ივერიონი / შეთქმულება ეკლესიის წინააღმდეგ თუ შიგნიდან გატეხილი „ციხე“?!

შეთქმულება ეკლესიის წინააღმდეგ თუ შიგნიდან გატეხილი „ციხე“?!

ოპერაცია „ციანიდი“ ჩიხში შევიდა - პროკურატურა იძულებულია უკან დაიხიოს და ეს ყველაფერი გამოძიების ინტერესებით ახსნას. არსებობს მეორე ვერსიაც, რომელიც უშუალოდ პატრიარქის სურვილს (ყოველ შემთხვევაში, ამაზე იყო მინიშნება) - ეკლესიის ავტორიტეტის გადარჩენას უკავშირდება!

 

ძნელი სათქმელია, სად გადის ჭეშმარიტების ზღვარი და რა დასკვნამდე მივა საქართველოს პროკურატურა, მაგრამ კითხვის ნიშნები დიდხანს რომ იარსებებს, ცხადია. რაც არ უნდა ვიმარჩიელოთ, სიმართლე მხოლოდ უფალმა და დამკვეთ-შემსრულებლებმა იციან.

 

ჩვენ მხოლოდ ის შეიძლება გვაინტერესებდეს, ვის აძლევდა ხელს ყველაზე მეტად ეკლესიაში დისონანსის შეტანა და იტვირთავდა თუ არა მავანი იმ სასიკვდილო ცოდვას, რომელსაც ერი ვერსადროს გამოისყიდიდა!

 

ღმერთმა დიდხანს გვიმყოფოს ერის სულიერ საჭეთმპყრობლად უწმინდესი და უნეტარესი ილია II, მაგრამ, თუ სინამდვილეში პატრიარქის, „მაღალი რანგის სასულიერო პირის“ ან თუნდაც „პატრიარქის უახლოესი გარემოცვის“ რომელიმე წევრის სიცოცხლის ხელყოფა იგეგმებოდა, ეს თავისთავად ნიშნავს, რომ ეკლესიის დაუძინებელი მტრები მის წიაღში არეულობის შეტანას და იქ არსებული განხეთქილების საბოლოოდ „გაფორმებას“ აპირებდნენ!!!

 

კითხვაზე, ვის აძლევდა ხელს ეს? პასუხის გაცემა არც ისე ძნელია - უპირველესად, ეს აწყობდა იმას, ვისაც დაუოკებელი სურვილი აქვს შეარყიოს ეკლესიის შეუვალი ავტორიტეტი და ერი სულიერი საყრდენის გარეშე დატოვოს!

 

მიუხედავად ქართულ ეკლესიაში არსებული ქაოსისა და მრევლისთვის დამაბრკოლებელი გარემოებებისა, ყველა გამოკითხვა ადასტურებს, რომ ჩვენი პატრიარქი ერთადერი შეუვალი ავტორიტეტია, რომელსაც ხალხი ენდობა! ბოროტ ძალებს სწორედ ამ ავტორიტეტის გაცამტვერება (ამ სიტყვაში არ იგულისხმება მხოლოდ ფიზიკური ხელყოფა) და მრევლის სულიერი საზრდოს გარეშე დატოვება სურთ!!!

 

მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიის თემა დღემდე ზოგადად ტაბუდადებულად მიიჩნევა, შიგადაშიგ გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც მის წიაღში არსებულ უწესრიგობებს ამხელენ, მაგრამ ამას აკეთებენ არა ტკივილითა და სიყვარულით, არამედ, აგრესიითა და ნიშნის მოგებით, რაც ისედაც ურწმუნო მრევლს კიდევ უფრო ამძიმებს!..

 

მე არც თეოლოგი ვარ და არც ღვთისმეტყველების სპეციალისტი, რომ პრეტენზია მქონდეს ეკლესიაში არსებული პრობლემების უტყუარ შეფასებაზე, მაგრამ, როგორც რიგითი მრევლი შევეცდები ჩემი თვალსაწიერიდან შევაფასო ის, რასაც დღევანდელ ქართულ ეკლესიაში ვხედავ და ვგრძნობ. იმედია, ამ თემაზე საკუთარი აზრის გამოთქმას მავანი განკითხვაში არ ჩამითვლის...

