ივერიონი / არქიტექტორის მომნუსხველობა მინის საერთაშორისო მოწყენილობის ფონზე

არქიტექტორის მომნუსხველობა მინის საერთაშორისო მოწყენილობის ფონზე

 

„იქნებოდა კი ვან გოგი ვან გოგი თავისი წერილების გარეშე?“ - ეს კითხვა 33 წლის ვახტანგ დავითაიას გასჩენია.

 

და დღეს, 50 წლის შემდეგ, სრული საფუძველი გვაქვს, ვიკითხოთ: იქნებოდა კი ვახტანგ დავითაია ვახტანგ დავითაია მისი წიგნების გარეშე?

 

ნახევარი საუკუნის წინათ დასმული შეკითხვა თვითონ უპასუხოდ დატოვა.

ჩვენც ასე მოვიქცეთ: დაე, პასუხი თავად წიგნებმა გაგვცენ...

 

***

ჩვენს წინაშე სახელგანთქმული არქიტექტორის ორი ახალი წიგნია: „ცხოვრების ფურცლები“ (ორ ტომად) და

„ჩანაწერები“.

 

   

 

პირველი (ორტომეული) „ივერიონმა“ გამოსცა, მეორე - „ინტელექტმა“.

 

ორტომეული 964 გვერდს (512 +452) მოიცავს, „ჩანაწერები“ – 252 - ს.

 

ფაქტობრივად, სამივე წიგნში ჩანაწერებია, უმეტესად, მცირე მოცულობის დღიურები.

 

და მაინც რამდენი დაგროვებულა?!

 

ეს იმიტომ, რომ გულგრილი არასოდეს ყოფილა.

 

„დადგება დრო, როდესაც ადამიანებს პასუხს მოსთხოვენ დუმილისათვის“ - ესეც ქრისტეს ასაკში ჩაუწერია.

 

ვახტანგ დავითაიას ასეთი დროის დადგომისა ნამდვილად არ უნდა ეშინოდეს, რადგან დუმილის უფლება საკუთარი თავისთვის არასოდეს მიუცია - არც მისაღები და არც მიუღებელი ხელისუფლების პირობებში.

 

მისთვის მთავარი ხელისუფლების მიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯების სისწორეა და არა პირადი სიმპათია - ანტიპათია.

 

***

ჩანაწერები, როსტომ ჩხეიძე დოკუმენტურ პროზას რომ მიაკუთვნებს, დღეს ძალიან პოპულარული ჟანრია.

 

ესეც უნდა ითქვას, ზოგიერთი ამ ჟანრს მემუარებისგან ვერ ანსხვავებს, არადა, „შუა უზის დიდი ზღვარი“. 

 

ჩანაწერები იშვიათ მწერლურ და პუბლიცისტურ ნიჭს მოითხოვს, ფორმის ლაკონიზმსა და დახვეწილობას, ნათელ სტილს, მოკლედ თქმის ხელოვნებას.

 

ვახტანგ დავითაიას ეს კარგადა აქვს გააზრებული.

 

თვითონვე ამბობს: „ო, რა ძნელია მარტივად თქმა!“

 

ეს ჯერ კიდევ 34 წლისას გაუცნობიერებია.

 

და დღეს, 50 წლის შემდეგ, მისი დღიურები მოკლედ თქმის ხელოვნებითაც გვაოცებენ.

 

„დაბადებასა და სიკვდილს შორის მანძილს ცხოვრება ჰქვია.“

 

„რამხელა სიმღერაა „ოდოია“, არადა, სულ ერთი სიტყვაა.“ 

 

„გარეგანი ფორმა, ხშირ შემთხვევაში, ვერ გამოხატავს შინაარსს. შენობა ასუჯრედიანი ფასადით, არქიტექტურული თვალსაზრისით, შეიძლება ერთუჯრედიანი იყოს“; 

 

„ერთი მსახიობის თეატრი კარგია, ერთი „ბელადის“ ქვეყანა კი - კატასტროფა.“ 

 

ნიმუშების ამოწერას კიდევ გავაგრძელებდი, მაგრამ წინ მისივე მოკლედ ნათქვამი გადამეღობა:

 

„აღტაცებასაც აქვს საზღვარი.“ 

 

***

მოკლედ თქმა ოსტატობაა, მაგრამ მთავარი მაინც პოზიციაა, ანუ: რას ამბობ, რაზე ამახვილებ ყურადღებას, მხარს რას უჭერ ან რას უპირისპირდები.

 

ორივე წიგნი (ორტომეული და “ჩანაწერები“) 1967 წლიდან იწყება.

