ივერიონი / რა სჭირდება პედაგოგს და ვინ არის დავით ფერაძე?!

რა სჭირდება პედაგოგს და ვინ არის დავით ფერაძე?!

მინდა ემიგრაციიდან მივესალმო და მივმართო საქართველოს პედაგოგიურ საზოგადოებას, მთელ საგანმანათლებლო სივრცეს:

მწუხარებას გამოვთქვამ დასამარებული განათლების გამო და იმ სამარცხვინო მინისტრის გამო, რომელიც ამ „სამარეს“ მართავს დღეს!

თუმცა, პედაგოგები მოღვაწეობას, ავად თუ კარგად მაინც განაგრძობენ. მშობლები, რის ვაი-ვაგლახით ახერხებენ შვილებს ასწავლონ. მეცნიერები ცდილობენ, თავისი სიტყვა თქვან.

რა უნდა ქნას საგანმანათლებლო საზოგადოებამ? რა უნდა ქნას თითოეულმნა პედაგოგმა ასეთ სიტუაციაში? პირველი და უმთავრესია, შიშის მონური სინდრომის მოხსნა. თუ ასე დაშინებული და დაბეჩავებული ვიქნებით, არაფერი გამოვა, ხოლო, თუ შიშისგან გავთავისუფლდებით, მთებს გადავდგამთ. აი, ეს შეუძლია პედაგოგს!

სამწუხაროდ, ეს ასე არაა. ყველა უკმაყოფილოა, ყველა წუწუნებს, მაგრამ წუწუნებს კულუარებში. ხმის ამოღებას ვერ ბედავს აბსოლუტური უმრავლესობა. პედაგოგები სულელური, ე.წ. კრედიტ-ქულების დაგროვებაზე არიან ორიენტირებულები და ჰგონიათ, რომ ამას რამე შედეგი მოყვება. ნუთუ გამოსაფხიზლებად არ კმარა, რომ დანაპირები სახელფასო მატება, უკვე ორჯერ არ შეასრულა მთავრობამ? ნუთუ ვერ ხედავთ, რომ ამ კრედიტ-ქულებისთვის ოფლის ღვრა, საბოლოოდ აუხდენელი ოცნებაა და მეტი არაფერი (ისევე, როგორც ყველა ოცნება ამ ქვეყანაში).

ვერც იმას იტყვით,  ვისი იმედი უნდა გვქონდესო. თუ ეს არ ვიცით, სირცხვილია და თუ ვიცით და მაინც ვდუმვართ, მაშინ, დუმილს უნდა დავემშვიდობოთ.

ვის ვგულისხმობ? რა თქმა უნდა, ჩვენ ორგანიზაციას - პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრს და მის ხელმძღვანელს – დავით ფერაძეს. მე ვერავინ დამისახელებს თუნდაც ერთ მსგავს ორგანიზაციას ან მსგავს ადამიანს, რომელიც ასეთი ენთუზიამით, ასეთი შემართებით, ასეთი იმედით იბრძვის თქვენთვის: პედაგოგებისთვის, მოსწავლეებისთვის, განათლების გადარჩენისთვის და საერთოდ - მომავლისთვის!

მე, როგორც ამ ორგანიზაციის ერთ-ერთ ხელმძღვანელს, მქონდა ბედნიერება, რაღაც პერიოდი. ემიგრაციამდე, ვყოფილიყავი ჩართული ამ ბრძოლაში და სიმართლე გითხრათ, ხელისუფლებისგან წამოსული ტერორი და დევნა უფრო არ მაღიზიანებდა, ვიდრე პედაგოგის უმოქმედობა და თქვენ წარმოიდგინეთ - უმადურობაც კი.

ცენტრისა და დავით ფერაძის თამამი ბრძოლით მოხერხდა წლების წინ ე.წ. სასერთიფიკატო დანამატის გაცემის კორექტირება (გახსოვთ, რომ დანამატი არ გაიცემოდა, თუ საათობრივი დატვირთვა 18 საათზე ნაკლები იყო); მოხერხდა სახელფასო მატების წინ დაძვრა; მართალია, ე.წ. წინსვლის სქემა, ახლაც კაბალურია, მაგრამ მოხერხდა მისი შედარებით „შერბილება“ ( მაგ: ვიდეო გაკვეთილების ამოღება) და თუ საერთოდა არ გაუქმდა ეს მარაზმი, ესეც იმიტომ, რომ მხოლოდ ერთმა კაცმა მეტი ვერ შეძლო...

ჩვენ ერთად დავიწყეთ ნეპოტისტი და კორუმპირებული მინისტრ თამარ სანიკიძის გადაყენებისთვის ბრძოლა და დავით ფერაძე არ გაჩერდა მანამ, სანამ სანიკიძე არ გადააყენებინა პრემიერ მინისტრს; დავით ფერაძის ბრძოლის შედეგი იყო ე.წ. საავადმყოფო ფურცლის ანაზღაურების პრობლემა, ახლა რომ ზოგიერთი პოლიტიკური პარტია ითვისებს... და ძალიან ბევრი აზრი, რასაც მინისტრი ჯეჯელავაც პლაგიატურად ითვისებს   (ოღონდ ის აზრები, რაც პედაგოგთა საზოგადოებას მოსწონს), ეს ყველაფერი. ჯეჯელავას მიერ, სიტყვა-სიტყვით არის აღებული ფერაძის პუბლიკაციებიდან, ინტერვიუებიდან და ა.შ...

