ივერიონი / ზაურ ნაჭყებია: არ მინდა იაფფასიანი პოპულარობა, გაუმარჯოს ჯანსაღ კრიტიკას!

ზაურ ნაჭყებია: არ მინდა იაფფასიანი პოპულარობა, გაუმარჯოს ჯანსაღ კრიტიკას!

ამ რამდენიმე დღის წინ ერთმა მეგობარმა პოეტმა გულწრფელად მირჩია: „ზაურ, თუ პოეტობას აწვები, კრიტიკას თავი დაანებე, პოპულარობაში ხელს შეგიშლის“-ო.

 

საკმაოდ მაინტრიგებელი და დასაფიქრებელი რჩევაა _ ალბათ, ნებისმიერ ადამიანს ქვეცნობიერად მაინც სურს პოპულარული (სხვებისგან გამორჩეული) გახდეს _ მის აზრს ანგარიშს უწევდნენ, ყოველთვის პუბლიკისგან ყურადღებას და პატივისცემას გრძნობდეს...

 

თუმცა, პოპულარობაც არის და პოპულარობაც...

 

ხაზგასმით შეიძლება ითქვას, რომ დღეს პოპულარობის საზომი არსებითად შეიცვალა _ პოპულარულია ის, ვინც ყველაზე მეტს ყვირის, ან თავისი „არაორდინალურობით“ იქცევს ყურადღებას! განსაკუთრებით მოგვეძალნენ თვითმარქვია „მუზის ოსტატები“. რომლებიც სოციალურ ქსელში ყელყელაობას ვინ ჩივის, პრეზენტაციებს, პრეზენტაციებზე აწყობენ და „უნიკალური“ შემოქმედის გვირგვინსაც ამაყად იდგამენ თავზე!

 

„პრეზენტაცია“ უცხოური სიტყვაა და ქართულად წარდგინებას ნიშნავს. დღეს, ჩვენდა სამწუხაროდ, ლამაზად შეფუთული წიგნების წარდგინების თანამონაწილე ვხდებით მხოლოდ (არავის აინტერესებს, რა შინაარსია მასში ჩადებული) და ეს ყველაფერი მიმდინარეობს წინასწარ დაგეგმილი (ხანდახან ცუდად დაგეგმილი!) შოუს ელემენტების ფონზე, სადაც ყველაფერია, გარდა ავტორის შემოქმედების ობიექტურად შეფასებისა...

 

აქედან გამომდინარე, წარსულს ჩაბარდა ახალი გამოცემის განხილვის ტრადიცია, სადაც ავტორს შესაძლებლობა ჰქონდა მოესმინა საკუთარი შემოქმედების ძლიერი და სუსტი მხარეები _ კრიტიკასთან ერთად რჩევები და რეკომენდაციებიც მიეღო და იგი ნაწარმოების სრულყოფისთვის გამოეყენებინა. რაც მთავარია, შემდგომი შემოქმედებითი საქმიანობისთვის გაეთვალისწინებინა.

 

დღევანდელი პრეზენტაციის ფორმატი ამის საშუალებს ნამდვილად არ იძლევა _ იქ პროფესიონალი ლიტერატორების (კრიტიკოსების) და ჭეშმარიტი მკითხველების ნაცვლად, თავს იყრიან ე.წ. „თანამოაზრეები“ (ანუ „ფანები“, ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად), რომლებიც მხოლოდ ზეაღმატებული ემოციებით გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას ავტორისადმი, რის გამოც უყურადღებოდ რჩება კრებულის ტრადიციული შეფასება.

 

ამ უხერხულობას მეტ-ნაკლებად შოუს ელემენტები ფარავს, თუმცა, თუ ობიექტურად ვიტყვით, ამ შოუსაც პროფესიონალის ხელი ნამდვილად არ ატყვია!

 

ასეთ სიტუაციაში ორი თავი მაინც უნდა გქონდეს, საკუთარი აზრი გამოთქვა წარმოდგენილი კრებულის ავ-კარგიანობაზე, მითუმეტეს, კრიტიკა გააჟღერო _ გაბედავ და „მხურვალე“ აპროდისმენტებს ვერ გადაურჩები, რაც იმის ნიშანია, რომ შენი ადგილი იქ არ არის!

 

ხანდახან, თუ სული „წაგძლევს“ და თუნდაც ზოგადა კრიტიკას მოუხმობ, მაშინაც დარბაზში მყოფი „ფანების“ რისხვას ვერ გადაურჩები _ ან დროზე ადრე შეგაწყვეტინებენ, ან, საერთოდ, არ მოგისმენენ... შენც იძულებული ხარ თავი შეიკავო საკუთარი აზრის გამოთქმისგან, ან პუბლიკას (უკვე მყარად ჩამოყალიბებულ „ტრადიციას“) აყვე და შენი ვალი ავტორის წინაშე ზოგადი ფრაზებით მოიხადო!

 

გამოთქმამ: „კრიტიკა არავი არ უყვარს, რადგან ის შოკოლადი არ არის“ დღეს განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა _ საქართველოში კრიტიკა არა მარტო არ უყვართ, არამედ, ტაბუდადებულია კიდეც და თუ ვინმემ მაინც გაბედა, „არამკითხე მოამბეს“ იარლიყი არ აცდება!

 

ამით იმის თქმა არ მინდა, რომ დღეს პროფესიონალი ლიტერატორები არ გვყავს _ ღვთის მადლით ჯერ კიდევ არიან ნიჭიერი ლიტერატურათმცოდნეები, მაგრამ მათი ძალისხმევა ნაწარმოების (წიგნის) ძლიერი მხარეების (თუ ასეთი რამ არის ავტორის შემოქმედებაში) წარმოჩენას არ სცილდება!