 

პირველი ჩანაწერიც ორივეგან იდენტურია:

 

„9. IV. 1967. დღეს გაიხსნა საქართველოს მხატვართა მე - 7 ყრილობა. სიტყვით გამოვიდა ბატონი კონსტანტინე გამსახურდია. ბრძანა: თუ მთავრობა დავით აღმაშენებელს ძეგლს არ დაუდგამს, ჩემი სახლის წინ ჩემი სახსრებით ავუგებ მას ძეგლსო... დასძინა, სააკაძე გამყიდველი იყო და უცხოეთში გარყვნილებას ეწეოდაო, მენშევიკი პლეხანოვის და ქაქიჭამია კამოს ქუჩები უნდა იყოს თბილისში და თამარისა არაო?“

 

ეს ჩანაწერი, ამით დაწყება უკვე პოზიციაა!

 

მოქალაქეობრივი პოზიცია! 

 

გნებავთ, ეროვნულიც.

 

ახლა ვნახოთ, რას უპირისპირდებოდა ვახტანგ დავითაია ე. წ. ნაციონალური ხელისუფლების დროს:

 

2011 წლის ჩანაწერები:

 

„დღეს კულტურას მასის გემოვნება, მასის ინსტინქტი მართავს“; 

 

„სასაცილოა სააკაშვილის ყოველდღიური „შეხვედრა“ ხალხთან. ეს „ხალხი“ გუბერნატორების მიერ სახლებიდან გამორეკილი ადამიანები არიან“;

 

„ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ერთ მშვენიერ დღეს , ბატონი სააკაშვილი, როდესაც აღარ იქნება პრეზიდენტი, შესაძლოა, არც საქართველოს მოქალაქე, იტყვის, ხომ ჩავატარე ექსპერიმენტი ქართველების გამძლეობაზე, ამტანობაზე, მოთმინებაზე, მონობაზე“...

 

სხვათა შორის, მაშინ ვახტანგ დავითაია ამასაც ფიქრობდა:

 

„ყველა აქცია, რომელიც მიმართულია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ - მოქალაქეობის ჩამორთმევა(მეუღლესაც), ქართუ ბანკის რევიზია, ფულის დატყვევების ინცინდენტი, წვრილ - წვრილი ბრალდებები, ყველაფერი ბატონი ბიძინას წისქვილზე ასხამს წყალს.“ 

 

სააკაშვილი აღარც პრეზიდენტია და აღარც საქართველოს მოქალაქე.

 

დღეს (მას შემდეგ) რას ფიქრობს და წერს ვახტანგ დავითაია?

 

2014 წლის ჩანაწერი:

 

„ვერ გავიგე, ხელისუფლება ხელისუფლობს თუ სოკოებივით მომრავლებული „არასამთავრობოები“ ... დავნიშნოთ ბარემ პრეზიდენტად, პრემიერმინისტრად, პარლამენტის თავმჯდომარედ...“

 

„მოუსმინეს“.

 

დანიშნეს კიდეც. 

 

ზოგი - -აქეთ (მთავრობისკენ);

 

ზოგიც - იქით (პრეზიდენტისკენ).

 

მთლად თავიანთ სავარძლებს ხომ არ დაუთმობდნენ?

 

თუ ასე გააგრძელეს, შეიძლება, ისინიც დაათმობინონ.

 

2017 წლის ჩანაწერი:

 

„კაპიტალი, ფული მძლეთამძლე და ულმობელია. მან არაერთი ქალაქი და ურბანული ძეგლი შეურაცხყო. უნდა ამოვიცნოთ კაპიტალის ინტერესი და შევთავაზოთ ალტერნატივები, უნდა მოვაქციოთ ის არქიტექტურულ - ურბანული ინტერესების ჩარჩოში - ესაა ხელისუფლების უპირველესი მოვალეობა. სხვანაირად ქაოსი და ურბანული კოლაფსი გარდაუვალია.“

 

მაინცდამაინც ასეთ შეგონებებს არ უსმენენ. 

 

ხელს არ აძლევთ.

 

***

თქმისთვის ბევრი დასჯილა, დუმილისთვის - არავინ, თუმცა, ზოგჯერ დუმილი თქმაზე უფრო დიდი დანაშაულია.“

 

დღეს სხვა დროა.

 

დასჯის ფორმები შეცვლილია.

 

ხელოვანს, თქმისთვის, სიკვდილით აღარ სჯიან.

 

აღარც იჭერენ.

 

დიდი - დიდი „ჩარეცხონ“.

 

ან უგულებელყონ.

 

არ მოუსმინონ.

 

ნამდვილი ხელოვანისთვის, ესეც მძიმე სასჯელია. 

 

მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ დუმილი არ შეგვეძლოს.

 

ვახტანგ დავითაიას კი მართლაც „არასოდეს სწყალობდა დუმილის ღმერთი“ - არცერთ ეპოქაში, არცერთი ხელისუფლების ჟამს.

 

***

ზემოთ ორი ეპოქა გამოვტოვე.

