ივერიონი / ია საკანდელიძე: ჩვენს თავს ასე უნდა ვუშველოთ!

ია საკანდელიძე: ჩვენს თავს ასე უნდა ვუშველოთ!

 სანამ ძალიან დაგვიანებული არ არის, სანამ ჯერ კიდევ ვარსებობთ და ჯერ კიდევ მსმენელიც შეიძლება მოვიძიოთ, ჩვენი რეალობა სწორად უნდა გავაანალიზოთ და კითხვაზე - გვეშველება რამე? - პასუხის გაცემა დავიწყოთ! 

 

მაგალითად: პასუხი 1. „როცა ჩვენი ხალხი გამოსწორდება, მაშინ გვეშველება;“ ეს პასუხი სწორი არ არის, რადგან არსებულმა ცხოვრების წესმა შექმნა თანამედროვე ადამიანი და ჩვენი „დროის გმირები“. დიახ, ცხოვრების წესის შესაბამისად გამოიმუშავებს ადამიანი, თავისი ინდივიდიალური შესაძლებლობიდან გამომდინარე, საჭირო უნარებსა თუ თვისებებს, რომლებიც მას, ძირითადად, საკუთარი თავის დასაცავად სჭირდება! მით უფრო, როცა ქვეყნად არსებული კანონები ხშირად ადამიანის ინტერესების მიღმაა და ხშირად ეწინააღმდეგება მას. 

 

ტოლსტოისაც მოვიშველიებ: „ადამიანი თავის არსებაში ადამიანურ თვისებათა ყველა ჩანასახს ატარებს და გარემოების შესაბამისად ავლენს თითოეულ მათგანს, ზოგჯერ სრულიად არა ჰგავს საკუთარ თავს“. სპენსერი კი პირდაპირ მიუთითებს, რომ „სწორედ ხელისუფლების ვალია, კარგი. მაღალზნეობრივი თვისებები განუვითაროს ერის ხასიათს“. დიახ, თუ გარემოებები, ცხოვრების წესი არ შეიცვალება, რომლებიც შექმნის განსხვავებულ განწყობას ადამიანში, ისე ახალ პიროვნებად იგი ვერ ჩამოყალიბდება (დიმიტრი უზნაძეც გავიხსენოთ).

 

2. „აღარაფერი გვეშველება“; - ეს პასუხი არც სწორია და არც მისაღები, შეიძლება მავანსა და მავანს კი სურდეს ასე, მაგრამ ასეთი პასუხი უიმედობაა, მკრეხელობაა, ღმერთის უარყოფაა და უმოქმედობის გამართლებაა! 

 

3. „ჩვენს მერე ახალგაზრდობა გამოასწორებს ყველაფერს და დასავლეთის, ევროპის მსგავსად ჩვენც განვვითარდებით”;

 

არც ეს პასუხია სწორი. ახალგაზრდების რომელი სეგმენტი გვიშველის? ნარკოტიკებით გაბრუებულნი? ერთმანეთის ხოცვასა და ჩაგვრაში გაწაფულები? მხოლოდ საკუთარი წარმატების ტყვეობაში მოქცეულნი (ჩვენი არაფერი რომ არ მოსწონთ)? დასავლეთში ჩარჩენილები? დასავლეთიდან ქურდობის, ყაჩაღობისა და არასაკმარისი განათლების გამო უკან დაბრულებულები? თუ კარვებსა და მიტინგებში ანგაჟირებულები?

 

გარდა ამისა, თაობათა შორის წყვეტა თუ მოხდა (რისთვისაც თავგამოდებით იღწვიან მოსყიდული ადამიანები), კარგ შედეგს მაინც ვერ მივიღებთ, ამიტომ აუცილებელია, გვერდით დავუდგეთ საღად მოაზროვნე ჩვენი ახალგაზრდობის იმ მცირე ნაწილს (სანამ ჩვენც ვარსებობთ და ისინიც) და ჩვენი წარსულიც გავიხსენოთ, აწმყოც და მომავალიც გავაანალიზოთ! 

 

რადგან როგორც დიდი ილია ამბობდა: „შვილმა უნდა იცოდეს სად და რაზედ გაჩერდა მისი მამა, რაში იყო მართალი და რაში შემცდარი, რომ იქიდან დაიწყოს ცხოვრების უღლის წევა, უიმისოდ რაც გინდა მხნე და გამრჯელი იყოს, უხორთუმო სპილოს ემსგავსება და ამ წუთისოფელში ვერას გახდება.“ თუ გავითვალისწინებთ, რომ 

 

1. ახალ დამოუკიდებელ საქართველოში 5 მილიონიანი ჩვენი მოსახლეობა თითქმის 3 მილიონამდე შემცირდა;

 

2. ტერიტორიებიც დავკარგეთ;

 

3. მოსახლეობის საგულისხმო ნაწილის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა, 4. განათლების სისტემაშიც მნიშვნელოვანი ჩავარდნები გვაქვს;

 

5. ლიბერალური პოლიტიკის მხარდაჭერით კაზინოების, ბორდელების შეუზღუდავმა რაოდენობამ მნიშვნელოვნად გააუარესა მოსახლეობის როგორც მორალური მხარე, ისე ეკონომიკური და 

 

6. გაეროს მონაცემებით (თუ ასე გაგრძელდა ჩვენი ცხოვრება) 2050 წელს ნახევარი მილიონიც აღარ დავრჩებით, გამოდის, რომ დიდად ვერაფერისთვის მიგვიღწევია! 

 

ხოლო ევროკავშირში ვიზალიბერალიზაცია, რომელიც თანდათან ჩვენთვის ლიბერალობას კარგავს (თან, ძირითადად, ეს სიკეთე ჩვენი გენოფონდის ქვეყნიდან გადინებას უწყობს ხელს) ასევე ზესახელმწიფოს სამხედრო პლაცდარმის არსებობა საკუთარ ქვეყანაში, საშიშროებას უფრო წარმოადგენს და ვერანაირად გადასწონის ზემოთ ნათქვამს თუ მრავალ უთქმელ საგულიხმო მოვლენას ჩვენს ქვეყანაში. 

 

იბადება მეორე ლოგიკური კითხვა: ცხოვრების რა წესმა განაპირობა ჩვენი ასეთი მდგომარეობა? მოგახსენებთ, ქვეყნად ახლა კაპიტალიზმის თანამედროვე სახეობა - ლიბერალურ-დემოკრატიული მმართველობა სუფევს. 

 

მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ჩვენთან არჩევნების ლეგიტიმურობის მოსაპოვებლად მოსახლეობის მხოლოდ 30%-ის მონაწილეობაა საკმარისი, ჩემთვის ქვეყნის დემოკრატიული მმართველობის ფაქტი ეჭვის ქვეშ დგება! მით უფრო, რომ ქვეყნის სწორედ მოსახლეობის 30%-ს აქვს ცხოვრების ნორმალური პირობები და მაღალი სტანდარტებიც. ხოლო ქვეყნის ყველა სიკეთე და წარმატება, რომლითაც თავს იწონებენ ჩვენი ხელისუფალნი, მხოლოდ მოსახლეობის ამ სეგმენტისთვის არის ხელმისაწვდომი. ამიტომ დანარჩენი სოციალური ფენები მათთან შედარებით ქვეყნის კანონმდებლობასა და გადასახადებთან მიმართებაში ძალიან არათანაბარ პირობებში ვიმყოფებით.

