ივერიონი / გეშინოდეთ, დიქტატურა მოდის! ანუ, როგორ აპირებს „ქართული ოცნება“ ხელისუფლების უზურპაციას

გეშინოდეთ, დიქტატურა მოდის! ანუ, როგორ აპირებს „ქართული ოცნება“ ხელისუფლების უზურპაციას

ბოლო საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინა დღეებში სტატიაში „რატომ მეშინია საპარლამენტო უმრევლესობის“?! („ივერიონი“, 20,10,2016წ.) ხაზგასმით ვწერდი:

 

„თუ არჩევნების მეორე ტურში ხმას მივცემთ „ქართულ ოცნებას“, ამით ფაქტობრივად ვაფორმებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას, რაც თავის თავში საშიშ ელემენტებს შეიცავს _ შეუზღუდავი ძალაუფლება, თუ სათანადო ბერკეტებით არ არის დაბალანსებული, რყვნის ნებისმიერ ხელისუფლებას და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებისკენ უბიძგებს... ჩვენ წინასწარ არ ვიცით, რისთვის გამოიყენებს საკონსტიტუციო უმრავლესობა შეუზღუდავ უფლებამოსილებას, რამდენად იქნება მისი პოლიტიკური ძალისხმევა სახელმწიფოებრივ ინტერესებზე ორიენტირებული...“

 

როგორც მოსალოდნელი იყო, ამ საჯარო განცხადებას „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა მხრიდან არაადეკვატური გამოძახილი მოჰყვა _ შეიძლება ითქვას, ლამის ჯვარს მაცვეს და „ნაციონალების“ რუპორობაც დამაბრალეს. ისინი მიმტკიცებდნენ, რომ ჩემი პოზიცია „ნაციონალების“ აღზევებას უწყობდა ხელს, ანუ, როგორც თვითონ ამბობენდნენ, მათ წისქვილზე ასხამდა წყალს.

 

მაშინ ვწერდი და ახლაც გავიმეორებ: ამომრჩეველთა პასიურობა რომ არა, საპარლამენტო არჩევნებში სულ სხვა შედეგი დაიდებოდა და ურთულესი დილემის წინაშე („ნაციონალები“ თუ „ქართული ოცნება“) არ აღმოვჩნდებოდით.

 

ვაღიარებ: ზოგ-ზოგიერთებისგან განსხვავებით, ნამდვილად არ ვიყავი მომხრე „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსულიყო ხელისუფლებაში (ეს აზრი ჩემს არაერთ სტატიაში გავაჟღერე), რადგან, მათი ოთხწლიანი მმართველობის პრაქტიკა სანუგეშო პერსპექტივას არ უქადდა ქვეყანას!

 

დიახ, სააკაშვილის შემდგომი ხელისუფლება მხოლოდ წინა რეჟიმის განქიქებაზე და მუქარაზე  („თუ მხარს არ დაგვიჭერთ, „ნაციონალები“ მობრუნდებიან“-ო) იყო  გადასული და თითქმის არაფერი გაუკეთებია 9 წლის მანძილზე დამკვიდრებული რეციდივების გასანეიტრალებლად!

 

პირიქით: თუ „ცოცხების ისტერიას“ და ბიზნესის დატერორებას გამოვაკლებთ, ანტიქართული საკანონმდებლო ინიციატივებით „ნაციონალებს“ გაუსწრეს კიდეც (ამაზე ხშირად მისაუბრია და არ დავკონკრეტდები)!

 

...ვფიქრობ, „ქართული ოცნების“ „სავიზიტო ბარათია“ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლითაც ფაქტობრივად ხელისუფლების უზურპაცია ფორმდება.

 

ვიდრე საკონსტიტუციო ცვლილებების მთავარ „მონაპოვარზე“ _ პრეზიდენტის არჩევის წესზე და ამ ინსტიტუტის საბოლოო დისკრედიტაციაზე ვისაუბრებდე, უპრიანია ხაზი გავუსვა ერთ გარემოებას, რომელიც, ზოგადად, საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას (მითუმეტეს, დღევანდელ პირობებში) აზრს უკარგავს _ მხედველობაშია მაჟორიტარული არჩევნების გაუქმება და მთლიანად არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლა.

 

მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი დონის არჩევნები ფარსია  (რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებმა), მაჟორიტარული სისტემის გაუქმება ნიშნავს, რომ ქვეყანაში, ფორმალურადაც კი, იგნორირებულია ამომრჩევლის ინტერესები!

