მთავარი გვერდი > ჩუმი დიალოგი უფალთან

ჩუმი დიალოგი უფალთან


26-03-2018 / 10:28

ჩუმი დიალოგი უფალთან

 

 

ია საკანდელიძე,

ექიმი, პუბლიცისტი

 

(გაბუნიას გამონათქვამის ფონზე)

 

ადამიანი ძირითადად, საკუთარი თავიდან გამომდინარე რომ განსჯის მავანსა და მავანს ეს ცნობილი ფაქტია, მაგრამ უფლის ნების პირადი სურვილებიდან გამომდინარე წარმოდგენა, ახალ ადამიანურ თვისებად შეიძლება ჩაითვალოს!

 

უფალ იესოს უზრუნველი ცხოვრება არასდროს რომ არ ჰქონია მიზნად და ჯვარზეც კაცთამოდგმის ცოდვებისთვის საკუთარი ნებით რომ ავიდა, ესეც ყველასთვის ცნობილი ფაქტია. დარწმუნებული ვარ, იმისთვისაც კი ვინც ეს ცნობილი განაცხადი გააკეთა... 

 

სამწუხაროდ, იმდენად არის ეს ხალხი საკუთარი უზრუნველი ცხოვრების შექმნით შეპყრობილი,რომ ამის იქით სხვა მიზნებსა და მოთხოვნილებებს უკვე ვეღარც წარმოიდგენენ. ისე გულწრფელად აყალიბებდა ადამიანი თავის აზრს, რომ აშკარად ჩანდა, ვერც ხვდებოდა რას ამბობდა! პირიქით, ძალიან კმაყოფილიც კი იყო საკუთარი მიგნებითა და აზროვნების „მაღალეფექტურობით!“ ამიტომ გაბრაზებაც კი ვერ მოვახერხე! თუმცა, ბევრი ძალიან გაბრაზდა და თან ისე ძალიან, რომ განსაჯელიც კი გახდა მათი განრისხების ფორმები! 

 

მე, პირადად, ვერ მივცემ თავს უფლებას ვინმე განვსაჯო - მხოლოდ ჩემს მოსაზრებებს დავაფიქსირებ (ღვთის წყალობით, ეს უფლება მაინც გვაქვს დარჩენილი!). მართალია, ცოტა მოგვიანებით, მაგრამ ცნობილი ფაქტია, „როცა ვნებები დუღს, ჭეშმარიტება ორთქლდება“. სხვა საქმეა, ამ ჩვენს აზრებს ვინმე ითვალისწინებს თუ არა, მაგრამ იმედს ვიტოვებ და ადრესატებშიც ვიმედოვნებ ისეთი ადამიანების არსებობას, რომლებსაც სინდისი საკუთარ მოთხოვნილებებზე მაღლა აქვთ დარჩენილი.

 

ამ ყველაფერმა კი უწმინდესის ერთი რჩევა გამახსენა:- როცა ძალიან გაგიჭირდებათ, თქვენი ტკივილი ჩამოაყალიბეთ, კარგად გააანალიზეთ და ღმერთს მისწერეთო, დარწმუნებული იყავით, წერის დროს თუ არა, შემდეგ მაინც აუცილებლად მოგეწოდებათ აზრი, რომელიც თქვენი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათო! 

 

აქამდე ამის გაკეთება რატომღაც ვერ შევძელი, ახლა კი გიორგი გაბუნიას განაცხადმა შემახსენა იგი. თან ძალიან დროულად, რადგან დღეს, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება ღმერთის შეწევნა და მფარველობა. 

 

ღვთის შეწევნა და მფარველობა მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოვლინდება ხოლმე, როცა ძირითადად, ღმერთის მიერ მოწოდებული კანონებით ვცხოვრობთ და ამ გზით, ჩვენი ტორსული (სხეულებრივი) გამტარობით გარკვეულ რეზონანსში ვიმყოფებით მასთან. ბოლოს და ბოლოს უნდა გავიგოთ, რომ ყველა ჩვენს ქმედებას თავისი ენერგეტიკული ველი აქვს, რომელიც გვაახლოებს ან გვაშორებს ღვთიურ სუბსტანციას.

