ივერიონი / ნაპო მესხია - ღვაწლმოსილი დასტაქარი, წინდახედული პოლიტიკოსი, ჭეშმარიტი ერისკაცი

ნაპო მესხია - ღვაწლმოსილი დასტაქარი, წინდახედული პოლიტიკოსი, ჭეშმარიტი ერისკაცი

80 წელი შეუსრულდა სასიქადულო მამულიშვილს, საზოგადო მოღვაწეს,  თავისი საქმის უბადლო ოსტატს, ღირსეულ პროფესიონალს, პრინციპულ და გაბედულ პოლიტიკოსს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, ბატონ ნაპოლეონ მესხიას, რომელმაც თავისი ცხოვრების უდიდესი ნაწილი საშვილიშვილო და ფასდაუდებელი საქვეყნო საქმეების კეთებას მოახმარა; უბადლო ნიჭიერებამ, პასუხისმგებლობამ, შრომის მოყვარეობამ, ნებისმიერი საქმისადმი გულწრფელმა დამოკიდებულებამ მის პიროვნებას, იმთავითვე, განსაკუთრებული ხიბლი შესძინა და საზოგადოებაში გამორჩეული ადგილი დაუმკვიდრა.

 

ბატონი ნაპო მესხია 1938 წლის 28 მაისს გალის რაიონის სოფ. ოტობაიაში დაიბადა. 1956 წელს, გალის მე-3 საშუალო სკოლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, გაუსაძლისი ოჯახური მდგომარეობისა და უსახსრობის გამო, სწავლა მაშინვე ვერ გააგრძელა და მუშაობა ტყვარჩელის მიწისქვეშეთში - ქვანახშირის მაღაროში დაიწყო; იქ გატარებულ ორ წელიწადს ღვაწლმოსილი ექიმი სიამაყით იხსენებს და თავის პირველ უნივერსიტეტად მიიჩნევს. მძიმე შრომაგამოვლილი ახალგაზრდა 1958 წელს ჩაირიცხა თბილისის სამედიცინო ინტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე, რომელიც 1964 წელს წარჩინებით დაამთავრა. სკოლის წლებში მიღებულმა საფუძვლიანმა ცოდნამ, მიზანსწრაფვამ, პასუხისმეგბლობის გრძნობამ  სტუდენტობის წლებში ნაპო მესხიას ნიჭიერება, შემეცნების უნარი და შესაძლებლობები კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩინა. ის ჯერ იყო სტალინური, ხოლო შემდგომ ლენინური სტიპენდიანტი; მისი ფოტოსურათი მთელი სტუდენტობის მანძილზე ინსტიტუტის საპატიო დაფას ამშვენებდა.

 

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ნაპოლეონ მესხია ტყვარჩელსა და გალში ქირურგად მუშაობდა. პრაქტიკოსი ექიმი 1966 წელს სწავლის გასაგრძელებლად მიემგზავრება ქ. მოსკოვში, ნ. ბურდენკოს სახელობის ნეიროქირურგიის სამეცნიერო-კველვით ინსტიტუტში, სადაც ორდინატურა გაიარა, ხოლო შემდეგ ასპირანტურაში ჩაირიცხა. 1970 წელს ნაპო მესხიამ დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1976 წელს სადოქტორო დისერტაცია დახურულ  სამხედრო-სამედიცინო საკითხებში.

 