 

იმის გათვალისწინებით, რომ პრაქტიკულად გაფორმდა ორპარტიული სისტემა, სადაც ოპოზიციურ ნიშას დისკრედიტებული რეჟიმის წარმომადგენლები („ნაციონალები“) იკავებენ, ხოლო, საკონსტიტუციო უმრავლესობას იდეოლოგიურად იდენტური, ფორმითა და შინაარსით არშემდგარი პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება“, ამომრჩეველს არჩევანის საშუალება პრაქტიკულად არა აქვს!

 

მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო დაპირებების უმეტესობა წყალს „გააყოლა“, ბიძინა ივანიშვილმა ერთი დანაპირები მაინც შეასრულა: საზოგადოება „შუაზე“ ნამდვილად „გაკრიფა“ და ორპარტიული სისტემაც დაამკვიდრა, სადაც ფორმალურად დაპირისპირებული ჯგუფები კრილოვის იგავს თამაშობენ!..

 

თუ მიხეილ სააკაშვილმა თავისი ზეობის პერიოდში არასაპარლამენტო ოპოზიციის დასუსტება მოახერხა, ივანიშვილმა საბოლოოდ ხერხემალში გადატეხა იგი და პოლიტიკური სივრცე აბსურდის თეატრს დაამსგავსა _ იმდენად დაცლილია ე.წ. ოპოზიციის „სასუნთქი ბალიში“, ვეჭვობ, მათი „რეანიმაციიდან“ „პალატაში“ გადაყვანა მოხერხდეს!

 

დრომ დაადასტურა ისიც, რომ ახალ, ეროვნული ენერგიით დამუხტულ პოლიტიკურ ძალაზე ფიქრიც კი ჯერჯერობით ზედმეტია _ იდეა ფაქტობრივად სოციალურ    ქსელს არ სცილდება. თუ სასწაული მოხდა და რამდენიმე თანამოაზრემ შეკრება მოახერხა, მათი ძალისხმევა ორთქლის გამოშვების ფუნქციას ასრულებს _ უცებ აღმოჩნდება, რომ „თანამოაზრეთა“ უმრავლესობა ჩანაფიქრის ბოლომდე მისაყვანად (იდეის თავგანწირვისთვის) მზად არ არის, რადგან, „მათ უკან ოჯახები და ათასი პრობლემა დგას“, რომელიც ხელს უშლით მთლიანად გადაეშვან აქტიურ პოლიტიკაში...

 

ახლა კი, ისევ მაჟორიტარულ სისტემას დავუბრუნდეთ.

 

საქმე ისაა, რომ საქართველოში კვალიფიციური პოლიტიკური პარტიები არ არსებობენ, ვისაც შეიძლება ქართველი ამომრჩეველი ენდოს _ არსებობენ პოლიტიკური პარტიების ე.წ. ლიდერები, ანუ ანგაჟირებული პოლიტიკანები, რომლებიც ოსტატურად ახერხებენ საზოგადოების ზომბირებას და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მხოლოდ გარეშე ძალების მითითებების უსიტყვოდ შემსრულებლებად გვევლინებიან!

 

პრობლემაა ისიც, რომ, ყველა მათგანი ერთი (ანტიქართული) იდეოლოგიის მატარებელია და მათი „სამოქმედო პროგრამა“ ცარიელ ლოზუნგებს არ სცილდება.

 

პრობლემაა ისიც, რომ პროპორციული არჩევნების შემთხვევაში ამომრჩეველმა არ იცის, ვის უყრის კენჭს არჩევნებში და რა საქმიანი და პროფესიული თვისებებით ხასიათდებიან არა თუ იმ პარტიის „რჩეულები“(?!)

 

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია: მაჟორიტარობის ინსტიტუტის გაუქმებით დღევანდელი საკონსტიტუციო უმრავლესობა სერიოზულ „ჯავშანს“ იკეთებს და დადგება დრო, როცა ამომრჩევლის ფოჩიანი კანფეტებით (ყალბი ლოზუნგებითა და დაპირებებით) მოსყიდვაც არ დაჭირდებათ, რადგან, როგორც უკვე ვთქვი, დღევანდელ  საკონსტიტუციო უმრავლესობას ალტერნატივა უახლოეს მომავალში არ (ვერ) ეყოლება...