 

მართალია, სხვა კაპიტალისტურ ქვეყნებშიც არჩევნების ჩასატარებლად 30%-იანი ზღვარი არსებობს (როგორც ბევრი სხვა ფორმატი, ესეც იქიდან გვაქვს გადმოტანილი), მაგრამ ეს ფაქტი დემოკრატიის არსებობას, რბილად რომ თქვათ, ვერ ასაბუთებს. ხოლო პოზიტიურ წეს-კანონებს, რითაც ფეხზე დგას დასავლეთის ქვეყნები, ჩვენთან ჯერ არ შემოუღწევია.

 

მაგალითი I: სამუშაოს ძიების მიზნით, ჩვენი მოსახლეობის გადინება დასავლეთში იმას მიუთითებს, რომ იქ ასეთი სამუშაო არსებობს, თან (ჩვენთან შედარებით) მაღალი ანაზღაურებით. უფრო მეტიც, საზღვარგარეთიდან შემოსული ფულადი გზავნილებით არა მხოლოდ მოსახლეობა სარგებლობს, ამ გზავნილებზე განხორციელებული საბანკო ოპერაციებით მნიშვნელოვნად იზრდება ქვეყნის ბიუჯეტიც.

 

მაგალითი II: სოციალური დახმარებითაც იმიტომ უზრუნველყოფენ მოსახლეობას, რომ ამ დახმარების დიდი ნაწილი გადასახადებისა და საარსებოდ აუცილებელი ხარჯების სახით უკან უბრუნდება ქვეყნის ხაზინას. თან ამით სოციალურად უსაფრთხო გარემოს შექმნას უწყობენ ხელს.

 

ხოლო ჩვენთან სამუშაოდ ჩამოსული სხვა ქვეყნის მოქალაქეები, საინტერესოა, რა ბიზნეს-გეგმით იღებენ საგულისხმო მოგებას, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში აგზავნიან? იქნებ ეს ბიზნეს-გეგმა ჩვენც გამოგვეყენებინა საკუთარი ქვეყნის სასარგებლოდ?.. თუ რამე კანონის დარღვევასთან არ გვაქვს საქმე! 

 

თუმცა, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ თანამდროვე კაპიტალიზმმა ამოწურა თავისი შესაძლებლობები. „იგი იმდენად არის გაცვეთილი და ბოროტად წარმოჩენილი, რომ ნაციონალური განვითარების გზაზე მისი გამოყენების გონივრული არჩევნის საშუალება არ არსებობს. კაპიტალიზმის მოდელი ამოიწურა, ხოლო მისი გამეორება ცივილიზაციას სრულ კრახამდე მიიყვანს", - წერდა ჯერ კიდევ წინა საუკუნეში ა.შ.შ.-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ალბ. გორი („სასწორის თეფშზე“). სწორედ ამ მოსაზრების იგნორირების ფონზე განვითარდა, გაძლიერდა და ჩიხში შევიდა დღეს არსებული მსოფლიო ეკონონომიკური კრიზისი. ხოლო, „ევროპის დაისის“ შესახებ ჯერ კიდევ წინა საუკუნეში იწინასწარმეტყველა ო.შპენგლერმა.

 

მხოლოდ მსუბუქად გატარებული მემარცხენე რეფორმების საშუალებით ინარჩუნებენ დღემდე თავს ეს ქვეყნები. ისიც ცნობილია, რომ ჩინეთის ეკონომიკური განვითარების ინდექსი კარგა ხანია უსწრებს ევროპის წამყვანი სახელმწიფოებისა და ა.შ.შ.-ის ეკონომიკური განვითარების ინდექსს.

 

ხოლო ჩვენი სისტემის მთავარი მონაპოვრის - ხმაურიანად მიმდინარე მიტინგების ფონზე მახსენდება ხოსე ორტეგა ი გასეტი (ევროპული ინტელექტუალიზმის ერთ-ერთი ბურჯი): „საშუალო ადამიანს სავსებით გარკვეული აზრი გაუჩნდა იმის თაობაზე, რაც ხდება და ან არ უნდა მოხდეს მსოფლიოში. მისმა სმენის ორგანომ ატროფირება განიცადა, რატომ უნდა უსმინოს სხვებს, თუკი თავად ყველაფერი იცის?! არამც და არამც, აბსურდულია იდეებსა და აზრებზე ილაპარკო იქ, სადაც არ ცნობენ არც ერთ მარეგულირებელ ავტორიტეტს, შეუძლებელია კულტურის არსებობა და გამოსავლის პოვნა იქ, სადაც პატივს არ სცემენ ინტელექტუალური ავტორიტეტის მქონე პოზიციას, რომლისთვისაც შეიძლებოდა მიგვემართა დავისას, როგორც არგუმენტისათვის“ („მასათა ამბოხი“). სამწუხაროდ, დღეს ძალიან ძნელია, ვიპოვოთ ასეთი ავტორიტეტი, ყველას ტალახი ესროლეს, სამართლიანად თუ უსამართლოდ! 

 

ამ მიტინგით დაკავებულ ადამიანებს კი მინდა შევახსენო: არ შეიძლება ერთმანეთს შევადაროთ დათოსა და ლევანის მკვლელობა გირგვლიანის, რობაქიძისა და სხვათა მკვლელობას. დათო და ლევანი პირადი კონფლიქტის გამო თანატოლებმა მოკლეს. გირგვლიანის, რობაქიძის და მრავალ სხვათა მკვლელობაში მაშინდელი ხელისუფლება მონაწილეობდა უშუალოდ! და რაოდენ აბსურდულია ის ფაქტი, რომ მომიტინგეები, სწორედ იმ ხელისფლების მომხრეები, ითხოვენ ამ მთავრობის გადაყენებას, რათა ისევ ნაციონალები მოვიდნენ ხელისუფლებაში! 

 

არადა, უმჯობესი იქნებოდა, ეს ახალგაზრდები თავიანთ თანატოლებს, მოწმეებს დალაპარაკებოდნენ და მკვლელის გამოაშკარავებაში მიეღოთ მონაწილეობა. პოლიტიკოსები კი ხელისუფლებას მოწმეთა დაცვაში დახმარებოდნენ. ამ გზით, არეულობის მაგივრად საქმე რეალურად გაკეთდებოდა. მაგრამ არავის სურს ან არ შეუძლია ამის გაკეთება. დღესაც დამოუკიდებლად ვერ ვიმართებით. მით უფრო, მსოფლიო კორუფციული სისტემა ნოყიერ ნიადაგს უქმნის დანოსურ მხილებებს. ნაციონალური პარტია არენაზეა, მათ კი გარკვეული მხარდაჭერა აქვთ დასავლეთიდან. მთავარი მოწმე, ერთ-ერთი მთავარი დაზარალებული და მოსამართლეც ყოფილი ნაციონალები არიან. მხოლოდ ბრალდების მხარე იყო ოცნების წევრი, ისიც სასამართლომ დაამარცხა და გადადგა. ძალიან საგულისხმო გარემოებაა! გარდა ამისა, ჩვენი ცხოვრების წესით, მტრული, ნდობას მოკლებული დამოკიდებულებაა გამეფებული თითქმის ყველა სოციალურ ფენასა და ხელისუფალთა შორის. თითქოს ხელისუფლება მძევლად არის აყვანილი არასამთავროების, გარე თუ შინაური მტრების მიერ, რაც სიკეთეს ვერ მოგვიტანს!

