ივერიონი / ქართული მიწის შეძენა-გასხვისების პრობლემა კონსტიტუციამ უნდა დაარეგულიროს!

ქართული მიწის შეძენა-გასხვისების პრობლემა კონსტიტუციამ უნდა დაარეგულიროს!

 

     

      ღია ბარათი

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს,
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეს,
ბატონ ირაკლი კობახიძეს

ბატონო ირაკლი,

გიდასტურებთ ჩვენს პატივისცემას და წარმოგიდგენთ მოსაზრებებს  მიწის საკითხის საქართველოს კონსტიტუციაში ჯეროვნად შეტანის აუცილებლობასთან დაკავშირებით.       
 
               მიწის საკითხი საქართველოს კონსტიტუციაში

1. მიწა, როგორც განსაკუთრებული საუნჯე და ეროვნული სამკვიდრო

გიორგი მერჩულემ ჯერ კიდევ მე-10 საუკუნეში ბრძანა: „ქართლად ფრიადი ქვეყანაი აღირაცხების, რომელსა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების.“ ეს დეფინიცია საქართველოს ტერიტორიულ, ენობრივ და სარწმუნოებრივ იდენტობას გამოხატავს.

იდენტობის დამდგენ ამ ტრიადაში უწინარესი ქვე-ყანაა, ტერიტორიული იდენტობაა.  ქვე-ყანა ქართულად  სწორედ მიწას აღნიშნავს. „ფრიადი ქვეყანაი“ - მიწათა ერთობლიობა და ერთიანი მთლიანობაა; ანუ ტერიტორიული იდენტობაა ეროვნული თვითცნობიერების და შესაბამისად, სახელმწიფოებრიობის ნიადაგი.

ქართული ცივილიზაცია გეორგიანულია. საქართველოს ეს საერთაშორისო სახელდება მიწათმოქმედებისგან მოდის. მიწათმოქმედი, „პურისა და ღვინის მომყვანი“ ხალხისთვის საკუთარი ეროვნული იდენტობის სრულად გაცნობიერება უწინარესად მიწათ-მფლობელობისა და მიწათ-სარგებლობის მოწესრიგებულობას უკავშირდება. „ფრიადი ქვეყანა“ ეს ის ტერიტორიაა, სადაც მიწათ-მფლობელობისა და მიწათ-სარგებლობის საერთო ქართული ადათი და წეს-რიგია დამკვიდრებული.

მიწათ-მფლობელობის მოწესრიგებულობიდან წარმოდგებოდა არა მხოლოდ იმდროინდელი თაობების, არამედ მათ წინაპართა და შთამომავალთა ერთიანი იდენტობა - უწყვეტი მემკვიდრეობითობა, წარსულის, აწმყოსა და მომავლის ურღვევი კავშირი. ეს სწორედ იმას ნიშნავდა, რომ საუკუნეებისა და ათასწლეულების განმავლობაში „ფრიადი ქვეყანაცა“ და ამ ქვეყნის ყოველი სოფელიც ქართველებს სამუდამოდ ჰქონდათ დამკვიდრებული!

მიწის საკითხის ქართული წესით მოწესრიგებულობა აუცილებელი წინაპირობა იყო, რომ ბედი ამა ქვეყნისა, მიუხედავად ათასგვარი ჟამთა სიავისა, არავითარ შემთხვევაში სასწორზე არ იქნებოდა შეგდებული!

დიდმა ილიამ ახალ ეპოქაში თავიდან, როგორც სამოქმედო დევიზი, გაიმეორა საქართველოს რაობის განმსაზღვრელი გიორგი მერჩულესეული ფორმულა: „მამული, ენა, სარწმუნოება!“ ამ ტრიადაში იგივე უცვლელი თანმიმდევრობაა შენარჩუნებული; ე.ი. ისევე, როგორც გიორგი მერჩეულემ - „ფრიადი ქვე-ყანა“, ილიამაც ენასა და სარწმუნოებასთან ერთად, უწინარეს საუნჯედ სწორედ მამული - მამა-პაპათგან  საპატრონოდ და მოსავლელად დანატოვარი მიწა დაასახელა!