 

სხვათაშორის, ამ ორიოდე წლის წინ გახლდით ერთი საშუალო დონის მწერლის კრებულის განხილვაზე, რომელიც ორბელიანის საზოგადოების ინიციატივით ჩატარდა. მესიამოვნა, პროფესიონალი ლიტერატორების „არმია“ რომ დამხვდა _ მათი გამოსვლებიც საკმაოდ კომპეტენტური, ლიტერატურული კრიტიკისთვის დამახასიათებელი კომპონენტებით იყო გაჯერებული, მაგრამ, დღეს „ტრადიციათ“ ქცეულ დითირამბებისგან  თავი ვერც მათ შეიკავეს. სიტყვა არ თქმულა ნაწარმოების სუსტ მხარეებზე.

 

დარბაზში ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ საქმე გვქონდა სწორუპოვარ მწერალთან და სრულყოფილ ნაწარმოებთან. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენოდა, რეკომენდაცია მიგვეცა ნობელის პრემიაზე წარსადგენად, არადა, სინამდვილეში ასე არ იყო _ წიგნს რომ გავეცანი, მკითხველის პოზიციიდანაც კი, უკმაყოფილების გრძნობა დამრჩა.

 

როცა პროფესიულ საზოგადოებაში ასე ხდება, რა უნდა ვთქვა სოკოებივით მომრავლებულ პრეზენტაციებზე, სადაც ავტორის შემოქმედების შეფასების ადგილი საერთოდ არ არის?!

 

არ გვინდა კრიტიკა კრიტიკისთვის, მაგრამ ის საჭიროა ქართული ლიტერატურის განვითარებისთვის, ის საჭიროა მკითხველის გათვითცნობიერებისთვის _ მისი გემოვნების დახვეწისთვის.

 

დღეს კი რა ხდება?!

 

მკითხველი დაბნეულია _ წარმოდგენა არა აქვს, რა ხდება ზოგადად ქართულ ლიტერატურაში. ის ყველაფერს, ან არაფერს არ კითხულობს.

 

თანამედროვე ქართული ლიტერატურა კი ფსევდო მწერლებისა და პოეტების მარწუხებშია მოქცეული და ტრადიციულ სიმაღლეებს თანდათან თმობს (თუ უკვე დათმობილი არა აქვს).

 

დღეს ფართო ასპარეზი მიეცა ფსევდოკრიტიკოსებსაც, რომლებიც ერთი ფრაზით „გვიმტკიცებენ“, რომ თანამედროვე ლიტერატურაში „ამაზე უკეთესი ნაწარმოებები არ შექმნილა“ (ის მაინც დააყოლონ „ჩემი აზრითო“). რომ უთხრა, დაასაბუთე, სად იგრძნობა შენს მიერ დასახელებული ავტორების შემოქმედებაში მწერლის ოსტატობა და სათქმელის ორიგინალურად გადმოცემის უნარიო, ფანატიკოსთა მთელი „ესკადრილია“ დაგესხმება თავს და კუდით ქვას გასროლინებენ!

 

რა უნდა ქნა ამ დროს? ან უნდა გაჩუმდე, ან უთანასწორო ბრძოლაში ჩაება და დაუმსახურებელი შეურაცხყოფაც უნდა აიტანო!

 

როგორც იტყვიან, ყველას თავისი გზით გაუმარჯოს _ ვისაც რა სურს, ის აკეთოს, მაგრამ მე ქართული ლიტერატურის გაურკვეველი მომავალი უფრო მადარდებს _ ასე შორს ნამდვილად ვერ წავალთ!

 

მე არ ვარ ლიტერატურის პროფესიონალი კრიტიკოსი (უფრო ანალიტიკოსად მოვიაზრებ საკუთარ თავს), მაგრამ ყალბისა და ღირებულის ერთმანეთისგან გარჩევა ნამდვილად შემიძლია. რაც მთავარია, ზომიერების გრძნობა ნებისმიერი მოვლენისა თუ პიროვნების შეფასებისას არ მღალატობს!

 

ისეთ პირი უჩანს, რომ ზოგიერთების ოპტიმიზმი: დრო ყველაფერს გაცხრილავს, ნაკლებად სარწმუნოა, რადგან, ჯერ ერთი, საშიში ტენდენცია მკვიდრდება, რაც ლიტერატურული კრიტიკის ფაქტიურად ტაბუდადებაში გამოხატება. მეორეც, ამ ფონზე მკითხველის გემოვნებაც თანდათან კნინდება და ყალბისა და ჭეშმარიტის გარჩევაც (განსაკუთრებით მომავალ თაობებს) გაგვიჭირდება!

 

ამდენად, ვერ გავიზიარებ ჩემი კეთილმსურველი მეგობრის რჩევას _ არ მინდა იაფფასიანი პოპულარობა, გაუმარჯოს ჯანსაღ კრიტიკას!

 

P.S. ვისაც ჩემი გაკრიტიკების სურვილი გაუჩნდება, სიამოვნებით ვიწვევ 18 ოქტომბერს, 18 საათზე ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში საკუთარი პობლიცისტური კრებულის _ „სამართებლის პირზე“ წარდგენა-განხილვაზე.

 

ასევე სიამოვნებით მივიღებ ობიექტურ კრიტიკას და საქმიან რჩევა-რეკომენდაციებსაც.

 

 

12-10-2017, 11:04
უკან დაბრუნება