 

ხომ ხედავთ, ყველაფერს თავისი დადებითი მხარე აქვს! მით უფრო იმ ქმედებას, სადაც ღმერთი იქნება ნახსენები თუ გახსენებული. უკვე ამ უზრუნველი ცხოვრების მოტრფიალის მიმართ კეთილადაც კი განვეწყვე! - განვეწყვე, რადგან ძალიან საჭირო ანალიზის გაკეთებისაკენ მიბიძგა.

 

კეთილად იმიტომ, რომ ალბათ უკვე იმ ენერგეტიკულ ველში გადავედი, სადაც „ღმერთი არს“ და, რა თქმა უნდა, რახან არს, „არს და იყოს“. და დროულია იმიტომ, რომ ადამიანი (ჩვენს ცივილიზაციში) ასეთი ძლიერი და თან მორალური თუ რელიგიური ღირებულებებისგან თითქმის გათავისუფლებული და ,,თავისუფალი“ არასდროს ყოფილა: 

 

დიახ, თუ XX საუკუნის დასაწყისში ნიცშესეული „ზეკაცის“ იდეა წარმოადგენდა არსებული ღირებულებების მიმართ ქედმაღლურ პრეტენზიას, რომ გატოლებოდა ღმერთს, იმავე საუკუნის ბოლოს „ზეკაცის“ მისწრაფება გამოიხატება გაცილებით დიდი ამბიციით - ავიდეს ღმერთის დონეზე მაღლა, ანუ თავად შექმნას ისეთი ცოცხალი ორგანიზმები, რომლებიც მისთვის სასურველი თვისებებისა და პარამეტრების მატარებელი იქნება.

 

და აი, მეოცე საუკუნის დასასრულს შეიქმნა პირველი ცოცხალი ორგანიზმი - ცხვარი „დოლი“. სწორედაც ცხვარი და თან „დოლი“ - თეოლოგიურ-ფილოსოფიური განსჯის აუცილებლობით: დოლი ხომ ცხვრის ფარის რეპროდუქტიულობის აღმნიშვნელია ჩვენებურად. მართლაც, „ყოველი საიდუმლო ქართულ ენაშია დამარხული.“ ამიტომაც წერდა გრიგოლ რობაქიძე: „თვით პლატონსაც არ განუცდია უღრმესად „ადამიანი”, როგორც ეს გაუგიაო ქართულ გენიას!“ 

 

დიახ, ჩვენი ძირითადი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს სამუდამოდ, ეკონომიურად უზრუნველად ცხოვრება სურს (მუდმივად, თორემ ახლაც ნამდვილად მაღალი სტანდარტებით ახერხებენ ცხოვრებას), ხოლო მოსახლეობის მეორე, გაცილებით დიდ, თითქმის 70%-ს საარსებოდ აუცილებელი მინიმუმიც არ აქვს! რადგან გაეროს მონაცემების მიხედვით, ადამიანის დღიური შემოსავალი, რომელიც მას ღირსეული ცხოვრების საშუალებას მისცემს, მოიხმარს აუცილებელ თანამედროვე ტექნიკურ საშუალებებს, რათა ელემენტარულად „არ განიდევნოს საარსებო სივრციდან“, მნიშვნელოვნად აღემატება ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მთელი თვის და ზოგ შემთხვევაში (თუ თვიურ შემოსავალს ოჯახის წევრების რაოდენობაზე გავყოფთ) რამდენიმე თვის შემოსავალს! 

 

დიახ, ეს ასეა, მაგრამ რა ქნას ღმერთმა, როგორ ვთხოვო ჩვენი შემოსავალი გაზარდე-თქო?! ის ღმერთია, ზღაპრის ჯადოქარი კი არა! თან ერთი ადამიანის ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობასებაზე ხომ არ ვთხოვთ, ქვეყნის ეკონომიკაზე ვლაპარაკობთ! ამ ყველაფერმა კი რეჟისორ ტომ შედიაკის ერთი ამერიკული ფილმი გამახსენა (შეიძლება თქვენც) ჯიმ კერისა და მორგან ფრიმენის მონაწილეობით. ფილმის მთავარი პერსონაჟი ბრიუს ნოლანი ღმერთს საყვედურობს, ხოლო პასუხად ყოვლისშემძლე უფალი მას ღვთიურ ძალას მიანიჭებს... და ბრიუს შესაძლებლობა ეძლევა ადამინთა თხოვნებს პასუხი გასცეს და დაეხმაროს! აირევა ყველაფერი, რადგან ვერ ითვალისწინებს კანონზომიერ პროცესებს.

