ივერიონი / ზაურ ნაჭყებია: რატომ გვჭირდება ახალი „სისხლი“?!

ზაურ ნაჭყებია: რატომ გვჭირდება ახალი „სისხლი“?!

 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა კარგი წინაპირობები შექმნა იმის გასააზრებლად და გასაანალიზებლად, თუ საით მიემართება საქართველო და საერთოდ, აქვს თუ არა აზრი ასეთი არჩევნების ჩატარებას ქვეყანაში?!

 

ამომრჩეველთა უკიდურესად დაბალმა აქტიურობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საზოგადოების უმრავლესობა (თბილისის მაგალითზე, თითქმის 60% არც მისულა არჩევნებზე) გულგრილია არჩევნების მიმართ - ის არც ხელისუფლებას ენდობა და არც ე.წ. ოპოზიციას, რომელმაც საბოლოოდ მოიჭრა თავი და თუ თვითონ ვერ ხვდებიან, ჩვენ უნდა მივახვედროთ, რომ დროა ადგილი პოლიტიკურ მოუსავლეთში დაიმკვიდრონ!

 

ცალკე საუბრის თემაა „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განაყოფი „ევროპული საქართველო“, რომელმაც ამომრჩევლის გარკვეული მხარდაჭერა მიიღო. თუმცა, სადაც სამართალია, ისინი არც ოპოზიციურ ძალად უნდა იწოდებოდნენ და მე რომ მკითხონ (საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი მიზეზების გამო), საერთოდ უნდა ავუკრძალოთ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა („არ გათეთრდების ყორანი, რაგინდ, რომ ხეხო ქვიშითა!“).

 

მიუხედავად ამომრჩეველთა უმრავლესობის ფაქტობრივი ბოიკოტისა, მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, არჩევნები ჩატარებულად ითვლება და „ქართული ოცნებაც“ გამარჯვებას ზეიმობს!

 

ვისაც ზოგადად პოლიტიკაზე, კერძოდ, საარჩევნო ტექნოლოგიებზე ელემენტარული წარმოდგენა აქვს, ყველა დარწმუნებული იყო იმაში, რომ ხელისუფლება მთელი საქართველოს მასშტაბით გამარჯვებას გაიფორმებდა. ამაში მას დიკრიმინაციულ საარჩევნო კანონთან ერთად, ამომრჩეველთა პასიურობაც უწყობდა ხელს!

 

ისმება კითხვა: რატომ გახდა ამომრჩეველი ასეთ პასიური?

 

ვიდრე ამ კითხვაზე პასუხს გავცემდე, წარმოგიდგენთ კითხვებს, რომელიც სოციალურ ქსელში შედეგების გამოცხადებისთანავე გამოვაქვეყნე და იმედი მქონდა საზოგადოების მხრიდან დაინტერესება ექნებოდა. სამწუხაროდ, შევცდი. 

 

თქვენი აზრით:

 

1. ვინ უფრო სწორად მოიქცა-ის, ვინც საერთოდ არ მივიდა არჩევნებზე და მონაწილეობა არ მიიღო წინასწარ დადგმულ შოუში (ფარსში), თუ ის, ვინც "მოქალაქეობრივი"ვალი მოიხადა და თავისი "რჩეული" შემოხაზა?

 

2. რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ამომრჩეველთა აქტიურობა მაქსიმალური იყოს და არჩევანის გაკეთება მუდამ ცუდსა და უარესს შორის არ გვიხდებოდეს?

 

3. შესაძლებელია თუ არა ამ კაბალური (მხოლოდ ხელისუფლების ინტერესებს მორგებული) საარჩევნო კანონის პირობებში არსებითი გარდატეხის შეტანა არჩევნების შედეგებში?! 

 

ვეცდები ყველა კითხვაზე ცალ-ცალკე გავცე პასუხი:

 

 

პასიური პროტესტი  ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს!

 

ბუნებრივია, წინასწარ დაგეგმილ შოუში მონაწილეობა, მითუმეტეს, თუ იგი შენი და შენი ქვეყნის მომავალს ეხება, დანაშაულის ტოლფასია, მაგრამ, ამ შემთხვევაში ამომრჩეველი არასწორად მოიქცა, რადგან, ასეთი პასიური პროტესტი საარჩევნო კანონმდებლობიდან გამომდინარე, ყოველთვის ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს.

