ივერიონი / საუკუნე ეკონომიკისა და ხალხის სამსახურში!

საუკუნე ეკონომიკისა და ხალხის სამსახურში!

(ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  დაარსების 100 წლისთავთან დაკავშირებით)

 

1918 წლის 26 მაისს გამოცხადებულ საქართველოს დამოუკიდებელ დემოკრატიულ რესპუბლიკას პოლიტიკურად ზურგს  მაშინდელი მოკავშირე გერმანია, ინტელექტუალურად  კი - უნივერსიტეტი და მისი თხემით ტერფამდე ეროვნული ფასეულობების ერთგული სამეცნიერო საზოგადოებაუმყარებდა.

 

ქართველ მეცნიერებს არ მიუტოვებიათ უნივერსიტეტი ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ (ექვთიმე თაყაიშვილი ქართულ ეროვნულ საუნჯეს მცველად გაყვა ემიგრაციაში), უფრო მეტიც, მათ მეცნიერებასთან ერთად უფრო მეტად იკისრეს ქართველი ერის სულიერი ხელმძღვანელობის, მისი თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და თაობიდან თაობაზე გადაცემის მამულიშვილური ფუნქცია. დაარსებიდან, ვიდრე დამოუკიდებლობის აღდგენამდე 1991 წელს, საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა მეტ-ნაკლებად საყურადღებო მოვლენა ქართველი ერის ერთობის, თვითმყოფადობის, ენის, ისტორიის საკითხებზე, რომლის ავანგარდში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მისი პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები არ ყოფილიყვნენ.

 

ამ  მამულიშვილურ საქმეში თავის თვალსაჩინო როლს ყოველთვის ასრულებდა უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტიც - დღეისათვის უნივერსიტეტის ყველაზე მსხვილი ფაკულტეტი სტუდენტთა ხუთი ათასიანი და თითქმის  ორასკაციანი აკადემიური და ადმინისტრაციული კონტინგენტით.

 

ფაკულტეტს აკადემიური სწავლების  თამასა ყოველთვის მაღლა ეჭირა. სხვანაირად არც შეიძლება, რადგანაც მის სათავეებთან იდგნენ მეცნიერების ისეთი კორიფეები, როგორებიც იყვნენ დიდი ივანე ჯავახიშვილი და შალვა ნუცუბიძე. როდესაც მიიღეს გადაწყვეტილება უნივერსიტეტში სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის დაარსების შესახებ, მისმა პირველმა დეკანმა ივანე ჯავახიშვილმა საეკონომიო დარგის სავალდებულო სასწავლო დისციპლინებად განსაზღვრა პოლიტიკური ეკონომია, სტატისტიკა, საფინანსო მეცნიერება, საეკონომიო მოძღვრებათა ისტორია, საქართველოს ეკონომიკური ისტორია, მიწათმფლობელობა საქართველოში, ბუღალტერია და სხვ. ამით მან თავიდანვე მყარი საფუძველი ჩაუყარა მომავალი ეკონომისტების სისტემურiცოდნის მიღების პროცესს. ეს პრინციპი დღემდე შენარჩუნებულია. დღეისათვის, თავისი ისტორიის მანძილზე სხვადასხვა სახელწოდების მატარებელ, არაერთგზის დაშლისა და გაერთიანების პერიპეტიების გადამტან უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სხვადასხვა სპეციალობაზე  ორასზე მეტი  საგნის სწავლება მიმდინარეობს, რის გამოც ფაკულტეტის კურსდამთავრებულები გამოირჩევიან ზოგადეკონომიკური განათლების მაღალი დონითა და არჩეული სპეციალობის მიხედვით მყარი  სისტემური ცოდნით.

 

დროთა განმავლობაში უნივერსიტეტის გაძლიერებისა და განტოტვის პარალელურად იზრდებოდა ეკონომიკური მეცნიერებისა და ცოდნის მნიშვნელობის გაცნობიერება საზოგადოებაში. დაარსებიდან მალე, სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტს გამოეყო დამოუკიდებელი სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტი, რომლის პირველი დეკანი იყო პროფესორი (შემდგომში აკადემიკოსი) შალვა ნუცუბიძე.  აღსანიშნავია დიდი ივანე ჯავახიშვილის დამსახურება ქართული ეკონომიკური მეცნიერების ფორმირებისა და განვითარებისთვის.

