ივერიონი / დავით ქობალია: ტიროლში „მეგრული პოეზიის ანთოლოგია“ დამახვედრეს, რამაც გამაოცა და ამაფორიაქა კიდეც

დავით ქობალია: ტიროლში „მეგრული პოეზიის ანთოლოგია“ დამახვედრეს, რამაც გამაოცა და ამაფორიაქა კიდეც

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სააქტო დარბაზში "მეგრული პოეზიის ანთოლოგიიის" უაღრესად საინტერესო და ხანგრძლივი განხილვა რომ დამთავრდა, მერე დავფიქრდი, რომ დიდი ხანია მსგავს ღონისძიებას არ დავსწრებივარ!

 



დასწრებით როგორ არ დავსწრებივარ, უამრავი წიგნი ისტამბება ამ ბოლო დროს, უამრავი წარდგინება ხდება  - მეტი წილი მწერალთა კავშირის იმ დარბაზში, სადაც ქართული პროზის კლასიკოსები და სახალხო მგოსნებად აღიარებული პოეტებიც კი დაძაბულნი ელოდნენ მკითხველის „განაჩენს“!

დღეს რა ხდება? - დღეს, ყველაფერი ეს, ანარქონიზმადაა გაცხადებული, _ ვინ არის მკითხველი, მთავარია ავტორმა წეროს, წიგნი ვინმემ დაასპონსოროს, დაიბეჭდოს. ნაცნობ-მეგობრები შეიყარონ იქ, სადაც როგოც ზემოთ ვახსენე -- მკითხველის განაჩენი, ავტორის და მისი ქმნილების "ყოფნა-არ ყოფნას" ადგენდა, დღეს არავის სჭირდება, მთავარია, ვიღაცამ ხმამაღლა და მარტივად, ერთი სიტყვა თქვას - "მაგარია"!

საბედნიეროდ, დღეს, ანარქონიზმად ქცეული, სამზეოზე გამოსული წიგნისადმი პატივმიგების გრძნობა განმიახლა მეცნიერებათა აკადემიის სააქტო დარბაზში გამართულმა "მეგრული პოეზიის ანთოლოგიის" განხილვამ, რომელსაც მისი შემდგენელი და ერთ-ერთი ავტორი, ცნობილი პოეტი და მწერალი, ბატონი გური ოტობაია წარადგენდა, მკითხველთან შეხვედრა კი, აკადემიკოს, ბატონ როინ მეტრეველს მიჰყავდა.

ბუნებრივია, წიგნის განსაკუღტებულობას ისიც განსაზღვრავდა, რომ აქ, რომელიმე ერთი ავტორის კი არა, რაც დასაბამიდან დღემდე, შექმნილა და გაჟღერებულა ძველ კოლხურ ენაზე, რომლის დღევანდელ სახესაც მეგრული წარმოადგენს, ათასწლეულების წინ ნაგალობევი - "ბჟა დიდა რე ჩქიმი, თუთა მუმა ჩქიმი, ჭიჭე ჭიჭე მურიცხეფი - და დო ჯიმა რე ჩქიმი" ათავხატებდა.

არავინ უწყის, როდიდან მოსდგამს დასაბამი ადამის ძეთა!

აქ ჟამთასვლა უნდა გააჩერო, რომ მეცნიერებათა აკადემიის სააქტო დარბაზში წარდგენილ წიგნს "მეგრული პოეზიის ანთოლოგია" _ დღევანდელი, 21-ე საუკუნე წამოაწიო!

მკითხველი რომ არ მოვაწყინო, მას მოთმინება უნდა ვთხოვო და მოვუყვე ერთი საინტერესო ამბავი, რომელიც ხუთი წლის წინათ "სამხრეთ ტიროლის" დედაქალაქ ბოცენში გადამხდა. სამხრეთ ტიროლის თავისუფლების ჯგუფ "ანდრეას ჰოფერის" წევრებთან შეხვედრისას, აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე ჩემი მოხსენების დასასრულს, საპენსიო ასაკს მიტანებულმა პროფესორმა მკითხა _ რა იცით "ფესტოსის დისკოს" შესახებ, რომელსაც ავსტრიელმა პროფესორმა ჰერბერტ ძებიშმა მთელი სიცოცხლე შესწირა, "ფესტოსის დისკო" კი სრულიად უცნობმა, მათემატიკოსმა გია კვაშილავან გაშიფრა?"

