ივერიონი / რამ აიძულა პატრიარქი და ვინ დააწყნარებს სამშობლოდან გადახვეწილებს?!

რამ აიძულა პატრიარქი და ვინ დააწყნარებს სამშობლოდან გადახვეწილებს?!

დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის განცხადებას დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე, სადაც მან ქართული დიასპორის წარმომადგენლებს, იგივე საკუთარი ქვეყნიდან იძულებით გადახვეწილებს, სამშობლოში დაბრუნებაზე თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

 

„იყავით იქ, სადაც ბრძანდებით, მაგრამ, ამავე დროს, იყავით სამშობლოში... მადლობა იმ სულიერი და მატერიალური დახმარებისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ სამშობლოსთვის. თქვენ უნდა დაგვეხმაროთ მცირე და საშუალო ბიზნესის შექმნაში...“

 

საქართველოს სულიერი მწყემსმთავრის, ცოტა არ იყოს, ორაზროვანმა განცხადებამ, საზოგადოებაში, განსაკუთრებით იძულებით გადახვეწილებში, გაურკვევლობისა და ერთგვარი შიშის განცდა დაამკვიდრა. გაურკვევლობა გაამძაფრა იმანაც, რომ რამდენიმე წლის წინ (უფრო სწორად, ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე), თავად პატრიარქი სამშობლოდან ლუკმა-პურის საძებნელად გადახვეწილებს დაუბრუნებისკენ მოუწოდებდა.

 

რას უნდა ნიშნავდეს მისი უწმინდესობის ურთიერთსაპირისპირო განცხადებები: ხომ არ იმალება ამ მოწოდების მიღმა მინიშნება მორიგ განსაცდელზე, თუ ეს სილის გაწვნაა დღევანდელი ხელისუფლებისთვის, რომელმაც კიდევ უფრო თუ არ დაამძიმა, თითქმის არაფერი გააკეთა იძულებით ემიგრირებულთა საკუთარ ქვეყანაში დასაბრუნებლად?!

 

ნიშანდობლივია, რომ ეს განცხადება კეთდება აქილევსის ქუსლად ქცეული ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ფორმალური „განხილვის“ ფონზე _ იმ ცვლილებებისა, რომელიც არსებითად ზღუდავს საზოგადოების უფლებებს (არჩევანის ფორმალურ უფლებასაც კი ართმევს) და ქვეყანას ტიპიური დიქტატურისკენ, შეუზღუდავი ძალაუფლების დამკვიდრებისკენ მიაქანებს!

 

ეს განცხადება კეთდება სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე მასობრივად გაყიდვის და ახალი უცხოური კვარტლებისა და სოფლების სოკოებივით აღმოცენების ფონზე!

 

უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონენო, ნათქვამისა არ იყოს, სავალალოა (უკიდურესად საშიშია) დაახლოებით ხუთმილიონიანი საქართველოსთვის მილიონ შვიდასი ათასი თანამოქალაქის უცხოეთში გახიზვნა ლუკმა-პურის საშოვნელად.

 

უცხოელთა მასობრივი შემოსვლა (ტემპი დღითიდღე იზრდება) და ქართულ მიწაზე დამკვიდრების სურვილი გვაფიქრებინებს, რომ ქართველების იძულებითი გაქცევით გამოწვეული „სიცარიელე“ მათ ხარჯზე მალე შეივსება - არ არის გამორიცხული, საქართველოში მცხოვრებთა საერთო რაოდენობამ მალე მე-20 საუკუნის 90-იანი წლების ნიშნულსაც გადააჭარბოს!

 

ჩემს ადრინდელ სტატიაში „როდის დაუბრუნდებიან საკუთარ ბუდეს „თეთრი გედები“ ანუ შესაძლებელია თუ არა საკუთარი თავისგან გაქცევა“ („ივერიონი“ 12,06,2015) ხაზგასმით ვწერდი, რომ პრობლემებისგან გაქცევა ყოველთვის გამოსავალი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ქართველების იძულებითმა ემიგრაციამ წლების მანძილზე ოჯახები ფიზიკურად გადაარჩინა, მან თითქმის გამოუსწორებელი კვალი დატოვა - ბზარი გაუჩნდა ქართული ტრადიციული ოჯახის ინსტიტუტს - ქალები უქმროდ, ხოლო, შვილები დედების გარეშე დარჩნენ. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ საზღვარგარეთ იძულებით წასულებში საკმაოდ დიდი ნაწილი ახალგაზრდა გოგონები - პოტენციური დედები არიან, ძნელი მისახვედრი არ არის, რა დემოგრაფიული პერსპექტივა ემუქრება საქართველოს!