1978 წელს ბატონი ნაპო საქართველოში დაბრუნდა და ქ. სოხუმის პირველი საავადმყოფოს ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში ნეიროქირურგად დაიწყო მუშაობა. 1980 წელს მისი ინიციატივით აფხაზეთში ჩამოყალიბდა პირველი ნეიროქირურგიული 30 საწოლიანი განყოფილება გულრიფშის რაიონში ფსიქო-ნევროლოგიური საავადმყოფოს ბაზაზე; სწორედ აქ ჩაეყარა საფუძველი შემდგომში მასშტაბური ნეიროქირურგიული ცენტრის შექმნას. მისი თაოსნობით ქ. სოხუმში 1987 წელს აშენდა ოთხსართულიანი, საუკეთესოდ აღჭურვილი ნეიროქირურგიული ცენტრი. იმ დროს საკავშირო ნორმატივებით 10000 მოსახლეზე გათვალისწინებული იყო 0,2 ნეიროქირურგიული საწოლი; ამდენად, აფხაზეთის 550 000-იან მოსახლეობაზე გეგმით მხოლოდ 10-12 ნეიროქირურგიული საწოლი მოდიოდა. მიუხედავად ამისა, ბატონ ნაპოს ძალისხმევით შეიქმნა დასავლეთ საქართველოს 70 საწოლიანი ნეიროქირურგიული ცენტრი, რომელიც აღიჭურვა იმ დროისთვის ყველაზე თანამედროვე სამედიცინო დანადგარებითა და ხელსაწყოებით, მათ შორის საქართველოში პირველი, კომპიუტერული ტომოგრაფიით და რეანიმობილით. ამ კლინიკაში ჩამოდიოდნენ და წარმატებით მკურნალობდნენ პაციენტები დასავლეთ საქართველოდან და აფხაზეთთან მოსაზღვრე რუსეთის ქალაქებიდან. ბატონ ნაპოს, როგორც სპეციალისტს, არამარტო პაციენტები, არამედ ქვეყნის კოლეგები ენდობოდნენ და პატივს სცემდნენ. ქ. მოსკოვში ნ. ბურდენკოს ინსტიტუტში სამკურნალოდ ან საკონსულტაციოდ ჩასულ ჩვენს თანამემამულეებს გაოცებით ეკითხებოდნენ: „რატომ ჩამოდიხართ ჩვენთან, როცა თქვენ გყავთ ბრწყინვალე ნეიროქირურგი ნაპოლეონ მესხია?“

 

ბატონმა ნაპომ საქართველოში, პირველმა წარმატებით ჩაატარა ოპერაციები ტვინის არტერიალური და არტერიო-ვენოზური ანევრიზმების დროს. მის მიერ დაფუძნებულ ნეიროქირურგიულ ცენტრში საერთაშორისო სტანდარტებით ტარდებოდა თავისა და ზურგის ტვინის სიმსივნეების, ქალა-ტვინის ტრავმისა და სისხლძარღვთა პათალოგიების ოპერაციები.

 

ქ. მოსკოვში ნ. ბურდენკოს აკადემიურ ინსტიტუტში სწავლისა და ხანგრძლივი მუშაობის შედეგად ბატონი ნაპო ნეიროქირურგიისა და ნევროლოგიის სიღრმისეულად მცოდნე სპეციალისტად ჩამოყალიბდა. ის კოლეგებსა და თანამოაზრეებს შორის გამოირჩეოდა, როგორც უმაღლესი დონის პროფესიონალი, და მუდამ სიახლის მაძიებელი სწავლული. მან შემოსთავაზა ოპერაციული ჩარევისა და მკურნალობის არაერთი ახალი მეთოდი. იგი ყოველთვის დიდ ყურადღებას უთმობდა ახალგაზრდა სპეციალისტების შერჩევას, მათ პროფესიულ აღზრდას. ნაპო მესხიას თაოსნობით და უშუალო ხელშეწყობით პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებლად ქ. მოსკოვში, ნ. ბურდენკოს სახელობის საკავშირო ნეიროქირურგიულ ინსტიტუტში ერთი წლით თანამშრომელთა ოცკაციანი ჯგუფი გაემგზავრა, მათგან შვიდმა ექიმმა კლინიკური ორდინატურის ორწლიანი კურსი გაიარა. აფხაზეთის ისტორიაში ეს უპრეცედენტო შემთხვევა იყო;  სხვა მაგალითი, როდესაც ხელმძღვანელი ასე მასშტაბურად ზრუნავდა თანამშრომლების წინსვლასა და პროფესიულ აღზრდაზე, ძნელად თუ მოიძებნება. ბატონი ნაპო იყო  გულისხმიერი ხელმძღვანელი, ამავე დროს; თანამშრომლებისაგან მაქსიმალურ მობილიზაციას და ავადმყოფების მიმართ შეუნელებელ  ყურადღებას მოითხოვდა, გულგრილობასა და უპასუხისმგებლობას არავის პატიობდა. ყველას აოცებდა მისი  უშრეტი ენერგია და მგზნებარება, რასაც საქმეში აქსოვდა. ბატონი ნაპო დღენიადაგ ცდილობდა, შეძენილი ცოდნა და გამოცდილება ყველასთვის გაეზიარებინა. 