 

ეკლესია ცოცხალი ორგანიზმია, ამდენად, ბუნებრივია ისიც გადაცდომებისგან დაზღვეული ვერ იქნება (იქაც ჩვეულებრივი ადამიანები არიან), თუმცა, უდავოა, რომ მის წიაღში არსებული პრობლემები პირდაპირ აისახება ერის (სახელმწიფოს) სიცოცხლისუნარიანობაზე - დიახ, ეკლესიის ერთიანობა და ეკლესიაში დამკვიდრებული წესრიგი პირდაპირპროპორციულია საზოგადოების ერთიანობის, ხოლო მის „სხეულში“ გაჩენილი „მატლები“ დაუნდობლად ღრღნიან ერის ორგანიზმსაც...

 

მიუხედავად იმისა, რომ ოპერაცია „ციანიდი“ დღეს ქართული საზოგადოების (მრევლის) განქიქების საგნად იქცა, უპირველესად იმ არაჯანსაღ სიტუაციაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რამაც ამ მდგომარეობამდე მიგვიყვანა.

 

 

უნდა არსებობდეს თუ არა ტაბუდადებული თემები?!

 

ამ სამიოდე წლის წინათ  ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა თავისი არასამთავრობო ორგანიზაციის - „მოქალაქის“პრეზენტაციაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტაბუდადებული თემები არ უნდა არსებობდეს. ეს განცხადება მოჰყვა ჟურნალისტის რეპლიკას, რომ „პატრიარქმა ასე განაცხადა“.

 

ექსპრემიერის რეაქცია - „მერე რა, რომ პატრიარქი ასე ფიქრობს, საჭიროების შემთხვევაში ისიც უნდა გავაკრიტიკოთ“, მე პირადად ცოტა საჩოთიროდ მეჩვენა.

 

ივანიშვილმა თავისი თამამი განცხადებით კარტბლანში მისცა ჟურნალისტებს და ერთადერთი შეუვალი ავტორიტეტის კრიტიკისკენ მოუწოდა.

 

„ნუ განიკითხავთ“ _ ამბობს უფალი, მაგრამ, არავინ გვიკრძალავს ვამხილოთ თუნდაც ეკლესიაში არსებული პრობლემები, თუ იგი ჩვენი სულის ზრდას (დაპურებას) ხელს შეუშლის!

 

დიახ, ერთია ამხილო, მაგრამ მეორეა მიზანმიმართულად აკრიტიკო და ამით ეკლესიის დისკრედიტაციას შეუწყო ხელი...

 

ვეთანხმები ბატონ ბიძინას, რომ ტაბუდადებული თემები არ უნდა არსებობდეს, მაგრამ, კარგად უნდა გავიაზროთ, რას ემსახურება ჩვენი კრიტიკა, რამდენად კეთილგანწყობილად ან მართლზომიერადაა იგი ნათქვამი ან დაწერილი - არსებულ პრობლემებს შეარბილებს თუ კიდევ უფრო მეტად დაძაბავს სიტუაციას?!

 

ამ „ინციდენტს“ მეორე დღესვე ემოციური სტატიით გამოვეხმაურე, რომელიც „ივერიონში“ დავბეჭდე (http://iverioni.com.ge/16351-thanamedrove-luciferi-da-shuaze-gakhlechili-sazogadoeba.html). ივანიშვილის ფანებიდან რეაქციამაც არ დააყოვნა, მაგრამ, როგორც წესი, თანდათან მინელდა!..

 

ფაქტი ერთია: ნებისმიერი ბოლოდროინდელი ხელისუფლება (გარდა ზვიად გამსახურდიასი, რომელმაც ღიად ამხილა ქართულ ეკლესიაში არსებული პრობლემები და ახალი რუის-ურბნისის კრების მოწვევის აუცილებლობის იდეა წამოაყენა) ყოველგვარი მეთოდებითა და ხერხებით (ჩანერგილები, სასულიერო პირების კორუფციაში ჩაფლობა) ცდილობდა ეკლესიის წიაღში შეღწევას და მის დისკრედიტაციას, რომ მრევლში რწმენის ნაპერწკალი ჩაექრო და ხალხი უფრო მორჩილი და გაბრუებული ჰყოლოდა!

