მთავარი გვერდი > მაინც რა უნდოდა იან კელის?!

მაინც რა უნდოდა იან კელის?!


10-07-2017 / 11:44

მაინც რა უნდოდა იან კელის?!

რამდენიმე დღის წინ აშშ-ის ელჩი იან კელი თავის  განცხადებაში, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმეს შეეხო და ამ საქმის დეტალური გამოძიების აუცილებლობაზე ისაუბრა.

დიდი დაკვირვება არ უნდა, რომ ამ დრომდე ქართულ პოლიტიკურ რეალობაში სრული დუმილით შეხვდნენ კელის განცხადებას. მაშინ, როდესაც აშშ-ს ელჩის აჩრდილზეც კი უსწრაფესი რეაქცია აქვთ ხოლმე, ამჯერად, არც ერთ პოლიტიკურ პარტიას, პოლიტსუბიექტს, ორგანიზაციას კრინტი არ დაუძრავს.  რატომ?

არცთუ ძნელი ახსნა არსებობს: ძირითადი მიზეზი გახლავთ ის, რომ დღევანდელი პოლიტიკური ე.წ. ელიტა, ოპოზიციაც და ხელისუფლებაც  მიღებული და გამოჩეკილია გამსახურდიას ხელისუფლების სახელმწიფო გადატრიალების შედეგად. დღეს არ არსებობს პოლიტიკური პარტია ან ორგანიზაცია, სადაც არ არიან მოკალათებული სახელმწიფო გადატრიალების იდეოლოგები, მისი მონაწილეები, ან მომხრეები. პუტჩის ირიბი თუ პირდაპირი მონაწილეები ან მათი პირდაპირი ხაზის მემკვიდრეები. განსაკუთრებული სიჭარბით დღეს წარმოდგენილნი არიან ფაქტობრივი ხელისუფლების ყველა ვერტიკალზე. შედეგად ხელისუფლებამ ფაქტიურად დასრულებული საქმე თაროზე შემოდო პრინციპით "აბა ჩემ შვილს ხომ არ დავსჯი?!".

ახლა ვნახოთ, რატომ დასჭირდა ელჩს და ზოგადად აშშ ადმინისტრაციას ამ თემის გაჟღერება?

როგორც ვიცით, თავის დროზე, ანუ 90-იან წლებში აშშ ადმინისტრაციამ ზვიად გამსახურდიას ბრძოლა ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე შეაფასა, როგორც "დინების საწინააღმდეგო ცურვა". დღეს,  ე.წ. ნეოლიბერალებისა და სხვა ძალების მიერ, ფაქტობრივად, აშშ-ს და ზოგადად დასავლეთის დისკრეტიტაციაც მიმდინარეობს, აშკარად თუ ფარულად, რაც ემსახურება ერთ საქმეს -  შეგვაბრუნონ ძველ ბუნაგში, სადაც ვიღაცეებს „კეთილი დათვი“ ელოდება. ამ ფონზე ხომ არ არის კელის განცხადება სიტუაციის შემობრუნებისთვის საჭირო აუცილებლობა? შორს ვარ იმ აზრისგან,  პოლიტიკაში ვინმე ვინმეს სიყვარულით რამეს აკეთებდეს. თუნდაც ასე იყოს, საწინაღმდეგო რა უნდა გვქონდეს?!

ადვილი გასააზრებელია, ზვიად გამსახურდიას საქმის ობიექტური ძიება და დასრულება რა დიდ გავლენას მოახდენს პოლიტიკური სივრცის გაჯანსაღებაზე. ამიტომაც, კიდევ უფრო გასაგები ხდება, ის, რომ  ზემონახსენები „პოლიტიკური დუმილი“ სულაც არაა შემთხვევითი. რომ დუმილის ახსნა შეიძლება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხით - ლუსტრაციის შიშით.

თუმცა კელის განცხადებაზე დუმილმა ლუსტრაცია უკვე მოახდინა. დუმილმა თავისით აჩვენა, რა აზრობრივი ჰორიზონტიც აქვს პოლიტიკურ ძალებს. პოლიტიკური ფიგურების რეალური სახე გამოჩნდა.  

P.S. ცნობისთვის: საუკუნეების წინ  ბიზანტიის ზესახელმწიფო, იძულებული გახდა დაესაჯა ეგრისის მეფის გუბაზის ბიზანტიელი მკვლელები. ეს პოლიტიკური ნაბიჯი იყო.

 

დავით სალია.
ისტორიკოსი. ემიგრაციაში იძულებით მყოფი

 

„ივერიონისგან“: მიუხედავად ბატონ დავით სალიას მიმართ ჩვენი პატივისცემისა, პათოსში ვერ დავეთანხმებით. ვის, ვის და სწორედ ამერიკას მიუძღვის ლომის წილი რუსეთთან ერთად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობაში, საიდანაც ყველა შემდგომ ბოროტებას დაედო საქართველოში სათავე.

ასეთ პოპულიზმს არ უნდა ავყვეთ - თუ გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის და მისი დამკვეთ-შემსრულებლების გამოვლენა გვაინტერესებს, ეს ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს.



უკან დაბრუნება