ივერიონი / რელიგია სკოლებში უნდა ისწავლებოდეს, მაგრამ ამ საკითხს ფაქიზად უნდა მივუდგეთ!

რელიგია სკოლებში უნდა ისწავლებოდეს, მაგრამ ამ საკითხს ფაქიზად უნდა მივუდგეთ!

რელიგიის სწავლებისათვის!!!

 

წავიკითხე ყველა კომენტარი რელიგიის ისტორიის სკოლაში სწავლებასთან დაკავშირებით და რადგან დაწერილი მაქვს  სახელმძღვანელო ნაშრომი რელიგიის ისტორიაში, (სამი გამოცემა: I.1996, გამომც. თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტი. II. 2005, გამომც. "არტანუჯი“ და III.2008 გამომც. "მერიდიანი".რედაქტორი, საქ. ეროვნულ აკადემიის წევრ.კ.ვ შამილაძე, რეცენზენტები, პროფესორები რ. წიქვაძე და გ. ქავთარია) თავს ვალდებულად ვთვლი, გამოვხატო ჩემი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. 

 

ყველაზე ფაქიზ და ამასთანავე, მნიშვნელოვან პრობლემად აქ უმეტესობას მიაჩნია დაპირისპირების რისკი, რომელიც შესაძლოა გამოიწვიოს რელიგიის სწავლებამ სხვადასხვა რელიგიურ მიმდინარეობის ბავშვთა შორის. მე, ძირითადად შევეცდები პასუხი გავცე მას.

 

1. სახელმძღვანელოზე მუშაობისას რელიგიის ისტორიის ავტორთა პრინციპი უნდა ეყრდნობოდეს, „რელიგიათა ქვეყნის“- ინდოეთის დიდი შვილის მაჰათმა განდის ამ გამონათქვამს: „თუ თითოეული ადამიანი თავისი სარწმუნოების თაყვანისცემისა და სიყვარულის ფონზე სხვა რელიგიებსაც არ შეისწავლის, ქვეყნიერებაზეე არასოდეს იქნება მშვიდობა და ჰარმონიული ცხოვრების სრული გარანტია.“ (მე პირადად, ამ პრინციპიდან, ჩემს წიგნში, არცერთხელ არ გადამიხვევია და ვერცერთი მკითხველი მასში ვერ იპოვის ნამცეც უპატივცემულობასა და ერთი რელიგიის მეორეზე დამჯობინების მცდელობას). 

 

2. რელიგია საკაცობრიო კულტურის მონაპოვარია. არ ყოფილა საკაცობრიო ცივილიზაციის არცერთი მონაკვეთი, რელიგიის ნიშნით რომ არ იყოს დახასიათებული - წარმოუდგენელია ადამიანთა ისტორია რელიგიის გარეშე. რელიგია წარმოადგენდა კულტურის ინტენსივობის ერთ-ერთ უდიდეს წყაროს და ბოლოს, რელიგია არის ისტორიის ნაწილი და მისი ამოგლეჯა ისტორიიდან, ყოვლად დაუშვებელია. ამიტომ, ორი აზრი იმის შესახებ მოსწავლეებმა და სტუდენტებმა ისწავლონ თუ არა რელიგიის ისტორია, არც უნდა არსებობდეს.

 

3. ვინ, როგორ და რა სტრუქტურული შედგენილობით უნდა ასწავლოს რელიგია? რა თქმა უნდა, რელიგია უნდა ასწავლონ ისტორიკოსებმა და სხვა ჰუმანიტარული დარგის პროფესიონალებმა, რომელთა გადამზადება არავითარ სირთულეს არ წარმოადგენს. ჩემი ღრმა პატივისცემის მიუხედავად კატეგორიულად არ უნდა დავუშვათ რელიგიური საგნის პედაგოგად სასულიერო პირი, რადგან ეს აუცილებლად შექმნის პრობლემას, მიუხედავად იმისა, რომელი რელიგიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს იგი.

 

რელიგიის საგნის სწავლებისას აუდიტორიასა და საკლასო ოთახში უნდა გამოირიცხოს ყველა ქმედება, რომელიც შეიცავს რიტუალურ შინაარსს (სანთლის დანთება, ლოცვის აღვლენა და მისთანანი, ამისათვის არსებობს სასულიერო სასწავლებლები და სარიტუალო შენობა-ნაგებობანი).

 

რელიგიის სწავლებას უნდა მივუდგეთ ისტორიის კუთხით, ანუ მოვუთხროთ ბავშვებს მისი ჩამოყალიბების დროისა და გარემოს შესახებ: ვინ ჩაუყარა საფუძველი, რა არის ამ რელიგიის მორალი, რას და როგორ ეთაყვანებიან, რამდენი მიმდევარი ჰყავს, სადაა გავრცელებული და რა კულტურული მონაპოვარი დატოვა ამა თუ იმ რელიგიურმა მიმდინარეობამ.

 

ბუნებრივია ქართულ სკოლაში,ზოგადად ქრისტიანობისა და კერძოდ, მართლმადიდებლობის შესახებ საგანი შედარებით ფართოდ უნდა იყოს წარმოდგენილი.

 

ვიცავ რა ისტორიზმის პრინციპს, წარმოვადგენ თემებს, რომელიც შეტანილი უნდა იქნეს რელიგიის სახელმძღვანელოში:

 

1. ანიმიზმი, 2. ტოტემიზმი, 3 ფეტიშიზმი,4. მაგია, 5. წინა აზიის ქვეყნების რელიგიები, 5.ეგვიპტის რელიგია, 6.ინდოეთის რელიგია, 6. ბუდიზმი, 7.ჩინეთის რელიგია, 8.იაპონიის რელიგია, 9.ძველ ბერძენთა რელიგია, 10.რომაელთა რელიგია, 11. იუდაიზმი, 12. ქრისტიანობა,13. ქართველთა წარმართული რელიგია, 14.ქრისტიანობა საქართველოში, 15.მაზდეანობა, 16.ისლამი, 17.სლავების რელიგია, 18.ცენტრალური ამერიკის ხალხთა რელიგია. 

 

ამას დაემატება ორი ქვეთავი:

 

1. „საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობათა - სომხების, აფხაზების,ოსების,დუხობორების, მალაკნების რელიგიები;

 

2. რელიგიური თავისუფლება და ტოლერანტობა;

 

გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი აზრი! 

 

ელდარ ნადირაძე,

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

 

31-01-2018, 17:14
უკან დაბრუნება