 

ემიგრირებული ახალგაზრდები სოციალურ ქსელებში ღიად აფიქსირებენ, რომ ისინი „დაულაგებელ ქვეყანაში“ დაბრუნებას არ აპირებენ, რადგან, იციან, რომ თუ დაბრუნდებიან, იგივე ჯოჯოხეთური წარსული (უმუშევრობა) ემუქრებათ. ამიტომაც წელებზე ფეხს იდგამენ და ჯიუტად აგრძელებენ უცხო ქვეყანაში ლუკმა-პურის მოძიებას - ღმერთმა იცის, როგორი მძიმე შრომისა და დამცირების ხარჯზე!

 

ერთი შეხედვით, მათი განცხადება ლოგიკას მოკლებული არ არის - ხელისუფლება თავისი უმოქმედობით არანაირ პირობებს არ ქმნის ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად. პირიქით, „ოპტიმიზაციის“ სახელით ახალ-ახალ ხრიკებს იგონებს საჯარო სამსახურიდან მოქალაქეთა გასაყრელად (ერთ-ერთი ცოცხალი მაგალითია ამ ბოლო დღეებში ქალაქების თვითმმართველობების გაუქმება და რაიონულ მუნიციპალიტეტებთან „შერწყმა“). არც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის ხელშეწყობაზე იტკივებს თავს...

 

ენა არ მომიბრუნდება ნიშნისმოგებით ვისაუბრო ლუკმა-პურის საშოვნელად საზღვარგარეთ გახიზნულებზე (სხვა თემაა, როცა ნიჭიერი და მაღალკვალიფიციური ქართველები თავიანთი ნიჭის სარეალიზაციოდ ასპარეზს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ეძებენ!), მაგრამ, როგორც ზემოთ აღვნიშნე, პრობლემებისგან გაქცევა, რაგინდ ურთულეს პრობლემებთან გვქონდეს საქმე, ყოველთვის გამოსავალი არ არის. ცუდია, რომ ჩვენ ხშირად მძიმე შედეგებზე ვწუწუნებთ ხოლმე და არ ვუღრმავდებით მის გამომწვევ მიზეზებს. არადა, მიზეზების გააზრება-გაცნობიერების გარეშე ჩვენთვის არასასურველი შედეგების შერბილებაც კი წარმოუდგენელია.

 

მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა სისტემის დროს მაქსიმალურად იყო დაცული ადამიანების სოციალური გარანტიები (მე არ მივტირი კომუნისტურ სისტემას), ჩვენ ისე უხეიროდ დავანგრიეთ ის სისტემა, რომ ნანგრევებშიც თავადვე აღმოვჩნდით!

 

ვერ გავიაზრეთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარირება და არსებულ სისტემაზე უარის თქმა მემკვიდრეობით მიღებული რესურსების დაშლა-განადგურებას არ ნიშნავდა. არადა, ჩვენ უაპელაციოდ გავანადგურეთ „კომუნისტური“ წარმოება-დაწესებულებები (ფაბრიკა-ქარხნები), აგურ-აგურ დავშალეთ კოლმეურნეობები და საბჭოთა მეურნეობები - ქარს (მაფიოზებსა და კომუნისტურ ნომენკლატურას) გავატანეთ კოლექტიური ძალისხმევით შექმნილი ქონება, გავანადგურეთ ჩაის პლანტაციები (დასავლეთ საქართველოს არსებობის ძირითადი წყარო) დავკარგეთ ტრადიციული ბაზარი, ასევე უცერემონიოდ მოვშალეთ ტრადიციული ეკონომიკური კავშირები...

 

ერთი სიტყვით, ე.წ. ველურ კაპიტალიზმს ყოველმხრივ მოუმზადებლები შევხვდით, რამაც უმუშევრობის კატასტროფულად ზრდას შეუწყო ხელი.