აშკარაა, რომ ქართული ტრადიციით მიწა ნებისმიერი სხვა მატერიალური სიკეთისაგან გამორჩეული განსაკუთრებული ღირებულებაა. მეტიც: ცივილიზაციის, განსაკუთრებით - გეორგიანული ცივილიზაციის მაკონსტიტუირებელი მარადიული ღირებულება. ამდენად, როგორ არის დაცული ეს ღირებულება, უწინარესად დაცული  სამართლის მიერ, არსებითად ქვეყნისა და სახელმწიფოს ბედის განმსაზღვრელია! (უფრო დაწვრილებით იხ. პაატა კოღუაშვილი. დავით ზარდიაშვილი „მიწა, ანუ, ბედი ამა ქვეყნისა“).

http://iverioni.com.ge/15969-mitsa-anu-bedi-ama-qveynisa.html

2. არსებული მძიმე ვითარება: მიწის საკითხის მოქმედი კონსტიტუციის მიღმა დატოვება

დღეს მოქმედი კონსტიტუციის ტექსტში საერთოდ არ არის არავითარი ჩანაწერი მიწის თაობაზე, გარდა კონსტიტუციის მე-3 მუხლის 1-ელი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტისა, რომლის ძალითაც  „მიწის, წიაღისეულის და ბუნებრივი რესურსების შესახებ კანონმდებლობა“ „მხოლოდ საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება“. თავისთავად მართლზომიერი ეს ჩანაწერი აშკარად უკმარია, რადგან მიწის, როგორც ქართველი ხალხის ეროვნული საუნჯისა და ყოველთა ქართველთა სამკვიდროს, მიმართ კონსტიტუციას და საერთოდ, ქართულ სამართალს გეორგიანული ცივილიზაციის ქვეყანაში გამორჩეული, განსაკუთრებული დამოკიდებულება გააჩნდა და მარად უნდა გააჩნდეს!

მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციის პრეამბულა ხაზგასმით მოიხსენიებს „ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობას“, როგორც კონსტიტუციის დასაყრდენს, ერთ-ერთი ყველაზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი - მიწის საკითხი  კონსტიტუციით საერთოდ არ წესრიგდება. ამ სასიცოცხლო საკითხის კონსტიტუციის მიღმა დატოვება ეჭვს ქვეშ აყენებს ზოგაგად ქართულ სამართლებრივ ტრადიციასაც, კონკრეტულად - 1921 წლის კონსტიტუციის  ისტორიულ-სამართლებრივი მემკვიდრეობასაც, ვინაიდან ტრადიციულ ქართული სამართალშიცა და 1921 წლის კონსტიტუციაშიც მიწასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს ჯეროვანი ყურადღება ყოველთვის ეთმობოდა.

3. 1921 წლის საქართველოს კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობასთან შეუთავსებლობა

1921 წლის საქართველოს კონსტიტუციის 116-ე მუხლი ამბობს, რომ „მიწის დამუშავება და გამოყენება შეადგენს მიწის მფლობელის მოვალეობას საზოგადოების წინაშე“. სამწუხაროდ, ეს პრინციპი - მიწაზე საკუთრების საზოგადოებრივად დამავალდებულებელი ხასიათი, დღეს მოქმედ კონსტიტუციაში მთლიანად დაკარგულია; მოქმედი კონსტიტუციითა და  სამართლით მიწა არ წარმოადგენს განსაკუთრებულ ღირებულებას, გამორჩეული საჯარო ინტერესისა და ზრუნვის საგანს; იგი არაფრით გამოირჩევა სხვა, რომელიც გნებავთ, ნებისმიერი ნივთისა და „სახმარი“, ორდინალური მატერიალური სიკეთისაგან, რაც უდავოდ დიდ საფრთხეს წარმოადგენს ეროვნული ინტერესებისათვის და როგორც ქართულ სამართლებრივ ტრადიციას, ასევე გავრცელებულ საერთაშორისო პრაქტიკასაც ძირშივე ეწინააღმდეგება.