 

საქმე ისაა, რომ არსებული საარჩევნო კანონმდებლობა არჩევნების ლეგიტიმაციისთვის ამომრჩეველთა მაქსიმალური რაოდენობის მონაწილეობას სავალდებულოდ არ მიიჩნევს - გამარჯვებული ვლინდება არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით (არა აქვს მნიშვნელობა, რამდენი პროცენტი მიიღებს მონაწილეობას), რაც სრული აბსურდია!

 

დიახ, აღნიშნული კანონმდებლობა, ამომრჩეველთა პასიურობის პირობებში ხელისუფლებას ყოველთვის აძლევს შანსს გამარჯვება გაიფორმოს, რადგან, მას ხელთ უპყრია ადმინისტრაციული რესურსი და საჯარო სამსახურში დასაქმებულთა არმია თავიანთი ოჯახ-ნათესავებით, რომლებიც თავს ვალდებულად თვლიან, მხარი დაუჭირონ ხელისუფლებას, რომ „ტკბილი ლუკმა“ არ დაკარგონ!

 

ვერ ვიმარჩიელებ, მაგრამ, არა მგონია, საჯარო მოსამსახურეთა უმრავლესობას არ გაეკეთებინოს არჩევანი ხელისუფლების სასარგებლოდ - ეს დაუწერელი კანონია, რომელსაც თითქმის ყველა ემორჩილება! ერთი სიტყვით, „ქართულ ოცნებას“ ჰყავს მოტივირებული (გარანტირებული) ამომრჩეველი, რომელსაც სტატუს-კვოს შენარჩუნება აწყობს!!!

 

ასევე მოტივირებული ამომრჩეველი ჰყავდა „ნაცმოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოსაც“ - ეს ის ხალხია, ვინც „ნაციონალების“ დროინდელი პრივილეგიები დაკარგა ან, ვინც თავს მორალურად ვალდებულად თვლის მხარი დაუჭიროს. რაც შეეხება „პატრიოტებს“, მათი მხრიდან ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვა არსებითი ხასიათის გარღვევად არ ჩაითვლება.

 

ლოგიკურად ისმება კითხვა: რა შედეგს მივიღებდით, ის პასიური ამომრჩეველი არჩევნებზე მისულიყო და თავისი პროტესტი ყველა კანდიდატის გადახაზვით დაემოწმებინა?!

 

ეს რომ მომხდარიყო, არჩევნები ჩატარებულად არ ჩაითვლებოდა - არც გამარჯვებული გამოვლინდებოდა, რადგან, გადახაზული ბიულეტენებიც არჩევნებში მონაწილეობას ნიშნავს და მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით 50 პროცენტს პლიუს ერთი ბარიერს ვერც ერთი, მათ შორის, „ქართული ოცნებაც“ ვერ გადალახავდა. არჩევნების არალეგიტიმურობა (ჩაშლა) კი ფაქტიურად სახელისუფლებო კრიზისს ნიშნავს, რომლის დროსაც ხელისუფლება ვალდებულია გარკვეულ დათმობაზე წავიდეს - შეცვალოს საარჩევნო კანონმდებლობა და, ზოგადად, საარჩევნო გარემო, ანუ ყველა ვარიანტში ამომრჩეველი ვალდებულია დააფიქსიროს თავისი დამოკიდებულება არჩევნების მიმართ!

 

რატომ არ მივიდა ამომრჩეველთა უმრავლესობა არჩევნებზე?

 

ამას რამდენიმე ახსნა მოეპოვება:

 

1. „რა აზრი აქვს ჩემს მონაწილეობას, მაინც იმას გაიყვანენ, ვინც უნდათ“;

2. ხალხს არც ერთი პოლიტიკური ძალა არ მოსწონს და არ ენდობა;

3. მათ არ ჰყავთ საკუთარი რჩეული, ანუ არ არსებობს წარმოდგენილი კანდიდატების სახალხო ალტერნატივა.

 

რაც შეეხება პირველი კითხვის ბოლო ნაწილს, სწორად მოიქცა თუ არა ის, ვინც მოქალაქეობრივი ვალი მოიხადა, სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არა!

 

ახალი „სისხლია“ საჭირო!

