მთავარი გვერდი > მიხეილ ჯიბუტი: სად არის თბილისის წინააღმდეგ „შეთქმულების“ ნამდვილი მიზეზი?

მიხეილ ჯიბუტი: სად არის თბილისის წინააღმდეგ „შეთქმულების“ ნამდვილი მიზეზი?


15-08-2017 / 09:54

მიხეილ ჯიბუტი: სად არის თბილისის წინააღმდეგ „შეთქმულების“ ნამდვილი მიზეზი?

მე უკვე ვწერდი ე.წ. „თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის“ იმ საჯარო განხილვების, როგორც ფარსის შესახებ, რომელიც თბილისის ხელმძღვანელობამ მოაწყო ა.წ. ივლის -აგვისტოში, ვითომ ახალი მგგ-ზე (მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა). საქმე იმაშია, რომ არც ასეთი მგგ, არც მისი პროექტი ახალი რედაქციით არ არსებობს. ამ განხილვებს აშკარად ცინიკური ხასიათიც ჰქონდა. ამ გამხილვებით ხდებოდა „ხალხის მასების“ თითქოს მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღებაში ჩართულობის დემონსტრირება. მე იმასაც გავუსვი ხაზი, რომ ეს ვერ მოხდებოდა იმ ადამიანების გულგრილობის გარეშე, რომლებიც ამ განხილვებისათვის აუდიტორიას ქმნიდა. (http://iverioni.com.ge/16402-mikheil-jibutishethqmuleba-thbilisis-tsinaaghmdeg.html).


ჩემმა ერთმა უახლოესმა მეგობარმა სტატიის წაკითხვის შემდეგ დამირეკა, თავისი აზრი მითხრა,რაღაც მომიწონა,რაღაც შემისწორა. მთავარია, როგორც ძველი ფუნქციონერი, აღშფოთებას ვერ მალავდა აღმასრულებელი და წამომადგენლობით ორგანოთა ხელმძღვანელი პირველი პირების მიერ ერთად იმ საკითხის განხილვაში მონაწილეობის გამო, რომელიც ცოტა ხანში ერთმა უნდა წარუდგინოს და მეორემ უნდა დაამტკიცოს. გასაკვირი რაა? საქართველოში ხომ მმართველობის სისტემაში ყველა დონეზე ეხლა არაფორმალური ჭარბობს ფორმალურს? ერთად სიარული თანამოაზრეობის დემონსტრაციაა გათითოკაცებულ გარემოში. ქალაქის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე თუ ერთად ხვდებიან ბავშვებს, ეს კარგია, მაგრამ თუ ერთად ხვდებიან სახელმწიფო დაკვეთის შემსრულებელს, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფული გადაუხადეს პროდუქტის შექმნაში (ამ შემთხვევაში მგგ-პროექტის შექმნაში), რომელსაც ვადა გაუვიდა ამ პროდუქტის წარმოსადგენად, მაგრამ ის ჯერ კიდევ არ წარმოუდგენია (მის ნაცვლად წარმოადგინა ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი მგგ „მასალები“) და ერთად „იხილავენ“ საჯაროდ ამ არ არსებულ გეგმას (და არა პროექტს!), რომელიც ერთმა უნდა მიიღოს, ხოლო მეორემ უნდა დაამტკიცოს-ეს ცუდია, უფრო მეტიც ეს ტყუილია, ბლეფია, რაც ახდენს იმ ინსტიტუტების დისკრეტიზაციასა და მათი ფუნქციების ათროპიას, გადაგვარებას, რომელსაც ეს პირები წარმოადგენენ.


ვისაც საკითხისადმი მხოლოდ მიმდინარე ინტერესი აქვს, შინაარსის გაგებისათვის ხელის შეუშლელად შეუძლია გამოტოვოს წვრილი შრიფტით ნაბეჭდი, რომელიც მოგვითხრობს ქალაქ თბილისის განვითარების გეგმების ისტორიას.