 

კონსტიტუცია დღევანდელი ხელისუფლებისთვის რომ ფარატინა ქაღალდია, ჩვენთვის კი ანგარიშგასაწევი „ძირითადი კანონი“, იქიდანაც ჩანს, რომ იგი სრულ იგნორირებას უკეთებს კონსტიტუციის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტს, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ „არავის აქვს უფლება მიითვისოს ხელისუფლება“. არადა, ახალი საკონსტიტუციო ცვლილებებით, არა მარტო მითვისებულია ხელისუფლება, არამედ, უზურპირებულიც, სადაც საზოგადოების როლი სახელმწიფოს მართვაში ნულამდეა დაყვანილი...

 

ბევრი ასეთი „გაუგებრობის“ მოყვანა შეიძლება!

 

რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებების მთავარ „მონაპოვარს“ _ „300 ხმოსნის“ მიერ პრეზიდენტის არჩევის წესის კონსტიტუციურად დაკანონებას, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ხელისუფლების სრულ უზურპაციასთან, რომელიც საბოლოოდ დიქტატურაში გადაიზრდება ხოლმე.

 

თუ რას ვგულისხმობ ამ სიტყვებში, ახლავე ავხსნი:

 

ჩვენ გვახსოვს მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობით მოსული საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომელიც ერთი კაცის ხუშტურებზე (მაპატიეთ, გამოთქმისთვის) იყო აწყობილი და რომელმაც თავის „ბელადს“ ხონჩით მიართვა შეუზღუდავი ძალაუფლება.

 

მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილმა ეს ძალაუფლება ხალხის დასათრგუნად და სახელმწიფოს ინტერესების საზიანოდ გამოიყენა, ჩვენ ვიცოდით, რომ ყველა უბედურების თავი და ბოლო იყო სააკაშვილი (ანუ, მთელი პასუხისმგებლობა მას ეკისრებოდა), ხოლო, უსუსური პარლამენტი და მთავრობა მის გარშემო ტრიალებდა. ანუ, ვამბობდით „ნაციონალურ“ რეჟიმს და ვგულისხმობდით სააკაშვილს!

 

რა თქმა უნდა, ერთი ადამიანის ხელში შეუზღუდავი ძალაუფლება საშიში იყო ქვეყნისთვის _ საშიში იმდენად, რამდენადაც მას არ ჰყავდა დამბალანსებელი საკანონმდებლო ორგანოს სახით!

 

დღევანდელი საკონსტიტუციო ცვლილებებით კი, საერთოდ დაკნინებულია პრეზიდენტის ინსტიტუტი და უკვე ყალყზე შემდგარ საკონსტიტუციო უმრავლესობას არ ეყოლება ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი, რომელიც მათ გაძლიერებულ ჟინს ცოტათი მაინც დააცხრობს!

 

ვიცი, ოპონენტები საპარლამენტო მოდელზე გადასვლას შემახსენებენ, სადაც პრეზიდენტის ინსტიტუტი მხოლოდ წარმომადგენლობითია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მენტალურად საქართველო არ არის კოლექტიური პასუხისმგებლობის ქვეყანა, სადაც ყველა დამნაშავეა, მაგრამ ცალკე აღებული არავინ არ იღებს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას. ადვილი წარმოსადგენია, რა უფლებებითა და პასუხისმგებლობით იქნება აღჭურვილი 300 ხმოსნის მიერ არჩეული პრეზიდენტი და რა პაექრობას გაუწევს იგი ამორფულ მასას (იგივე საკონსტიტუციო უმრავლესობას).

 

ახალი საკონსტიტუციო ცვლილებებით, მართალია, პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაურია, მაგრამ უუფლებო მეთაური, რომელიც ყველა არსებით საკითხს პრემიერ-მინისტრთან ათანხმებს. თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრიც არ არის სახელმწიფოს პირველი პირი, რომ მთელი პასუხისმგებლობა მას დავაკისროთ. მეტიც, ხშირად მათი ფუნქციები ერთმანეთის იდენტურია, განსაკუთრებით საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში.

 

რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, პრეზიდენტს ირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომელშიც შედის 300ხმოსანი (მიაქციეთ ყურადღება), მათ შორის, საქართველოს პარლამენტის, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების წარმომადგენლები, რომლებსაც ასახელებენ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები (ადვილად მისახვედრია, ვინ იგულისხმება „შესაბამის“ პოლიტიკურ პარტიაში), რაც სრული აბსურდი და საზოგადოების დაცინვაა.

 

ცალკე საუბრის თემაა ვის აქვს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება და როგორია მისი არჩევის წესი.