4. საკუთრების უფლების საზოგადოების წინაშე ვალდებულებებით შეუზღუდავობა საქართველოს მოქმედ კონსტიტუციაში

ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ მოქმედი კონსტიტუციის 21-ე მუხლი ზოგადად საკუთრებას და შესაბამისად - მიწის საკუთრებასაც (ვინაიდან მიწა, როგორც აღვნიშნეთ, ჩვენდა სავალალოდ, მოქმედი კონსტიტუციასა და სამართალში არაფრით გამორჩეული ნივთია!)  განიხილავს მხოლოდ უფლებად და ამ უფლების საზოგადოებრივად დამავალდებულებელ ხასიათს ერთი სიტყვითაც არსად მიუთითებს, მაშასადამე, არც ცნობს; ამგვარი ულტრა-ლიბერალური დამოკიდებულების გამო, მესაკუთრე საზოგადოების წინაშე ყოველგვარი პოზიტიური ვალდებულებისაგან სრულიად თავისუფალია. მეტიც, მას შეუძლია  უპატრონოდ მიატოვოს საკუთარი ქონება და თუნდაც მხოლოდ ამ გზით სახელმწიფო და საზოგადო ინტერესების საზიანოდაც კი მიმართოს საკუთრების უფლება; (სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის მე-3 ნაწილით „სარგებლობის უფლება მოიცავს ასევე შესაძლებლობას, არ ისარგებლოს პირმა თავისი ნივთით. კანონით შეიძლება დაწესდეს სარგებლობის ან მოვლისა და შენახვის ვალდებულება, თუკი ამ ნივთის გამოუყენებლობა ან მოუვლელობა ხელყოფს საზოგადო ინტერესებს. ამ შემთხვევაში მესაკუთრეს შეიძლება ან თვითონ დაეკისროს ვალდებულების შესრულება, ან შესაბამისი სასყიდლით ნივთის გადაცემა სხვა პირის სარგებლობაში.“ ამრიგად, თუკი საკანონმდებლო აქტით არ არის დაწესებული, პირს საზოგადო სიკეთისთვის საკუთრებაში არსებული ნივთის ჯეროვანი მოვლა-პატრონობა არც ევალება).

არსებითად არაფერს ცვლის კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ჩანაწერი („აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი“), ვინაიდან ეს ჩანაწერი მესაკუთრეს იმთავითვე საზოგადოების წინაშე რაიმე პოზიტიური ვალდებულებებით კი არ ბოჭავს, არამედ, მხოლოდ და მხოლოდ  კანონით განსაზღვრულ კონკრეტულ, განსაკუთრებულ შემთხვევებში საზოგადოებას უტოვებს უფლებას კერძო საკუთრება ისე შეზღუდოს, რომ  „საკუთრების უფლების არსი“, ე.ი. ამ შემთხვევაში - მესაკუთრის საზოგადო ვალდებულებებისგან თავისუფლება არ დაირღვეს; საკუთრების ამგვარი თავისუფლება გამყარებულია სამოქალაქო სამართლითაც. სკ-ის 170-ე მუხლის მიხედვით (იხ. ამ მუხლის 1-ელი ნაწილი): „მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.“ სკ-ის 170-ე მუხლის მე-2 ნაწილით  „უფლების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა, და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია.“

როგორც ვხედავთ, სამოქალაქო სამართლითაც, ისევე როგორც ეს კონსტიტუციაშია, მესაკუთრე სრულიად თავისუფალია და საკუთრების უფლება იმთავითვე არსებული არა რაიმე პოზიტიური საზოგადოებრივი ვალდებულებით, არამედ მხოლოდ ნეგატიურად იზღუდება (რადგან აკრძალულია საკუთრების ბოროტად გამოყენება);

ამრიგად, აშკარაა, რომ კონსტიტუციის 21-ე მუხლი და შესაბამისად, სამოქალაქო სამართალიც საკუთრების უფლებას აშკარად უფრო წინ აყენებს, ვიდრე საჯარო და სახელმწიფო ინტერესებს და მესაკუთრეს არაფრით ავალდებულებს ჯეროვნად, საზოგადოდოებისთვის სასიკეთოდ, საჯარო ინტერესის შესაბამისად უპატრონოს და გამოიყენოს ქონება; განსაკუთრებით, თუკი ეს ქონება, მიუხედავად საკუთრების ფორმისა, საერთო ეროვნულ საუნჯეს, ქართველი ხალხის სამკვიდროს -  მიწას წარმოადგენს!