 

ხელისუფლება გადადგა. დღის წესრიგში ისევ დადგა ახალი საგამოძიებო ჯგუფის შექმნა და უცხოელ სპეციალისტთა დახმარების მოლოდინი. ამ ყველაფერმა ზურაბ ჟვანიას ტრაგიკული გარდაცვალება გამახსენა და არა მხოლოდ ის... ასეთია ჩვენი აწმყოს მოკლე ანალიზი. ხოლო კითხვაზე - გვეშველება რამე? - საჭიროა, განვიხილოთ, რა წარსულიდან მოვდივართ, რა გზა გამოვიარეთ და რატომ გავემიჯნეთ ჩვენს არც თუ შორეულ ფესვებს: 

 

ამიტომ პასუხი შორიდან უნდა დავიწყოთ! 

 

თუნდაც იქიდან, რომ 26 მაისს 100 წლის იუბილე ვიზეიმეთ ჩვენი პირველი დამოუკიდებელი სახელმწიფოს დაარსებიდან, რომელმაც რუსეთის გამოისობით, სულ რაღაც 3 წელი გასტანა. თუმცა ვერც იმას ვიტყვით, რომ ახლა ვართ ფაქტობრივად დამოუკიდებლები, რადგან დამნაშავე დამოუკიდებლად ვერ დაგვისჯია, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებიც დამოუკიდებლად ვერ მიგვიღია და ა. შ. 

 

დიახ, 100 წლის წინ კი არა, დღესაც კი სახელმწიფოთა შორის ურთიერთობას ის ქვეყანა წარმართავს, ვისაც მეტი ძალა და ძალაუფლება აქვს („ძალაუფლების მფლობელს ძალა არ შესწევს, ხელი აიღოს ძალმომრეობაზე“ - გოეთე). 

 

საუბედუროდ, კაცობრიობამ ეს აქსიომა, ჯერჯერობით, ვერ გადალახა. ეგრეთ წოდებული დონორი ქვეყნების მოთხოვნილებებით (იქნება ეს რუსეთი, ამერიკის შეერთებული შტატები თუ რომელიმე სხვა ქვეყანა) ძალიან ხშირად ილახება მათზე დაქვემდებარებული ქვეყნების ინტერესები. უპირატესობა და წარმატებაც ყოველთვის ძლიერის მხარესაა. და საერთოდ, მართლაც,Aძნელი გასარკვევია, არის კი ვინმე ჩვენი მოყვარე?! 

 

თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ სიყვარულითა და ვითომ მეგობრობის ხათრით სახელმწიფოთა შორის ურთიერთობა არ ხასიათდება. ასეთი ურთიერთობები მხოლოდ ინტერესთა თანხვედრით და ინტერესთა შორის არსებული კონფლიქტის გათვალისწინებით ყალიბდება. ეს არის დღევანდლამდე არსებული საყოველთაო რეალობა და ამიტომ ჩვენი გეგმებიც ამის შესაბამისად უნდა დავსახოთ! 

 

მტრობასა და მეგობრობაზე სტრანსბურგი მომაგონდა (ანდა რა მოგონება უნდოდა). სასამართლოში რამდენჯერმე გაიჟღერა, რომ საქართველოს მხარემ პირველმა დაიწყო აგვისტოს ომი. დავიჯეროთ, ჩვენმა ყოფილმა პრეზიდენტმა, მეგობარ დასავლეთთან შეთანხმების გარეშე დაიწყო იერიში? და თუ შეთანხმება შედგა, სად იყო მათი მეგობრული ხელი, სანამ ნახევარი ქართლი არ დავკარგეთ და ლამის თბილისამდე მავთულხლართებში გავიხლართეთ პირდაპირი თუ არაპირდაპირი თვალსაზრისით?!

 

ამიტომ არც ამ სასამართლოს იმედი მაქვს, რადგან, კიდეც რომ ჩვენს სასარგებლოდ გადაწყდეს რამე, აღსრულებისას თუ ისევ მარტონი ვიქნებით, შესაძლებელია ისევ საომარ სიტუაციაში აღმოჩნდეს ქვეყანა! მით უფრო, თუ ნატოში გავწევრიანდებით და დასავლეთის სამხედრო პლაცდარმი ჩვენს ტერიტორიაზე განთავსდება... ფრთხილად, ქართველებო, ფრთხილად!

 

 

ამდენ დაბრალება-გადაბრალებას უმჯობესია, ჩვენი წარსული გავიხსენოთ და გავაანალიზოთ, თუ ვინმეს სხვა სათქმელი ექნება, დიდი სიამოვნებით მოვუსმენ, მხოლოდ ჩვენი მდგომარეობის სწორი ანალიზი დაიწყოს! 

 

წესით, არ უნდა გაგიკვირდეთ, რუსეთის მდგომარეობის აღწერით რომ დავიწყებ ანალიზს, რადგან ჩვენი ქვეყნის მაშინდელი (და არა მხოლოდ მაშინდელი) ბედ-იღბალი პირდაპირ პროპორციულ დამოკიდებულებაში იმყოფებოდა რუსეთის სახელმწიფოს განვითარებასთან, უფრო ზუსტად, „რუსეთის სუნთქვასთან“, როგორც ამას ილია ჭავჭავაძე უწოდებდა. 

 

ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ 100 წლის წინ, რომ არა რუსეთი, არც სხვა მეზობლები დაგვაკლებდნენ ხელს. არ დაგვავიწყდეს მაშინდელი ირანი, თურქეთი და სხვა მრავალი ფაქტორი!

 

(სამწუხაროდ, მუსლიმანური სამყარო დღესაც სტარტზეა! თურქეთი რამდენი ხანია ცდილობს ჩვენს გადაყლაპვას, მართალია, ტაო-კლარჯეთი დიდი ხანია წაგვართვა, მაგრამ აჭარაზეც და მესხეთზეც თვალი უჭირავს. მაშინ რუსეთს რომ არ შევერთებოდით, თუ დავეპყარით (რაც გინდათ, ის დაარქვით), საკითხავია, ახლა სად ვიქნებოდით, რამდენი და რანაირი?! (გაიხსენეთ, როგორ გამოიყურებიან მუსლიმანური სამყაროს მიერ დაპყრობილ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველები!).

 

ისე კი, რუსეთში კაპიტალისტური წყობის დამყარება მხოლოდ 1861 წლიდან გახდა შესაძლებელი. ის მსოფლიოს წამყვან კაპიტალისტურ ქვეყნებს შორის ყველაზე ახალგაზრდა კაპიტალისტურ სახელმწიფოს წარმოადგენდა. მისი შესაძლებლობები ვერ სწვდებოდა მსოფლიოს კაპიტალისტური სამყაროს მოთხოვნილებებს და მის მთავარ მახასიათებელს - კონკურენციას!