 

,,კარგი მასწავლებელი ის არის, ვინც შეგირდებს თავის შეცდომას არ დაუმალავს და სწორი გადაწყვეტილების მიღების მეთოდებს ასწავლის“. - ასეთი იყო მისი, როგორც პროფესიონალისა და ხელმძღვანელის მრწამსი და საქმისადმი მიდგომა.

ჩვენმა თაობამ ვერ აიცილა ქვეყნის უბედურება, ჩატეხილი ხიდის გაღმა-გამოღმა ქართველებსაც და აფხაზებსაც ერთნაირად სტკივათ გაპარტახებული, სიცოცხლეჩამკვდარი კარ-მიდამოების დანახვა, მეზობელ-მოკეთეების მონატრება. ბატონ ნაპოს გახლეჩილი საქართველო სულში შეუხორცებელ ჭრილობად დარჩა. მის თავზე გადაიარა აფხაზეთის უსასტიკესმა ომმა. 

 

აფხაზეთის პარლამენტში მოღვაწეობისას ის იღწვოდა იმ საკითხების სასიკეთოდ გადაჭრისთვის, რომლებიც  ქვეყნის გამთლიანებასა და ერის მომავალს ეხებოდა. ნაპო მესხიას გულწრფელად სურდა და იბრძოდა კიდეც იმისათვის, რომ კონფლიქტი, უმტკივნეულოდ ამოწურულიყო; დებატებში იგი შეუვალი, მაგრამ აფხაზი კოლეგებისადმი მეგობრულად განწყობილი იყო. ის ყოველთვის ცდილობდა და ცდილობს, ორივე მხარისთვის სასიკეთოდ გამოიყენოს აფხაზთა და ქართველთა წინა თაობების გამოუყენებელი პოტენციალი. ბატონმა ნაპომ კარგად იცის, რომ აფხაზეთში  კონფრონტაციული სიტუაციის დარეგულირება ისტორიულად სახალხო დიპლომატიისა და პირდაპირი დიალოგის მეშვეობით ხერხდებოდა. მისი აზრით, ქართველსა და აფხაზს შორის მტრობას, შურისძიებას შერიგება და გაერთიანება უნდა ჩაენაცვლოს; მან იცის, რომ ხალხური სიბრძნისა და სამართლიანობის უმთავრესი კრიტერიუმი უცვლელია და მას ალტერნატივა არ გააჩნია. ნაპო მესხიას პრობლემებისადმი სახელმწიფოებრივი მიდგომა განსაკუთრებით აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატის რანგში მოღვაწეობისას გამოვლინდა.

 

ბატონი ნაპო თანაბარი სიყვარულითაა განწყობილი ქართველებისა და აფხაზების მიმართ, ორივე მხარე მისთვის სისხლ-ხორცეულად ახლობელი და ძვირფასია. მისი აზრით, დატრიალებული უბედურების მიზეზი ცალკეული პიროვნებების ღალატის ტოლფასი შეცდომებია. აფხაზი საქართველოში ის ერია, რომელსაც საკუთარი ენა და დამწერლობა გააჩნია, ერთიანი, უძველესი, დიდი კოლხური კულტურის თანასწორუფლებიანი წარმომადგენელი, ჩვენი ისტორიული თანამოსახლეა. ბატონი ნაპოს მოსაზრებით, სწორედ ამ სიღრმეებში უნდა ვეძიოთ ამ ორი ხალხის შემაკავშირებელი ხიდის ასაგები მოტივები და არგუმენტები. სახელოვანი დასტაქარი დაუღალავად ეძებს სანდო ძალას, რომელთან ერთადაც შეძლებს ამ უმძიმესი კონფლიქტის მოგვარებას. მას, როგორც არავის, შესწევს ამის უნარი! ამაზე მეტყველებს მისი ბოლონდელი შეხვედრები და დიალოგი აფხაზი ხალხის ლიდერებთან ქ. მოსკოვში. ძნელად თუ მოიძებნება ვინმე, ვინც ნაპო მესხიასავით ნდობითა და პატივისცემით სარგებლობდეს აფხაზთა შორის, - როგორც ელიტურ წრეში, ასევე საზოგადოების ნებისმიერ ფენაში.