სამწუხაროა, რომ ჩამოთვლილთაგან ბევრმა ეს არ იცის და ვინც იცის, მათაც კი მადლიერების გრძნობა არ აქვს! ამ ბრძოლას, ამ ომს თავის დროზე შეეწირა ფერაძის სამსახურებრივი მოვალეობა და მისი ოჯახის ფიზიკური გადარჩენის საფრთხეც დადგა. საფრთხე არა მხოლოდ შემოსავლის წყვეტის, არამედ პირადი ანგარიშსწორების გამო. 60 ათასი მასწავლებლიდან მხოლოდ რამდენიმემ თუ გამოხატა ამაზე პროტესტი და ისიც სოციალური ქსელით. ამის შემდეგ ერთ სკოლას, ერთ პედკოლექტივსაც არ შეუთავაზებია სამსახური. რამდენადაც ვიცი, ზოგიერთი დირექტორი პირადად ეუბნებოდა, რომ ძალიან სურდათ მასთან თანამშრომლობა, მაგრამ სანიკიძის ტერორს უფრთხოდნენ.

არ შეიძლება არ აღინიშნოს იმ პედაგოგთა გამბედაობა, ადამიანურობა, რომლებიც მაშინ ამხნევებდნენ დავითს. არადა, სანთლით, დიახ სანთლითაა საძებნი ასეთი პედაგოგი და ნებისმიერი სკოლისთვის ეს ადამიანი მხოლოდ პრესტიჟია. ამას მარტო ჩემს შეხედულებას არ ვამბობ: მე ვიცი როგორი მოთხოვნა იყო მასზე მშობლებში, მოსწავლეებში, აბიტურიენტებში და ეს დღემდე ასეა. რატომ ხდება ეს? ცხადია, შემთხვევით არა! სკოლები თავად უნდა ეხვეწებოდნენ ასეთ კადრს, ჩვენთან იმუშავეო.

და რა ხდება ასეთ დროს პედაგოგებში:

ჩვენი პედაგოგები ინფორმაციის გაგებისთანავე დარბიან რაღაც სულელურ ტრენინგებზე, რომელიც მხოლოდ ფულის გათეთრების საშუალებაა მავანთათვის, ესწრებიან ჯეჯელავას გამართულ ბრეჟნევისეულ თავყრილობებს, „სელფობენ“ მასთან; იქ ვინმე გია მურღულიას კონფერენციებს ესწრებიან – ადამიანისას, რომელიც კომფორმისტის კლასიკური ნიმუშია; აქეთ პედაგოგთა „ჯიბის პროფკავშირებს“ უხდიან საწევრო შემოსავლებს. ღმერთმა იცის, რისთვის. რომელი პროფკავშირია მოწოდების სიმაღლეზე? ხომ უნდა დავფიქრდეთ, რატომ ვამდიდრებთ ვინმე კობახიძეებსა და  ათასგვარ მსგავს არაფრის მაკეთებლებს? თუ ფული გემეტებათ, მაშინ გადაუხადეთ პედაგოგთა საკოორდინაცი ცენტრს, ერთადერთ დამცველს და ამით ისევ თქვენ დაცულობას, თქვენ ორგანიზებულობას შეუწყობთ ხელს.

 როგორ?

როგორ და ამით ორგანიზაციას მიეცემა საშუალება, თითოეულ თქვენს კოლექტივს შეხვდეს, ადგილზე შეისწავლოს პრობლემები, ხოლო თქვენგანაც გამოიკვეთოს აქტივისტი პედაგოგები.

ეს არასდროს უთხოვია დავითს. პირიქით, შიშველი ხელებით, თავისი ფინანსებით, მარტო, თითქმის მარტო იბრძოდა და იბრძვის. ათასგვარ ცილს სწამებდნენ და სწამებენ ახლაც. ხან პოლიტიკურ ძალებს მიაწერეს, ხან უცხოურ პრესსამსახურებს, მაგრამ ამ სიბრიყვეს ვერავინ ამტკიცებდა, ან რას დაამტკიცებდა, იმას, რაც სისულელეა და რეალობასაა მოკლებული?

სხვათა შორის, მას არც ორგანიზაციის უცილობელ ხელმძღვანელობაზე აქვს პრეტენზია. მთავარია, ორგანიზაციის სტრუქტურული გაძლიერება და არჩევითობის პრინციპის დაცვა; მთავარი პედაგოგთა თუნდაც მცირე ჯგუფის მზაობა ბრძოლისთვის.

ამიტომ, განათლების, ქვეყნის მომავლის გადარჩენისთვის მინდა კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ შიშის ძლევისკენ.
 
დაუჭირეთ პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრს მხარი, თუნდაც მის წევრად გახდომით, თუნდაც მცირე ფინანსური შემოწირულობებით, შემოგვიერთდით, და ამით დავასრულოთ მონობა და ტერორი განათლების სისტემაში.

ეს ახლა, ახლა უნდა გაკეთდეს. ქმედებისა და ბრძოლისუნარიან ადამიანებს შეუძლიათ ყინულის დაძვრა და პედაგოგთა საყოველთაო დუმილის  დასრულება.

 

დავით სალია,
ისტორიკოსი. პსცს აქტივისტი, იძულებით ემიგრანტი

4-07-2017, 14:44
უკან დაბრუნება