ივერიონი / ზაურ ნაჭყებია: რუსეთს ქართული „ლაგატკით“ ვერ დავამარცხებთ, ამერიკა-ნატოს „მესერშმიტები“ კი ჯერ ჩვენთვის ვერ „იცლიან“!

ზაურ ნაჭყებია: რუსეთს ქართული „ლაგატკით“ ვერ დავამარცხებთ, ამერიკა-ნატოს „მესერშმიტები“ კი ჯერ ჩვენთვის ვერ „იცლიან“!

სათქმელი ყოველთვის ბოლომდე უნდა ითქვას. ახლავე ვიტყვი, ამჯერად რასაც ვგულისხმობ:

ამ დილით პატარა სტატუსი დავდე რუსეთში ირმა ინაშვილის („პატრიოტთა ალიანსის")ვიზიტთან დაკავშირებით. ვწერდი, რომ მივესალმები ამ ინიციატივას, მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ, არსებითი ხასიათის შედეგი ამ ვიზიტს არ მოჰყვება მეთქი!

უპირველესად, იმის გამო, რომ ეს ინაშვილის კერძო ვიზიტია და იგი ოფიციალურ ხელისუფლებას ან განასახიერებს, ანუ, სახელისუფლო მანდატით არ არის აღჭურვილი...

თუმცა, ქვეყანაში ხელოვნურად შექმნილი ანტირუსული ისტერიისა და ტვინნაღრძობთა კრიახის ფონზე, ნებისმიერი პოზიტიური ნაბიჯი, თუნდაც უმნიშვნელო შედეგებით მისასალმებელი და დასაფასებელია.

პირადად ჩემთვის ღიმილის მომგვრელია ზოგიერთის ბრალდებანარევი განცხადება, რომ ინაშვილი ფულის წამოსაღებად წავიდა მოსკოვში. ასეც რომ იყოს, რა მიდის ჩვენგან - ეტყობა, ამერიკულ ფულს „სუნი" არ ასდის საქართველოში, ხოლო, რუსული „აგვაყროლებს". ან, ჯერჯერობით რა ბერკეტი აქვს ქალბატონ ირმას საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაში, რომ პოლიტიკური ვექტორი 180 გრადუსით შემოატრიალოს რუსეთის სასარგებლოდ?!

მიუხედავად იმისა, რომ პოპულიზმს და ცარიელი მუშტის ქნევას დიდი გასაქანი აქვს საქართველოში (ეს ჩემი სტატუსის დადებისთანავე კიდევ ერთხელ გამოჩნდა), ცრუ მედასავლეთეებო და რეალობას მოწყვეტილო „მეომრებო":

იქნებ იკადროთ და ამიხსნათ: ქართული „ლაგატკით" (ექსთავდაცვის მინისტრს ბატონ დავით თევზაძეს დავესესხები) აპირებთ რუსეთის დამარცხებას თუ ამერიკა-ნატოს „მესერშმიტებით"?!

ხომ კარგად ვიცით, რისი ზურგიც გვაქვს და რა დღეში აღმოვჩნდით გასული საუკუნის 90-იან წლებში აფხაზეთში, ან, რა თავგამეტებით „ვიომეთ" და „დავამარცხეთ" ჩრდილოელი დუშმანი სააკაშვილის მხედარმთავრობით 2008 წლის აგვისტოში?!

ისიც ხომ ვიცით, ლილიპუტინის ძახილით არ გასკდომია დღემდე გული ვლადიმერ პუტინს და არც ოქრუაშვილის რეკომენდაციით შეთავაზებული ფეკალიები დაულევიათ რუსებს ქართული ღვინის მაგივრად?!

ჩემმა მტერმა შეიყვაროს იმპერიული სულისკვეთების რუსეთი, მაგრამ, როცა აშკარად გერევა, ან ვაჟკაცურად უნდა შეაკვდე, როგორც ეს ჩეჩნებმა გააკეთეს (თუმცა, რა მოიგეს?!), ან, თავი დაუხარო და რაღაც შენთვის მისაღები შესთავაზო - იქნებ და კარგი თვალით გადმოგვხედოს?!

რა ვერ გაიგეთ, ნატოში შესვლა რომ ზღაპარი და „ქართული ოცნების" ერთი შემადგენელი ნაწილია და რომც მიგვიღონ, დაკარგულ ტერიტორიებს არავინ დაგვიბრუნებს?!

მაშ, რატომ უნდა გავაღიზიანოთ და კიდევ უფრო გავაბოროტოთ მტერი, რომელიც ყველა ჩვენს გამოწვევას საკადრისად პასუხობს?

ყველა ამ კითხვაზე მიპასუხეთ და თუ პრობლემის გადაწყვეტის რეალური გზა ნაპოვნი გაქვთ, პირველი მე გავიქცევი სასაზღვრო ზოლის მავთულხლართებთან და რუსეთის ლანძღვაშიც ვერავინ მაჯობებთ...

11-07-2017, 15:21
უკან დაბრუნება