 

ამ ბოლო „დარტყმამ“ გარკვეულწილად მიზანს მიაღწია - ურწმუნო მრევლი „ქრისტეს სხეულს“ უკვე გადაგვარებულ მღვდელთან და მღვდელმთავრებთან აიგივებს, რაც მიუტევებელი შეცდომაა!!!

 

 

საითკენ წაგვიყვანს კლანური დაპირისპირება ეკლესიაში და რა ფატალური შედეგებით შეიძლება დასრულდეს იგი?!

 

ამ კითხვაზე პასუხი ცალსახაა - ეკლესიაში არსებული კლანური დაპირისპირება პირდაპირ აისახება ეკლესიის ავტორიტეტზე და ურწმუნო მრევლში მის საბოლოო დისკრედიტაციას გამოიწვევს.

 

არადა, სინამდვილეში ეკლესია „ქრისტეს სხეულია“ და მისი გაიგივება სულწაწყმედილ მღვდლებთან ან მღვდელმთავრებთან პირდაპირ რომ ვთქვათ, დანაშაულია. ჩვენ უფლის საძებნელად უნდა დავდიოდეთ „ქრისტეს სხეულში“ და არა სასულიერო პირების სიწმინდისა თუ სიხარბის დასადგენად - ჭეშმარიტი რწმენა უამისოდ შეუძლებელია!

 

სხვათაშორის, ქართულ ეკლესიაში არსებულ კლანურ დაპირისპირებასა და მაღალ იერარქიებში გამეფებულ კორუფციულ სქემაზე ადრეც საუბრობდნენ. როგორც ირკვევა, ეჭვი საფუძველს მოკლებული არ ყოფილა. მთელი უბედურება ისაა, რომ სიხარბემ და გაუმაძღრობამ ეკლესიაშიც მტკიცედ მოიკიდა ფეხი და ამას ყველანაირად შეუწყვეს ხელი მოქმედმა თუ არსებულმა ხელისუფლებებმა.

 

მეტიც, ეს მათთვის #1 ამოცანა გახდა. ხელისუფლებები, რომლებიც ანტიქართული (ე.წ. გლობალისტურ-მასონური) ძალების მხარდაჭერით მოდიან სათავეში, ყოველნაირად ცდილობენ შეაღწიონ ეკლესიის წიაღში და მცირედმორწმუნე მრევლს ის უკანასკნელი საყრდენიც გამოაცალონ, რომ მერე მთლიანად მათზე დამოკიდებული გახადონ.

 

როგორც ერთ-ერთმა ღრმად განსწავლულმა სასულიერო პირმა (მადლობა ღმერთს, ასეთებიც არიან) მითხრა, რაც თურქ-სელჩუკებმა და ათასი ჯურის გადამთიელებმა ვერ დააკლეს ქართულ ეკლესიას, მართულმა ხელისუფლებამ „ჩანერგილების“ შეგზავნითა და სხვა ათასი ხრიკებით შეძლო ციხე შიგნიდან გაეტეხა - ეკლესიის დისკრედიტირება მოეხდინა და მცირედმორწმუნე (თუ მთლად ურწმუნო არა) მრევლი დაებრკოლებინა!

 

მიზანი თითქმის მიღწეულია და ეს ოპერაცია „ციანიდმაც“ დადასტურა!

 

ვიდრე ჩვენ ეკლესიას მხოლოდ სასულიერო პირების სიხარბესთან და იქ გამეფებულ უწესრიგობასთან (საკმაოდ რბილად ნათქვამია) გავაიგივებთ, ჭეშმარიტ მიზანს (უფლის ძიებას) ყოველთვის ავცდებით. ეს უნდათ სწორედ ეკლესიის დაუძინებელ მტრებსაც...