 

სწორედ ამიტომ წერდა ხოსე ორტეგა ი გასეტი („მასათა ამბოხში“): „კაპიტალიზმმა გაიმარჯვა იქ, სადაც ამის საფუძველი არსებობდა, ხოლო დამარცხდა ყველაზე სუსტ რგოლში - რუსეთში, სადაც ბოლშევიზმმა გაიმარჯვა“. ამავე დროს, მაშინდელი რუსეთის წიაღში დაგროვილი უდიდესი ენერგია ვერ ეტეოდა იმ საზღვრებში, რომლებშიც მსოფლიო კაპიტალისტური სამყარო მას ათავსებდა. მაშინდელი რუსეთის პოტენციური ენერგიის საგულისხმო ნაწილს მსოფლიოში ყველაზე უფრო ძლიერი და მართვადი ძალა - პროლეტარიატი წარმოადგენდა.

 

მისი სიძლიერე იმ ბრძოლებში გამოიხატებოდა, რომელსაც იგი ელემენტარულ, სასიცოცხლოდ აუცილებელ მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად აწარმოებდა, თან ამ ბრძოლების საპირწონედ დასაკარგი არაფერი გააჩნდა. 

 

 აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ კაპიტალისტური სამყარო, ეგრეთ წოდებული, „წითელი ჭირისაგან“ დასაცავად უამრავ მექანიზმს მიმართავდა: გააუმჯობესა მშრომელთა სოციალური მდგომარეობა, შეიქმნა ადამიანთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები, რომელთა მოქმედება მანამდე არარსებული სამართლიანობის პრინციპის დაცვით ხასიათდებოდა. იმპერიული სახელმწიფოები, ერთი მეორის მიყოლებით, ათავისუფლებდნენ თავიანთ კოლონიებს.

 

ხოლო, წინა საუკუნის 60-70-იან წლებში, კომუნისტების აქტიური ძალისხმევით, მსოფლიოში აიკრძალა მმართველი სოციალური ფენის დიქტატურა სხვა სოციალური ფენის მიმართ (საბჭოთა კავშირში - პროლეტარიატის, კაპიტალისტურ სამყაროში - კაპიტალისტების). ასევე აღსანიშნავია, გერმანიის გაერთიანება, ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანა და ა. შ. თუმცა ახლა იქ ისევ ქართული შენაერთები დგანან (ა.შ.შ.-ის სამხედრო მისიით).

 

დიახ, საბჭოთა კავშირმა თავისი არსებობით პროგრესული აზრის მასშტაბურობას შეუწყო ხელი, რადგან ამ ურთიერთობაში მთელი მსოფლიო მონაწილეობდა, რომელმაც კაცობრიობა პროგრესული, სამართლებლივი განვითარების გზაზე დააყენა. აქვე მახსენდება ისევ ორტეკა ი გასეტი: „ჩემი აზრით, მომავალში ევროპამ, დიახაც, შეიძლება ენთუზიაზმით მიიღოს კომუნისტური დოქტრინა, მაგრამ ეს კომუნისტური პროპაგანდის წყალობით კი არ მოხდება, არამედ მის საპირისპიროდ“ („მასათა ამბოხი“). 

 

ჩემი აზრით, ამ მოსაზრებას ეხმიანება ის ფაქტი, რომ დღეს საფრანგეთში, ინგლისში, საბერძნეთსა და სხვა ევროპულ სახელმწიფოებში (ჩვენგან განსხვავებით) ძალიან აქტუალურად განიხილება მემარცხენე იდეები. სოციალისტები და ლეიბორისტები ხელისუფლებაშიც კი ახერხებენ მოსვლას!

 

შეიძლება ითქვას, საბჭოთა ხელისუფლება მსოფლიოში არსებული გაუწონასწორებელი ენერგიის განმუხტვის ერთადერთი საშუალება იყო, რომელიც შეიძლება ჭექა-ქუხილსა და მეხის გავარდნას შევადაროთ! 

 

ამავე დროს, კომუნისტური წყობილების დამარცხების გამო, სოციალიზმის უარყოფა დიდი შეცდომაა! მას გაცილებით ღრმა ფესვები აქვს. იგი ყველა პოლიტიკური ფორმაციის განვითარების მამოძრავებელი ძალაა, რაც ისტორიულად, ეტაპობრივად ხორციელდებოდა კიდეც ევოლუციის გზით, დაწყებული პირველყოფილი წყობილებიდან დღემდე! საბოლოოდ, ჭეშმარიტი სოციალიზმი ყველა სოციალური ფენის თანაარსებობას ნიშნავს, რომელსაც ძლიერი სახელმწიფო და მძლავრი ეკონომიკური წიაღი სჭირდება.

 

კომუნისტებმა, გამომდინარე იქიდან, რომ დასაწყისში მათ არც ძლიერი სახელმწიფო და არც ყველა სოციალური ფენის საამისო ნება არ გააჩნდათ, ქვეყანა პროკრუსტეს სარეცელად გადააქციეს. ხოლო, ხელისუფლებაში დღემდე არსებული შესაძლებლობით, რევოლუციური გზით მოვიდნენ -კაპიტალისტური დიქტატურა პროლეტარიატის დიქტატურით შეცვალეს!

 

დიახ, დიქტატურის გარეშე იმ პერიოდში არც ერთი ქვეყანა არ იმართებოდა. პროლეტარიატს, მუშებსა და გლეხებს ვინ მიუშვებდა ქვეყნის სათავეში, თუ თავადაც ძალას არ გამოიყენებდნენ?! 

 

ან მუშებისა და გლეხებისგან, ამ გაუბედურებული ხალხისგან, არ შეიძლება ისეთი ჰუმანიზმი და ლმობიერება მოვითხოვოთ, როგორიც არასდროს გამოუვლენია კეთილშობილებაზე პრეტენზიის მქონე თავად არიტოკრატიასაც კი. 

 

კომუნისტებმა სოციალიზმის ის ფორმა შექმნეს, როგორიც მაშინ იყო შესაძლებელი.

 

მართალია, საშინელება ჩაიდინეს და ნიკოლოზის ოჯახი ბავშვებიანად ამოხოცეს, მაგრამ მსგავსი რამ ნიკოლოზსაც ჰქონდა ჩადენილი! 

 

სამწუხაროდ, ჯერჯერობით, დღემდე არსებულ ყველა რეჟიმს თუ სისტემას საკუთარი მსხვერპლი ჰყავს. 90-იანი წლებიდან დღემდე 50 ათასამდე ადამიანი მოხვდა ციხეში და რაც ხდებოდა იმ ციხეებში, არც ის დაგვავიწყდეს, რამდენი საზღვარგარეთ წავიდა და იქაურ ციხეებში არის გამოკეტილი, ზოგი მშვიდობიანობის დროს დაიხოცა, ზოგიც - ომში. ის სამი ომიც ხომ იმ პოლიტიკური ხედვისა და სისტემის შედეგია, რომელიც თავად ავირჩიეთ, ეკონომიკურ კრიზისზე რომ აღარაფერი ვთქვათ!