ქალაქ თბილისს დიდი ისტორიული თავგადასავალი აქვს გადატანილი. ყველა დრო თავის დაღს ასვამს ქალაქის განვითარებას. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენამდე ბოლო ყველაზე დიდი ცვლილება თბილისმა საბჭოთა კავშირის არსებობის დროს (1921-1991 წწ) განიცადა. საბჭოთა პერიოდში თბილისის განვითარების სამი გენერალური გეგმა იქნა მიღებული : 1934, 1954 და 1972 წლებში. ეს უკანასკნელი მიღებულ იყო 2000 წლამდე მოქმედების ვადით, თუმცა მან ფაქტობრივად 2009 წლამდე იმოქმედა. ჯერ ლეგიტიმურად, იმიტომ, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 25 მაისის №211 ბრძანებულებით „თბილისის ურბანული განვითარების ღონისძიებათა შესახებ“(https://matsne.gov.ge/ka/document/view/1254806) თბილისის განვითარების 1972 წლის გენერალურ გეგმას ვადა 2003 წლის ბოლომდე გაუგრძელდა. შემდგომ მოქმედებდა, როგორც საკანონმდებლო ვაკუუმის შემავსებელი ნორმატიული აქტი, რადგანაც პრეზიდენტის აღნიშნული ბრძანებით განსაზღვრული დავალება „ქ,თბილისის განვითარებისა და რეკონსტრუქციის გენერალური გეგმის „2001-2003 წლებში მომზადებისა და პრეზიდენტთან დასამტკიცებლად წარდგენის შესახებ თბილისის მერიამ დროზე არ შეასრულა. ქალაქ თბილისის საკრებულომ 2009 წლის 5 ივნისის № 6-17 გადაწყვეტილებით მიიღო „დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმა“. ამ დროისათვის უკვე მოქმედებდა საქართველოს კანონი „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ (მიღებული 2005 წლის 2 ივნისს - https://matsne.gov.ge/ka/document/view/29614), რომელშიცი არ იყო „პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის“ ცნებას. ეს ცნება მოცემული საქართველოს კანონში „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“(მიღებული 1998 წლის 20 თებერვალს), ვიდრე არ მოხდა ამ კანონის ინკორპორირება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში (მიღებული 2014 წლის 5 თებერვალს-https://matsne.gov.ge/ka/document/view/2244429). ამ ფორმალური მიზეზით დაჩქარდა ახალი „გენერალური გეგმის მიღება“.


2014 წლის 30 დეკემბერს № 20-105 დადგენილებით ქ. თბილისის საკრებულომ დაამტკიცა დღეს მოქმედი „ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა“. (https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/2669598).
ამ გეგმის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა უკვე ხუთ თვეში!


2015 წლის 21 მაისს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ დაკეთდა საკონკურსო განცხადება: „საპროექტო მომსახურების - დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების (ხაზგასმა ჩემია-მ.ჯ.) სახელმწიფო შესყიდვა“(შემდგომში: „განცხადება“). (ტექსტში საუბარია აგრეთვე „მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებისა და სრულყოფის“ შესახებ. განცხადება, პუნქტი 4.1.).

 

როგორაა დასაბუთებული საკონკურსო განცხადებაში დედაქალაქის მგგ-ს „განახლების“ აუცილებლობა?


ჯერ ერთი, განცხადებაში აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტის 2014 წლის 30 დეკემბერს № 20-105 დადგენილებით იგივე დოკუმენტი დამტკიცდა, რაც უკვე დამტკიცებული იყო (???????) თბილისის საკრებულოს 2009 წლის 5 ივნისის № 6-17 გადაწყვეტილებით, ანუ შეიცვალა მხოლოდ დასახელება და სინამდვილეში „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა“ იგივეა რაც „დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმა“ და პირიქით. ეს გაუგონარი ამბავია, რომ ერთხელ დამტკიცებულ დოკუმენტს მეორედ იღებდნენ! თუ მარტო სათაურის პრობლემა იყო, საკმარისი არ იყო სათაურში ცვლილებების შეტანა? აქ მეტ კომენტარს არ გავაკეთებ. ეტყობა საქმე გვაქვს კომპეტენტურობის იმ „სიღრმეებთან“, რომლის გაგებას სხვა მეცადინეობა ჭირდება.