5. არსებული საერთაშორისო პრაქტიკა. საკუთრების უფლების შეზღუდვა საზოგადოების წინაშე პოზიტიური ვალდებულებებით გერმანიის კონსტიტუციის მაგალითზე

არსებული საერთაშორისო საკონსტიტუციო პრაქტიკა ნათლად მეტყველებს: ზოგადად საკუთრების და კონკრეტულად - მიწის საკუთრების მიმართ,  იმგვარი ულტრა-ლიბერალური დამოკიდებულება, რაც საქართველოს კონსტიტუციაშია, უნიკალურია და ევროპის ქვეყნების „უახლესი ტალღის“ (ე.ი. სსრკ-ს დაშლის შემდგომ) მიღებულ არც ერთ კონსტიტუციაში ფაქტობრივად არსად გვხვდება.

იმ ევროპული ქვეყნების კონსტიტუციები, რომლებიც მიწის საკუთრების საკითხს არა ცალკე, არამედ, ზოგადად - საკუთრების უფლების საერთო კონტექსტში აწესრიგებს (მაგ. ჩეხეთის, უნგრეთის, ლატვიის, ესტონეთის და სხვ. კონსტიტუციები),  აუცილებლად ხაზს უსვამს საკუთრების, როგორც არა მხოლოდ უფლებრივ, არამედ ამ უფლებასთან იმთავითვე განუყოფლად დაკავშირებულ, საზოგადოების წინაშე ვალდებულებით ხასიათს. ამ თვალსაზრისით სამაგალითოა გერმანიის კონსტიტუცია (მიღებულია 1949 წელს, არსებითი ცვლილებები და დამატებები შეტანილია 1994 წელს), რომლის მე-14 სტატიის 1-ელი პუნქტი აღიარებს რა საკუთრების უფლებას და განსაზღვრავს, რომ მისი შინაარსი და ფარგლები კანონით დგინდება, იქვე, მე-2 პუნქტში ხაზგასმით მიუთითებს ამ უფლების საზოგადოების წინაშე ვალდებულებებისგან განუყოფლობას:

„საკუთრება ავალდებულებს. მისი გამოყენება  იმავდროულად უნდა ემსახურებოდეს საზოგადოებრივ სიკეთეს.“

ამგვარი შინაარსის ჩანაწერი, სხვადასხვა ფორმულირებებით დამახასიათებელია თითქმის ყველა „უახლოესი ტალღის“ ევროპული კონსტიტუციისთვის.

6. არსებული საერთაშორისო პრაქტიკა: მიწა, როგორც განსაკუთრებული საზოგადოებრივი სიკეთე გერმანიისა და ავსტრიის საკონსტიტუციო სასამართლოების გადაწყვეტილების მაგალითზე

გერმანიის კონსტიტუციაში მიწის და მისი წიაღის გასაჯაროებაზეც არის საუბარი (იხ. მე-15 სტატია), თუმცა კონსტიტუციის ტექსტში მიწის, როგორც განსაკუთრებული ღირებულების შესახებ, პირდაპირი ჩანაწერი არ გვხვდება. მიუხედავად ამისა, გერმანიის საკონსტიტუციო ფედერალურმა სასამართლომ თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში (VerfGE 21, 37 [82]) განმარტა: "იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ მიწა არ ექვემდებარება გამრავლებას და შეუცვლელია, აკრძალულია მისი გამოყენების სრულად მინდობა და დათმობა თავისუფალი ძალების განუსაზღვრელი თამაშისა და ცალკეული პირის შეხედულებისთვის. სამართლიანი სამართლებრივი და საზოგადოებრივი სისტემა მოითხოვს მიწის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესების მეტად გათვალისწინებასა და გამოხატვას, ვიდრე, სხვა ქონებრივი სიკეთეების შემთხვევაში“.

