ივერიონი / ვასილ ბესელია: მე არც წარსულის, არც მომავლის, არ მეშინია!

ვასილ ბესელია: მე არც წარსულის, არც მომავლის, არ მეშინია!

მემარჯვენე ვარ და წერისას მარჯვენა ხელს გულზე ვერ დავიდებ, წერის დამთავრების შემდეგ კი პირობას ვდებ, აუცილებლად გავაკეთებ ამას და დავიფიცებ, დღემდე რაც მითქვამს და რასაც ახლა ვამბობ, სრული სიმართლეა!

 

ჩემი მტკივანი გული ჩემი ბიბლიაცაა და სამშობლოც, მე ის ტყუილის თქმას არ მაპატიებს!

 

ეს დღეებია, ვამხელ სენაკის მერს და ამ ადამიანს ხან „ნიკო-ნიკო“ ესარჩლება, ხან „გულბაათ ჭავჭავაძე“ და ხან „გადაფხიკე და მოიგე“. მთავარი ისაა, რომ ისინი მერს კი არ ესარჩლებიან, მე მაგინებენ.

 

მე და ჩემს მეგობრებს ბატონ ლევანისთვის ცუდი სიტყვა არ გვიკადრებია, მასთან სკაბრეზითა და სლენგით არ გვისაუბრია. მე, რისი თქმაც მინდოდა, ჩემი სახელით ვთქვი!

 

ამას წინათ, ერთ პატივცემულ მწერალს, როგორც გავიგე, ბატონ ლევანისთვის დაურეკავს და სიტუაციაში გარკვევა გადაუწყვეტია. სიმართლეს გეტყვით, მე ამ მწერალს პირადად არ ვიცნობ. იგივე გაუკეთებია ცნობილ ჟურნალისტსა და საზოგადო მოღვაწეს, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობ ... ვიცნობ კი არა - ჩემი მეგობარია!

 

ხატზე და გულზე ხელის დადებით დავიფიცებ, არცერთისთვის მე ეს არ მითხოვია!

 

რაოდენ გაოცებული ვარ და როგორ მენანება და მეცოდება ჩემი სენაკი, რომ მის პატრონად გამოგზავნილმა კაცმა ჩემი სამსახურიდან განთავისუფლების არგუმენტად ასეთი რამ დაასახელა:

 

„თქვენ არ იცით, ვასილ ბესელია რა კაცია. ის თურმე ზემოდან უყურებს ყველას, თქვენ ვინ ხართ, მე ვარ, რაც ვარო... მერიაში ის არავის უყვარსო...“

 

ახლა მეორე არგუმენტი:

 

„ნისირში, სადაც ვასილ ბესელია გამგებლად მუშაობდა, თურმე არავის უყვარს, იქ ვიღაც ციხეში გაუშვა, მას სოფელი ვერ იტანსო...“

 

„თურმეთი“ მსჯელობა როდის გახდა გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, ბატონო მერო, ეს ყველაფერი თურმე ტყუილი ყოფილაო, რომ გითხრათ ვინმემ, რა შეიცვლება ამით.

 

დაანებეთ თავი ამ „თურმეს“ და ერთი ადამიანი დამისახელეთ, რომელსაც ზემოდან დავხედე და დავჩაგრე, შევზღუდე, ჩემი უპირატესობა მოვახვიე თავს. ან იქნებ ერთი კაცი მითხრათ, ვინც დახმარება მთხოვა და ზურგი შევაქციე!

 

ვისი მონაყოლით თურმეობთ, ბატონო მერო, 31 წლის კაცი მთლად ბავშვიც არაა, რატომ ჭორიკნობთ, კონკრეტულად ილაპარაკეთ! რეალურსა და სასურველს ერთმანეთში ნუ ურევთ, თორემ საუბრის ნაცვლად, დედაკაცური ბჭუტური გამოგდით!

 

ისე, სხვათა შორის, ერთს მაინც გეტყვით, მეფე ვარო, გალაკტიონმა რომ ბრძანა, ამისთვის არავის უთქვამს, შენს ადგილს მწერალთა კავშირში ვერ ვხედავო.მე რომ ვთქვა, სენაკის კულტურის სამსახურში ყველაზე შესაფერისი კადრი ვარ-მეთქი, რატომაა ეს სირცხვილი და ჩემი დევნის საფუძველი. 

 

ახლა, ძალიან არ მინდოდა, მაგრამ მეორე ბრალდებაზე უნდა გიპახუხოთ, ჩემს ნოსირში მოღვაწეობას რომ ეხება.

 

2003 წლის ადგილობრივ არჩევნებში 910 ამომრჩეველი მოვიდა და მათგან 851-მა ხმა მე მომცა. მაშინ საკრებულოში ხუთ დეპუტატს ირჩევდნენ. ამომრჩეველს შეეძლო 5 კანდიდატი შემოეხაზა. თითქმის 500 ხმით ვაჯობე უახლოეს მდევარს. მე უმრავლესობა არ მყავდა და გამგებლად სხვა აირჩიეს. მე სოციალური კომისია ჩავიბარე.

 

კიდევ ვიმეორებ, მე არ მინდოდა ამ ძველი ამბების ქექვა, მაგრამ იძულებული ვარ ხალხს გავაგებინო, რას მაბრალებს სენაკის მერი.

 

არჩევიდან დაახლოებით ორ თვეში ნოსირის გამგებელმა 2500 ლარი, რომელიც ბიუჯეტში სოციალურად დაუცველთათვის იყო გამოყოფილი, გამოიტანა ბანკიდან და ჯიბეში ჩაიდო.