განცხადებით ვგებულობთ, რომ 2014 წლის ბოლოს(!) არქიტექტურის სამსახურმა „მოწვეული ექსპერტების დახმარებით“(!!!) „დაიწყო 2009 წლის დოკუმენტის კვლევა-ანალიზი“(!!!) (რისი თქმა უნდათ? ანალიზი არის კვლევის მეთოდი-მ.ჯ.) და „2015 წლის დასაწყისში დასრულებულმა ანალიზმა აჩვენა რომ „ თბილისის 2009 წლის „გენგეგმა“ (ანუ იგივე 2014 წლის მგგ!-მ.ჯ.) არ წარმოადგენს სრულყოფილ, ყოვლისმომცველ და, შსაბამისად, რელევანტურ (მნიშვნელოვან, აქტუალურ, არსებით - მ.ჯ.) დოკუმენტს დედაქალაქის სივრცითი განვითარების უზრუნველსაყოფად გრძელვადიან პერიოდში (ხაზგასმა ჩემია - მ.ჯ.) შემდეგი ძირითადი მიზეზების გამო:


- დოკუმენტს ახასიათებს ჭარბი დეკლარატიულობა და მოკლებულია პრიორიტეტებისა და დებულებების განხორციელების გზების მითითებას;


- ის არ ასახავს (არ ეყრდნობა) ქალაქის განვითარების მკაფიო ნიმუშს, სტრატეგიულ ხედვას (როგორი ქალაქი უნდა გახდეს თბილისი) და მეტწილად სპორადულ(ცალკეულ, შემთხვევით, ეპიზოდურ-მ.ჯ.) განვითარებაზეა მიმართული:


- მასში სათანადოდ არ არის ინტეგრირებული ქალაქის უმნიშვნელოვანესი ქვესისტემების განვითარების ურთიერთკოორდინირებული სქემები(მაგ., სატრანსპორტო, ინფრასტრუქტურული);


- ის არ არის მიღებული და არ ხორციელდება შესაბამისი ინტერეს-ჯგუფების (საჯარო სექტორის, კერძოსექტორის/ბიზნესის, სამოქალაქო საზოგადოების), და რაც მთავარია, ქალაქის განვითარების სპეციალისტების ურბანისტების, საკმარისი კონსესუსის საფუძველზე (ხაზგასმა ჩემია-მ.ჯ.); ამიტომ, სპეციალისტებისა და საზოგადოების ზოგ წრეებში ხდება გენგეგმის სრული ან ნაწილობრივ იგნორირება“.

 

კვლევამ აჩვენა, რომ არსებული „გენგეგმა“ არარელევანტურია „რძელვადიანი პერიდისათვის“. განცხადებაში ნათქვამია, რომ ის უვარგისია ოპერატიული საქმიანობისთვისაც: “მმართველობით მყისიერ გადაწყვეტებზე „გენგეგმის“ მორგების პერმანენტულმა პროცესმა დაარღვია მოქმედი დოკუმენტების მთლიანობა, დაშალა იგი ისეთ ცალკეულ ფრაგმენტებად, რომელთა მართვისთვისაც ადმინისტრაციის დისკრეციული (თავისი შეხედულებისამებრ მოქმედების უფლება-მ.ჯ.) უფლებამოსილების ზრდა „ობიექტურ მოვლენად“ იქცა“.


ეს არის კომპეტენტური ორგანოს ოფიციალურ დოკუმენტში მოცემული შეფასება იმ სიტუაციისა, თუ რა ხდებოდა მინიმუმ 2009-2015 წლებში თბილისის, როგორც ქალაქის ცხოვრებაში, მის ურბანულ განვითარებაში.


ამ ისტორიაში სამწუხარო ისაა, რომ 2009 წელს მიღებული მარეგულირებელი დოკუმენტის ნაკლოვანებების დადგენას დასჭირდა 6 წელიწადი(!) და „კვლევა-ანალიზით“ ეს მხოლოდ 2015 წლის დასაწყისში გახდა ცნობილი.