 

ახლა, იმის თაობაზეც უნდა ითქვას, თუ რა განსხვავებაა საბჭოთადროინდელ რეალობასა და დღევანდელობას შორის: 

 

1. საბჭოთა კავშირი უზრუნველყოფდა უზენაეს სიკეთეს - მშვიდობას. დაცული იყო ჩვენი საზღვრები, რადგან ვითვალისწინებდით კაცობრიობის დიდ გამოცდილებას: „მართებულია დაემორჩილო სამართლიანობას, მაგრამ შეუძლებელია, არ დაემორჩილო ძალას“ (პასკალი). დიახ, საბჭოთა დროს მოხდა ძალისა და სამართლიანობის ეტაპობრივი შერწყმა და მისადმი მორჩილებით მშვიდობა დამკვიდრდა ქვეყნად! 

 

2. რეგულირებული ბიზნესის საშუალებით, ქვეყანა ეკონომიკური თვალსაზრისით, საგულისხმოდ განვითარდა, რადგან გვქონდა რეგულირებული და გარანტირებული ბაზარი. მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწიეთ კულტურული თუ მეცნიერების მიმართულებით: გავიხსენოთ ჩვენი მსოფლიო დონის მეცნიერები, კინოს, თეატრის, ნაციონალური ანსამბლების, ბალეტის, ოპერის წარმატებები, რომლებიც აღიარა მთელმა მსოფლიომ. არც ჩვენი კლასიკოსი პროზაიკოსები, პოეტები დაგვავიწყდეს (და შევადაროთ იგი დღეს წარმოჩინებულ და თან პრემირებულ (დეისაძის, შამუგიას) მკრეხელურ, ამორალურ, გაუგებარ, ბუნდოვან, ისედაც აბსურდად წოდებულ ხელოვნებას, ლიტერატურასა თუ პოეზიას! 

 

3. მოსახლეობის რაოდენობამ კი, როგორც აღვნიშნეთ, ხუთ მილიონსაც გადააჭარბა. გავიხსენოთ, რომ როცა ერეკლე მეფემ რუსეთთან შეგვაერთა, ნახევარი მილიონიც არ ვიყავით და ტერიტორიულადაც დანაწევრებული გახლდით.

 

დიახ, საბჭოთა პერიოდში მშვიდობაც გვქონდა, ტერიტორიული მთლიანობაც, დამნაშავის გამოაშკარავება, დასჯაც შეგვეძლო და უდანაშაულოს გამართლებაც. თუ ქმედება სისტემის ნგრევის პოზიციით არ იყო განპირობებული, მსგავს ქმედებას არც სხვა სისტემა ინდობს ხოლმე. 

 

4. დღეს, რეალურად, ქართველი მოსახლეობა 2,5 მილიონამდე თუ დავრჩით, თანაც ტერიტორიები დავკარგეთ. 

 

5. ჩვენი ქალები რუსეთში ხელზე მოსამსახურედ არ მიდიოდნენ, პირიქით, რუსი ქალები მსახურობდნენ ჩვენთან. სხვათაშორის, ძირითადად, მაღალი ხარისხით. 

 

6. გვქონდა უფასო სამედიცინო მომსახურება და უფასო განათლების სისტემა! დღემდე ძირითადად, მაშინდელ უფასო საავადმყოფოებსა და სასწავლებლებში მკურნალობს და სწავლობს ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი, მხოლოდ ამისათვის საგულისხმო რაოდენობით საფასურს იხდის!

 

7. დღესაც ძირითადად, საბჭოთა დროს აშენებული კულტურული ცენტრებით (კინო-თეატრებით) და სატრანსპორტო საშუალებებით (მეტრო, აეროპორტები, რკინიგზის სადგურები) ვსარგებლობთ, სადაც მაშინდელ ფასებთან შედარებით 10-ჯერ და ზოგჯერ 100-ჯერ მეტს ვიხდით. თან ამ თანხის უდიდესი ნაწილი კერძო პირის ჯიბეში ჩადის და სახელმწიფოს აღარ ამდიდრებს.

 

8. ვცხოვრობდით სოციალურად დაცულ პირობებში. მოსახლეობის ძირითადი ნაწილი დასაქმებული გახლდათ.

 

9. მოსახლეობის სულ მცირე 80%-ს ბანკებში ანაბრები ჰქონდა გახსნილი. დღეს მოსახლეობის ასეთივე პროცენტს ბანკების ვალი აქვს!

 

10. მოსახლეობის თითქმის 100% საცხოვრებელი ბინებით იყო უზრუნველყოფილი. ახალგაზრდა ოჯახები უპირობოდ დგებოდნენ ბინების რიგში! დღეს კი ნათესაობისა თუ ოჯახის ინსტიტუტს ყოველი მხრიდან ებრძვიან. ბინების ჩუქებას ვინ მოითხოვს!

 

11. დღეს მოსახლეობის საგულისხმო ნაწილს ბანკებმა, არსებული ცხოვრების წესისა და ვანდალური საბანკო კანონების საშუალებით, ბინები წაართვა, მათ შორის, კომუნისტების ნაჩუქარი ბინები. 

 

12. ჩვენი დროის იმ სკანდალურ ციხეებში 2012 წლამდე (ჩემი აზრით, დღეს ეს მდგომარეობა გამოსწორდა) გაცილებით სასტიკად ექცეოდნენ პატიმრებს, ვიდრე ეს წინა საუკუნის ციხეებში ხდებოდა. 

 

13. მართალია, ოფიციალურად, დღეს ჩვენთან ლიბერალურ-დემოკრატიული მმართველობაა, მაგრამ რეალურად დიქტატურასთან გვაქვს საქმე. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ჯერ კიდევ წინა საუკუნის 60-70-იანი წლებიდან აიკრძალა მსოფლიოში მმართველი სოციალური ფენის დიქტატურა სხვა სოციალური ფენის მიმართ (საბჭოთა კავშირში პროლეტარიატის, კაპიტალისტურ სამყაროში - კაპიტალისტების), რაც იმას ნიშნავდა, რომ ჩვენს ქვეყანასა და მსოფლიოს მოწინავე პროგრესულ ქვეყნებში განსაზღვრული იყო ფარდობითი კოეფიციენტი - უდიდეს და უმცირეს ხელფასებს შორის, რომლის გამოანგარიშება რეალური საარსებო მინუმუმის შესაბამისად ხდებოდა. რიგ სახელმწიფოებში არსებობდა და არსებობს კოეფიცინტი სახელმწიფოს ეკონომიკურ საკუთრებასა და კერძო ინდივიდუალურ საკუთრებას შორის. რადგან სამართლებრივი სახელმწიფო ერთი ცოცხალი ორგანიზმია, რომელშიც სოციალური ფენების თანაარსებობა უნდა იქნას შესაძლებელი, ხოლო აღნიშნული კოეფიციენტები ამ თანაარსებობას და ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას უზრუნველყოფს! 

 

მიხვდით, ალბათ, არც ერთი დასახელებული კოეფიციენტი, განსაკუთრებით 2004 წლიდან, ქვეყანაში აღარ ფიქსირდება და არც არის გამოანგარიშებული. დიდი ხანია იყიდება და იყიდება ქვეყნის ქონება! 