 

ამ დროს, - დიახ, თქვენი პრობლემები არსებული კანონზომიერი მოვლენების შედეგია, რომელიც თქვენ საკუთარი ნებით აირჩიეთო, - გამიელვა თავში და ასე მომეწოდა პირველი პასუხი.

 

და რაში მდგომარეობს ეს კანონზომიერი მოვლენები? რა განაპირობებს მას?

 

ცხადია, ჩვენი ცხოვრების წესი, ცხოვრების წესს კი - ქვეყნის იდეოლოგია. 

 

და რაში მდგომარეობს ქვეყნის იდეოლოგია? რა აქცენტები იკვეთება საზოგადოების მხრიდან? ფიქრები კითხვა-პასუხის ფორმატში ელვისებური სისწრაფით ერთმანეთს ენაცვლება ჩემს თავში. 

 

დიახ, საზოგადოებაში ორი ურთიერთსაპირისპირო მოსაზრება არსებობს: ერთნი თავისუფლებაში, ქვეყნის ლიბერალურ -დემოკრატიულ არსებულ მმართველობაში ხედავენ პანაცეას (ერთი შესწორებით, მხოლოდ თავად უნდათ, რომ აკონტროლებდნენ ყველაფერს), მეორე პრობლემად ეკლესიის მსახურების არაკეთილსინდისიერებას განიხილავენ, ხოლო დანარჩენ დიდ ნაწილს, კი ეს ყველაფერი პირიქით მიაჩნია! 

 

ჰო, მივხვდი, რომ ისევ შარში ვარ და კიდევ უფრო რთულად დაყოფილი საზოგადოება გვყავს, რადგან იმ 70%-შიც მოიძებნებიან ადამიანები, რომლებსაც უზრუნველი ცხოვრება არ აქვთ, მაგრამ განსხვავებული შეხედულებები გააჩნიათ. ამიტომ დღეს ამ ყველაფერზე ვერ ვისაუბრებ, მხოლოდ ეკლესიის პრობლემებს შევეხები. თავისუფლებასა და ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ანალიზს სხვა დროს მივანდობ.

 

ამიტომ სწორედ იმ პოსტიდან დავიწყებ, ამ ბოლო დროს ინტერნეტსივრცეში რომ გავრცელდა:

 

„გლეხის წერილები” მ. ჯავახიშვილი, 1910 წ.

 

მღვდელს რომ ჰკითხო, ის ქრისტეს მოციქულია ამქვეყნად, ის ამბობს, ეკლესია და სარწმუნოება ხალხს სულიერ საზრდოს აძლევს და ამქვეყნად სიყვარულსა და ერთობას ქადაგებსო.

 

ჩვენ კი ვამტკიცებთ, რომ ეხლანდელი ეკლესია და სამღვდელოება მთავრობის მოსამსახურეა და ყველაფერში ისე იქცევა, როგორც მთავრობა უბრძანებს. მთავრობა სარგებლობს ხალხის გაუნათლებლობით და ცდილობს, რომ ხალხმა მხოლოდ საიქიოზე იფიქროს და იზრუნოს, სააქაოზე კი შენს მაგივრად მე ვიფიქრებო. ასე ამბობს მთავრობა, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით მისი ზრუნვა. მთავრობა ტყუილუბრალოდ ფლანგავს ხალხის ფულს ძვირფას ეკლესიების აშენებაზე. რუსეთში ბევრია ისეთი ეკლესია, რომელიც რამდენიმე მილიონი დაჯდა.

 

ტფილისში, გოლოვინის პროსპექტზე რომ სობოროა აშენებული, ის ნახევარი მილიონი ღირს. მაგრამ ვკითხოთ ერთი ამ ეკლესიების ამშენებლებს, რათ უნდათ მარმარილოს კედლები, ძვირფასი თვლებით მოჭედილი ხატები, ოქროს ბარძიმ–ფეხშუმები და სახარება?

 

განა ქრისტე ასეთ ძვირფას შენობაში ლოცულობდა?

 

რათ უნდათ მღვდლებს ათას და ათი ათას მანეთიანი სამოსელი?

 

განა ქრისტეს ისე უბრალოდ არ ეცვა, როგორც ყველას?

