასაც შეუწყო ხელი... ამჯერად უფრო შორს არ წავალ!

ახლა ისევ „რუსთავი-2-"ს დავუბრუნდეთ - დღეს მისი ფუნქცია არა საზოგადოების (სახელმწიფოს) ინტერესების დაცვა, არამედ, ხელისუფლების კრიტიკა და მისი დისკრედიტაციაა, რომლის საბოლოო მიზანი მასებში „ნაციონალური" რეჟიმის მიმართ ნოსტალგიის გაჩენა გახლავთ. მართალია, ჯერჯერობით ამას ვერ ახერხებენ, მაგრამ, სიცრუის მანქანა მაინც კარგად მუშაობს!

აქედან გამომდინარე, „რუსთავი-2" არც არასდროს ყოფილა და არც მომავალში იქნება ჩემთვის თავისუფალი სიტყვის და საზოგადოების ინტერესების დაცვის გარანტი!

რაც შეეხება საზმაუს (ე.წ. I არხი), აქ გაცილებით რთულადაა საქმე. ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ მან თავისი ნამდვილი ფუნქცია (სხვა საკითხია, რამდენად ზედმიწევნით ასრულებდა იგი ამ ფუნქციას, ან საერთოდ, ასრულებდა თუ არა) დაკარგოს.

ჩემი ინტუიციით (დაკვირვებითაც), არ გამოვრიცხავ, რომ „რეფორმირების" ლოზუნგით საზოგადოებრივი მაუწყებელი ან დასუსტდეს (ვიმეორებ, ფუნქცია დაკარგოს), ან „გადარჩენის"მოტივით სხვა ტელეკომპანიას (სამარჩიელოც არ არის, რომელს)შეუერთდეს. ყოველ შემთხვევაში საეჭვოა საზმაუს „რეფორმებმა"ჩვენი (საზოგადოების) სასარგებლოდ ჩაიაროს!

აქ უკვე ჩნდება კითხვა: საით მიდის ეს ყველაფერი და უნდა ვიყოთ თუ არა ჩვენ გულხელდაკრეფილი და პირში წყალჩაგუბებული? ყველაფერი მიდის თუ არა იქითკენ, რომ ქვეყანაში არ არსებობდეს დაბალანსებული და საზოგადოების (და არა ხელისუფლების ან ოპოზიციის) ინტერესების გამომხატველი ტელეკომპანია?

საზმაუს ახალი მენეჯმენტის პირველი ოფიციალური განცხადებები და „რეფორმირების" მონახაზი დაეჭვების საფუძველს ნამდვილად იძლევა!

თუ ყველაფერი აქეთკენ წავიდა, აი, მაშინ ნამდვილად უნდა გამოვიდეს სრულიად საქართველო თავისუფალი სიტყვის დასაცავად, რადგან, ეს საზოგადოებრივი არხია და მას საზოგადოება ინახავს! თუ „რუსთავი-2"-ისნაირ კომერციულ მედეიასაშუალებებთან მიმართებაში არა, აქ საზოგადოებამ თავისი სიტყვა უნდა თქვას არხის სარედაქციო პოლიტიკის განსაზღვრაშიც კი და ეს უხეშ ჩარევად არ უნდა ჩაითვალოს!

მართალია, „რუსთავი-2"-თან მიმართებაში ვიყავი არაკოლეგიალური, მაგრამ, თუ საზმაუს მიმართ ხელისუფლებას მზაკვრული გეგმები აქვს ჩაფიქრებული, პირველი მე დავდგები თავისუფალი სიტყვის და საზოგადოებრივი არხის დაცვის სადარაჯოზე!

ბოლოთქმა: „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლიდან უკვე თითქმის ხუთი წელი გავიდა და მხოლოდ ახლა გაახსენდათ, რომ იქ „შავადაა" საქმე! სად იყვნენ აქამდე და რატომ ელოდებოდნენ იობის სიმშვიდით ჩახლამებული ტელეკომპანიის (როგორც ახლა ამბობს ახალი მენეჯმენტი) კიდევ უფრო ჩახლამებას?!

რატომ?! რატომ?! რატომ?!

 

20-02-2017, 14:23
უკან დაბრუნება