მთავარი გვერდი > კალაძე ან უნდა წავიდეს გაფიცულებთან დიალოგზე, ან დაუყონებლივ უნდა გადადგეს თანამდებობიდან!

კალაძე ან უნდა წავიდეს გაფიცულებთან დიალოგზე, ან დაუყონებლივ უნდა გადადგეს თანამდებობიდან!


5-06-2018 / 11:48

კალაძე ან უნდა წავიდეს გაფიცულებთან დიალოგზე, ან დაუყონებლივ უნდა გადადგეს თანამდებობიდან!

 

ახლა ხშირად გვესმის სიტყვები: „ეს უნდა გადადგეს, ის უნდა გადადგეს“. სხვა საკითხია, რამდენად სწორია მათი მოთხოვნა რეალური ვითარებიდან გამომდინარე და რა ხეირს მოუტანს იგი ქვეყანას.

 

შთაბეჭდილება მრჩება, რომ ციხე ამჯერადაც შიგნიდან ტყდება და თავად ხელისუფლების წარმომადგენლები ახდენენ საპროტესტო მუხტის პროვოცირებას, რასაც ეწირება სახელმწიფოს ინტერესები და დისკომფორტს უქმნის საზოგადოებას.

 

ამის თვალსაჩინო ნიმუშია თბილისის მერის, კახი კალაძის უტიფარი პოზიცია მეტროს გაფიცული თანამშრომლების მიმართ - მისი კატეგორიული ტონი და რაც მთავარია, გაფიცულებთან დიალოგზე უარის თქმა!

 

მე არ ვიცი, რამდენად კავშირშია მეტროპოლიტენის მუშების მოთხოვნა - პროტესტი რუსთაველზე აგორებულ საპროტესტო აქციებთან, მაგრამ, ერთი რამ დანამდვილებით ვიცი - კალაძის არასახელმწიფოებრივი პოზიცია პირდაპირ ასხამს ნავთს რუსთაველის გამზირზე აგიზგიზებულ „ცეცხლზე“, რომელსაც თავის მხრივ რევოლუციური აღტკინების სუნი ასდის - ჩვენზეა დამოკიდებული, გადაიზრდება თუ არა ეს პროცესები მასობრივ არეულობაში და დადგება თუ არა სერიოზული დილემის წინაშე კიდევ ერთხელ საქართველო!

 

იმის გათვალისწინებით, რომ მეტროლიტენის მოსამსახურეთა სამუშაო პირობები საკმაოდ მძიმეა, საჯარო სტრუქტურებში არსებული ანაზღაურების მახინჯი, დღევანდელი სოციალური ფონისთვის არაადექვატური სისტემა, აძლევს უფლებას მეტროპოლიტენის თანამშრომლებს მოითხოვონ სამუშაო პირობების გაუმჯობესება, რაც უპირველესად სახელფასო განაკვეთების მოწესრიგებას ითვალისწინებს. - არ შეიძლება საჯარო მოხელეს მეშახტეებზე და მეტროპოლიტენის მომსახურე პერსონალზე 5-ჯერ და 10-ჯერ მეტი შემოსავალი ჰქონდეთ!

 

მათი ხელფასების მოწესრიგება კი არა მგზავრობის ღირებულების გაზრდის, არამედ, სწორედ საჯარო მოხელეთა გაზრდილი მადის დათრგუნვის და მათი მხრიდან ქამრის მოჭერის ხარჯზე უნდა მოხდეს! - შეელიონ უსაფუძვლო პრემია-დანამატებს, ძვირადღირებულ მივლინებებსა და სხვა საეჭვო გასართობი ღონისძიებების დაფინანსებაში დახარჯულ მილიონებს და მეტროპოლიტენის გაფიცული მუშების ხელფასების მოწესრიგებისთვის საჭირო თანხებიც ადვილად გამოინახება!

 

„კუმ ფეხი გამოყო, მეც ნახირ-ნახირო“ მოვლენასთან რომ გვქონდეს საქმე, მაშინ, კრიტიკის მახვილს გაფიცულებისკენ მივმართავდი, მაგრამ, რას ითხოვენ არაკანონიერს უმძიმეს პირობებში მომუშავე ადამიანები? არც არაფერს!!!

 

შთაბეჭდილება მრჩება, რომ კახი კალაძე თავისი ულტიმატუმით ხელოვნურად ძაბავს სიტუაციას დედაქალაქში და მასობრივი ფსიქოზის აგორებას უწყობს ხელს - ხალხის იმ ნაწილსაც კი, ვისაც „ქართულ ოცნებაზე“ ჭკუა არ ეკეტებოდა, მაგრამ, „ნაციონალების“ „ხათრით“ მაინც ხელისუფლებას უჭერდა მხარს, უკვე საპროტესტო განცდა ეუფლება და არ არის გამორიცხული გაუცნობიერებლად რევანშისტთა არმიას შეუერთდეს!

 

ეს რომ არ მოხდეს, აუცილებელია დედაქალაქის მოსახლეობამ უპირობო ულტიმატუმი წაუყენოს თავის მიერ არჩეულ მერს: ან წავიდეს გაფიცულებთან დიალოგზე და დაარეგულიროს სიტუაცია, ან გადადგეს თანამდებობიდან!

 

P.S. გუშინ გამოცდილი ტრანსპორტელი, „თბილტრანსის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, ბატონი ნუგზარ ნავაძე სოციალურ ქსელში გასაგებად წერდა, რომ თბილისის მეტროპოლიტენი მარტო სატრანსპორტო სისტემა არ არის, იგი სტრატეგიული ობიექტია და მასთან თამაში არ შეიძლება.

 

გაიგეთ ხალხო, თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლებთან თამაში არ შეიძლება, მითუმეტეს, არ შეიძლება, თუ მათი მოთხოვნა კანონიერია...

 

და კიდევ: დავანებოთ თავი მათ შეურაცხყოფას და ანათემაზე გადაცემას - პრობლემას სხვა რაკურსით შევხედოთ და არ გადავაყოლოთ ქვეყანა ხელისუფლებაში მოკალათებულ ავანტიურისტთა ამბიციებს, რომელსაც ღალატის სუნიც ასდის!!!

 

ზაურ ნაჭყებია


უკან დაბრუნება