 

მღვდლებს რომ კითხო, ძვირფასი მორთულობა და ძვირფასი ეკლესია მლოცველს სასოებას უმატებსო.

 

ჩემი აზრით, ეს ფართი-ფურთი, ბრჭყვიალა ზიზილ-პიპილოები და ძვირფასი მორთულობა ხალხის თვალის მოსატაცებლად არის მოგონილი და ა.შ.

 

დიახ, ეს ჯერ კიდევ მხოლოდ 1910 წელია.

 

და სწორედ საზოგადოებაში არსებული ასეთი ტონის გამო (რომელიც ყველაზე მოდურ და ამაღლებულ ტონად ითვლებოდა იმ პერიოდში) დაანგრიეს კომუნისტებმა ეკლესიები და საშინლად მოექცნენ სასულიერო პირებს (ახლა, ამის გამო ასე სასტიკად რომ განვიკითხავთ მათ). 

 

ან საბჭოთა კავშირი ჯერ სად იყო, ნიცშე „ხმალამოღებული“ რომ ებრძოდა არა მხოლოდ ეკლესიას, ღმერთსაც კი. და რა მოვიგეთ?! იმ პერიოდს შემდეგ, ჩვენთან საშინელი 30-იანი წლები მოჰყვა. კარგად გვახსოვს, თავად მიხეილ ჯავახიშვილიც (და არა მხოლოდ ის) შეეწირა იმ უღმერთობის პერიოდს. ნიცშემ კი ფსიქიატრიულში დაასრულა ცხოვრება! 

 

რატომ არ ვითვალისწინებთ, რომ ეკლესია ღმერთის სახლი და ამავე დროს, ღმერთის ამქვეყნიური ინსტიტუტია. ხოლო, იმ ქვეყნის ეკლესიას, რომელსაც მუდამ სხვა ზესახელმწიფოები მართავენ, აქვს კი შანსი დამოუკიდებლად, საკუთარი შეხედულებების შესაბამისად მართოს იგი? 

 

სამწუხაროდ, ეკლესიაში მუდამ იყვნენ და ეჭვი მაქვს, ისევ იქნებიან ეგრეთ წოდებული „ჩანერგილები“, რომლებიც ეკლესიის დისკრედიტაციას შეეცდებიან ცხადია, ჩანერგილების გარდა სხვებიც, ცუდ მაგალითს დიდი ძალა აქვს). ჩვენ რა ვქნათ, კომუნისტების მსგავსად მოვიქცეთ? ბოლოს ისინიც კი მიხვდნენ საკუთარ შეცდომებს! სწორედ სტალინმა დაუბრუნა საქართველოს ეკლესიას ავტოკეფალია. ხოლო ეკლესიის სიმდიდრე ქვეყნის ეროვნული სიმდიდრეა! მით უფრო, დღეს, როცა დღითიდღე შაგრენის ტყავივით მცირდება ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოს ეკონომიკური საკუთრება. დაფიქრდით, გოლოვინზე ხსენებული ეკლესია რომ არ იდგეს ამაყად, რამდენი დააკლდებოდა ჩვენს ქალაქს!! 

 

რატომ არ შეიძლება ეკლესიის წინააღმდეგ წასვლა და მის წინააღმდეგ ბრძოლაო, - მომეწოდა ისევ კითხვა!

 

დიახ, მართლმადიდებლობა ყველაზე უფრო დემოკრატიული გახლავთ სხვა სარწმუნოებათა შორის და განსაკუთრებული, დადებითი მნიშვნელობა აქვს სამედიცინო თვალსაზრისითაც. რაც ყველაზე მთავარია, იგი შეესაბამება ჩვენი ერის ტრადიციებს და დადებითად მოქმედებს მის განვითარებაზე. დადებითად მოქმედებს მის როგორც სულიერ, ისე ფიზიკურ სიჯანსაღეზე და არავის აძლევს ირგვლივმყოფებზე რაიმე უპირატესი ან უარყოფითი ზემოქმედების საშუალებას. ასევე, არ იწვევს იმ ზემგრძნობიარე ანომალიურ გამოვლინებას, რომელიც საკმარისად ხშირად გვხვდება სხვადასხვა რელიგიურ სექტაში, - ჩავარაკრაკე, ჩემი სხვა პუბლიკაციიდან. 