გაოცებასთან ერთად, უზომოდ ბედნიერი ვიყავი, როცა ეს კითხვა მოვისმინე. შეგნებულად გავახანგრძლივე დასმული კითხვისთვის დადგენილი მოსაფიქრებელი რეგლამენტი და მორიდებით ვახსენე, რომ _ გია კვაშილავას მიერ "ფესტოსის დისკოს" გაშიფვრა შემთხვევითობას არ შეიძლება მიეწეროს. არც ის არის გასაკვირი, რომ იგი "სრულიად უცნობმა გია კვაშილავამ გაშიფრა", რადგან ჰერბერტ ძებიშის მიერ გამოთქმული ვარაუდი _ "ფესტოსის დისკოს კოლხურ-იბერიულ ენაზე წაკითხვის შესახებ" ბატონმა კვაშილავამ დაადასტურა და მანამდე უცნობი ნაწერის გაშიფვრა სწორედ ძველკოლხური ენის თანამედროვე _ მეგრულ ენაზე განახორციელა. მეგრული ენის ცოდნამ მისცა მას მსოფლიოს უამრავი ენათმეცნიერის და მკვლევარის საუკუნოვანი ოცნების ახდენის საშუალება... ამ შეხვედრაზე მეტს არ გავაგრძელებ, მხოლოდ იმას გავიხსენებ, იმავე, საპენსიოდ გამზადებულმა პროფესორმა მკითხა _ როგორც თქვენ ბრძანეთ, ძველკოლხურის თანამედროვე მეგრულ ენაზე თუ არსებობს წერილობითი ძეგლები, თუნდაც წიგნების სახით?

იმწამს მნიშვნელოვანი ვერაფერი გავიხსენე, მაგრამ მაინც ვუპასუხე _ ძველკოლხურმა დამწერლობამ ჩვენამდე ვერ მოაღწია, მაგრამ, როგორც ბატონმა კვაშილავამ დაგვისაბუთა, ფესტოსის დისკოში (და, იმედია, მომავლის არქეოლოგიურ აღმოჩენებში) ინახება იგი. თუმცა, სამი დამოუკიდებელი ქართული შრიფტი, რომლებიც დღემდე გამოიყენება, ძველკოლხურის განვითარების შედეგია. უსათუოდ მოგაწვდით "ძველკოლხურ-მეგრულად" გამოქვეყნებულ წიგნებს _მეთქი. ასე დავასრულე ჩემი ყოველწლიური, მოხსენება საქართველოზე "სამხრეთ ტიროლის თავისუფლების ჯგუფ ანდრეას ჰოფერის" საპატიო წევრმა ბოცენში.

არ ვაპირებდი ამ შემთხვევაზე დაწერას, მაგრამ მეცნიერებათა აკადემიის სააქტო დარბაზში მკითხველის სამსჯავროზე გამოტანილმა შესანიშნავმა წიგნმა "მეგრული პოეზიის ანთოლოგიამ" მიბიძგა და მეც ეს შემთხვევა ხელიდან არ გავუშვი.

რასაც ქვემოთ ვიტყვი, ისიც უსათუოდ საინტერესო იქნება აფხაზეთ და სამაჩაბლო წართმეული ქართველისთვის, რომელსაც უთუოდ განუახლებს გულისტკივილს "სამხრეთ ტიროლის" ტრაგიკული ისტორია, _ რომელიც 100 წლის წინათ პირველ მსოფლიო ომში დამარცხებისთანავე ჩამოაჭრეს ავსტრიას და იგი, როგორც სამხედრო ნადავლი, ფაშისტი დუჩე მუსოლინის იტალიას უსახსოვრეს, ავსტრია-გერმანიის წინააღმდეგ სამხედრო კოალიციაში მონაწილეობისთვის!

სამწუხაროდ, ამ თემაზე ქართველი ისტორიკოსები დუმან, რადგან მასზე სიმართლის თქმა წამგებიანია, _ როგორ შეიძლება ე.წ. "დემოკრატიულ ევროპაში", არამცთუ პიროვნების, მთელი რეგიონის უფლებები ირღვეოდეს და ჩვენ იმ უფსკრულისკენ მივექანებოდეთ?!

აქაც ბოდიშს მოვუხდი მკითხველს მთავარი სათქმელიდან გადახვევის გამო, მაგრამ ეს ამბავი იმ ქვეყანაში ხდება, სადაც პირველად ვიხილე რამდენიმე თვის წინ სამზეოზე გამოსული "მეგრული პოეზიის ანთოლოგია".