გერმანიის საკონსტიტუციო ფედერალურმა სასამართლომ თავის სხვა გადაწყვეტილებაში
(BVerfGE 21, 73), მოსარჩლის მოსაზრება რომ  "სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებული ბრუნვა ისეთივე თავისუფალია, როგორც  ეს სხვა "კაპიტალის შემთხვევაშია,"  არ გაითვალისწინა იმის  გამო, რომ "ის  გარემოება,  რომ მიწა შეუცვლელია  და  ამასთან ერთად  არ ექვემდებარება გამრავლებას,  კრძალავს, რომ  იგი  სრულად მინდობილი და დათმობილი იქნეს თავისუფალი ძალების განუსაზღვრელი თამაშისა და ცალკეული პირის შეხედულებისთვის. არც სახალხო-სამეურნეო მოსაზრებიდან და არც მისი სოციალური მნიშვნელობიდან გამომდინარე, არ შეიძლება მიწა ავტომატურად გაუთანაბრდეს სხვა ქონებრივ სიკეთეებსა და ღირებულებებს, სამართლებრივ ბრუნვაში კი იგი ვერ იქნება მიჩნეული და მიღებული, როგორც უძრავი ქონება."

ასევე, აღსანიშნავია უცხოელის მიერ უძრავის ქონების შეძენის შესახებ კანონის კონსტიტუციურობის თაობაზე  ავსტრიის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც  (Landesgegesetzblatt Nr. 88/1994): „სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისება ყოველთვის უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი პროცესი, რადგან, მიწა არის არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ სოციალური და კულტურული ფასეულობა.“

7. არსებული საერთაშორისო პრაქტიკა: უცხოელებზე მიწის გაყიდვის შეზღუდვა ლიტვის კონსტიტუციის მაგალითზე

ზოგიერთი ევროპული კონსტიტუცია პირდაპირ ზღუდავს უცხოელებზე მიწის გასხვისებას. სანიმუშოდ მოვიყვანთ ყოფილი სსრკ-ს რესპუბლიკის, დღეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს - ლიტვის კონსტიტუციის 47-ე სტატიის ჩანაწერს:

„სტატია 47
მიწა, შიდა წყლები. ტყეები, პარკები საკუთრების უფლებით შეიძლება ეკუთვნოდეთ მხოლოდ ლიტვის მოქალაქეებს და სახელმწიფოს. თვითმმართველობებს, სხვა ეროვნულ სუბიექტებს, აგრეთვე ლიტვაში სამეურნეო საქმიანობის განმახორციელებელ უცხოელ სუბიექტებს, ლიტვის რესპუბლიკის მიერ არჩეული ევროპული და ტრანსატლანტური ინტეგრაციის  შესაბამისად და  კონსტიტუციური კანონით განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე, შეიძლება ნება დაერთოთ შეიძინონ არა სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომლებიც აუცილებელია უშუალო საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო შენობა-ნაგებობების მშნებლობისა და ექსპლოატაციისათვის. ასეთი ნაკვეთების საკუთრებაში შეძენის წესი, პირობები და შეზღუდვები განისაზვრება კონსტიტუციური კანონით. კანონით დადგენილი წესით მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება შეიძლება გააჩნდეს უცხო სახელმწიფოს - მისი დიპლომატიური და საკონსულო დაწესებულებების დასაფუძნებლად. ლიტვის რესპუბლიკის განსაკუთრებულ საკუთრებას განეკუთვნება მიწის წიაღი, აგრეთვე შიდა წყლები, ტყეები, პარკები, გზები, ისტორიის, არქეოლოგიისა და კულტურის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ობიექტები. ლიტვის რესპუბლიკის განსაკუთრებულ საკუთრებას განეკუთვნება აგრეთვე ლიტვის ტერიტორიის თავზე საჰაერო სივრცე, კონტინენტური შელფი და ბალტიის ზღვის ეკონომიკური ზონა.“

ამრიგად, როგორც ვხედავთ, ლიტვის კონსტიტუცია უკიდურესად ზღუდავს, ხოლო სასოფლო-სამეურნეო მიწის შემთხვევაში  - საერთოდაც კრძალავს უცხო სუბიექტებზე მიწის გასხვისებას.