რატომ მანამდე ვერ გაიგეს? - ამის შეფასებას აქ გამოვტოვებ, მაგრამ დავსვამ კითხვას - როდესაც გაიგეს, როგორი უნდა ყოფილიყო რეაქცია და ქმედება? ლოგიკური პასუხია: ყველაფერი უნდა გაკეთებულიყო ამ „ბოროტი დოკუმენტის“ თავიდან მოსაშორებლად. თითქოს სინამდვილეშიც ასე მოხდა: არქიტექტურის სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ის „გადაუდებელ აუცილებლობად მიიჩნევს ტერიტორიულ -სივრცითი განვითარების ახალ გამოწვევებსა და პრიორიტეტებზე ორიენტირებულ ხედვაზე დაფუძნებული და საზოგადოების მიერ გაზიარებული პრინციპების შესაბამისად არსებული „გენგეგმის“ განახლებას“ (ხასგასმა ჩემია-მ.ჯ.).


მივაქცევ ყურდღებას „გადაუდებელი აუცილებლობა“ ყოფილა „ არსებული „გენგეგმის“ განახლება“!!


ზემოთ მითითებული შეფასებების შემდეგ, ჯანსაღი აზრის პრინციპით , მინიმუმ ახალ გენგეგმაზე, გენგეგმის ახალ რედაქციაზე მაინც უნდა ყოფილიყო საუბარი.


და ასეც, რომ ყოფილიყო იქნებოდა თბილისის ურბანული კრიზისის დასაძლევად საკმარისი ახალი რედაქციით „ქ.თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა“?


არ იქნებოდა და აი რატომ.


საქართველოს კანონით „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოში შემოღებულ იქნა სივრცითი მოწყობის სისტემა, რომელიც ერთ კომპონენტად მოიცავს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვას.“ სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა – საქმიანობა, რომელიც არეგულირებს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების, მიწათ სარგებლობის, განაშენიანებისა და კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, რეკრეაციის სივრცით- ტერიტორიული პირობების, სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს“(პუნქტი 2.“გ“).


აღნიშნული კანონით განსაზღვრულია „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის დაგეგმვის ტიპები და იერარქია“ (მუხლი 10.),რომლის მიხედვითაც „ საქართველოში ხორციელდება სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა: ა) ქვეყნის ტერიტორიისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიების სივრცითი მოწყობა, რომლის სახეობებია: ა.ა) ქვეყნის ტერიტორიის სივრცითი მოწყობა – ქვეყნის სივრცითი მოწყობის გენერალური სქემა; ა.ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიების სივრცითი მოწყობა – ავტონომიური რესპუბლიკების სივრცითი მოწყობის სქემები; ბ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობა – მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული განვითარების გეგმა; გ) დასახლებათა (ქალაქის, დაბის, სოფლის) ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვა, რომლის სახეობებია: გ.ა) მიწათსარგებლობის დაგეგმვა – მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა; გ.ბ) განაშენიანების დაგეგმვა – განაშენიანების რეგულირების გეგმა“.


კანონიდან გამომდინარე, თბილისს უნდა ჰქონდეს თბილისის „ქალაქმშენებლობითი გეგმა“, რომელიც შედგება „მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა“ და „ განაშენიანების გეგმა“.


კანონი განმარტავს თუ რა რას ნიშნავს.


„მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა – ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების (მიწათსარგებლობის) და განაშენიანების ძირითად პარამეტრებს, კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სივრცით-ტერიტორიულ პირობებს, სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს (პუნქტი 2.“მ“).

 
 „განაშენიანების რეგულირების გეგმა – ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტი, რომელიც დასახლებათა ტერიტორიებისთვის ადგენს მიწათსარგებლობის ზონებს (ქვეზონებს) ან/და აზუსტებს ცალკეული გეგმარებითი ერთეულების, განაშენიანების არქიტექტურულ- გეგმარებით და სივრცით-მოცულობით მახასიათებლებს, შენობების განთავსებას, მათ გეგმარებით პარამეტრებს; აზუსტებს უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების ქალაქთმშენებლობით მახასიათებლებს, რელიეფის ორგანიზებას, ტერიტორიების კეთილმოწყობასა და გამწვანებას, საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფას“(პუნქტი 2.“ნ“).