 

დიახ, ახალი „სისხლია“ საჭირო და ეს რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს! ეს არის მოკლე პასუხი ჩემს მიერ დასმულ მეორე კითხვაზე  - „რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ამომრჩეველთა აქტიურობა მაქსიმალური იყოს და არჩევანის გაკეთება მუდამ ცუდსა და უარესს შორის არ გვიხდებოდეს?“.

 

„ახალი სისხლის“ გადასხმა ნიშნავს უარის თქმას დამყაყებულ პოლიტსუბიექტებზე და ახალი, იდეოლოგიურად და თვისობრივად განსხვავებული საზოგადოებრივი (პოლიტიკური) ძალის ფორმირებას!

 

უპირველესად, ამაზე უნდა იფიქროს იმ 60-მა პროცენტმა, რომელმაც თავისი პასიურობით ფაქტიური ბოიკოტი გამოუცხადა არჩევნებს. თუ გავითვალისწინებთ ქართული ხასიათის განსაკუთრებულ თვისებებს, თანმიმდევრულობისა და სწორად დაგეგმვის შემთხვევაში, ინერტულად განწყობილი მასის აყოლიება ნამდვილად შეიძლება! სხვანაირად ჩვენ ვემსგავსებით ნახირს, რომელსაც საითაც გინდა იქით გადარეკავ და რასაც გინდა, იმას გაუკეთებ!

 

როცა ხალხს იმპულსი მიეცემა და მოტივაციაც გაუჩნდება, ჭვგარეშეა, რომ არჩევნების შედეგები არსებითად განსხვავებული და სასურველთან მიახლოებული იქნება.

 

თუ აქტიური საზოგადოებრივი მოძრაობა აქედანვე არ დაიწყო, დარწმუნებული ვარ, 2020 წლისთვის არჩევნებისადმი ინტერესი კიდევ უფრო განელდება (ნიჰილიზმი გაძლიერდება) და ხელისუფლებას ხალხის ხმაც არ დასჭირდება - ის ყოველთვის მიიღებს მაქსიმუმს და ფორმალური დემოკრატიის საილუსტრაციოდ პარლამენტში „ზემოდან“ დაშვებულ პოლიტპარტიებს და პოლიტგვამებსაც დაასკუპებს!

 

ღრმად ვარ დარწმუნებული იმაშიც, რომ „ინაციონალური მოძრაობის“ „განადგურება-არგანადგურების“ ჰიპოთეზა მომავალშიც იარსებებს, რადგან, ეს დღევანდელ ხელისუფლებას სჭირდება!

 

არ ვიზიარებ იმ აზრს, რომ ყველაფერი დამთავრებულია და არაფრის შეცვლა არ შეიძლება - რა თქმა უნდა, იდეალურ ხელისუფლებას (ასეთი ბუნებაში არც არსებობს) ვერ მივიღებთ, მაგრამ ხალხის (სახელმწიფოს) ინტერესების თუნდაც მინიმალურად გამომხატველი ხელისუფლების მოყვანა რომ შესაძლებელია, ეს საკამათო არც უნდა იყოს!

 

რა არის ამისთვის საჭირო?

 

საზოგადოებრივად აქტიური ადამიანების მონაწილეობით უნდა შეიქმნას საინიციატივო ჯგუფი, რომელიც პოლიტიკურად არაანგაჟირებული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ინდივიდების მოძიებაზე იზრუნებს (ცენტრშიც და რეგიონებშიც). ამ ადამიანების ბაზაზე უნდა ჩამოყალიბდეს საზოგადოებრივი დარბაზი (ცენტრალური და ადგილობრივი ქვედანაყოფებით).

 

კი, მაგრამ სად არის პოლიტიკური აქტიურობისთვის საჭირო ფული? - იკითხავთ თქვენ და მართალიც იქნებით, რადგან საარჩევნო პრაქტიკა ადასტურებს, რომ ფული არჩევნებში ერთ-ერთი მძლავრი ინსტრუმენტია, რომელსაც ვერ გავექცევით.

 

ცხადია, ასეთი საზოგადოებრივი მოძრაობისთვის უცხოეთიდან კაპიტალს არავინ გამოგზავნის, არც ე.წ. ქართული ბიზნესი აიტკივებს აუტკივარ თავს, რადგან, ის ყოველთვის არსებული ხელისუფლების მძევალია. გამოსავალი ერთია: ახალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ძალის ფუნქციონირებისთვის საჭირო კაპიტალი თავად საზოგადოების დაინტერესებულმა ნაწილმა უნდა გაიღოს! (მითუმეტეს, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ორგანიზაციაში გაწევრიანებით „მუქთა ფულის“ შოვნის მოტივაციაც იკარგება).

