მთავარი გვერდი > ერთად ვიაროთ ცივილიზებული სახელმწიფოსკენ!

ერთად ვიაროთ ცივილიზებული სახელმწიფოსკენ!


9-07-2018 / 10:51

ერთად ვიაროთ ცივილიზებული სახელმწიფოსკენ!

ამ დღეებში კრებულის სახით საზოგადოება გაეცნობა უნიკალურ პროექტს - „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ (ჩვენი ხედვა). ეს არის პროგრამული თეზისების სახით ჩამოყალიბებული კონცეფცია, თუ როგორ უნდა დავაღწიოთ თავი არსებულ რეალობას და როგორ მივაღწიოთ ხალხის, ხელისუფლებისა და ეკლესიის ერთობას, ურომლისოდაც ქვეყანაში პოზიტიური შედეგების მიღწევა შეუძლებელია.

 

ეს კონცეფცია მეტად აქტუალურია დღეს, ე.წ. „ეროვნული ყრილობის“ ჩატარების კვირაძალზე, რომელმაც თავისი არსითა და შედეგებით ფორმალურად დააკნინა ყოველთა ქართველთა და საქართველოში მცხოვრებთა საყოველთაო ყრილობის ჩატარების იდეა და კიდევ ერთი დარტყმა მიაყენა საქართველოს ეკლესიის ავტორიტეტს. ბუნებრივია, აუცილებელია ე.წ. „ყრილობის“ იდეისა და მისი შედეგების ობიექტური შეფასება, თუმცა, მანამდე მკითხველს ვთავაზობთ წინასიტყვაობას კრებულიდან „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“, რომელიც გარკვეულ წარმოდგენას შექმნის ჩვენს ჩანაფიქრზე.

 

ერთად ვიაროთ ცივილიზებული სახელმწიფოსკენ!

 

თქვენს წინაშე განსახილველად გამოგვაქვს „ქართული ერთობის დარბაზის“, „საქართველოს ხალხთა ასამბლეისა“ და „მეცნიერთა კონგრესის - ეროვნული თანხმობისთვისმიერ მომზადებული კონცეფცია: „გზა - ცივილიზებული სახელმწიფოსკენ!“.

 

 

„გზა - ცივილიზებული სახელმწიფოსკენ!“ ეს არის ჩვენი ხედვა, ეს არის სწრაფვა ისეთი რეალობისკენ, სადაც დაცულია სიცოცხლის, თავისუფლებისა და საკუთრების უფლებები, სადაც მიღწეულია ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების ერთობა, სადაც მეფობს სიყვარული. ამის მისაღწევად ეპოქა გვავალდებულებს ვიაროთ არა კუს ნაბიჯებით, არამედ ირმის ნახტომით.

 

წინამდებარე კონცეფცია სწორედ ამის მცდელობაა.

 

ჩვენთვის დიდი პატივია, რომ მოგვეცა საშუალება გვემუშავა ხსენებული კონცეფციის საბოლოო რედაქციაზე.

 

ელექტრონულ სივრცეში წარმოდგენილი კონცეფციის ათდღიანმა განხილვამ ცხადყო, რომ საზოგადოების მხრიდან ინტერესი დიდია. ეს ინტერესი განპირობებულია იმით, რომ წინამდებარე პროექტი ადრინდელებისგან არსებითად განსხვავებულია - განსხვავებულია იმდენად, რამდენადაც დღემდე ქვეყანა ქუჩის აგრესიით იმართებოდა, რამაც უმძიმეს შედეგებამდე მიგვიყვანა. ამას ადასტურებს ამ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიც.

 

ვფიქრობთ, რომ განხილვა მომავალშიც უნდა გაგრძელდეს. ჩვენის მხრივ, კონცეფციის წარმოდგენილ რედაქციას მივაწვდით სახელისუფლებო ვერტიკალს, დაეგზავნება სამეცნიერო და შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლებს. განთავსდება ელექტრონულ სივრცეში, რომ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, მედიის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდეთ გაეცნონ და გამოხატონ საკუთარი პოზიცია.

 

ნიშანდობლივია, რომ პოლიტიკური მიმართულების კონცეფციის საჯარო განხილვა პირველად ხდება ქართულ პრაქტიკაში.