 

ნიშანდობლივია ისიც, რომ ის, რაც რეალურად ხდება ქართულ ეკლესიაში, ჩვენი, მართლმადიდებელი მრევლის პასიურობის ბრალია - ჩვენ რომ მოწოდების სიმაღლეზე ვიყოთ, ეკლესიის მტრები ამდენს ვერ გაბედავდნენ.

 

 

არის თუ არა ეკლესიის გახლეჩის საშიშროება?!

 

რა თქმა უნდა არის და ეს ეკლესიის გარშემო ატეხილმა აჟიოტაჟმაც დაადასტურა - რაც არ უნდა ვმალოთ („კაცმა ჭირი მალა, ჭირმა თავი არ დამალაო!“), სახეზეა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა ეკლესიაში გავლენის სფეროების შესანარჩუნებლად, რაც თავისთავად პატრიარქის ტახტისთვის ბრძოლასაც გულისხმობს.

 

ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს ჩვენი პატრიარქი, მაგრამ ერთი რამ უდავოა: გავლენის სფეროების შესანარჩუნებლად დაპირისპირებული მხარეებიდან (რომელიც უკვე გამოკვეთილია), ვინც მოახერხებს  სინოდის წევრების უმრავლესობის მხარდაჭერის მიღებას, გავლენას სწორედ ის ჯგუფი (კლანი მეჩოთირება რომ ვთქვა) შეინარჩუნებს, ანუ, შეინარჩუნებს იმ ქონებას, რომელიც ხელისუფლების ხელშეწყობითა და საკუთარი სიხარბით დააგროვეს!

 

რა დასკვნაც არ უნდა დადოს საქართველოს პროკურატურამ, ერთი რამ ფაქტია: ოპერაცია „ციანიდის“ დამკვეთ-შემსრულებლებმა მიზანს მიაღწიეს - ეკლესია საგრძნობლად გასვარეს (შეეცადნენ ციხე შიგნიდან გატეხათ) და მრევლი კიდევ უფრო დაებრკოლებინათ!..

 

ვერაფერს დავიჩემებ, მაგრამ, რატომღაც არ მჯერა, რომ პატრიარქის მოწამვლა იგეგმებოდა - დღეს ეს დაპირისპირებული ჯგუფების ინტერესში, ალბათ, ნაკლებად შედიოდა, რადგან, პატრიარქის სიცოცხლის ხელყოფით ვერცერთი მხარე გზას ვერ „გაისუფთავებდა“ ბინძური ჩანაფიქრის მისაღწევად!..

 

მართლაც, თუ დავუშვებთ, რომ „ციანიდს“ თავისი საქმე უნდა გაეკეთებინა, უფრო სარწმუნოა, რომ იმ ადამიანების მოშორება იგეგმებოდა, ვინც ხელს უშლიდა გარკვეულ კლანს მიზნის მიღწევაში. აქედან გამომდინარე, შეიძლება არ გამოვრიცხოთ, რომ საწამლავი პირველ დღეებში დასახელებული „მაღალი სასულიერო იერარქის“ ან პატრიარქის მდივან-რეფერენტის მოსაშორებლად სჭირდებოდათ. ეს უფრო ახლოს დგას რეალობასთან, ვიდრე პატრიარქის მოწამვლის მცდელობა!

 

თუმცა, არც იმას გამოვრიცხავ (პროკურატურის, ხელისუფლების წარმომადგენლების და საპატრიარქოს მხრიდან გაკეთებული ერთმანეთისგან განსხვავებული განცხადებები მაფიქრებინებს), რომ ეს ყველაფერი სწორედ აჟიოტაჟის ასატეხად იყო ჩაფიქრებული და გარკვეულმა ძალებმა (სხვათაშორის, ამ ვერსიის რწმუნების შემთხვევაში „ნაციონალების“ ხელწერაც იკითხება. რადგან, დღევანდელი ხელისუფლება ამას ასე ოსტატურად ვერც დაგეგმავდა) მიზანს მიაღწიეს!..

 

დიახ, არავის არაფერს ვაბრალებ, მაგრამ, არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამ ყველაფერში „ნაციონალების“ ხელიც ერიოს. მათ ერთადერთი კოზირი დარჩათ სიტუაციის ასარევად და ეს კოზირი _ ეკლესიაა (ჩემდა გასაკვირად, ამაზე არავინ ამახვილებს ყურადღებას)!!!