აქ პასუხის გასაცემად ვუბრუნდებით კითხვას: განცხადებაში აღწერილი სიტუაციის დასაძლევად საკმარისია მარტო „მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის“(მგგ) განახლებული, თუნდაც იდეალური ვარიანტი? ერთმნიშვნელოვნად არა, როგორც ამას გვეუბნება კანონი. ამისათვის საჭიროა მასთან ერთად იყოს „განაშენიანების რეგულირების გეგმა“(გრგ).


როდისაა ასეთი სიტუაცია მოსალოდნელი?


ამისათვის ჯერ უნდა ჩაამთავრო დაწყებული სახელმწიფო შესყიდვა მგგ-ზე და შემდეგ მიიღო გრგ. ქალაქის მმართველობას არ აქვს ამის ადამიანისეული რესურსები. არ არის სპეციალიზებული კვლევითი ცენტრები და ინსტიტუტები. ამიტომ კვლავ კონკურსი უნდა გამოცხადდეს და... როდის რა იქნება!


ინფორმაციისათვის: როდესაც წინა სტატია გამოვაქვეყნე პროფესორმა მირონ ტუღუშმა მომწერა წერილი, რომელიც იმიტომ მომაქვს, რომ ხაზი გავუსვა რა მოცულობის სამეცნიერო პოტენციალის მობილიზებაა საჭირო სერიოზული საპროგნოზო სამუშაოებისათვის და რომ ჯერ კიდევ ფორმაშია დაგეგმვის სპეციალისტები! ამონარიდი მ.ტუღუშის წერილიდან: მე, ვახტანგ ვეფხვაძესთან ერთად თბილისის წინა (2000 წლამდე პერიოდისათვის) გენგეგმის პროექტის თანაავტორი ვიყავი, ,,მოსახლეობა და შრომითი რესურსები“ ჩვენ გავაკეთეთ. ჩვენს მიერ სქესისა და ასაკის მიხედვით დამუშავებული თბილისის მოსახლეობის პროგნოზი 2000 წლამდე პერიოდისათვის შესაბამის მეთოდურ და მეთოდოლოგიურ მასალებთან ერთად 1979 წელს განიხილა საკავშირო გოსპლანმა და თბილისის აღმასკომს დაავალა ყველა სახის პროგნოზულ გაანგარიშებას მოსახლეობის ეს პროგნოზი დადებოდა საფუძვლად და ასეც ხდებოდა. ამ გენგეგმის პროექტის დამუშავებაში 20 -ზე მეტი ორგანიზაცია მონაწილეობდა (მათ შორის რამდენიმე საკავშირო დაქვემდებარების იყო)“.


კონკურსის გამოცხადებას ხომ განცხადებაში არსებული სიტუაცია არ შეუცვლია.


თბილისის ურბანული კრიზისის გაღრმავების პროცესი ხომ უცვლელია? ქალაქის ცხოვრება თითქმის მთლიანად თავისუფალ ბაზარსაა დაქვემდებარებული! სიტუაციას ვერ ცვლის კონკურსის შედეგად მიღებული საუკეთესო შედეგებიც, მისი მთლიანი სისტემის ნაწილად ყოფნის გამო, როდესაც სისტემის სხვა ელემენტები არ არის შესაბამისობაში.


დროს ფაქტორი მნიშვნელოვანია საქართველოსნაირ ქვეყანაში: აქ უშედეგოა მოქმედება პრინციპით ჯერ ეს, შემდეგ ის. საჭიროა სისტემური და კომპლექსური მოქმედება. ერთი წარმატებული საქმე, გეგმა, პროექტი დაიკარგება თუ არ არის სისტემაში. ამიტომ გვაქვს რეფორმების კრიზისი, მათი რევერსული განვითარება. ასეა 25 წელზე მეტია. ამის კარგი მაგალითია „გენგეგმის“ ისტორიაც.


მაინც როგორ განვითარდა პროცესები განახლებულ მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით?