 

ნიშანდობლივია ისიც, რომ შემოსული წინადადებებისა და რეკომენდაციების განხილვა-გააზრებამ წინამდებარე კონცეფცია საერთო-სახალხო დოკუმენტად აქცია.

 

შემოსული წინადადებებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, კონცეფცია უკვე წიგნის ფორმით მიეწოდება საზოგადოებას.

 

კონცეფციის აქტუალობიდან გამომდინარე, სარედაქციო-საკონსულტაციო ჯგუფმა მიზანშეწონილად ჩათვალა დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია. კერძოდ:

 

ხშირად გვესმის, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო ვერ შედგა, რომ  სამი ათეული წელია ქვეყანა გარეშე, ანტიქართული ძალების კარნახით იმართება, რომელიც ებრძვის ყოველივე ქართულს და საფრთხეს უქმნის ჩვენს იდენტობას.

 

აქსიომაა ისიც, რომ მიუხედავად მრავალგზის მცდელობისა, ვერ იქნა და ვერ მივაღწიეთ ხელოვნურად დაპირისპირებული ჯგუფების გაერთიანებას საერთო მიზნის გარშემო - დღემდე ვერ შედგა ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების ერთობა.

 

ალბათ, ოპონენტები გვისაყვედურებენ, როგორ შეიძლება იმ ხელისუფლებასთან ერთობა, რომელმაც კოჰაბიტაცია გამოაცხადა დანაშაულებრივ სახელისუფლებო ძალასთან და ქვეყანას მუდმივი დესტაბილიზაციის რეჟიმში ამყოფებს?!

 

გიპასუხებთ:

 

ჩვენს ტრიადაში _ ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების ერთობა, გააზრებულია ზოგადი პოსტულატი, რომლის გარეშეც ცივილიზებული სახელმწიფოს მშენებლობა შეუძლებელია.

 

დრომ დაადასტურა: საქართველო, როგორც სახელმწიფო რომ გადარჩეს, აუცილებლად უნდა იაროს საკუთარი, ქართული გზით, თუმცა „ქართული გზა“ სულაც არ ნიშნავს ქვეყნის იზოლაციაში მოქცევას და ეპოქის (გლობალიზაციის) გამოწვევების უგულებელყოფას - პირიქით, ქართული გზის არჩევა საშუალებას მოგვცემს შევინარჩუნოთ ეროვნული სახე და ხარკიც გადავუხადოთ გლობალიზაციის გამოწვევებსაც - შევინარჩუნოთ ის, რამაც საქართველო დღევანდლამდე მოიყვანა და დანარჩენი სამყაროსგან მივიღოთ ის, რაც საფრთხეს არ შეუქმნის ჩვენს სულიერ და ფიზიკურ არსებობას!

 

დიახ, ქართული გზა ეს არის - გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ!

 

ეს, რომ ორიგინალური პროექტია, დაადასტურებს შეკრების მასშტაბები, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბერში გაიმართება.

 

პირდაპირ ვიტყვით: წარმოდგენილ მასალებს არა აქვთ სრულყოფილების პრეტენზია.პირიქით,  იგი თქვენგან გონივრულ გააზრებას, ჯანსაღ ოპონირებას მოითხოვს, რომ კიდევ უფრო დავხვეწოთ და საბოლოო სახე მივცეთ მას.

 

ერთი რამ კი უდავოა: ასე გაგრძელება აღარ შეიძლება - ერთი მთელისგან შემდგარი ფორმალურად ორი პოლიტიკური ძალის კატა-თაგვობანას თამაში ქვეყანას ხეირს არ მოუტანს, საჭიროა სერიოზული სისტემური  ცვლილებები და ახალი პოლიტიკური ძალის ფორმირება, რომლის საბოლოო მიზანი „მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში სიყვარული იქნება“.

 

ერთად ვიაროთ ცივილიზებული სახელმწიფოსკენ!

 

სარედაქციო-საკონსულტაციო ჯგუფის სახელით ზაურ ნაჭყებია

20 ივნისი, 2018 წელი

 


უკან დაბრუნება