 

არც ის არის სადაო, რომ, როგორც ყოველთვის, დღესაც მოქმედი ხელისუფლება ცდილობდეს ეკლესიას თავს მოახვიოს მორჩილი პატრიარქი და ამით სანუკვარ მიზანსაც საბოლოოდ მიაღწიოს...

 

დღეს ბევრს საუბრობენ პატრიარქის გარემოცვაზე, რომელსაც უშვერი ეპითეტებით ამკობენ ხოლმე. მიუხედავად მისი უწმინდესობისადმი ჩემი დიდი სიყვარულისა და მოწიწებისა (ამის დასტურად ვიტყვი, რომ ჩემი ხელდასხმითა და ავტორობით გამოვიდა წიგნი „ჩემი პატრიარქი“) უნდა განვაცხადო, რომ ყველა ადამიანი თავის გარემოცვას თვითონვე ირჩევს და ამ შემთხვევაში პატრიარქის გარემოცვა მეტ-ნაკლებად მისი ნება-სურვილით ჩამოყალიბდა და სიმძიმის ძირითადი ტვირთიც მის კისერზეა - მისი ხელდასხმით შეიქმნა ამდენი ეპარქია (უფალმა იცის, საჭიროა თუ არა საქართველოში 48 ეპარქია) და მოვიდნენ ის მღვდელმთავრები, რომლებზეც (რა თქმა უნდა, ყველა არ იგულისხმება), სამწუხაროდ, ლეგენდებს ჰყვებიან...

 

ნიშანდობლივია ისიც, რომ ბევრმა ხელმოცარულმა და საეჭვო წარსულის ადამიანმა თავშესაფარი სწორედ ეკლესიაში ჰპოვა. მისი გარემოცვის აქტიური წევრია საპატრიარქოს „რუხ კარდინალად“ წოდებული შორენა თეთრუაშვილიც, რომლის გავლენის სფერო (როგორც კულუარებში ამბობენ) არც ისე შეზღუდულია თურმე. მეტიც, უკვე ხმამაღლა საუბრობენ იმაზეც, რომ ქ-ნ შორენას გავლენა მომავალი პატრიარქის (კიდევ ვიმეორებ: ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს ილია II) კანდიდატურის შერჩევაზეც (გაყვანაზე) შეიძლება გავრცელდეს!!! აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, ოპერაცია „ციანიდის“ სამიზნე სწორედ პატრიარქის მდივან-რეფერენტი ყოფილიყო!

 

ნიშანდობლივია ისიც, რომ გარდა კორუფციისა და სიხარბისა, ეკლესიის მთავარი პრობლემა სასულიერო პირების გაუნათლებლობაა. იგულისხმება არა მხოლოდ თეოლოგიურ-საღვთისმეტყველო განათლება, არამედ ზოგადად, საეკლესიო სწავლება. რიგით მღვდლებს ვინ ჩივის, არც მაღალი იერარქები დგანან ამ მხრივ სათანადო სიმაღლეზე, რაც მრევლის დაბრკოლების ერთ-ერთ ფაქტორად შეიძლება მივიჩნიოთ (რა სულიერი საზრდო უნდა მისცეს გაუნათლებელმა მღვდელმა ან მღვდელმთავარმა ისედაც ურწმუნო მრევლს?!)!

 

 

ვინ უნდა აფინანსებდეს ეკლესიას?

 

ამ ბოლო დღეებში ბევრი საუბრობს იმაზე, რომ ეკლესიას სახელმწიფო არ უნდა აფინანსებდეს, რადგან, იგი მაღალ იერარქიაში კორუფციის აყვავებისა და გავლენის სფეროების გადანაწილების წყარო ხდება!