8. რა უნდა გაკეთდეს?

უწინარეს ყოვლისა, საქართველოს ისტორიულ-სამართლებრივი ტრადიციებისა და გავრცელებული საერთაშორიოსო პრაქტიკის გათვალისწინებით, საქართველოს კონსტიტუციამ მიწა უნდა აღიაროს განსაკუთრებულ ეროვნულ საუნჯედ და ქართველი ხალხის სამკვიდროდ!

იმავდროულად, მოქმედ კონსტიტუციაში მოცემული ულტრა-ლიბერალური დამოკიდებულება ზოგადად საკუთრების, განსაკუთრებით კი მიწის საკუთრების მიმართ უნდა შეიცვალოს და გონივრულად ლიბერალური გახდეს; ეს ნიშნავს, რომ საკუთრების  ხელშეუვალობის კონსტიტუციურ გარანტიასთან ერთად 21-ე მუხლში აუცილებლად უნდა გაჩნდეს ჩანაწერი  საკუთრების, როგორც იმთავითვე საზოგადოების წინაშე პოზიტიური ვალდებულებით შეზღუდული უფლების, თაობაზე.

რასაკვირველია, მესაკუთრე თავისუფალად ახორციელებს საკუთარ უფლებას ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს საკუთარ ქონებას, მაგრამ, ულტრა-ლიბერალური მიდგომისგან განსხვავებით, „თავისუფლება“ გააზრებული უნდა იქნეს მისი არა ნეგატიური (ე.ი. „თავისუფლება რაიმესგან“, მათ შორის,  ამ შემთხვევაში - საზოგადოებრივი ვალდებულებებისგანაც, როგორც დღეს გვაქვს მოქმედ კონსტიტუციასა და კერძო სამართალშიც), არამედ პოზიტიური მნიშვნელობით (ე.ი.“თავისუფლება რაიმესათვის“, ამ შემთხვევაში,  როგორც ეს, მაგალითად,  გერმანიის კონსტიტუციაშია - მესაკუთრის უფლება და მისი თავისუფლება „იმავდროულად უნდა ემსახურებოდეს საზოგადოებრივ სიკეთეს“).

საკუთრების ამგვარი, ე.ი. თავისუფლების პოზიტიური შინაარსის გააზრებიდან გამომდინარე გაგება, თავისთავად გულისხმობს, რომ ეს უფლება არა მხოლოდ ნეგატიური თავალსაზრისით იზღუდება (ე.ი. იკრძალება მისი ბოროტად გამოყენება, როგორც დღესაც არის ჩვენს კერძო სამართალში), არამედ, პოზიტიურადაც -  მესაკუთრე იმთავითვე, ე.ი.უფლების შეძენისთანავე ვალდებული ხდება ამ უფლების განხორციელებისას არა მხოლოდ კერძო, არამედ იმავდროულად საზოგადოებრივ სიკეთეს ემსახუროს!

ეს ფუნდამენტური პრინციპი, პირველ ყოვლისა, მიწის საკუთრების მიმართ უნდა იქნეს გავრცელებული და ამგვარად, დღევანდელი კონსტიტუციით უნდა აღდეგს  1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივი მემკვიდრეობა, კერძოდ - მისი 116-ე მუხლის ის პრინციპი, რომ მიწის საკუთრება იმთავითვე გულისხმობს მესაკუთრის პოზიტიურ ვალდებულებას, ჯეროვნად უპატრონოს და დაამუშავოს მიწა.