 

14. აქედან გამომდინარე, მივიღეთ უკიდურესად განსხვავებული, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მქონე სოციალური ფენები. აღნიშნული კი საზოგადო კანონთა შეუსაბამობასა და არასამართლებრივ გარემოს განაპირობებს. სხვაგვარად ეს ისევ დიქტატურის არსებობაზე მიუთითებს. თან, დიქტატურა სწორედ მშრომელ, დაბალ სოციალური ფენებზე, იმ ხალხზე ხორციელდება, რომელებიც, როგორც დიდი ილია ამბობდა, მუდამ ძირითად საყრდენ ძალას წარმოადგენდნენ მეფისა და ქვეყნისთვის!

 

15. რასაც ვერ ვიტყვით როგორც მაშინდელ ფეოდალებზე, ისე დღევანდელი მაღალი რანგის პოლიტიკოსებსა თუ მსხვილ მეწარმეებზე. ეს ხალხი თავიანთი დიდი ეკონომიკური შესაძლებლობიდან გამომდინარე, საკუთარ ინტერესებს ქვეყნის ინტერესებზე წინ აყენებენ. თუმცა, აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ აღნიშნული პოზიცია თანხვედრილია ქვეყნის პოლიტიკურ იდეოლოგიასთან, რომელიც პირველ რიგში, სწორედ ინდივიდუალურ კერძო ეკონომიკურ ინტერესს განიხილავს და მხოლოდ შემდეგ ჯერზე - ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს (მემარცხენე იდეოლოგიისგან განსხვავებით, რომელიც პირველ რიგში, ქვეყნის ინტერესს აყენებს). ამ ყოველივეს, კარლ პოპერისა თუ ჯორჯ სოროსის მიერ მოწოდებული, მსოფლიოს ღია სისტემებით მართვა კიდევ უფრო აძლიერებს და ამყარებს, ქვეყნებს კი ასუსტებს. თან სახელმწიფოც იძულებულია ქვეყნის ეკონომიკური სისტემაც ხსენებული სტანდარტების შესაბამისად ააწყოს და არსებული მოთხოვნები გაითვალისწინოს. მართვის ამ პრინციპმა გამოიწვია ჩვენი ქვეყნის შიდა ეკონომიკური კრიზისი და შეიწირა კიდეც ჩვენი პრემიერის პოზიციაც. 

 

ხელისუფლებას მუდამ უნდა ახსოვდეს, რომ თავისი მთავარი დასაყრდენი ძალა საშუალო ფენაა, ხალხია - დიახ, რაც უფრო ძლიერი იქნება ხალხი, მით უფრო ძლიერი გასაღების ბაზარი ექნება ქვეყანას და ხელისუფლებაც გაძლიერდება. ხოლო ქვეყნის ორმაგი სტანდარტებით მართვა, შიდა და გარე ეკონომიკური მოცემულობით ძალიან რთულია და მავანთა მიერ არის „შემოგდებული“, რათა სახელმწიფოები დასუსტდეს და „მთელ სამყაროს თავად დაეუფლონ“ (ოსვალდ შპენგლერი). ყველა ქვეყანა საკუთარი ეკონომიკური განვითარების ინდექსის შესაბამისად უნდა აწარმოებდეს ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკას, ზემოთ აღნიშნული კოეფიციენტების შესაბამისად. მხოლოდ ეს არის ჩვენი გადარჩენის ერთადერთი გზა და საშუალება! აუცილებელია ითქვას, რომ ყველა იმ ზემოთ ჩამოთვლილი საბჭოთა სიკეთის საფუძველი სწორედ მემარცხენე იდეოლოგია და აღნიშნული კოეფიციენტები იყო. 

 

აქვე სამართლიანია, აღვნიშნოთ ახლა უკვე ყოფილი პრემიერის, ბატონ გიორგი კვირიკაშვილის ბრძანებით მცირე და საშუალო მეწარმეთა მიმართ ახლახან მიღებული ინიციატივები, საგადასახადო სარგოს შემცირებასთან დაკავშირებით. ასევე მინდა გავიხსენო, წინანდელი პრემიერის, ბატონი ღარიბაშვილის მიერ ოჯახის ინსტიტუტის დაცვის მიზნით გადადგმული ნაბიჯები. სამწუხაროდ, არასამთავრობო ორგანიზაციების და გარე ძალების ზეწოლას შეეწირა ორივე პრემიერის პოზიციები.

 

16. ადამიანებს გვქონდა ძალიან ჯანსაღი, მეგობრული ურთიერთობები ერთმანეთთან. არსებობდა ძლიერი ოჯახისა და ნათესაობის ინსტიტუტი. ნამდვილად არ ჰქონდა ადგილი ამდენ ჩაგვრას, ძალადობასა და ვანდალურ მკვლელობებს. 

 

17. ახლახან, 30-იანი წლების რეპრესიების მთავარი შემოქმედის ბერიას ქუჩა ეწოდა თბილისში გაგარინის ქუჩას. დიახ, იმ ბერიას სახელი, რომლის ინიციატივით, ხშირად სტალინისაგან მალულად, ათასობით უდანაშაულო ადამიანი იქნა დახვრეტილი (მათ შორის ბაბუაჩემიც). მაშინ, როცა კანონით ისჯება საბჭოთა სიმბოლოების ტარება, ხოლო სტალინის პიროვნება უგულებელყოფილია, თითქოს არაფერი გაუკეთებია ამქვეყნად!

 

18. ამიტომ საფუძვლიანი ეჭვი ჩნდება, რომ მსოფლიოს დღესაც ის ძალები მართავენ, რომლებსაც ბერია ეკუთვნოდა და საბჭოთა კავშირის განადგურება, მისი იმიჯის დამსხვრევა სურდათ. ამ ეჭვს ბრეივიკის ისტორიაც მიდასტურებს. დიახ, „ბატონი“ ბრეივიკი ათეულობით ახალგაზრდა სოციალისტის უმოწყალო განადგურების შემდეგ, საოცრად მსუბუქ სასჯელს იხდის საარაკოდ პრესტიჟულ სივრცეში და მაინც უსასრულოა მისი პრეტენზიები მავანის მიმართ იმ გარემოშიც! იქნებ დაინტერესდეთ მისი პრეტენზიების რეალურ საფუძვლებზე! ასეთია ჩვენი წარსული, საიდანაც მოვდივართ, როგორც მოვედით. 

 

მე მგონი, უპრიანია კითხვა - საბჭოთა კავშირი დაინგრა, ვინ იქნება შემდეგი?! 

 

და სად ვეძებოთ გამოსავალი? და როგორ შეიძლება გვეშველოს?! ამ შემთხვევაში ავტორიტეტად მოვიშველიებ ძველი ბერძნების სიბრძნეს, ჩვენი უწმინდესის ქადაგებიდან და აბსოლუტური გონის მიერ შთაგონებულ სიცოცხლის მთავარი მამოძრავებელი სისტემის უნიკალურ მაგალითს, რათა გამოვიყენოთ და გავითვალისწინოთ იგი ქვეყნის მართვის მექანიზმებში. 

 

„ჭეშმარიტება მუდმივმოქმედი პროცესია ძიებისა და წვდომისა, რომლის დროსაც სულიერი და ფიზიკური ბუნება კი არ ორდება, პირიქით, სრულად ავლენს თავის თავს და ავლენს ამ ორი არსის ერთიანობას“, - გვასწავლიდნენ ძველი ბერძნები (ამონარიდი უწმინდესის ქადაგებიდან).