 

ეს გასათვალისწინებელი და გამოსაყენებელი ფაქტორია!

 

ბატონმა ნაპომ ცხოვრებაში ბევრი გასაჭირი გამოიარა. მას ზურგის ქარი არასოდეს ჰქონია, სულ წინააღმდეგობების დაძლევა უწევდა. იგი არასდროს მიჰყოლია ცხოვრების დინებას. პირიქით, სირთულეების გადალახვის გზების ძიებაში დინების საწინააღმდეგოდ წუთისოფლის მდინარის ტალღებს  მიაპობდა. ცხოვრებამ მას, ბევრი სიმწარე არგუნა: ბატონ ნაპოს ყველაზე ძვირფასი, - ორი ვაჟიშვილი ტრაგიკულად დაეღუპა; ამის შემდეგ ძმიშვილიც რომ დაკარგა, ჩაიკეცა, უფლისადმი სამდურავი გოდებად აღმოხდა. ძალიან გაუჭირდა, სამი წლის განმავლობაში არ გამოჩენილა საზოგადოებაში, რამდენიმე თვე არ შესულა საოპერაციოში; საბოლოოდ, დიდმა ტრაგედიამაც ვერ გატეხა ეს შეუპოვარი ადამიანი. ისევ წამოდგა, ისევ ჩაუდგა სათავეში საკუთარ  პირმშოს - ნეიროქირურგიულ კლინიკას.

 

ნაპოლეონ მესხია დიდი გულისტკივილით განიცდის აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის უმძიმეს ხვედრს; მისი ძალისხმევით და ზრუნვით მშობლიური სოფლის, ოტობაიის სამედიცინო ამბულატორია  ხელსაწყო-დანადგარებით, საოფისე ავეჯით, სასწრაფო დახმარების მანქანით აღიჭურვა. მისი ძალისხმევით ამ პოლიკლინიკაში სპეციალური სადაზღვევო პროგრამა ამოქმედდა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობასაც სადღეღამისო რეჟიმში ემსახურებიან. მას აფხაზეთიდან არაერთი ადამიანისათვის, მათ შორის აფხაზისთვის, გაუწვდია დახმარების ხელი; იგი ისე გასცემს სიკეთეს, რომ სამაგიეროს არავისგან ითხოვს. აფხაზეთის ტრაგიკულ მოვლენებს მიუძღვნა ბატონმა ნაპომ თავისი შესანიშნავი წიგნები, „როგორ გასხვისდა აფხაზეთი“ (ქართულ და რუსულ ენაზე) და „ვის როგორ სტკივა აფხაზეთი“. ეს ნაშრომები ბრწყინვალე ნიმუშია იმისა, თუ როგორ უნდა  იწერებოდეს თუნდაც ყველაზე მტკივნეული და მწარე სიმართლე: - ავტორი მკითხველს აფხაზეთის ტრაგედიის დეტალებში ღრმად ჩახედვის და მოვლენების განსჯის საშუალებას აძლევს. ეს წიგნები მძაფრსიუჟეტიანი ბესტსელერის სიცხადითა და განცდით იკითხება. ავტორის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ამ ისტორიულ-დოკუმენტურ ნაშრომებს არც მხატვრულ-ესთეტიკური მხარე დაეწუნება. მას უამრავი ფაქტი მოჰყავს აფხაზეთის ომისა და ომის შემდგომი დაპირისპირების ქრონოლოგიიდან, რითაც მკითხველს საშუალებას აძლევს თავად დაინახოს ამ ტრაგედიის რეალური შემომქმედნი.  