ბუნებრივია, თუ კონსტიტუციის ახალი რედაქცია საკუთრების უფლებას ამგვარ ვალდებულებას განუყოფლად დაუკავშირებს, მაშინ, ლოგიკურად გამომდინარეობს მიწის საკუთრების შეძენის შეზღუდვაც. მართლაც: ვინაიდან მიწაზე, რომელიც განსაკუთრებული ეროვნული საუნჯე და ქართველი ხალხის  სამკვიდროა, საკუთრება იმთავითვე განსაკუთრებულად საპასუხისმგებლო საზოგადოებრივ ვალდებულებასაც გულისხმობს, მაშასადამე - მიწის საკუთრების შემძენმა ნებისმიერმა პირმა  შეძენისას უნდა დაასაბუთოს (ტექნიკურად ყველაზე მარტივია, თუკი იგი წინასწარ დადგენილ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, როგორც ეს, მაგ. ლიტვის კონსტიტუციაშია), რომ მას ხელეწიფება ამგვარ ვალდებულებათა ტვირთის ზიდვა.

ასევე ცხადია, რომ იმ სუბიექტებისგან, რომელთაც საქართველოს სახელმწიფოსთან სამართლებრივი კავშირი არ გააჩნიათ (უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მოქალაქეობის არ მქონე პირები ანდაც საქართველოს არარეზიდენტი იურიდიული პირები) და თავისუფალნი არიან მოქალაქის ვალდებულებათაგან, დასაბუთება უფრო მკაცრი კრიტერიუმებით უნდა მოითხოვებოდეს, როგორც ეს არის ცივილიზებული ქვეყნების უდიდეს უმრავლესობაში.
ბუნებრივია, კონსტიტუცია როგორც ზოგადად საკუთრების, ასევე კონკრეტულად მიწათმფლობელობისა და მიწათსარგებლობის მხოლოდ ძირითად, ფუნდამენტურ პრინციპებს უნდა შეიცავდეს, ხოლო დაწვრილებით საკუთრებასთან დაკავშირებული ურთიერთობები კერძო სამართალმა, ხოლო მიწის, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის საუნჯის, საკუთრების შემთხვევაში კი ორგანულმა კანონმა - მიწის კოდექსმა უნდა მოაწესრიგოს.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, კონსტიტუციის I თავს „ზოგადი დებულებები“, იმ მუხლებთან, სადაც საუბარია სახელმწიფო ენასა და საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის განსაკუთრებულ სტატუსზე, უნდა დაემატოს მუხლი, რომელიც მიწას, მიუხედავად მასზე საკუთრების ფორმისა, ცნობს, როგორც განსაკუთრებულ ღირებულებას - ეროვნულ საუნჯესა და ქართველთა - წინაპარი, აწმყო და მომავალი თაობების სამუდამო  სამკვიდროს (ამ მუხლის დამატება ენისა და ეკლესიის სტატუსების განმსაზღვრელ ნახსენებ მუხლებთან ერთად კონსტიტუციაში შეკრავს მარადიულ ქართულ ტრიადას - „მამული, ენა, სარწმუნოება“!).

 ეს მუხლი შექმნის მიწის განსაკუთრებული დაცვის კონსტიტუციურ გარანტიებს, დაადგენს მიწის საკუთრების ფორმებს - სახელმწიფო, მუნიციპალურ (სათემო) და კერძო საკუთრებას, განსაზღვრავს მიწის საკუთრების, როგორც უფლების, იმთავითვე საზოგადოებრივი ვალდებულებით დატვირთვის პრინციპს, ხოლო მიწათმფლობელობისა და  მიწათსარგებლობის საკითხების (მათ შორის უფლებრივი და მიწათსარგებლობის კადასტრთა წარმოების, მიწათსარგებლობის დაგეგმვის, მიწათმოწყობის, მიწის კატეგორიების მიხედვით მიწის მასივებისა და ლანდშაფტების მართვის, და სხვ.) მოწესრიგებას ორგანულ კანონს - „მიწის კოდექსს“ მიანდობს. ამ მუხლის შესაძლო რედაქცია შემდეგია:

„მუხლი 71
1. მიწა, მიუხედავად მისი საკუთრების ფორმისა, წარმოადგენს განსაკუთრებულ ეროვნულ საუნჯეს - წინაპარი, აწმყო და მომავალი თაობების სამუდამო სამკვიდროს, რომელსაც იცავს ხალხი  და სახელმწიფო.