 

დიახ, ადამიანის სხეული - ეს ბიოკომპიუტერი, სამყაროს გვირგვინი, კარგად ორგანიზებული პატარა სამყაროა. ადამიანი გარემოსთან ჰარმონიის შენარჩუნების მიზნით საკუთარ თავში მოიცავს აბსოლუტური გონით შთაგონებულ მრავალ ფიზიოლოგიურ, ენერგეტიკულ სისტემას. ამიტომ, მიზანშეწონილია და აუცილებელიც, ჩვენი ფიზიოლოგიური სისტემის კანონზომიერი მექანიზმები გათვალისწინებული იქნას ქვეყნის პოლიტიკური მართვის პროცესში. მხოლოდ ასეთ პირობებში შედგება ძლიერი სახელმწიფო, სადაც ადამიანი შეძლებს თავისი უნარების სრულ რეალიზებას, რომელიც აბსოლუტური გონის ჩანაფიქრს შეესაბამება. მით უფრო, ფიზიოლოგიური სისტემები ხშირად ბევრი საგულისხმო მინიშნების მატარებლები არიან.

 

- მაგალითად, სისხლის მიმოქცევის დიდი წრე, რომელიც იწყება გულის სწო-რედ მარცხენა პარკუჭიდან, თითქოს, მემარცხენე პლატფორმის შეხედულებებისა და მოთხოვნების მსგავსად, კვებავს მთელ ორგანიზმს, თან ორგანოების ფუნქციონირებისთვის საჭირო კოეფიციენტის შესაბამისად. მერე იქიდან წამოღებული ვენური სისხლით ჩადის მარჯვენა წინაგულში, იქიდან კი - მარჯვენა პარკუჭში.…თითქოს გასამრჯელოს უხდის მცირე წრეს და დასა-ბამს აძლევს მას.

 

ხოლო, მცირე წრე იწყება გულის სწორედ მარჯვენა პარკუჭიდან, მოიცავს ფილტვის არტერიას თავისი განშტოებებით, მდიდრდება ფილტვში, სადაც მემარჯვენე პლატფორმის შეხედულებების „მსგავსად“ ქმნის სიცოცხლისათვის აუცილებელ „კაპიტალს“ - ჰემოგლობინით მდიდარ სისხლს, საიდანაც ფილტვის ვენებით ჩადის მარცხენა წინაგულში, იქიდან - მარცხენა პარკუჭში და დასაბამს აძლევს სისხლის მიმოქცევის დიდ წრეს, ესე იგი, როგორც სისხლის მიმოქცევის დიდი და მცირე წრეების არსებობაა ერთმანეთზე დამოკიდებული, ასევე მემარჯვენეების საქმიანობის დადებითი შედეგი გამოვლინდება მხოლოდ მაშინ, თუ იგი შეესაბამება და დააკმაყოფილებს მემარცხენეების მოთხოვნებს!

 

აქვე კოეფიციენტზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რადგან, რაც არ უნდა ბევრი სისხლი მივაწოდოთ ღვიძლს, ის თირკმლის ფუნქციას ვერ შეასრულებს და ასე შემდეგ. ხოლო, ის თავისუფალი უჯრედები, რომლებიც ამოვარდებიან ორგანიზმის ფიზიოლოგიური სისტემების ფარგლებიდან, თანდათან ატიპურ-კანცეროგენულ უჯრედებად გარდაიქმნებიან და ადამიანის ორგანიზმს ფატალურ შედეგს უმზადებენ.

 

დიახ, ასე გვპასუხობს აბსოლუტური გონი მემარცხენე, მემარჯვენე მიმართულებების მნიშვნელობისა და ლიბერალური შეხედულებების მავნეობის შესახებ! 

 

ასე რომ, ლიბერალები სხვას ნუ აბრალებენ ფაშიზმის გამოვლენას, პირიქით, სწორედ მათი პრინციპებია უფრო ახლოს ფაშიზმის იდეოლოგიასთან, რომლებსაც ეს სამყარო მხოლოდ ერთი - არიული ერისთვის ემეტებოდათ და დანარჩენების განადგურებას ლამობდნენ.

 

აქვე აუცილებელია, გავიხსენოთ დიდი ილიას ტკივილიანი კითხვა: - „მთელი ჩვენი არსებობის განმავლობაში ზედიზედ ასი წელიც კი არ ვყოფილვართ სრულად ერთიანი და ძლიერი, მაშ რამ გადაგვარჩინა, რა ძალამ და ღონემ გაუძლო ამდენ უკეთურებასო?“

 

და პასუხიც: - „ჩვენს ეკონომიკურ წეს-წყობაში საკუთრების ორგვარი მიმდინარეობა და ფორმა არსებობდა: ერთი საზოგადო-სახაზინო ინტერესით და მეორე _ საკომლო-კერძო მფლობელობითო. ხოლო, როცა ფეხი აიდგა „განკერძოებამ“ და ამ მოწესრიგებულ ურთიერთობებს შორის წონასწორობა დაირღვა, ჩვენი მერმინდელი დასუსტების ძირითად მიზეზად სწორედ ეს გარემოება მიმაჩნიაო“. – დიახ, ასე წერდა, დღესაც ჩვენდა საცნაურად, დიდი ილია. ამ მოსაზრებას თავის მიმოხილვაში აღნიშნავდა და ეთანხმებოდა დიდი ივანე ჯავახიშვილიც.

 

 სწორედ, როგორც ადრე, ქვეყნის საყრდენს უბრალოდ, მშრომელი ხალხი წარმოადგენდა! როცა მათ შორის კავშირი ირღვევა, ხალხსაც, ქვეყანასაც დიდი განსაცდელი ეწვევა ხოლმე. 

 

ამიტომ არსებული განსაცდელებისგან თავდასაღწევად, ჩინეთისა და სხვა ძლიერი ეკონომიკური მდგომარეობის მქონე ქვეყნების მსგავსად, როგორც მემარცხენე, ისე მემარჯვენე იდეები გავითვალისწინოთ, რისთვისაც საჭიროა ზემოთ აღნიშნული კოეფიციენტების გამოანგარიშება და დამკვიდრება. სხვაგვარად, ანუ დიქტატურის პირობებში, ქვეყანა ვერ განვითარდება ჭეშმარიტად და მოსახლეობაც კიდევ უფრო შემცირდება.

 

აუცილებელია გავითვალისწინოთ, სწორედ იმიტომ დამარცხდა საბჭოთა კავშირი, რომ ის მემარჯვენე იდეოლოგიას სათანადო ყურადღებას არ უთმობდა. კაპიტალისტური სამყაროს ეკონომიკური კრიზისი კი სწორედ მემარცხენე იდეოლოგიის იგნორირებით არის გამოწვეული.

 

ხსენებული კოეფიციენტების გათვალისწინება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასა და ხელს შეუწყობს სოციალურად უსაფრთხო გარემოს შექმნას.