 

მან შექმნა და გამოსცა საქართველოს ეკონომიკური ისტორიის კურსი, პირველი დიდი ეკონომიკური გამოცემები. ფაკულტეტზე სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ ქართული ეკონომიკური მეცნიერების კორიფეები ფილიპე გოგოჩაიშვილი, პაატა გუგუშვილი, ირაკლი მიქელაძე, ვასილ ჩანტლაძე, ვალერიან მელქაძე, ნიკოლოზ ქოიავა, გივი ჭანუყვაძე.... მათი საქმიანობის, სამეცნიერო ინტერესის დიაპაზონი ფართო იყო - საქართველოს დემოგრაფიული პრობლემებიდან დაწყებული, რეგიონული ეკონომიკისა და ფინანსებით დამთავრებული.

 

მართალია, მათი მოღვაწეობა დაემთხვა ტოტალიტარული სისტემის ბატონობას, რომელიც ცდილობდა გაეკონტროლებინა და საბჭოთა იდეოლოგიურ „პროკრუსტეს სარეცელში“ მოექცა მეცნიერთა არა მხოლოდ პუბლიკაციები, არამედ აზრებიც, მაგრამ დასახელებული მეცნიერები და მათთან ერთად მათი მრავალი კოლეგა მაინც ახერხებდნენ ახალგაზრდებთან ობიექტური მეცნიერული ინფორმაციის მიტანას. ამიტომაც იყო, რომ თითოეულ მათგანს დამსახურებულად ჰქონდა მოპოვებული ავტორიტეტი როგორც კოლეგებსა და სტუდენტებში, ისე საერთაშორისო მასშტაბითაც. თვით იმ სისტემის პირობებშიც კი მოხერხდა ქართველი ეკონომისტების საერთაშორისო აღიარება, მათი შრომების თარგმნა და გამოცემა მსოფლიოს მრავალ ენაზე. თავის მხრივ, მათი რუდუნების, სამეცნიერო კეთილსინდისიერებისა და პრინციპულობის საფუძველზე განხორციელდა არა მარტო მარქსის „კაპიტალისა“ და სხვა ნაწარმოებების, არამედ სმიტის, რიკარდოს, როზენბერგისა და სხვა გამოჩენილი ეკონომისტების შრომების, უცხო ენებზე გამოცემული სახელმძღვანელოების ქართულად თარგმნა.

 

ყველასათვის ცნობილია, თუ რა მძიმედ, დრამატულად წარიმართა საქართველოში საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა, რომელიც დროში დაემთხვა სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის პროცესს, შიდა აშლილობასა და საომარ მოქმედებებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ასეთ პირობებში ეკონომიკის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა მოახერხეს და მაღალ აკადემიურ დონეზე შეინარჩუნეს სწავლების პროცესი.

 

იყო მომენტები, როდესაც სატრანსპორტო კოლაფსის პირობებში პროფესორ-მასწავლებლებს თბილისის სხვადასხვა უბნებიდან გაჭირვებით, ხშირად  უწევდათ ფეხით მისვლა ქალაქის ცენტრალურ უბნებს საკმაოდ დაშორებულ უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში გაყინულ და ხშირად უშუქოდ დარჩენილ აუდიტორიებში ლექციების ჩასატარებლად.

 

მიუხედავად ამისა, მათ საოცრად მოკლე დროში, სიმბოლური ანაზღაურების პირობებში, შეიძლება ითქვას, ფაქტობრივად უსასყიდლოდ, პირადი ენთუზიაზმის, პროფესიისადმი სიყვარულისა და თავდადების ხარჯზე, დიდწილად ფაკულტეტის მაშინდელი დეკანის პროფესორ ელგუჯა მექვაბიშვილის (ფაკულტეტის დეკანი 1992-2006 წლებში; ამჟამად - თეორიული ეკონომიკის კათედრის ხელმძღვანელი) პირადი პროფესიული და მოქალაქეობრივი თავდადების მაგალითით შეძლეს მთელი სასწავლო პროცესის სისტემური ტრანსფორმაცია, სასწავლო პროგრამების შეცვლა, საზღვარგარეთ წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში აპრობირებული სახელმძღვანელოების თარგმნა და გამოცემა, კავშირების დამყარება არაერთ საზღვარგარეთულ უნივერსიტეტთან...

 

პირდაპირ უნდა ითქვას: ეროვნული მეურნეობა ჯერ კიდევ იწყებდა მანევრებს სისტემური ტრანსფორმაციისკენ, მაშინ როდესაც საქართველოს ეკონომიკური პროფილის უპირველეს ფაკულტეტს ეს ტრანსფორმაცია ფაქტობრივად უკვე განხორციელებული ჰქონდა. ისტორიულად უმოკლეს ვადებში მომზადდა საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნების შესატყვისი და სავალდებულო საგნების სახელმძღვანელოები და დამხმარე სახელმძღვანელოები, სალექციო კურსები.