 

შეიძლება ამ პრეტენზიაში იყოს ჭეშმარიტების მარცვალი (რეალობას ვერსად გავექცევით), მაგრამ, ხელის ერთი მოსმით სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიის დაფინანსებაზე უარის თქმა დანაშაულია - არ შეიძლება 25 მილიონს ვამადლიდეთ ეკლესიას, როცა ასეულობით მილიონს ვუხდით ზოგადად ხელისუფლებას (მის სხვადასხვა შტოებს), რომელმაც ქვეყანა გაუსაძლის მდგომარეობამდე მიიყვანა, არ შეიძლება ათეულობით მილიონს ვიხდიდეთ ჩვენი ჯიბიდან გაქსუებული ჩინოვნიკების უსაგნო ვოიაჟებსა და პრემია-დანამატებისთვის და ეკლესიისთვის ის მინიმალურიც არ გავიმეტოთ. თუმცა...

 

თუმცა, ხელისუფლება ვალდებულია გააკონტროლოს, თუ სად მიდის და როგორ ნაწილდება ეკლესიისთვის განკუთვნილი ის 25 მილიონი - მაღალი იერარქების გაძლიერებულ მადას ხმარდება მხოლოდ, თუ რიგით სასულიერო პირებზეც ნაწილდება?! ნუთუ იმაზე არ გვიფიქრია, რით უნდა არჩინოს რიგითმა მღვდელმა (თეთრ სამღვდელოებას ვგულისხმობ), რომელსაც ხუთი და მეტი შვილი ჰყავს, საკუთარი ოჯახი? ისიც ხომ ჩვეულებრივი ადამიანია თავისი პრობლემებითა და მოთხოვნილებებით?

 

უკიდურეს დაცემად მიმაჩნია ზოგიერთი ათეისტის (მე მათ მართლმადიდებლობის შეუნიღბავ მტერს დავარქმევდი) ღია განცხადება, რომ ეკლესია მხოლოდ მორწმუნე (იგულისხმება მრევლი) ადამიანებმა უნდა არჩინოს! სწორედ ასეთი მიდგომა აყენებს ზოგიერთ სასულიერო პირს სხვა არჩევანის (ბიზნესში ჩართვის, სხვადასხვა მაქინაციების) წინაშე!

 

რა თქმა უნდა, მეც არ მომწონს, როცა მღვდლები ძვირადღირებული მანქანებით დაგრიალებენ, საუკეთესო აგარაკებს იწყობენ და ა.შ. მაგრამ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეკლესიას არ დავეხმაროთ.

 

სხვათაშორის, მაღალი სასულიერო იერარქების პირდაპირი მოსყიდვისა და ხელისუფლების სამსახურში ჩაყენების მცდელობა (მიზანსაც მიაღწიეს) იყო ეპარქიებისთვის გადაცემული სააკაშვილის ნაჩუქარი ძვირადღირებული ჯიპები. უკვე ღიად საუბრობენ მღვდელმთავრების საკუთრებაში არსებულ ათეულობით ჰექტარ მიწაზე და სხვადასხვა ბიზნესში მონაწილეობაზე, რაც კიდევ უფრო ასუსტებს ეკლესიის იმიჯს. კიდევ ვიმეორებ: ეკლესია უნდა დაფინანსდეს, მაგრამ გაკონტროლდეს, როგორ ნაწილდება ის ფინანსები!

 

 

ვინ ჩაატარებს საეკლესიო რეფორმას და გამოჩნდება თუ არა

ახალი დავით აღმაშენებელი?!

 

თუ საზოგადოებაში გავრცელებულ აზრს ვირწმუნებთ, პატრიარქი უკვე ჯეროვნად ვერ აკონტროლებს სიტუაციას, რასაც მისი გარემოცვა თავის სასარგებლოდ იყენებს თურმე. სწორედ ამას უკავშირებენ ეკლესიაში არსებულ კლანურ დაპირისპირებას და გავლენის სფეროს შენარჩუნებისთვის ბრძოლასაც.

 

ყველას აინტერესებს, ვინ იქნება მომავალი პატრიარქი და ექნება თუ არა მნიშვნელობა ანდერძში (რომელიც წინასწარ იწერება) ვინ ჰყავს მას მოსაყდრედ დასახელებული?