გასულ მაისს, გერმანიაში ყოფნისას ჩემი ავსტრიელი მეგობარი დოქტორ რაინერ გაისლერი დამიკავშირდა და ტიროლში, "იმსტის მონასტერში" ჩამოსვლა მთხოვა. თავისუფალი დრო მქონდა, მეც მაშინვე დავთანხმდი და დათქმულ დროს ვესტუმრე კიდეც. მხოლოდ ახლა ვკითხე ჩემი იმსტში მიპატიჟების მიზეზი. მოკლედ მითხრა _ "თუ გახსოვს ხუთი წლის წინათ ჩვენი სტუმრობა გრაფ შპილმანებთან ერთად ბოცენში "ანდრეას ჰოფერის ჯგუფთან"? შენთვის საინტერესო წიგნი მიუღიათ საქართველოდან კოლხურ-მეგრულ ენაზე დაწერილი. ჩემგან შეიტყვეს, რომ გერმანიაში იმყოფები და შენთან შეხვედრა ისურვეს, ამისათვის ჩამოგიყვანეო."

მეორე დღეს, გრაფ შპილმანებთან ერთად, რიეტცის გავლით ბოცენში ჩავედით და საღამოჟამს კვლავ შეიკრიბა "სამხრეთ ტიროლის თავისუფლების ჯგუფ "ანდრეას ჰოფერის" პატრიოტები, მათ შორის უკვე პენსიაზე გასული პროფესორი, რომელიც "ფესტოსის დისკოს" წარმომავლობით იყო დაინტერესებული და თბილი მოკითხვის შემდეგ განმიცხადა _ თქვენ ალბათ იცით "ფესტოსის დისკოს" ძველკოლხურ ენაზე გამოცემული წიგნის შესახებ, მაგრამ ჩვენთვის საინტერესო იქნება მის შესახებ თქვენი მოსაზრება და ამ ენის ჟღერადობა!

ჩემდა გასაკვირად, "მეგრული პოეზიის ანთოლოგია" პირველად ვიხილე. რა თქმა უნდა, ეს დავმალე, მაგრამ, რამდენიმე წუთი მეგრული პოეზიის მარგალიტებს ვუკითხავდი სამხრეთ ტიროლელ პატრიოტებს, აღტაცებას რომ ვერ მალავდნენ ლექსის მუსიკალობის გამო!..

სწორედ ეს გამახსენდა, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დარბაზში ბატონ როინ მეტრეველის გამოსვლისას, როცა იქ შეკრებილ საზოგადოებას მოახსენა მისი შეფასება _ "უზადოდ გამოცემული წიგნის მეცნიერული მნიშვნელობის შესახებ!"

მეც მერგო სიტყვა იმ დღეს ახალმოვლენილ წიგნზე. გასაკვირი და გადასარევი არაფერი მითქვამს, მაგრამ _ თვალწინ დამიდგა მეგრული ენის წინააღმდეგ მებრძოლი ე.წ. ენათმეცნიერები, მღვდელმთავრები, სახელმწიფო მოხელეები და ზოგადად, _ სამეგრელოსადმი მტრულად განწყობილი ჭილყვავი... ვერ დავმალე ჩემი უკმაყოფილება იმის გამო, რომ _ ვერცერთი მათგანი ვერ ვიხილე დარბაზში, სეპარატიზმად რომ მიიჩნევენ "ვეფხისტყაოსნის" მეგრულად თარგმნას!

მათდა სამწუხაროდ, როგორც ზემოთ ვიხილეთ, _ "მეგრული პოეზიის ანთოლოგია" გამოჩენისთანავე გასცდა საქართველოს საზღვარს და აფხაზეთ-სამაჩაბლოსავით, შუაგულ "დემოკრატიულ" ევროპაში გასხვისებულ და თითქმის საუკუნის განმავლობაში თავისუფლებისთვის მებრძოლ "სამხრეთ ტიროლში" დაიმკვიდრა თავი.

დარწმუნებული ვარ, არამარტო მეგრულენოვანი, სრულიად საქართველოს ქართული მოსახლეობა, ვისაც ქვეყნის მთლიანობა და ერის მომავალი აღელვებს, დიდი სიყვარულით და მოფერებით მიიღებს ამ წიგნს. მოსალოდნელია, ბევრმა მათგანმა მეგრულის სწავლა გადაწყვიტოს მომავალში, კარგი იქნება, ამ უნიკალური წიგნის შემდგენლები და გამომცემლები ამ საკითხზეც თუ იზრუნებენ!


დავით ქობალია,

საპატიო დოქტორი
ევროპის, ხალხთა გამაერთიანებელი, ჰუმანიტარული
ორდენის "Cordon Bleu du Saint Esprit" შევალიე.

3-08-2017, 12:29
უკან დაბრუნება