კონკურსით სამუშაოს შესრულების მაქსიმალურ ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვე (განცხადება, პუნქტი 4.2.). ხელშეკრულება გაფორმდა 2015 წლის 15 ოქტომბერს კონკურსში პირველ ადგილზე გასულ ორგანიზაციასთან „სითი ინსტიტუტი საქართველო“.თბილისის არქიტექტურის სამსახურის საიტზე ა.წ. 8 ივლისს გამოქვეყნდა ცნობა იმის შესახებ, რომ „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე ჯგუფმა „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს, ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებული მასალები (ხაზგასმა ჩემია-მ.ჯ. შემდგომში: „მასალები“) წარუდგინა“.
(http://tas.ge/?p=news&menuItemId=7105). იქვეა მოცემული ეს მასალები.
https://drive.google.com/file/d/0B_nA9I8RJ6VSNkJaeThHaHNqNVU/view.


 თუ თბილისის მერია ამ „მასალებს“ თვლის ხელშეკრულებით განსაზღვრული საპროექტო მომსახურების შედეგად და მასზე აპირებს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებას, მაშინ მას უნდა ჰქონდეს დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების პროექტის სახე, სადაც მოცემული უნდა იყოს ტექსტუალური და გრაფიკული ნაწილი ამ განახლებისა , კონკრეტული მითითებით შემსრულებელი თუ რას თვლის რომ უნდა შეიცვალოს მომედ მგგ-ში და რით უნდა შეიცვალოს კონკრეტულად. აგრეთვე თუ მოქმედ მგგ უნდა დაემატოს, ან მოაკლდეს რაიმე-ისიც გარკვევით და კონკრეტულად უნდა იყოს მითითებული. ამ მოქმედი მგგ-ს განახლებით კონკურსის გამოცხადების მიზეზები ხომ მაინც უნდა მოიხსნას და იყოს ნაჩვენები თუ რა ცვლილებებით გადაიქცევა ის არარეველანტურიდა რეველანტურად როგორც ოპერატიული საქმიანობისათვის, ისე გრძელვადიანი პერიოდისათვის.


ასეთი რამ აქ არ არის.


თუ ვერ მოახერხეთ ნახვა, უახლეს ხანში მოგაწვდით მათ მოკლე დახასიათებას კანონმდებლობასთან, გეგმარებით დავალებასთან შედარების საფუძველზე, აგრეთვე ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, შინაარსისა და ფორმის თვალსაზრისით.


ერთი შეიძლება ითქვას, ის რაც წარმოდგენილია მასალის სახით თავისთავად მნიშვნელოვანი ინტელექტუალური პროდუქტია და მის საფუძველზე თავისუფლად შეიძლებოდა საკონკურსო დავალების შესრულება. რა მოხდა? სწორად ვერ განისაზღვრა ვის უნდა გაეკეთებინა ეს?


თუ მართლა ყველაფერი იმ თანხებთანაა კავშირში, რას ამ პროექტზე დაიხარჯა?


ისე ამ კონკურსთან დაკავშირებით ბევრი საოცარი ამბები მოხდა.


1.კონკურსი გამოცხადდა 2015 წლის 21 მაისს, მასში გამარჯვებული ა(ა)იპ “სითი ინსტიტუტი საქართველო“ 2015 წლის 31 ივნის „დაიბადა“(რეგისტრირებულ იქნა) (http://qronikaplus.ge/?p=11885).


2. 2015 წლის 17 აგვისტოს საქართველოს მთავრობის #1742 განკარგულების საფუძველზე, ქალაქთბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ არქიტექტურის სამსახურსა და უცხოურ საწარმო -„ფრაისვოთერჰაუსკუპერს ცენტრალურიაზია და კავკასია ბი.ვი.-ს ფილიალი საქართველოში“ (PricewaterhouseCoopers) შორის გაფორმდა #42030651A001/015 ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად, აღნიშნული ორგანიზაცია, საკონკურსო კომისიას, საკონკურსო განაცხადებზე მუშაობის პროცესში, უწევდა საკონსულტაციო მომსახურებას. აღნიშნული მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 400 000 ამერიკული დოლარი”. http://www.barristers.ge/public/uploads/docs/Daskvna__Tbilisis_Generaluri_Gegmis_Samartlebrivi_Analizi_2017.pdf )