 

არის ორიოდე საკითხი, რაშიც ბატონ ვახტანგთან ვერასოდეს შევთანხმდები.

ეს სრულიადაც არ მიშლის ხელს, მისი გულმხურვალე პატივისმცემელი ვიყო.

მეტიც, ის გულწრფელად მიყვარს.

 

მიყვარს მაღალი პროფესიონალიზმის, იშვიათი პიროვნული ღირსებებისა და იმ უმთავრესის გამო, რაც ამ ჩანაწერშია გაცხადებული:

 

„რას ნიშნავს ეროვნულობა არქიტექტურაში? არქიტექტურული ატმოსფერო ისე უნდა იყოს წარმოდგენილი, რომ გრძნობდე უწყვეტ კავშირს ერის სულიერ და მატერიალურ კულტურასთან.“ 

 

აქ აზრი არა აქვს დემაგოგთა გამოხტომას, რადგან ვახტანგ დავითაიას ზურგს თვით მაჰათმა განდი უმაგრებს. დიდი ინდოელის მსგავსად, მასაც სურს, ღია იყოს სამშობლოს კარ - ფანჯრები, რათა სხვა ქვეყნების კულტურა თავისუფლად შემოდიოდეს, მაგრამ არ უნდა, მათგან წალეკილი იყოს. 

 

***

„ვწერ ისევე, როგორც ვფიქრობ, ვლაპარაკობ ისე, როგორც ვფიქრობ. მე არ მიზრუნია იმაზე, როგორ ვთქვა, ჩემი მიზანი არასდროს ყოფილა სიტყვებთან ჭიდილი.“

 

ამ ჩანაწერის პირველ ნაწილს უყოყმანოდ დავეთანხმებით, მეორე კი საკამათოდ უნდა ვაქციოთ, რადგან „ჩანაწერებსა“ და „ცხოვრების ფურცლებში“ სიტყვასთან ჭიდილის მაგალითებიც უხვადაა.

 

ამის საუკეთესო ნიმუშია, „ივერიის“ განახლებული შენობის მისეული აღწერა, დიდი პროფესიონალისა და მოქალაქის გულისფეთქვას რომ გამოსცემს:

 

„მას ადგილის სულის, ერის კულტურის, მენტალობის განცდა არა აქვს. 

 

უსამშობლოა, უმისამართო, უკონტაქტო. არ სუნთქავს. სიცოცხლის ნიშანწყალს არ ავლენს. მინის საერთაშორისო მოწყენილობას კიდევ ერთი შენობა შეემატა, ამჯერად, თბილისში.“

 

რომელი მწერალი დაიწუნებდა არქიტექტორის ამ სტრიქონებს?!

 

მხოლოდ არქიტექტორის თვალი ვერც იმ პაწია ბოშა გოგონას შენიშნავდა, ვაჟა-ფშაველას გამზირისა და პეკინის ქუჩის კუთხეში, შუქნიშანთან შეჩერებული მანქანებისკენ ხელგაწვდილი რომ გარბის, ხოლო როცა მწვანე აინთება, ტროტუარს მიაშურებს და ხატვას აგრძელებს. 

 

მხოლოდ არქიტექტორი, ალბათ, ვერც ამას იტყოდა:

 

„რა მომნუსხველად საუბრობს სიჩუმე!“

 

არქიტექტორ ვახტანგ დავითაიას კალამიც მომნუსხველად საუბრობს.

 

***

პოეტი ყველა ნამდვილ ხელოვანში ცოცხლობს.

 

ბუნებრივია, ყველა ნამდვილ არქიტექტორშიც.

 

ვახტანგ დავითაიამ ეს უბრალოდ კი არ იცის, თავისი ხელოვნებით ადასტურებს.

 

მსოფლიოს გამოჩენილ ხუროთმოძღვართა მსგავსად, ისიც ყოველთვის ოცნებობდა „რონშანზე“, ანუ პოეზიაზე და დღეს სრული უფლება აქვს, დაწეროს:

 

„მეც მაქვს ჩემი „რონშანი“ - ალგეთის ბაზილიკა, ქუთაისის მემორიალი, ხელოვნების ცენტრი მთაწმინდა.“

 

მხოლოდ სამი დაასახელა.

 

შეგვიძლია, უამრავი მივუმატოთ.

 

„ვახტანგ დავითაიას ალგეთის ბაზილიკა არქიტექტურაზე მეტია“, - დაწერა, თავის დროზე, დავით ანდრიაძემ.

 

დღეს კი ასე ვიტყოდი: ვახტანგ დავითაიას ჩანაწერები ჩანაწერებზე მეტია, ხოლო მისივე „ცხოვრების ფურცლები“ - ცხოვრებაზე მეტი... 

 

იოსებ ჭუმბურიძე

(გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ – 21. 03.2018 წ.) 

 

26-03-2018, 10:58
უკან დაბრუნება