 

- დიახ, მაგრამ ეს ალბათ ბევრმა ისედაც იცისო, - ისევ მომეწოდა აზრი და გონება ისევ გამინათდა:

 

ამავდროულად, რადგან ბიბლიური სიბრძნე და თავად ტექნიკური პროგრესი სწორედ სიმბოლურობით, ფორმებითა და ფორმათა ქმნადობით ხასიათდება, ამიტომ შემთხვევითი არ არის, რომ ბიბლიურად, ამქვეყნიურ და შეუცნობელ, უხილავ სამყაროს შორის „კავშირს“ ოდითგან სიბრძნის სიმბოლოდGწოდებული გველი ამყარებს. 

 

- ჰოო, XX საუკუნის ბოლომდე, თითქმის ყოველი ენერგიის გადაცემა და მიღება სწორედ გველის სხეულებრივი ფორმის მქონე გამტარებით ხდება, - დავეთანხმე ამ საინტერესო მიგნებას ფიქრებში და ღმერთის შეწევნა თავიდან ვითხოვე. აზრები ისევ მომეწოდა:

 

გველი, როგორც სიბრძნის ნიშანი, გვხვდება სამედიცინო სიმბოლიკაში და თვით მღვდელმთავრის კვერთხშიც, სადაც გველის ორი თავის შუაში დედამიწაა სიმბოლურად გამოსახული, ხოლო ამ ყველაფრის ზემოთ - ჯვარი. 

 

ძველ ეგვიპტეში, ტუტენ ჰამონს კი გველი თავზე აქვს შემოხვეული, _ ესეც გამახსენდა და ფიქრი და წერა განვაგრძე:

 

ჯვრის ვერტიკალური ღერძი - ზესკნელისა და ქვესკნელის კოსმიურ ვექტორში ადამიანის სულიერ ბუნებას წარმოადგენს. მისი მკვეთი ჰორიზონტალური ღერძი კი ადამიანური შესაძლებლობებისა და ვნებების ღვთიურ შემოსაზღვრას გამოხატავს. ჯვრის კოსმიური ვერტიკალური კვეთით უფალი ქვესკნელის ძალებისაგან იცავს ადამიანს და ზესკნელის ღვთიური ძალაც მისი ნებით მოგვეგება. 

 

- ჰო, ალბათ, ამიტომაც ჩვენი შესაძლებლობები, ძირითადად, ადამიანურად ხელმისაწვდომი უნარებით გამოისახება. სხვა სულიერი შესაძლებლობების მქონე პირებს ეკლესიურ ცხოვრებას ურჩევენ. თუმცა უკვე ცოცხალ არსებათა შორის ადამიანი ერთადერთია, რომლის შესაძლებლობები მისი ფიზიკური არსების მიღმა დღითიდღე იზრდება და შეუძლია ერთი კონტინენტიდან მეორეზე მოახდინოს გავლენა, - გავიფიქრე და აზროვნების მაქსიმალურად დაძაბვა ისევ მოვინდომე:

 

ქრისტიანულმა რელიგიამ კაცობრიობა დაიცვა და დაიფარა უკონტროლო მისტიური, ქურუმთა ზეკაცური სისასტიკისა და გაუწონასწორებელი პარანორმალური მოვლენებისგან.

 

- თუმცა კათოლიკურმა ეკლესიამაც ბევრი ბოროტება ჩაიდინა! - გამახსენდა მათ მიერ განხორციელებული ინკვიზიციები, რომლის მსგავსი ჩვენს მართლმადიდებლურ ეკლესიას არასდროს ჩაუდენია და ისევ მოდენილ ფიქრებს მივყევი:

 

აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო ათწლეულებში ენერგიის მიღება და გადაცემა ხორციელდება პირდაპირ კოსმიური სივრციდან, უხილავი და ხელშეუხებელი ფორმით. შეიძლება ითქვას, სწორედAიმ დროიდან დაიწყო ახალი ეპოქა, როცა ჯვრის ძალით თანდათან მარცხდება მაცდური გამტარი ან, პირიქით, თუ საჭირო ძალისხმევა არ იქნა, ამ ახალი ენერგიით შევდივართ ისეთ უცნობ სამყაროში, რომელსაც აუცილებლად სჭირდება დიდი სიფრთხილე და შესწავლა!