 

როგორც კონსტიტუციის ცვლილებათა პროექტში ვკითხულობთ, 30 ხმოსანს აქვს პრეზიდენტის კანდიდატის წარდგენის უფლება, ხოლო, არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება, თუ მას ხმას მისცემს ხმოსანთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

 

თუ დღევანდელ საკონსტიტუციო უმრავლესობას, სხვა წარმომადგენლობით ორგანოებში არჩეულთა პოლიტიკურ ალღოს და მზაობას (ყველაფერს აუწიონ ხელი) მივიღებთ მხედველობაში, ძნელი წარმოსადგენი არაა, როგორი იქნება მომავალი პრეზიდენტი, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებით ანგარიშვალდებულია მხოლოდ და მხოლოდ 300 ხმოსანის წინაშე.

 

აი, სწორედ ამას ჰქვია სახელმწიფოს ძირითადი კანონის _ კონსტიტუციის აბუჩად აგდება, სწორედ ამას ჰქვია ხელისუფლების სრული უზურპაცია და დიქტატურის დამყარების მცდელობა.

 

ამ სიტყვებს უკან წავიღებდი, საქართველოს (ფორმალურად მაინც) მრავალპარტიული პარლამენტი რომ ჰყავდეს, ან სამოქალაქო საზოგადოება იყოს ფორმირებული, რომელმაც კარგად იცის თავისი უფლებები და ყველანაირად შეეცდება დააბალანსოს ხელისუფლების ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები.

 

მაინტერესებს, რა აზრი აქვს კონსტიტუციაში მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ჩაწერას: „სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრონციპზე დაყრდნობით“?!

 

სად არის ხელისუფლების დანაწილების მცდელობა, როცა დღევანდელმა საკონსტიტუციო უმრავლესობამ ძირითადი კანონი თავზე გადაგვახია და კონსტიტუციური უფლება _ აირჩიოს და არჩეულ იქნას _ ფაქტიურად მოგვისპო?!

 

თუ სააკაშვილს პიროვნულად (კონსტიტუციურად) ჰქონდა ხელისუფლება უზურპირებული და პასუხისმგებლობაც მას ეკისრებოდა, დღეს ამას უმრავლესობის სახელით ვღებულობთ, სადაც კონკრეტული პასუხისმგებელი პირი არ ჩანს!

 

არ გამოვრიცხავ, საკონსტიტუციო ცვლილებებმა შენელებული ნაღმის ფუნქცია შეასრულოს და საბოლოო შედეგებით სააკაშვილის მავნებლობას გადააჭარბოს.

 

შეიძლება დღეს არასერიოზულად მოგვეჩვენოს ამაზე საუბარი, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის მოშორება არ იყო იმდენად პრობლემური (რადგან, მან თავისი სიგიჟის აპოთეოზს მიაღწია და უნდა წასულიყო), რამდენადაც დღევანდელი საკონსტიტუციო უმრავლესობის, ანუ, მისი უდიდებულესობა „ქართული ოცნების“ ჩანაცვლება იქნება, რადგან ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ახალი ძალების გამოჩენა უახლოეს ხანებში მაინც გამოირიცხოს.

 

ერთი სიტყვით, არჩევნებმა საქართველოში ყოველგვარი აზრი დაკარგა. ნიშანდობლივია ისიც, რომ მომავალში ძალიან ეფექტურად იმუშავებს სტალინის ფორმულაც _ „ვინც ხმებს ითვლის, ის იგებს“. ამ შემთხვევაში, დამთვლელიც და „გამპრავებელიც“ თვითონ, ანუ „ქართული ოცნება“ იქნება!

 

ფრთხილად, დიქტატურა მოდის!

 

P.S. როგორც ჩანს, ბოლომდე უნდა დავეცეთ, რომ ავდგეთ!

 

ვფიქრობ, მიუხედავად მძიმე რეალობისა, ყველაფერი ჯერ არ დამთავრებულა _ ქართული სული ისევ იბობოქრებს, მაგრამ ამას გაძლება და დათმენა სჭირდება...

 

ოღონდ, არა ახალი ბიძინა ივანიშვილია საჭირო, არამედ, წმინდა გიორგის მადლით შემოსილი მხედარი, რომელიც „ხილულ“ თუ „უხილავ“ მტრებს „მუსრს გაავლებს“ და ქვეყანას სწორ რელსებზე გაიყვანს!

 

ზაურ ნაჭყებია

 

9-05-2017, 12:43
უკან დაბრუნება