 

უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის უშუალო მონაწილეობით ეკონომიკური სტაბილიზაციის, რეფორმების, საბაზრო ეკონომიკაზე ინსტიტუციური და კომპლექსური გადასვლების პროგრამები. ამიტომ შემთხვევითი ნამდვილად არ არის, რომ სწორედ იმ მძიმე, 1990-იან წლებში კურსდამთავრებულთაგან მრავალმა სულ მალე დაიკავეს საკვანძო თანამდებობები საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაში, მათ შორის რამდენიმე გახდა ფინანსთა მინისტრი, ხოლო ერთი  - გიორგი კვირიკაშვილი - ამჟამად ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრია.

 

წლიდან წლამდე იზრდებოდა ეკონომისტის პრესტიჟი და საზოგადოებრივი მნიშვნელობა; იზრდებოდა კათედრების და სასწავლო დისციპლინების რაოდენობაც. დღეს ფაკულტეტზე 14 კათედრის ასამდე პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორი, აგრეთვე ეკონომიკის თეორიასა და პრაქტიკული საქმიანობით დაკავებული რამდენიმე ათეული აღიარებული მოწვეული მეცნიერი ლექციებს ატარებს ეკონომიკის,  ბიზნესის ადმინისტრირებისა და ტურიზმის ხაზით  სწავლების სამივე საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) თითქმის ოთხი ათეული მოდულის მიხედვით. სწავლების მთელ პროცესს წითელ ზოლად გასდევს ეკონომიკის თეორიასა და პრაქტიკაში თანამედროვე მსოფლიო მიღწევებზე დაგროვილი ცოდნის, ინფორმაციის, მოდელებისა დროული დაყვანა სტუდენტებისადმი.

 

ეკონომიკური მეცნიერების პრესტიჟი და განვითარება უშუალოდაა დაკავშირებული პრაქტიკასთან. სახელშეკრულებო თემების შესრულებამ და მათმა  მაღალმა აკადემიურმა ხარისხმა და პრაქტიკული გამოყენების ღირებულებამ უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულეს საქართველოში ეკონომიკური პროფილის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ფორმირებაში. სწორედ ეკონომიკის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ძალისხმევით და აქტიური მონაწილეობით შეიქმნა 1944 წელს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტი, ხოლო 1963 წელს - სახელმწიფო საგეგმო კომიტეტთან არსებული ეკონომიკისა და დაგეგმვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი.

 

ფაკულტეტის პრესტიჟს, მდგრადობას და განვითარების პერსპექტივის საკმაოდ კარგი ინდიკატორია აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად დისერტაციების დაცვა. პირველი სადოქტორო დისერტაცია ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად დაცულ იქნა ჯერ კიდევ 1940 წელს  პაატა გუგუშვილის მიერ.  ფაკულტეტზე ამჟამადაც წარმატებით მიმდინარეობს სადოქტორო ხარისხების მინიჭება. 2009 წლის შემდეგ მეცნიერებათა დოქტორი დაახლოებით ორმოცდაათი პირი გახდა.

 

ფაკულტეტს ტრადიციად აქვს გამოჩენილი სტუდენტების საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში სწავლის გასაგრძელებლად გაგზავნა. ამ ტრადიციას საფუძველი ჯერ კიდევ 1920 წელს ჩაეყარა, როდესაც გერმანიაში, ბერლინის და იენის უნივერსიტეტებში სასწავლებლად იყო მივლინებული ნიკოლოზ ქოიავა.  დღეისათვის საზღვარგარეთულ აკადემიური დაწესებულებების სტუმრობა, სტაჟირება ფაქტობრივად ჩვეულებრივი გახდა არა მარტო აკადემიური პერსონალისთვის, არამედ სტუდენტებისთვისაც.

 

ფაკულტეტის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსების ხარჯზე მარტო ბოლო სამი წლის მანძილზე  გაცვლითი პროგრამების ფორმატში საზღვარგარეთის სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებში სასწავლო კურსი გაიარა, სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა მიიღო   ფაკულტეტის თითქმის ორასმა სტუდენტმა. მეორეს მხრივ, უკვე ტრადიციული ფორმა შეიძინა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ცნობილ უცხოელ პროფესორთა  (აშშ, გერმანია, პოლონეთი, ისრაელი, გაერთიანებული სამეფო, უნგრეთი, შვეიცარია, რუსეთი, etc.) საჯარო ლექციების ჩატარებამ.