 

- ჰოო, მობილურებითა და ინტერნეტით კოსმოსიდან ყოველგვარი გამტარი მავთულხლართების გარეშე ვიღებთ ათასნაირ კოსმიურ ენერგიას და ვამყარებთ კავშირს ნებისმიერ კონტინენტთან! ცხადია, სიფრთხილეა საჭირო! ბოლოს და ბოლოს გასაგები ხდება, რომ ყველაფერს თავისი ენერგეტიკული ველი აქვს, - ჩავილაპარაკე ჩემთვის და ისევ მნიშვნელოვანი აზრი მომეწოდა:

 

სწორედ ამიტომ, მღვდელმთავრის კვერთხი კაცობრიობის ყველაზე ბრძნული სიმბოლური ფორმულირებაა, რომლის მფარველობის ქვეშ ყოფნა საშუალებას იძლევა ჯვრის კოსმიური კვეთის ღვთიურ საზღვრებში წარიმართოს ამქვეყნიური სიბრძნის განვითარება და თავიდან ავიცილოთ ის საშიშროება, რომელსაც გვიქადის ცდუნებაზე დაფუძნებული მეცნიერული მიღწევები... რაც მთავარია, ეს ძალა ღვთით კურთხეული მღვდელმთავრის ხელში გამოვლინდება მხოლოდ, რადგან მხოლოდ მას, თავისი ცხოვრების წესით აქვს ის ენერგეტიკული ველი, რომელიც მის კვერთხს სასწაულებრივ ძალას არგუნებს.

 

- ანუ, თუ ამ ლოგიკას გავყვებით და უნდა გავყვეთ კიდეც, რახან ამ უხილავი ენერგიით ახალ, უცნობ სამყაროში უკვე შევედით, გამოდის, რომ ახალი მეცნიერული მიღწევები გველის გამტარობით მოტანილი ბიბლიური სიბრძნითა და მღვდელმთავრის კვერთხით შესაძლებელია ვეღარ დაბალანსდეს, თუ საამისო სურვილი არ იქნა. ამიტომ ათეისტი მეცნიერების თანმიმდევრული წინსვლაც სწორედ ღვთიური ძალითა და ბიბლიური სიბრძნით უნდა იქნეს გაჯერებული, რადგან ეს სიბრძნე ჯერ კიდევ მხოლოდ ნაწილობრივ გვაქვს ათვისებული. ისიც ცნობილია, რომ მეცნიერება ძალიან ხშირად ამტკიცებს ბიბლიურ ჭეშმარიტებებს, ამიტომ თანამედროვე ტექნოლოგიები ბიბლიურ სიბრძნეში უნდა ეძებდეს იმ თანხვედრ მოსაზრებებს, რომლებიც რეზონასული იქნება მათ მიზნებთან. 

 

მით უფრო, მატერიალისტური მეცნიერება უკვე ზომავს და წონის თვალით უხილავს, ანუ შეიჭრა მეტაფიზიკაში. უამისოდ ამ ტექნიკურმა ზღვარდაუდებულმა წინსვლამ შეიძლება მართლა მიგვიყვანოს კატასტროფამდე, - თითქოს ჩემი ეჭვი დამიდასტურაო, უკვე აშკარად ჩამესმა ხმა:

 

თანამედროვე ტექნოლოგიებით, ნახშირჟანგის გამომყოფი უამრავი სატრანსპორტო საშუალებით, სატელეფონო მობილური კავშირების კოსმოსური თანამგზავრებით, საკომუნიკაციო თეფშებით, ატომური ელექტროსადგურებითა და მრავალი სხვა შესაძლებლობით გადიდკაცებული, ზნეობრივი პრინციპებისაგან თავისუფალი, მოუცლელი ხალხის აზრი გაცილებით ხისტი, ვითომ პრაგმატული და წინდაუხედავი გახდა. ამიტომ თავადაც ძალიან დაშორდა და დედამიწაც დააშორა ღვთიურ პირველსაწყისს _ ბუნებას. მასთან დაშორება კი იმ საშიშროებასთან აახლოებს კაცობრიობას, რომლითაც ასე თავგამოდებით აშინებენ დღეს ადამიანებს. 

 

ჰო, ამიტომ მღვდელმთავრის ლოცვა, მის ირგვლივ დგომა და მორჩილება დღეს როგორც არასდროს ისე სჭირდება საზოგადოებას!

