ივერიონი / ზაურ ნაჭყებია: სიცრუით კეთილი საქმე არ კეთდება!

ზაურ ნაჭყებია: სიცრუით კეთილი საქმე არ კეთდება!

 

 

აუცილებელი განმარტება

 

 

გუშინ „ივერიონში“ გამოქვეყნდა ჩემი სტატია: „ვინ იყენებს მეუფე იობს და რა შუაშია საქართველოს პატრიარქი?!“ http://iverioni.com.ge/16516-vin-iyenebs-meufe-iobs-da-ra-shuashia-saqarthvelos-patriarqi.html, რომელსაც, როგორც მოსალოდნელი იყო, მძაფრი რეაქცია მოჰყვა.

 

მკითხველს შევახსენებ, რომ სტატიაში საუბარია ა.წ. 6 ივლისს სპორტის სასახლეში დაგეგმილ ეროვნულ ყრილობაზე, რომელმაც ხელისუფლებას უნდა მიმართოს მოთხოვნით: გამსახურდიასდროინდელ უზენაეს საბჭოსთან და გაურკვეველი ფორმით შერჩეულ ე.წ. „ეროვნულ საბჭოსთან“ ერთად საქართველოს პარლამენტმა მიიღოს ახალი საარჩევნო კოდექსი და დანიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები (საპრეზიდენტო ისედაც კარს მოგვადგა).

 

ეს არის ერთგვარი გამოხმაურება გაზეთ „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუზე სენსაციური სათაურით: „მეუფე იობი ვადამდელ არჩევნებს ითხოვს“, სადაც რუის-ურბნისის ეპარქიის წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძრის მოძღვარი, მამა გიორგი აბდუშელიშვილი ღიად აცხადებს, რომ ყრილობა მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით იმართება და თუ ხელისუფლება ყრილობის გადაწყვეტილებებს არ შეასრულებს, საქართველოს მოსახლეობას პერმანენტული აქცია-დემონსტრაციებისკენ მოუწოდებენ.

 

ჩემთვის, როგორც რიგითი მრევლისთვის მიუღებელია ეკლესიის აშკარა ჩარევა პოლიტიკაში, მითუმეტეს, აქცია-დემონსტრაციებისკენ მოწოდება, რომლის საბოლოო შედეგი საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების დაპირისპირება და დღევანდელ სიტუაციაში ეკლესიის საბოლოო კრახი იქნება!

 

აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია ღიად დავაფიქსირე სტატიაში და ამჯერად არ განვმეორდები, თუმცა, ხაზგასმით ვიტყვი: მამა გიორგი აბდუშელიშვილის მხრიდან გაცხადებული არც ერთი ფაქტი არ დადასტურდა, (თეორიულად შეიძლება დავუშვათ, რომ საზოგადოების რეაქციიდან გამომდინარე, შეიძლება მავანმა და მავანმა უკან დაიხია).

 

მე თავს ვერ დავდებ, რამდენად გულწრფელი იყო საპატრიარქოს ოფიციალური განცხადება, სადაც უარყოფილია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის „ინფორმირებულობა“ ეროვნული ყრილობის ჩატარებასთან დაკავშირებით და ასევე უარყოფილია, რომ ყრილობა ტარდება მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით, მაგრამ, შემიძლია დაბეჯითებით ვამტკიცო: ყრილობის სათავეებთან დასახელებული ცნობადი ადამიანები კატეგორიულად უარყოფენ თავიანთ ორგანიზატორობას (რამდენიმე მათგანს მე პირადად ვესაუბრე, რამდენიმეს კი სხვა, ჩემი თანდასწრებით).

 

ლოგიკურად ისმება კითხვები:

 

ვის ინტერესში შედის საქართველოს ეკლესიის დისკრედიტაცია და რატომ ეპოტინებიან მავანნი და მავანნი ერის ნების გამოხატულების უმაღლეს ფორმას - ეროვნული ყრილობის ჩატარებას, ასეთი სიცრუითა და სრული უპასუხისმგებლობით?!

 

რატომ აძლევს თავს უფლებას რუის-ურბნისის ეპარქიის მოძღვარი მამა გიორგი აბდუშელიშვილი, დაასახელოს თავისი ეპარქიის მმართველი ზემოხსენებული ყრილობის ინიციატორად, თუ მეუფე იობი ამას არ ადასტურებს?

 

რატომ ბეჭდავს ინტერვიუს ასეთი სენსაციური სათაურით გაზეთი „ასავალ-დასავალი“, თუ ინფორმაცია გადამოწმებული არა აქვს და რატომ არ დაინტერესდნენ პირადად მეუფე იობის პოზიციით, რომ არაფერი ვთქვათ, ყრილობის სათავეებთან დასახელებულ ადამიანებთან გასაუბრებაზე?

 

კითხვები ბევრია, მაგრამ, ამჯერად აქ შევჩერდეთ...

 

მე არ ვარ შეთქმულების თეორიებით დასნებოვნებული პუბლიცისტი და ამდენად, არ შემიძლია ვამტკიცო - იკვეთება თუ არა რუსული კვალი (როგორც ამას ზოგიერთები „ამტკიცებენ“ ამ ინიციატივის მიღმა, მაგრამ, ასეც რომ იყოს, ეს პირადად ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა.

 

უფრო არსებითია, რომ ეს არ არის სწორი გზა, რომელსაც დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით ქართველი ერი უნდა ირჩევდეს!

 

P.S. წუხელ ანგაჟირებულმა ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ საკუთარ საავტორო გადაცემაში მიიწვია მამა გიორგი აბდუშელიშვილი, მაგრამ, არც უფიქრია, მოესმინა გაზეთ „ასავალ-დასავალში“ დასახელებული ყრილობის „სათავეებთან“ მდგომი ადამიანებისთვის, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეს ყველაფერი ქვეყანაში ახალი ქაოსისა და ცრუ მოლოდინის დამკვიდრებას ემსახურება!

 

და კიდევ: შეიძლება არ მოგწონდეს „ნაცმოძრაობა“ და „ქართული ოცნება“, მაგრამ, მომიწოდო, რომ ადამიანთა გაურკვეველ მასას დავუჭირო მხარი, სადაური წესია?!

 

4-07-2018, 11:26
უკან დაბრუნება