 

და ბოლოს, ამ კოეფიციენტების გათვალისწინება არ ნიშნავს, მდიდართა ქონების სოციალიზაცია მოვითხოვოთ ქვეყნის სასარგებლოდ. ეს პროცესი დინამიკურად უნდა განვითარდეს, კოეფიციენტიც თანდათანობით უნდა შემცირდეს! ქვეყნის ქონება და დაბალი სოციალური ფენების ეკონომიკური მდგომარეობა დინამიკურად და ჰარმონიულად უნდა განვითარდეს! ამის განსახორციელებლად საჭიროა გავითვალისწინოთ როგორც საბჭოთა ქვეყნის, ისე კაპიტალისტური ქვეყნების სამეწარმეო საქმიანობის მახასიათებლები. ხოლო, ეკონომიკური მხარდაჭერა ჩვენი საბანკო სისტემიდან უნდა მივიღოთ, რადგან ყველაზე მეტად სწორედ მათ ნახეს საგულისხმო სარგებელი, ამ ბოლო პერიოდში, ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილის დაზარალებისას. ამიტომ, სამართლიანი იქნება, ევროპულ სარბიელზე გასულმა ჩვენმა ბანკებმა ევროპული საპროცენტო განაკვეთის (წლიური 2-3 %) მქონე სესხები შესთავაზონ დაზარალებულ მოსახლეობას და ამით რეალურად დაეხმარონ ხალხსაც და სახელმწიფოსაც (ხოლო ახლახან დაანონსებული მათი ინიციატივები ჩემში მხოლოდ გაოცებასა და გაწბილებას იწვევს!). მხოლოდ ამ გზით იქნება შესაძლებელი არა მხოლოდ მცირე სამეწარმეო საქმიანობის განვითარება, არამედ მათ მსხვილ წარმოებებად გარდაქმნაც! 

 

გვახსოვდეს, მეცნიერების ვარაუდით, სამყაროს შემდგომი განვითარებისთვის, კაცობრიობა აუცილებლად გადავა ჭეშმარიტად საკაცობრიო ღირებულების მქონე ახალ სისტემაზე - სოცკაპიტალიზმზე, რომლის პირობებშიც მოხდება კაპიტალისტური და სოციალისტური სისტემების ძირითადი მონაპოვრების შერწყმა, ხოლო იდეოლოგიას თანდათანობით მიემხრობა ყველა სოციალური ფენა!

 

დიახ, ეს ყველაფერი ლოგიკურია, გამომდინარე იქიდან, რომ დღეს თანამედროვე სახელმწიფოები იძულებული არიან ქვეყნის ეკონომიკური სისტემა მსოფლიოს ღია სისტემების სტანდარტების შესაბამისად მართონ. რაც არა მხოლოდ ჩვენი, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის მთავარი მაპროვოცირებელი ძალაა. რაზეც უკვე ბევრს ლაპარაკობენ ინგლისში, საფრანგეთში და, სავარაუდოდ, მალე ა. შ. შ.-იც იტყვის თავის სათქმელს! 

 

ასე რომ, პროგრესულად მოაზროვნე მსგავსი შეხედულებების მოკავშირეებიც შეიძლება მოვიძიოთ, თუ მოვინდომებთ! ამ შემთხვევაში რუსეთთან მედიატორის როლის შესრულებასაც შევძლებთ, დასავლეთთან ურთიერთობის გამოსასწორებლად. მით უფრო, რომ ამის გაკეთება, ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, ორივე მხარეს აძლევს ხელს. ასეთი ცვლილებები აუცილებლად დაიწყება დღეს მსოფლიოში და თუ ავანგარდშივე ჩავუდგებით ამ საქმეს სათავეში, საკუთარ პოზიციებს გავიმაგრებთ მსოფლიო ეკონომიკაში. ცხადია, ბატონი ბიძინას ჩართვა ამ მიმართულებით ქვეყნის შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გაზრდის მსოფლიო მასშტაბით. გააანალიზეთ ის, რაც არსებულ საგარეო ეკონომიკურ პოლიტიკას ეწირება ჩვენი მსხვილი მეწარმეების მხრიდან, თუ მის ნახევარს ახალი ეკონომიკური კურსის მიმართულებით წარვმართავთ, ნაწილს კი ქვეყნის შიდა ეკონომიკას მოვახმართ, ქვეყანა გაძლიერდება, ხალხისა და ხელისუფლების ურთიერთობა გამოსწორდება და სოციალურ ფენათა თანაარსებობაც შესაძლებელი გახდება! 

 

და ბოლოს, მავანთა გასაგონად: ყველა სოციალური ფენა ქვეყნის ცოცხალი ორგანიზმის შემადგენელი ნაწილია, თითოეულ მათგანს საკუთარი ენერგეტიკული კოდი და ვალდებულება გააჩნია ამ სამყაროში. ამიტომ თითოეულის რეალიზაცია და განვითარება აუცილებელია. სხვა შემთხვევაში, ცივილიზაციის ევოლუციური ჯაჭვის წყვეტასთან გვექნება საქმე და შედეგიც ფატალური შეიძლება აღმოჩნდეს! 

 

ყოველი ადამიანი კი, ჭადრაკის ფიგურების მსგავსად, კაუზალურ რიგშია ჩართული და მათი ქმედებები გარემოებების მხრივაა განსაზღვრული. ამიტომაც წუხს, ხან მარტოსულობით იტანჯება, ხან სხვაზე ძალადობს, კლავს, ჩაგრავს, ზოგჯერ სუიციდით წყვეტს არსებობას. უჭირს ადამიანს, როცა ქვეყნის იდეოლოგია მას არ ეხმარება და კარგ თვისებებს არ ავითარებს მასში. რეალურად ადამიანი სავსებით მოკლებულია თავისუფლებას, ანუ იგი თავისუფალია მხოლოდ ნაწილობრივ და ფარდობითად. როდის, რა დროს გვაგებინებს პასუხს განგება არა მხოლოდ ჩვენს ცოდვებზე, არამედ ჩვენ თვალწინ სხვების მიერ ჩადენილ ბოროტებაზეც, არასდროს ვიცით. ეს აბსოლუტური გონის, შემოქმედის გაკვეთილია კაცობრიობის მიმართ, რათა მხოლოდ საკუთარი ინტერესებით არ შემოვისაზღვროთ და საზოგადო პრობლემებზეც ვიფიქროთ! ამიტომ, ჩვენც ასეთ ფორმატშიც შეგვიძლია მხოლოდ ცხოვრება! სოციალურ ფენათა თანაარსებობაც ამ ფორმატის ყველაზე ცივილური ფორმაა, როგორც ღვთიური, ისე ევოლუციური თვალსაზრისით. 

 

ასეთია ჩემი პასუხი კითხვაზე: - გვეშველება რამე? 

 

- გვეშველება, თუ გავითვალისწინებთ ზემოთ აღნიშნულს. მით უფრო, ეს ყველაფერი ერთმანეთისა და დროის თანხვედრაში მდგომარეობს. ხოლო, დროის მოთხოვნების გათვალისწინება რამდენად აუცილებელია, ესეც გვითხრა ილიამ: -„თუ წუთისოფელს ერთი ბეწო ხანს თვალი მოუხუჭე, ისე გაგთელავს, როგორც დიდოელი ლეკი ნაბადსა“.

 

19-06-2018, 10:37
უკან დაბრუნება