 

საქმეში ჩახედული სასულიერო თუ საერო პირები ფიქრობენ, რომ ანდერძს მნიშვნელობა არ ექნება, რადგან პატრიარქის ტახტს იმ კლანის ფავორიტი დაისაკუთრებს, რომელსაც მეტი მხარდაჭერა ექნება სინოდში, ამიტომ მავანი მიიჩნევს, რომ პატრიარქმა თავისი მემკვიდრე სიცოცხლეშივე უნდა დაასახელოს, ეს უფრო შემაკავებელი ფაქტორი შეიძლება გახდეს საპატრიარქოში არსებული კლანური დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად და ეკლესიის საბოლოოდ გასახლეჩად. თუმცა, იმასაც ამბობენ, რომ უწმინდესი ამას არ გააკეთებს!

 

არის საზოგადოების არცთუ ისე მცირე ჯგუფი, რომელიც ეკლესიაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, საეკლესიო რეფორმის აუცილებლობაზე საუბრობს. გასაგებია, საეკლესიო რეფორმა გარდაუვალია, მაგრამ, ვინ უნდა ჩაატაროს ეს რეფორმა, როცა დღეს არც ჭყონდიდელი გვყავს და აღარც დავით აღმაშენებელი?!

 

როგორც წესი, საეკლესიო რეფორმა ხელისუფლებამ უნდა ჩაატაროს. დღევანდელი ხელისუფლება როგორ „ზრუნავს“ ეკლესიაზე, ამას გამადიდებელი შუშის გარეშეც ვხედავთ. აქედან გამომდინარე, ვიდრე ხელისუფლებაში სულიერად მტკიცე, საკუთარი ქვეყნის მოყვარული ადამიანთა ჯგუფი არ მოვა, ეკლესია ყოველთვის გარეშე ძალების მხრიდან მოყვანილი ხელისუფლებების დარტყმის ქვეშ იქნება!

 

გამოსავალი მარტივია: ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ - იმის შიშით, რომ ურწმუნო (მცირედმორწმუნე) მრევლი კიდევ უფრო არ დაბრკოლდეს, არ შეიძლება იქ დალექილი სიხარბისა და უზნეობის გამოვლინებები (მომიტევოს უფალმა) არ გაშიშვლდეს.

 

ძნელია ამის საჯაროდ დაფიქსირება, მაგრამ, უნდა ვაღიაროთ, რომ, როგორც ერში, ისე ეკლესიაშიც, ისეა ყველაფერი აწეწილ-დაწეწილი, ამას მხოლოდ უფალი თუ დაალაგებს.

 

ოღონდ, ჩემი ღრმა რწმენით, ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, თუ ერი სინანულში ჩავარდება და გამოსავლის ძებნას დაიწყებს!!!

 

რაც შეეხება ახალ დავით აღმაშენებელს, ჯერ ახალი ჭყონდიდელი უნდა ვიპოვოთ, რომ დავით აღმაშენებელიც იშვას!

 

ბოლოთქმა: ჩემთვის (ალბათ სხვებისთვისაც) არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, გამართლდება თუ არა პროკურატურის თავდაპირველი ვერსია და საბოლოოდ ვისზე გაჩერდება გამოძიება. ერთი რამ ცხადია: ოპერაცია „ციანიდმა“ თავისი საქმე ნაწილობრივ უკვე გააკეთა - მრევლს ის მბჟუტავი რწმენის ნაპერწკალიც შეიძლება ჩაუქრეს, თუ ყველას და ყველაფერს თავის სახელს არ დავარქმევთ და თავის ადგილსაც არ მივუჩენთ!!!

 

კიდევ ვიმეორებ: ეკლესია არ არის საპატრიარქო და არც წმინდა სინოდი - ეკლესია ქრისტეს სხეულია. რაც ზოგადად ხდება და რაც ახლა მოხდა, ეს ჩვენი სულის (სულიერების) მკაცრი გამოცდაა.

 

ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ ჩავაბარებთ ამ გამოცდას უფლის წინაშე!

 

შეგვეწიოს დედა ღვთისმშობელი და თავისი მადლიანი კალთით დაიფაროს მისი წილხვედრი იბერია!

 

ამინ!

 

ზაურ ნაჭყებია

 

24-02-2017, 13:26
უკან დაბრუნება