მთავარი გვერდი > ზაურ ნაჭყებია: პოლიტიკამ მას ასპარეზი შეუკვეცა!

ზაურ ნაჭყებია: პოლიტიკამ მას ასპარეზი შეუკვეცა!


31-10-2017 / 11:18

ზაურ ნაჭყებია: პოლიტიკამ მას ასპარეზი შეუკვეცა!

დღეს უკანასკნელ გზაზე გააცილებენ უნიჭიერეს (თვითნაბად) ლიტერატორს და ასევე გამორჩეულ ორატორს ბ-ნ თემურ ქორიძეს.

 

მართალია, არ გაუმართლათ იმ გულშემატკივრებს, ვინც თემურ ქორიძის დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალვას ითხოვდნენ, მაგრამ უფალმა მას განსაკუთრებული ხვედრი არგუნა - დღეს მისი სული მცხეთაში, სამთავროს მონასტრის წმინდა მიწაზე დაივანებს. ეს ღირსეული ადამიანების ხვედრია...

 

ნიშანდობლივია, რომ ყველა ერთსულოვნად აღიარებდა მის ლიტერატურულ გემოვნებას. დიახ, ბატონი თემური მაღალი გემოვნების ლიტერატორი იყო - დახვეწილი, ობიექტური და პრინციპულიც. იმდენად თამამი და თავდაჯერებულიც, რომ მასთან ლიტერატურულ პოლემიკაში შესვლას თითქმის ყველა ერიდებოდა.

 

პატიოსანი (უქონელი) კაცის ომიჯით ცხოვრობდა, რაც არ აძლევდა შანსს მის პოლიტიკურ ოპონენტებს იერიში მიეტანათ მასზე, როგორც გამსახურდიას ხელისუფლების კორუმპირებულ ჩინოვნიკზე.

 

თემურ ქორიძეს გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან ვიცნობდი, როგორც ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთ წარმომადგენელს, მაგრამ, მასთან უშუალოდ შეხვედრის საშუალება 1990 წელს მომეცა, როცა ის ზვიად გამსახურდიასთან და თემურ სუმბათაშვილთან ერთად თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომში მოვიდა რესპუბლიკის მაშინდელ ხელმძღვანელებთან, გივი გუმბარიძესთან (ცკ-ის პირველი მდივანი), ნოდარ ჭითანავასთან (მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე) და შოთა გორგოძესთან (შინაგან საქმეთა მინისტრი) შესახვედრად. მაშინ აღმასკომის თავმჯდომარის (შემდგომში თბილისის მერის)  რეფერენტად (თანაშემწედ) და პრესამსახურის უფროსად ვმუშაობდი.

 

შეხვედრა აღმასკომის მაშინდელი თავმჯდომარის, აწ განსვენებულ ირაკლი ანდრიაძის კაბინეტში შედგა. ახლაც მახსოვს მისი და თემურ სუმბათაშვილის ემოციები შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ. ეს იყო 1990 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე. უკვე აშკარად იგრძნობოდა, რომ ეროვნული მოძრაობა გამარჯვებისთვის ემზადებოდა - ამისთვის ყოველგვარი წინაპირობები თავად მაშინდელმა ხელისუფლებამ შექმნა...

 

მას ხშირად ვხვდებოდი ე.წ. ბუნკერის ტელევიზიაში (იმ ავადასახდენებელ პერიოდში - მაშინდელი ოპოზიციის სამარცხვინო დესტრუქციულ ქმედებებს ვგულისხმობ) - როგორც მერიის სამსახურის უფროსს, ხშირად მიმქონდა მერიის მიმართვა მოსახლეობისადმი ტელევიზიაში გამოსაქვეყნებლად. ერთხელ საქმიანი შეხვედრაც მქონდა მასთან - მაშინდელმა ქალაქის მერმა, თამაზ ვაშაძემ ბატონ თემურს სთხოვა შეეფასებინა ჩემს მიერ მომზადებული მიმართვის ტექსტი. ბატონმა თემურმა ტექსტის წაკითხვისთანავე ვაშაძეს ცერა თითის ჟესტით ანიშნა, რომ „ათიანშია“ გარტყმულიო, რამაც მერის ჩემდამი ნდობა კიდევ უფრო გაამყარა. იმ წუთიდან თემურ ქორიძისადმი სიმპათიები გამიჩნდა და დღემდე არ გამნელებია!