 

როგორც მოსალოდნელი იყო, ამ წიგნებს ბევრი ოპონენტი გამოუჩნდა. ნაპოლეონ მესხიას ნააზრევს დღეს სხვადასხვაგვარად აფასებენ, ფაქტი კი ერთია, - აფხაზეთის ტრაგედიას ვერ განვერიდეთ, მაშინ, როცა მისი თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, ქართულ მხარეს რომ მეტი გონიერება და წინდახედულობა გამოეჩინა, ზოგიერთი ,,მოღვაწის“ კომერციული თუ სხვა ავადმყოფური ამბიციები მოეთოკა და პროცესი სხვა სცენარით წაეყვანა. ამისთვის ბევრი იღონა ბატონმა ნაპომ, აფხაზურ მხარესთან შეთანხმებით ბევრჯერ გამონახა კონფლიქტიდან გამოსვლის გზები, მაგრამ თანამემამულეთა უჩინარმა ხელებმა ქარს გაატანეს მისი ყველა ასეთი მცდელობა.     მან რამდენჯერმე მოახერხა კიდეც კონფლიქტის განეიტრალება: 1992 წლის იანვარში ის წინ აღუდგა ზუგდიდიდან აფხაზეთში სახელისუფლებო კრიმინალური შენაერთების გადასვლას; მოგვიანებით, მან ჩაშალა ქართული უმაღლესი საბჭოს სესია, რომელზეც ექსტრემისტული დაჯგუფება ქართული მოსახლეობისათვის ცალკე მინისტრთა საბჭოს შექმნას გეგმავდა. აფხაზეთის ომის დამთავრებიდან ორი წლის შემდეგ ნაპო მესხიამ აფხაზურ მთავრობასთან ოფიციალური თუ კულუარული მოლაპარაკებების შედეგად მიაღწია ისეთი დოკუმენტის მიღებას, რომელიც დევნილი მოსახლეობის თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში მასობრივ და უსაფრთხო დაბრუნებას ითვალისწინებდა. ამ შეთანხმებას მასთან ერთად არძინბას პირადი წარმომადგენელი, ანრი ჯერგენია აწერდნენ ხელს. სამწუხაროდ, ღვაწლმოსილი ექიმის ეს მცდელობაც, მავანთა ძალისხმევით, ჩაიშალა.

 

ნაპო მესხიასთვის სამშობლოს და ხალხის  სამსახური განდიდებისკენ მიმავალი გზა და საშუალება არასოდეს ყოფილა, რაზეც მისი ღირსეული გადაწყვეტილებაც მეტყველებს: - ქვეყნის ჭირ-ვარამის გამზიარებელმა ადამიანმა ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხისა და ღირსების ორდენებზე უარი განაცხადა,  ჯილდოები არ მიიღო.

 

უფალი და დრო განსჯის მტყუან-მართალს. მთავარია, რომ ჩვენი ღვაწლმოსილი იუბილარი წინააღმდეგობებმა ვერ დააჩოქა, სულიერად ვერ გატეხა,კვლავაც აქტიურ ცხოვრებასა და მოღვაწეობას განაგრძობს. 

 

ასე მოვიდა ბატონი ნაპო, ჭეშმარიტი ერისკაცი, თავის მღელვარე და  წარმატებული ცხოვრების 80 წელთან. ღმერთმა ინებოს, მომავალშიც მან ჩვეული შემართებით განაგრძოს თავისი კეთილშობილური მოღვაწეობა ორივე სასიცოცხლო მიმართულებით: - აფხაზეთის დასაბრუნებლად და ადამიანის ჯანმრთელობის აღსადგენად. 

 

დღეს, ბატონი ნაპო ბედნიერია საკუთარი მონაგარით, - მისმა ქალიშვილმა მარინამ მამას აჩუქა სამი შესანიშნავი შვილიშვილი, რომელთა აღზრდითა და ყურადღებითაც  დაკავებულია ღვაწლმოსილი ბაბუის ყოველი დღე.

გულითადად ვულოცავთ საიუბილეო თარიღს დიდ პიროვნებას, ჭეშმარიტ ერისკაცს და ჩვენს დიდ მეგობარს ნაპოლეონ მესხიას. ვუსურვებთ მას დიდი ხნის სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და წარმატებას ქვეყნისთვის საჭირო და სასიკეთო საქმიანობაში.

 

აფხაზეთში, ჩვენს მშობლიურ მხარეში შეხვედრის ურყევი რწმენით:

 

 

ოთარ ფაცაცია, ბონდო ჯიქია, თამაზ ცანავა.

 

28-05-2018, 15:31
უკან დაბრუნება