3. 2015 წლის 13 ოქტომბერს ა(ა)იპ “სითი ინსტიტუტი საქართველო“-სთან დაიდო 50 000 ლარიანი ხელშეკრულება „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების წინასაპროექტო მოსაზრების“ შესყიდვაზე შესრულების ვადით 2015 წლის 31დეკემბერი. http://www.barristers.ge/public/uploads/docs/Daskvna__Tbilisis_Generaluri_Gegmis_Samartlebrivi_Analizi_2017.pdf)


3. ერთ და იმავე დღეს, 2015 წლის 15 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარბაშვილის ხელმოწერით გამოიცა საქართველოს მთავრობის №2212 განკარგულება სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორცილების უფლების მიცემის შეახებ და იმავე დღეს-15 ოქტომბერს გაფორმდა ხელშეკრულება „სითი ინსტიტუტ საქართველოსთან“ 2 800 000 ლარზე
რატომ დაჭირდა პროექტს 21 თვე, როგორ ხდებოდა მისი გადავადება, რა ინტერესები იკვეთება კონკურსის ჩატარებისა და გადაწყვეტილებების დროს - ამის შესახებ იხილეთ არჩილ კაიკაციშვილის ხელმძღვანელობით ჩატარებული კვლევის შედეგები „თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების პროცესის მონიტორინგი და სამართლებრივი ანალიზი. ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატები“.,აპრილი, 2017 წ. ქ. თბილისი.
(http://www.barristers.ge/public/uploads/docs/Daskvna__Tbilisis_Generaluri_Gegmis_Samartlebrivi_Analizi_2017.pdf),
აგრეთვე გიორგი ბაჯელიძის სტატია (http://qronikaplus.ge/?p=11885).


როგორიც არ უნდა იყოს ამ კონკურსში ფულისათვის ქმედებები, ანუ მიზანი - ფული კონკურსში, ის მაინც უმნიშვნელოა და ყველაზე ნაკლებადაა საინტერეს. ის შეიძლება საინტერესო იყოს იმის გასარკვევად თუ რამდენად მოახდინა მან გავლენა მიღებული მომსახურების ხარისხზე.


თუმცა იმ მიგნების შემდეგ, რაზეც უკვე ავღნიშნე, მეორეხარისხოვანი ხდება ზოგადად შესყიდული მგგ-ს განახლებული პროექტის ხარისხიც.


საქმე იმაშია, რომ თბილისში ქალაქთმშენებლობის მოსაწესრიგებლად მარტო მგგ საკმარისი არ არის. შემდეგ მისაღებია გრგ-ა, შემდეგ სხვა და სხვა. ასეთი ტემპით მოწესრიგება ვერ ეწევა მოუწესრიგებლობას.


რატომ არ გამოცხადდა კონკურსი თბილისის ქალაქთმშენებლობის სრულფასოვან გეგმაზე სრულად? რატომაა, რომ 25 წლის მანძილზე თბილისში ყველა ხელისუფალი წინამორბედის საქმიანობის ბეჯითი გამაგრძელებელია და არ ცვლის უწესრიგობას წესრიგით თბილისისათვის?


რა ასაზრდოებს ამ ერთიანობას, ფაქტობრივად „შეთქმულებას“, თბილისის წინააღმდეგ? უწესრიგობაში მოცემული მატერიალური ინტერესი. დაახლოებით „მღვრიე წყალში თევზის ჭერა ადვილიაო“-ს მაგვარი განწყობა.გარდა ამისა არც ვიცით და ნამდვილად ვერ ვაფასებთ უწესრიგობის გვარდიასა და მის გენერლებს. მათი ინტერესების გამაერთიანებელი ერთი მნიშვნელოვანი ხაზი გადის საერთოდ მიწაზე და განსაკუთრებით ურბანულ მიწაზე უწესრიგო საბაზრო ურთიერთობების შენარჩუნებაზე. დაწვრილებით შემდგომში.

 


უკან დაბრუნება