 

სწორედ საზოგადოებრივმა დარბაზმა პროფესიონალთა მონაწილეობით (ძალისხმევით) უნდა დაამუშაოს სახელმწიფოს გადარჩენა-განვითარების სტრატეგია და პროგრამა, რომ მომზადებული შეხვდეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს. მას საკმაოდ დიდი დრო რჩება იმისთვის, რომ დღევანდელი პოლიტბომონდის საპირწონე კანდიდატურებიც შეარჩიოს და ხალხში (უპირველესად იგულისხმება პასიური ნაწილი) არჩევნებზე მისვლის მოტივაციაც გააღვივოს!

 

რაც შეეხება პასუხს მესამე კითხვაზე, გარკვევით ვიტყვი, რომ დღევანდელი საარჩევნო კანონმდებლობის პირობებშიც კი შესაძლებელია არსებითი გარდატეხის შეტანა არჩევნების შედეგებში. სხვანაირად, ამომრჩეველთა პასიური პროტესტი ყველა მოსალოდნელ უბედურებებზე ხელის მოწერის ტოლფასია! თუ ბოიკოტია, მაშინ აქტიური ბოიკოტი (ყველა პარტიის და კანდიდატების გადახაზვა) მაინც უნდა იყოს, რისი პრაქტიკაც არასდროს გვქონია.

 

ვფიქრობ, უსიტყვო კაპიტულაციას ნიშნავს, რიტორიკული კითხვის დასმაც: რა შეუძლია ხალხს? ხალხს ყველაფერი შეუძლია, თუ იგი ერთად დადგება და საკუთარ უფლებებს გამოიყენებს.

 

ყალბი დემოკრატიით მიღებულმა შედეგებმა დაგვანახა, რომ იგი (ხალხი) არ უნდა დარჩეს თავსმოხვეული არაქართული (მოღალატეობრივი) პოლიტიკის, არაქართული ორიენტაციის უმცირესობის (უცხო თესლისგან მართული) ტყვეობაში.

 

ვინ მოგვცემს ამის უფლებას?! - იკითხავთ თქვენ და აქვე გიპასუხებთ:

 

უფლებას არავინ იძლევა, ის შენ თვითონ უნდა მოიპოვო - მითუმეტეს, უნდა მოიპოვო ის, რაც უფლისგან ისედაც გაქვს მონიჭებული, ანუ, შინაგანი თავისუფლება. აქედან გამომდინარე, უნდა დავამსხვრიოთ ტყვეობის ბორკილები და საკუთარი აწმყო და მომავალი ჩვენ თვითონვე გამოვჭედოთ!

 

P.S. ადგილობრივმა არჩევნებმა თვალნათლიც დაგვანახა, რომ ხალხს ყველაფერზე ხელი აქვს ჩაქნეული და ჩათრევას ჩაყოლას ამჯობინებს. ამას სხვაგვარად ნიჰილიზმში გადავარდნა ჰქვია, რომელიც ძალიან საშიში სიმპტომია და საფრთხეს უქმნის ერის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებას.

 

დაგვანახა ისიც, რომ კრიტიკული აზროვნების (მოვლენების რეალურად შეფასების) უნარიც დავკარგეთ, ერთმანეთისგან ვერ ვარჩევთ წარმატებულსა და მაფიოზს. რადგან უკეთესს ვერ ვხედავთ, არჩევანს ისევ ცუდსა და უარესს შორის ვაკეთებთ და მერე სულ გულუბრყვილოდ ვამტკიცებთ, რომ ის გაამართლებს. დღემდე ვერ გავაცნობიერეთ, რომ მილიონრები და მილიარდერები ხელისუფლების არცერთ შტოს არ უნდა გავაკაროთ, რადგან, მათი ფსიქოლოგია ბიზნესის ფსიქოლოგიას ვერ სცდება და ქვეყანა „მეწველი ძროხა“ ჰგონიათ!!!

 

 

მე მითქვამს...

 

25-10-2017, 17:25
უკან დაბრუნება