 

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სალექციო-სასემინარო ფორმატთან ერთად ფართოდ გამოიყენება სტუდენტთა აქტიურობის ამაღლებისა და მათში სამეცნიერო უნარის გამოვლენისა და განვითარების ისეთი ფორმები, როგორებიცაა სტუდენტთა კონფერენციები, ბიზნეს-ოლიმპიადები და თამაშები, ვიქტორინები და კონკურსები. სტუდენტები გადიან საწარმოო პრაქტიკას ეკონომიკური პროფილის დაწესებულებებსა და უწყებებში. ყოველივე ზემოხსენებულის სტრატეგიული მიზანი ერთია: სასწავლო-აკადემიური კურსის დასრულების მომენტისთვის სტუდენტი მაქსიმალურად მომზადებული გახადოს დასაქმებისთვის, კურსდამთავრებულის ცოდნა შეუსაბამოს ეკონომიკის ინსტიტუციურ და ფუნქციონალურ მოთხოვნებს.

 

ეკონომიკური პროფილის ფაკულტეტი არა მარტო ზრდიდა, ამზადებდა ეკონომიკურ კადრებს, არამედ ხელს უწყობდა შესაბამისი სამეცნიერო საქმიანობის პოპულარიზაციას და მეცნიერთა ნაღვაწის, იდეების, შეხედულებების, მიგნებების ფართო საზოგადოებრიობამდე მიტანას. ჯერ კიდევ 1918 წლის სექტემბერში გამოცემა დაიწყო ჟურნალმა „საქართველოს ეკონომისტმა“, რომელიც სხვადასხვა სახელწოდებით დღემდე ყოველთვიურად  გამოიცემა (1991 წლიდან - „ეკონომიკის“ სახელწოდებით). თავად ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2008 წლიდან, ორთვიანი პერიოდულობით, გამოიცემა ჟურნალი „ეკონომიკა და ბიზნესი“, რომელიც ღიაა არა მარტო ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის, არამედ გარედან შემოსული სამეცნიერო სტატიებისთვისაც.

 

თავის მხრივ, ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი რეგულარულად აქვეყნებს მაღალ აკადემიურ დონეზე მომზადებულ სამეცნიერო ნაშრომებს არა მარტო საქართველოში გამომავალ პროფილურ გამოცემებში, არამედ საზღვარგარეთის მრავალ ქვეყანაში. საკმარისია ითქვას, რომ 2005 წელთან შედარებით 2017 წელს 10-ჯერ გაიზარდა ფაკულტეტის თანამშრომლების საზღვარგარეთ (მათ შორის  სხვა ქვეყნების მეცნიერებთან ერთობლივად) განხორციელებული პუბლიკაციების,  რაოდენობა.  მაგალითად, პროფესორ იური ანანიაშვილისა და ვლადიმერ (ლადო) პაპავას ერთობლივმა მონოგრაფიამ ლაფერ-კეინზიანური სინთეზის შესახებ, რომელიც თბილისის გარდა გამოიცა სტოკჰოლმში (რუსულად) და ნიუ-იორკში (ინგლისურად), მაღალი შეფასება დაიმსახურა საერთაშორისო სამეცნიერო წრეებში, მათ შორის უშუალოდ  „ლაფერის მრუდის“ ავტორ არტურ ლაფერისგან.  

 

ბოლო წლებში ინტენსიურად ხორციელდება მსოფლიოში აღიარებული სახელმძღვანელოების თარგმნა და სტუდენტებისთვის მშობლიურ ენაზე მიწოდება. მარტო 2013 წლიდან დღემდე ითარგმნა 20-მდე სახელმძღვანელო და ისინი  ხელმისაწვდომია აბსოლუტურად ყველა სტუდენტისთვის - ფაკულტეტის სამკითხველო ბიბლიოთეკაში ბეჭდვითი და, როგორც წესი, ელექტრონული ფორმით.  

 

საქართველოსთვის უაღრესად აქტუალური დემოგრაფიული პრობლემები, რომელსაც სიმწვავე შეუჩერებელმა მიგრაციამ (განსაკუთრებით - ყველაზე შრომისუნარიან და რეპროდუქციულ ასაკში - ახალგაზრდებში) შესძინა. ბუნებრივია, უნივერსიტეტი და ეკონომიკისა და ბიზნესის  ფაკულტეტი ვერ დარჩებოდა აღნიშნული პრობლემის მიღმა და შეიქმნა მიგრაციის კვლევის ცენტრი (ხელმძღვანელი პროფ. მ. ტუხაშვილი), რომელიც რეგულარულად გამოსცემს სამეცნიერო შრომების სერიას სახელწოდებით „მიგრაცია“. 