 

დიახ, მორჩილება, რადგან მღვდელმთავარი ყოველთვის ფლობს იმ ღვთიურ საიდუმლოებებს, რომლებიც უცნობი და ზოგჯერ შეიძლება ითქვას, შეუცნობელიც კი იყოს ჩვეულებრივი მოკვდავთათვის,- მალე ისევ ახალი აზრი მომეწოდა.

 

მით უფრო, ქვეყნად არსებულ სოციალურ ფენათა ცხოვრების წესის მკვეთრი შეუსაბამობა საზოგადო კანონთა შეუსაბამობასა და ამიტომ არასამართლიანობასაც განაპირობებს. ხოლო ხანგრძლივი დროით დანაშაულებრივი ცხოვრების პირობებით გამრავლებული ბოროტება ღვთიური დაცვის ჰარმონიას არღვევს და სტიქიური თუ სოციალური აგრესიის სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა ახალ-ახალი დაავადებით ბუმერანგივით უკან უბრუნდება მტყუანსა და მართალს, მთელ ქვეყანას! - ალბათ უკვე მთავარი მოსაზრება და დასკვნა მომეწოდა-თქო, გავიფიქრე, მართალია, ძალიან დავიღალე, ფიქრი მაინც განვაგრძე: - ცხადია, რახან ღვთიური დაცვის ჰარმონია ირღვევა და სუსტდება, სასჯელიც ძლიერდება და მტყუანსა და მართალს ერთნაირად მიეზღვევა. რახან ისევ ვიმეორებ, ერთ ნავში ვსხედვართ და ვერც ახალ საქართველოს და ვერც ახალ დედამიწას ვერ გამოვიგონებთ!

 

აი, ასეთი იყო ჩემი ჩუმი დიალოგის პასუხი. არ ვიცი შემდეგ, როცა თავისუფლებაზე და ქვეყნის ეკონომიკურ ფორმის შესაბამისობაზე ვისაუბრებ, მექნება თუ არა ამ დიალოგის შესაძლებლობა, მაგრამ გპირდებით, ძალ-ღონეს არ დავიშურებ. თქვენი გამოხმაურებები კი ენერგიას შემმატებს და მეტი მონდომებით ვიმუშავებ!

 

ამავე დროს, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანი სულიერად დაკავშირებულია როგორც აწმყოსთან - არსებულ პირობებთან, ისე წარსულსა და მომავალთან. ქვეყნის ეროვნული, ქრისტიანულ-მართლმადიდებლური სახე სწორედ ამგვარი განწყობილების შედეგია. რომელიმე ამ კავშირის გაწყვეტა არღვევს ცხოვრების რიტმს და ძარცვავს ადამიანს, - ისევ ჩემი სხვა პუბლიკაციის ამონარიდი გამასენდა, რომელიც ასევე ძალიან თანხვედრაში დღევანდელ თემასთან.

 

ბოლოს ეს ჩემი „ჩუმი დიალოგი“ თავიდან წავიკითხე და გამახსენდა დიდი კომპოზიტორის ჩაიკოვსკის საუბარი თავის მეგობართან: - როცა ჩემს მუსიკას ვუსმენ, ფაქტის წინაშე ვდგები, რაც ძალიან მომწონს, ძალიან მელოდიური და საოცრად ჰარმონიულია, ღვთისგან არის მოწოდებული, ჩემი ჩართვები ცოტა დაჩაგრულად ისმინება მათთან შედარებითო. 

 

ასეა ჩემს შემთხვევაშიც, მაგრამ რას ვიზამთ, ჩვენ ადამიანები მხოლოდ გამტარები ვართ და ისევ გავიმეორებ დასაწყისში გამოთქმულ ჩემს მოსაზრებას.

 

ღვთის შეწევნა-მფარველობა მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოვლინდება ხოლმე, როცა ძირითადად, ღვთის მიერ მოწოდებული კანონებით ვცხოვრობთ და ჩვენი გამტარობით გარკვეულ რეზონანსში ვხდებით მასთან. ამიტომ ეკლესიასთან ბრძოლა ისე, როგორც წინა საუკუნის დასაწყისში, დადებით შედეგს არ მოგვიტანს, პირიქით, დაგვაზარალებს! 

 

 

 

 


უკან დაბრუნება