 

მან 5 ადამიანის სახელით თავად დაწერა განცხადება დახმარების თაობაზე. შეადგინა სოციალური კომისიის დასკვნა, გააყალბა ჩემი ხელმოწერა. გამოიტანა ფული და მიღების უწყისზე თავად მოაწერა ხელი.

 

მე ეს კაცი სახლში გავუშვი. ციხეში არ გამიშვია. ფული უკან მოვატანინე და ხალხისთვის მივაცემინე.

 

ნოსირელთა არნახული მხარდაჭერა მქონდა მაშინ და საკრებულოს თავმჯდომარედ მე ამირჩიეს. 10 წელი ვიმუშავე ნოსირში. ღმერთი, რჯული, გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსად გადასვლა არ მინდოდა.

 

ახლა თქვენ, ბატონო ლევან, ამ საქციელს ქურდულად მირჩევთ და მაწვებით, რა კაცობა იყო ეს, სიმონო!

 

ბატონოჩემო, ქურდულს თუ აწვებოდით, გებირჟავათ ბუკიას სკვერში, რა გინდოდათ სენაკის მერიაში და თუ სახელმწიფოებრივად აზროვნებთ, მაშინ მითხარით, რაა მიუღებელი და არაკაცური იმაში, რომ საჯარო მოხელეს, რომელმაც თერთმეტშვილიან ოჯახზე გამოწერილი 500 ლარი მიითვისა, პასუხი მოთხოვო. იმ ბავშვებს მე ძალიან ხშირად ვსტუმრობდი, ისინი მეზობლების მიერ ნაწილადევი ცივი ჭადით გაიზარდნენ!

 

თქვენნაირი ძველბიჭური აზროვნება მე არ მაქვს, ბატონო ლევან, მე საჯარო მოხელე ვარ!

 

ახლა ყველაზე მთავარი:

 

ზემოთ რომ ვახსენე, იმ ჩემს მეგობრებს დაურეკა სენაკის ცნობილმა შარახვეტიამ ლანდა მასხულიამ და მლანძღა იგივე სიტყვებით, რითაც მერი მლანძღავდა. ტელეფონის ნომერიც, ცხადია, მერისგან აიღო.

 

ლანდასთან დავას მე არ ვაპირებ. ის, პრაქტიკულად, ადამიანურობიდან გასული ქალია. 

 

სენაკს არ ჰყოლია გამგებელი, ლანდას რომ არ გაელანძღა და ლაფში არ ეთრია!

 

სენაკში კაცად არ მიიჩნევა არავინ, ვისაც ლანდა შეაქებს!

 

ლანდას რომ ადამიანი გაურიგდება, ის ლანდაზე უარესია!

 

დღემდე ლანდაზე უარესი მხოლოდ ლანდა მეგონა!

 

ამ თანადგომით ლანდას გარანტირებული აქვს თავისი სამარცხვინო გაზეთის, „მრწამსის“ მთელი ტირაჟის დაფინანსება...

 

ჯერ სად ხართ, ბატონო ლევან, ლანდა ბევრად უარესია იმ ქალებზე, თქვენ რომ ტვინი აგირიეს და გაგაბითურეს.

 

11 მაისიდან სენაკის კულტურის სამსახურის უფროსის თანამდებობა ვაკანტური იქნება. დანიშნეთ იქ ლანდა, ჩემზე რომ ამბობს, თანამდებობა წამართვაო და თქვენ რომ გიხარიათ, აგერ არ გყავთ? დანიშნეთ, რა გიშლით ხელს! ამოუდექით გვერდით, თქვენ მისგან დავალებული ბრძანდებით!

 

ბატონო ლევან, კაცი მაშინ იქნებით და დიდივით მაშინ იაზროვნებთ, როცა იტყვით, არ მინდა ეს ვასილ ბესელიაო და მორჩა. დაანებეთ თავი ამ მიკიბულ-მოკიბულებს!

 

თქვენ სენაკის კულტურული სფერო ფეხებზე გკიდიათ, თორემ ვისაც ახლა მანდ ნიშნავთ, ჩემსა და მას შორის კი არაა მარტო ცა და დედამიწა, განათლებითა და კომპეტენციით მასზე მეტია ყველა თანამშრომელი, ვისაც ის ხელმძღვანელობას უპირებს.

 

ეს თქვენც იცით. ისიც იცით, რატომ აკეთებთ ამას!

 

რაც შემეხება მე, სენაკის კულტურის ველიდან თქვენ ვერ გამაქრობთ. ჩემნაირები ქმნიან კულტურის ისტორიას. მე სხვა მისია მაკისრია ჩემი ხალხის წინაშე, თქვენ ამას ვერ გაიგებთ!

 

გაივლის 4 წელი და სენაკი ფურთხით მიგაცილებთ საზღვრამდი...

 

თუ ვინმე მოგიგონებთ, ჩემთან გლახაკური ომის გამო გაახსენდებით, როგორც ჰეროსტრატი ახსოვს კაცობრიობას!

 

ერთხელ თომას მანს უბრძანებია, სადაც მე ვარ, გერმანული კულტურაც იქააო!

 

მე თომას მანი არ ვარ, მაგრამ არც სენაკია გერმანია.

 

გახსოვდეთ:

 

სადაც მე ვარ სენაკის კულტურაც იქაა!

 

სადაც თქვენ ხართ, იქ შერცხვენილი სენაკია!

 

ახლა ისღა დაგრჩათ, დაგუგლოთ, ვინაა თომას მანი!

 

26-04-2018, 16:49
უკან დაბრუნება