 

ფაკულტეტზე მოქმედი კათედრები ქმნიან წარმატებული აკადემიური და სამეცნიერო საქმიანობის მზიდ კარკასს, თუმცა ბოლო წლებში სასწავლო-კვლევით პროცესში სულ უფრო მზარდი ფუნქციები ენიჭებათ ფაკულტეტის ისეთ სტრუქტურებსაც, როგორებიცაა:  ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური განათლების ქართულ-გერმანული ინსტიტუტი, ბლუმბერგის საერთაშორისო სასწავლო-კვლევითი და სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიები,  სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები: სტუდენტური კვლევებისა და პროექტების, ეკონომიკის კვლევისა და სწავლების, ტურიზმის კვლევის, იმიტაციური მოდელირებისა და სწავლების ინტერაქტიური მეთოდების, ინოვაციური მენეჯმენტის,  „ნორჩ ეკონომისტთა სკოლა“, საქველმოქმედო ორგანიზაცია „სწავლის ხელშეწყობის ფონდი“ და სხვ.   

 

ბოლო წლებში ფაკულტეტისა და ზოგადად, ეკონომისტის პროფესიის სოციალური პრესტიჟისა და ავტორიტეტის ამაღლების გამოხატულებას წარმოადგენდა ფილიპე გოგიჩაიშვილის ნეშტის გადასვენება უნივერსიტეტის ბაღში, მისი, პაატა გუგუშვილისა და ვასილ ჩანტლაძის სახელობის აუდიტორიების გახსნა, უნივერსიტეტის პროფესორების ავთანდილ სილაგაძისა და ლადო პაპავას საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილ წევრებად არჩევა, თსუ შრომების ეკონომიკის სერიის გამოცემის განახლება და სხვ.

 

სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შედეგ ქართული ეკონომიკური მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილის აღიარების მაჩვენებელი იყო აკადემიკოსების ვლადიმერ (ლადო) პაპავას, ავთანდილ სილაგაძის, პროფესორების იური ანანიაშვილის, კლიმენტი აჩელაშვილის, იაკობ მესხიასა და გიორგი წერეთლის დასახელმწიფო პრემიით დაჯილდოება.

რა თქმა უნდა, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისთვის, ისევე როგორც დედა-უნივერსიტეტისა და მთლიანად, განათლების სისტემისთვის, არც პრობლემებია უცხო - არასაკმარისი დაფინანსება, არადამაკმაყოფილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა... თუმცა ისინი დიდწილად კომპენსირდება ფაკულტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის მაღალი პროფესიონალიზმით და კეთილსინდისიერებით, ადმინისტრაციის სწორი, ეფექტიანი მენეჯმენტით, რომელსაც 2013 წლიდან სათავეში უდგას დეკანი, საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული მეცნიერი, პროფესორი თეიმურაზ  ბერიძე.

 

კარგადაა ცნობილი ფრაზა: რუსეთის კლასიკოსი მწერლები ყველანი გოგოლის „შინელიდან“ გამოვიდნენო. თუ ამ ნათქვამს ჩვენს რეალობაზე გადმოტანით, შეიძლება ვთქვათ,  რომ  საქართველოს ეკონომიკური პროფილის ყველა უმაღლესი სასწავლებელი, ხოლო ყველა უმაღლეს სასწავლებელში - ეკონომიკური ფაკულტეტი და ათეულობით ეკონომიკური პროფილის კათედრა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტის მონაგარი და ნაგრამია.

 

თითქმის საუკუნოვანი ისტორიის მანძილზე ფაკულტეტმა მრავალი სასახელო მეცნიერი და სახელმწიფო და საზოგადოებრივი მოღვაწე აღუზარდა საქართველოს. ბევრი მათგანის სახელი საკმაოდ შორს გასცდა საქართველოს ფარგლებს და მსოფლიო მასშტაბის ავტორიტეტი და აღიარება მოიპოვა. დარწმუნებული ვარ, რომ ფაკულტეტის არსებობის მეორე ასწლეულში, მისი კურსდამთავრებული აუცილებლად გახდება ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკის დარგში!

 

ვისურვებდი, რომ ეს უკვე ეკონომისტების ახლანდელი თაობის სიცოცხლეშივე მომხდარიყოს!

 

რატომაც არა?! - როგორც  ეკონომიკური ფაკულტეტის ერთ კურსდამთავრებულს, აწ უკვე მთაწმინდის პანთეონის მარადიულ ბინადარ ნოდარ დუმბაძეს უყვარდა თქმა,  „ოცნებას კაცი არ მოუკლავს...“.

 

იოსებ არჩვაძე,

ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი,

თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის

1978 წლის კურსდამთავრებული 

26-01-2018, 11:04
უკან დაბრუნება