2. მიწა შეიძლება იყოს სახელმწიფო, მუნიციპალურ (სათემო) და კერძო საკუთრებაში. მიწის ჯეროვანი მოვლა-პატრონობა, ხოლო სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის შემთხვევაში აგრეთვე მისი სათანადო დამუშავება შეადგენს მიწის მესაკუთრის ვალდებულებას ქართველი ხალხისა და ადგილობრივი თემის წინაშე.

3. მიწაზე უფლებების შეძენა ექვემდებარება სავალდებულო რეგისტრაციას საჯარო რეესტრში. მიწაზე უფლებების შეძენისა და დაკარგვის, უფლებების და ვალდებულებების რეგისტრაციის, მიწათსარგებლობის აღრიცხვისა და დაგეგმვის, მიწათმოწყობის, კატეგორიების მიხედვით მიწის მასივთა და ლანდშაფტების მართვისა და დაცვის წესებსა და პირობებს ადგენს ორგანული კანონი „საქართველოს მიწის კოდექსი“.

4. მიწის საკუთრების ყოველი შემძენი იმთავითვე თავს იდებს ვალდებულებას, რომ მის მიერ საკუთრების უფლების განხორციელება გარდა კერძო მიზნებისა, იმავდროულად საზოგადო კეთილდეღეობას მოემსახურება, ხოლო მიწა, როგორც ეროვნული საუნჯე, დაცული იქნება არაჯეროვანი მოვლა-პატრონობის, ბოროტად გამოყენების, დაზიანებისა ან მოცდენისგან. ამ ვალდებულებიდან გამომდინარე, შემძენ პირს მოეთხოვება ორგანული კანონით - „საქართველოს მიწის კოდექსით“ დადგენილი კრიტერიუმების დაკმაყოფილება. იმ სუბიექტების მიმართ, რომლებიც არ არიან საქართველოს მოქალაქეები ან საქართველოს რეზიდენტი იურიდიული პირები, შეიძლება ორგანული კანონით ცალკე კრიტერიუმები დაწესდეს. უცხოელზე სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვა დასაშვებია მხოლოდ  „საქართველოს მიწის კოდექსით“ განსაზღვრულ ცალკეულ  საგამონაკლისო შემთხვევებში, თუ აშკარაა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი საზოგადო სარგებელი  და არსებობს ადგილობრივი თემის წინასწარი თანხმობა.“

რაც შეეხება კონსტიტუციის 21-ე მუხლს, იგი შესაძლოა შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდეს:

 „მუხლი 21
1. საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. საკუთრების უფლების შინაარსი და ფარგლები კანონით განისაზღვრება. მიწის საკუთრების შეძენისას გათვალისწინებული უნდა იყოს ამ კონსტიტუციის მე-71 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი პირობები.

2. საკუთრების უფლება მესაკუთრეს იმავდროულად ავალდებულებს: . მის მიერ საკუთარი ქონების თავისუფლად ფლობა და სარგებლობა გარდა კერძო სიკეთისა, იმავდროულად უნდა ემსახურებოდეს საზოგადო სიკეთის მიღწევის მიზანს. ქონების განკარგვა ამ მიზანს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს. დაუშვებელია საკუთრების უფლების ბოროტად გამოყენება.

3. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი. მიწის საკუთრების შეზღუდვა დასაშვებია ორგანული კანონით - „საქართველოს მიწის კოდექსით“ განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

4. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან.“

პატივისცემით,
დავით ზარდიაშვილი,

ექსპერტი მუნიციპალურ სამართალში (ტ. 599 30 56 61);

 

პაატა კოღუაშვილი,

საქართველოს ს/მ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი (ტ. 597 33 34 75);

 

ანზორ მესხიშვილი,

სერთიფიცირებული ექსპერტი მიწათსარგებლობაში (ტ. 599 92 55 53)

22-02-2017, 14:31
უკან დაბრუნება