მთავარი გვერდი > დავით ფერაძე: ჯეჯელავაც სანიკიძეს არ ჩამორჩება, მაგრამ, სანიკიძე მაინც სანიკიძეა!

დავით ფერაძე: ჯეჯელავაც სანიკიძეს არ ჩამორჩება, მაგრამ, სანიკიძე მაინც სანიკიძეა!


1-09-2017 / 14:03

დავით ფერაძე: ჯეჯელავაც სანიკიძეს არ ჩამორჩება, მაგრამ, სანიკიძე მაინც სანიკიძეა!

საგანმანათლებლო კოლაფსის პარალელურად განათლების სისტემის ოფიციალურ სტრუქტურებში კვლავ მზარდია საბიუჯეტო თანხების ხარჯვა. არ წყდება დაუსაბუთებელი პრემიებისა და დანამატების გაცემა. თანამდებობის პირებზე გაცემული ანაზღაურება საჯარო მოხელის საშუალო ანაზღაურების ხუთ და ექვსმაგ ოდენობას, ხოლო პედაგოგის საბაზო ხელფასის თერთმეტმაგ ოდენობას შეადგენს.

 

ჯეჯელავას ბიუროკრატიულ უწყებას 2017 წლის აგვისტომდე ბიუჯეტიდან დახარჯული აქვს შემდეგი ოდენობის თანხა:

 

სამინისტროს მხოლოდ თანამდებობის პირებზე  ანაზღაურების სახით გაცემულია 977 950 ლარი,  აქედან დაუსაბუთებელი პრემია-დანამტია 408 284 ლ;  მთლიანად სამინისტროს თანამშრომლებზე კი გახარჯულია 2 637 582 ლარის ანაზღაურება და აქედან დაუსაბუთებელი პრემია-დანამატი 761 541 ლარია. სამინისტრომ მივლინებაში  დახარჯა 120 283 ლარი.

 

შემაშფოთებლად გამოიყურება სამინისტროს მიერ საქონლის, მომსახურებისა და სხვა შესყიდვებში გაწერილი და გახარჯული ფინანსები. 2017 წლის აგვისტომდე ეს თანხა, უხეში გაანგარიშებით 10  მილიონი ლარის ფარგლებშია. უამრავთაგან მხოლოდ ზოგიერთს მოვიყვანთ საილუსტრაციოდ: განათლების სამინისტროს შენობის  ცენტრალური ფლიგელის სარეაბილიტაციოდ შესყიდვის თანხამ 197 750 ლარი შეადგინა;  „ჯეოსელისგან" შესყიდული აქვთ 30 000 ლარის სასაუბრო დრო; სამინისტროს 4 იანვარს 90 ცალი მაჯის საათი შეუსყიდია, რაზეც 24 999 ლარის თანხა გამოუყვია. თუმცა საკასო შესრულებაში ეს თანხა არა მითითებული. საკასო შესრულებაში არ ფიქსირდება ასევე 26 392 ლარი,  რომელიც ფარდებისა და ჟალუზების შესყიდვისთვისაა გამოყოფილი;  

 

განათლების სამინისტრომ ინტერნეტ საკანონმდებლო მაცნეში ნორმატიული აქტების გამოქვეყნება 24 222 ლარად შეისყიდა; სატელევიზიო მომსახურებაში გადაიხადა  4 800 ლარი, მედიამონიტორინგში, 8 400 ლარი. ამიტომაა, რომ ზოგიერთ ტელევიზიასა და ინტერნეტ თუ ბეჭდურ გაზეთში ჯეჯელავას უწყების კრიტიკას ვერ ნახავთ. მაგალითისთვის: პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის (პსც) მიერ, სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე უამრავჯერ გავრცელებული მიმართვიდან არცერთი არ ხვდება  საგანმანათლებლო პროფილის პრეტენზიის მქონე ისეთ პორტალზე, როგორიცაა „edu.aris.ge". სამაგიეროდ, ეს პორტალი ჯეჯელავას ყოველ ამოსუნთქვას ასაჯაროვებს. მათ ძალიან კარგად იციან, რომ მთელ საგანმანათლებლო სივრცეში ყველაზე ობიექტურობით, ყველაზე პოპულარობით და ნდობით, სწორედ პსც გამოირჩევა, მაგრამ, როგორც ჩანს, შეგნებულად ბლოკავენ ინფორმაციას.

 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუროკრატიულ მფლანგველობასთან ერთად  საზოგადოებისთვის გავასაჯაროვებთ კიდევ ორი სტრუქტურის შესახებ ინფორმაციას.

 

2017 წლის აგვისტომდე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორზე გაცემულია 5 757 ლარის პრემია, სულ ამ ცენტრის თანამშრომლებზე გაცემულია 283 755 ლარის პრემია; ცენტრის სამივლინებო ხარჯმა 20 747 ლარი, ხოლო საკომუნიკაციო ხარჯმა 10 527 ლარი შეადგინა. საწვავში გახარჯულია 31 729 ლარი, ტექ. მომსახურებაში 10 235 ლარი,  შესყიდვებში: 415 915 ლარი.

 

გაძლიერებული მადით და უხვი ხარჯებითაა გამორჩეული განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, რომელსაც ხელმძღვანელობს განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი, პოლიტიკური რეპრესიების ორგანიზებაში, ნეპოტიზმსა და კორუფციაში ჩვენ მიერ მრავალგზის მხილებული თამარ სანიკიძე. სამწუხაროა, რომ სამართლიანი სასჯელის ნაცვლად ეს ქალბატონი კვლავ აგრძელებს ბიუჯეტის ფლანგვას და იმის ნაცვლად რომ ციხეში იყოს გამოკეტილი, როგორც საკმაოდ სახიფათო პიროვნება, უცხოურ ვოიაჟებსაც არ იკლებს.

 

2017 წელს ცენტრის სამ თანამდებობის პირზე გაცემულმა  ანაზღაურებამ უკვე შეადგინა  51 352 ლარი, აქედან დანამატის სახით გაცემულია 10 337 ლარის. მარტო თამარ სანიკიძემ 26 465 ლარი მიიღო ბიუჯეტიდან.

 

მთლიანად ცენტრის თანამშრომლებზე გაცემულია 1 857 311 ლარის ანაზღაურება, აქედან 124 206 ლარი დაუსაბუთებელი პრემია-დანამატია.  ცენტრის სატელეფონო ხარჯი 3396 ლარს შეადგენს, ხოლო, სამივლინებო ხარჯი 83 602 ლარის ოდენობისაა. აქედან, მხოლოდ თამარ სანიკიძემ 4 682 ლარი დახარჯა  ქვეყნის გარეთ სირბილში.  

 

პსც ცდილობს დააზუსტოს ინფორმაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს „ქუდში" მყოფი სხვა საჯარო დაწესებულებების ფინანსურ ხარჯებზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვნად ვთვლით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის და ასევე საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფინანსური საქმიანობის გასაჯაროებას, მაგრამ ეს ორი უწყება კანონდარღვევით თავს არიდებს პსც-სთან ურთიერთობას. თუ უახლოეს ხანში კომუნიკაციის კრიზისი გაგრძელდება,  შესაძლოა, განვიხილოთ მათ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანაც.

 

 

პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრი

 


უკან დაბრუნება