 

ამ ბოლო დღეებში ბევრს წერენ მასზე, როგორც სწორუპოვარ ლიტერატორზე და ჩინებულ ორატორზე, მაგრამ, თითქმის არავინ საუბრობს თემურ ქორიძეზე, პოლიტიკოსზე - როგორც მაშინ ამბობდნენ, გამსახურდიას ხელისუფლების მთავარ იდეოლოგზე!

 

დღევანდელი გადასახედიდან უფრო ადვილია შეაფასო 1991 წლის დეკემბრის მოვლენები, კიდევ ერთხელ შეაჩვენო პუტჩი და პუტჩისტებიც, მაგრამ შეცდომები საზოგადოებამ და მაშინდელმა ხელმძღვანელობამაც რომ დაუშვა, ფაქტია. აგრესიულ ოპოზიციასთან ურთიერთობის ფორმას რომ თავი დავანებოთ, გამსახურდიას ხელისუფლების ერთ-ერთ შეცდომად მაინც კომუნისტების პარლამენტიდან დათხოვნა მიმაჩნია - იმ კომუნისტების, რომლებმაც ეროვნულ ძალებს თითქმის ხონჩით მიართვეს ხელისუფლება და რომელთა გამოყენება გარდამავალ პერიოდში აშკარად შეიძლებოდა (თუნდაც მართვის გამოცდილების გამო). სამწუხაროდ, კომუნისტი-დეპუტატების პარლამენტიდან დათხოვნის თაობაზე რესპუბლიკის ხელმძღვანელთა პოზიცია მაშინ ბატონმა თემურმა გააჟღერა!

 

სამწუხაროა, რომ დღემდე არ მიეცა სათანადო კვალიფიკაცია, თუ ვინ მოაწყო პუტჩი, ვინ დაამხო რეალურად გამსახურდიას ხელისუფლება (კიტოვანი, სიგუა, იოსელიანი მხოლოდ ჭანჭიკები (შემსრულებლები) იყვნენ ამ დიდ ავანტიურაში).

 

ზოგადად კი იმის თქმა მინდა, რომ თემურ ქორიძისნაირი მაღალპროფესიონალები პოლიტიკაში არ უნდა მოდიოდნენ, რადგან, თანამედროვე ბინძურ პოლიტიკას შეუძლია დააკნინოს მათი (პროფესიონალების) იმიჯი და გარკვეული ლაქაც დაუტოვოს!

 

აშკარაა, რომ პოლიტიკურმა საქმიანობამ მას, როგორც მაღალპროფესიონალ ლიტერატორს, მნიშვნელოვანწილად ხელი შეუშალა კუთვნილი ადგილის დამკვიდრებაში. სხვათაშორის, თვითონაც გრძნობდა ამას და ხშირად გარკვეულ თემებზე საუბრისას თავსაც კი იკავებდა (მე მქონდა ცდა ბატონ თემურს ეპასუხა პოლიტიკურად მოტივირებულ კითხვებზე, რაზეც მან თავაზიანად თავი შეიკავა - მიზეზიც არ დაუმალავს)!

 

სამწუხაროა, რომ მას თავისი შესაძლებლობის მინიმუმიც არ გაუკეთებია. ამაში გარკვეული წვლილი საზოგადოებამაც შეიტანა - უფრო სწორად, საზოგადოების იმ ნაწილმა, ვისაც ეროვნული ხელისუფლების მიმართ შური და ღვარძლი დღემდე არ ასვენებს - ასეთები არც თუ ისე ცოტაა!

 

ნიჭს, როგორც დიდი ილია იტყოდა, ჩარხზე ალესვა და სათანადო ასპარეზი სჭირდება - თემურ ქორიძეს კი ზემოთ თქმული მიზეზების გამო ასპარეზი შეუკვეცეს და ლამის საზოგადოებიდან გარიყეს!

 

ასეთები ვართ, ზოგადად, ადამიანები...

 

მსუბუქი იყოს მისთვის ქართული მიწა.

 

 

P.S. როგორც ლიკა ქავჟარაძესთან მიმართებაში, სოციალურ ქსელში და მედიაში ახლაც გულისამაჩუყებელ სტრიქონებს ვკითხულობ თემურ ქორიძის მოულოდნელად გარდაცვალების გამო. რა თქმა უნდა, თანაგრძნობა მისასალმებელია, მაგრამ ისეთი ვიღაცებიც აღვარღვარებენ ნიანგის ცრემლებს, მის სიცოცხლეში სხვა პოზიცია რომ ეჭირათ და არც აინტერესებდათ, როგორ ცხოვრობდა და არსებობდა თემურ ქორიძე. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რა ცრუ და დაუნდობელია ეს სოფელი! 

 


უკან დაბრუნება