 

მიუხედავად იმისა, რომ ამ მძიმე შედეგებში დამოუკიდებლობის შემდგომი ნებისმიერი ხელისუფლების ორგანული წვლილია „ჩადებული“, ბრალდების მეტი ტვირთი თავად საზოგადოებაზე მოდის - ჩვენ ყველაფერი მათ ნება-სურვილს დავუქვემდებარეთ და ხელს არ ვუშლიდით ჩვენი გაღატაკების ხარჯზე თვითონ გამდიდრებულიყვნენ და ქვეყანაც დაესუსტებინათ. საზოგადოების ყველაზე უსუსური ფორმულა იყო _ „ხალხმა რა ქნას?!“

 

ჩემი აზრით, ხალხს ის უნდა ექნა, რომ კანონიერად დაეცვა კუთვნილი უფლებები!

 

აქედან გამომდინარე, თავს იჩენს ლოგიკური კითხვები:

 

- რატომ გაექცა სახელმწიფო პასუხისმგებლობას ხალხის წინაშე და ყველაფერი ველურ კაპიტალიზმს მიანდო, სადაც ერთეულები მდიდრდებიან ათასეულების ხარჯზე?!

 

- რატომ დავტოვეთ მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი სოციალური გარანტიების გარეშე?!

 

- რა პასუხი აქვს დღევანდელ ხელისუფლებას პატრიარქის განცხადებაზე?!

 

- რატომ დასჭირდა საქართველოს პატრიარქს ასეთი ორაზროვანი განცხადების გაკეთება და რატომ არ შეიტანა სიცხადე საკუთარ მოწოდებაში?!

 

ერთი სიტყვით, ლოგიკური კითხვები ბევრია, მაგრამ, სამწუხაროდ, პასუხის გამცემი არავინ იქნება. სხვათაშორის, ასეთ კითხვები თვით საზოგადოებასაც აღიზიანებს, რადგან, მათში საკუთარ უსუსურობას და დანაშაულამდე დასულ უმოქმედობასაც ხედავს!..

 

მიუხედავად დიდიმოწიწებისა და ქრისტესმიერი სიყვარულისა, პატრიარქის მოწოდებამ მეც დამაბნია და ცოტა არ იყოს, ამაფორიაქა კიდეც.

 

წარმოუდგენელია, ერის სულიერი ლიდერი საკუთარ სამწყსოს ფიზიკური გადარჩენის მოტივით სამშობლოში დაბრუნებაზე უარს ეუბნებოდეს და ამ განცხადებას აკეთებდეს დიასპორის ფორუმზე საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის გვერდით.

 

შეიძლება მკრეხელობაში ჩამითვალონ, მაგრამ, მაინც ვიტყვი: ხომ არ იყო ეს მინიშნება მორიგ განსაცდელზე, რომლის კონტურები ნელ-ნელა იკვეთება საქართველოს ცარგვალზე?

 

ან იქნებ, მისი უწმინდესობა აიძულეს ეს განცხადება გაეკეთებინა, რომლის მიღმა გარე და შიდა მტრების ავანტიურიზმი იმალება?

 

კადნიერებაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ საქართველოს სულიერ მესაჭეს ასეთი ორაზროვანი მოწოდება მაინც არ უნდა გაეკეთებინა, თუნდაც, თუ საზოგადოების გარკვეულ ნაწილის აზრს გავიზიარებთ, ეს სილის გაწვნა ყოფილიყო დღევანდელი ხელისუფლებისთვის.

 

მინაწერი: შეიძლება პატრიარქის მოწოდებაში ეს უმნიშვნელო დეტალი იყოს, მაგრამ, ფაქტია, რომ იძულებით ემიგრირებულები „მცირე და საშუალო ბიზნესის შექმნაშიც“ ვერ დაგვეხმარებიან - რამდენადაც ვიცი, მათი უმეტესობის შემოსავალი დაგროვების საშუალებას არ იძლევა. მაშ, რატომ აკეთებს ასეთ განცხადებას საქართველოს სულიერი მწყემსმთავარი?

 

პასუხი საინტერესოც არის და აუცილებელიც, თუმცა, „გორდიას გვანძის“ გახსნა ჩვენს შესაძლებლობებს ნამდვილად აღემატება!

 

 

                                                  ზაურ ნაჭყებია

 

29-05-2017, 15:15
უკან დაბრუნება