ივერიონი / საბანკო ყულფი და დასაღუპად განწირული ქვეყანა!

საბანკო ყულფი და დასაღუპად განწირული ქვეყანა!

 

 

ნასყიდა დარბუაშვილი,

ეკონომიკის დოქტორი

 

 

ამტკიცებენ,  რომ თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა თვითრეგულირებადი სისტემაა. მე პირადად ასე არ მივიჩნევ. თვითრეგულირებადი სისტემა (თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა) ვერ არეგულირებს ისეთ მნიშვნელოვან ეკონომიკურ რესურსს, როგორიცაა: „სამუშაო ძალა“ ანუ ადამიანის დასაქმებას თავისი სპეციალობისა და პროფესიის მიხედვით. აღსანიშნავია, რომ სამუშაო ძალა ეს ისეთი რესურსია, რომელიც თუ დღეს არ გამოიყენე, სამუდამოდ იკარგება. ამით იმის თქმა მინდა, რომ ის რაც დღეს შეუძლია ადამიანმა გააკეთოს და არ გააკეთა, დღევანდელი შესაძლებლობა სამუდამოდ იკარგება.  

 

სახელმწიფოთა უმრავლესობაში, სადაც თავისუფალი საბაზრო ეკონომიკაა, მაღალი დონის უმუშევრობის გამო, მოსახლეობის დიდი ნაწილი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს - ამის გამო მცირდება შობადობა, შიმშილისა და უწამლობის გამო იზრდება ეპიდემიები და მასიური სიკვდილიანობა, ხშირია მოსახლეობის ფენებს შორის დაპირისპირება, კონფლიქტები, ომები და ა.შ.   

 

ამ ყველაფრის გათვალისწინებთ, თუ „თავისუფალი“ საბაზრო  ეკონომიკა ყველაფერს თვითონ არეგულირებს. მაშინ ლოგიკურად ისმება კითხვა: რა სხვაობაა თავისუფალ საბაზრო  ეკონომიკას და სტიქიას, ან ქაოსს შორის? 

 

მცირე  ერებისთვის, როგორიც ჩვენ ვართ, ასეთი ეკონომიკა დამღუპველია - მეტიც, მოსპობით გვემუქრება! 

 

აქსიომაა, რომ თავისუფალი საბაზრო ეკონომიკისგან განსხვავებით, გეგმიური ეკონომიკის დროს ყველა დასაქმებული იყო. ვიცი, ახლა ლიბერალები გამაკრიტიკებენ: „მაშინ იძულებით ამუშავებდნენ“, „მუშას არაფერს უხდიდნენ“, „ის საბჭოთა რეჟიმი იყო“, „კომუნისტები ფაშისტები იყვნენ“ და ა.შ. მე ამ ყველაფერზე განსხვავებული მოსაზრებები მაქვს. კი ბატონო,  ის იყო ძალადობრივი, ფაშისტური რეჟიმი. მაგრამ იმ ძალადობრივი, ფაშისტური რეჟიმის პირობებში, სადაც მუშას თითქმის მინიმალურს უხდიდნენ, ცხოვრებას, არსებობას და გამრავლებას ყველა ახერხებდა - არავის კვებისა და სამედიცინო მომსახურების მიღების პრობლემა არ ჰქონდა - იმ „ფაშისტური რეჟიმის“ პერიოდში საქართველოს მოსახლეობა 3-ჯერ გაიზარდა.

 

ამ რეჟიმში ადამიანს თავისუფლად შეეძლო განვითარება, ნებისმიერი განათლების, ნებისმიერ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება და ა.შ., რაც ანვითარებდა ადამიანს, ფიზიკურად, კულტურულად და ინტელექტუალურად.

 

ბუნებრივად ისმება კითხვა: ამ ყველაფერს, გვაძლევს თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა?

 

რა თქმა უნდა, არა! იქ, სადაც ადამიანი უმუშავარია, შემოსავლების გარეშეა დარჩენილი, სისტემა ამას უშვებს და არანაირ  სხვა ალტერნატივას ან კომპენსციას არ სთავაზობს, ყველაფერ  დანარჩენზე საუბარი ზედმეტია და უაზრობაა (ლიბერალებმა ჯერ მოიფიქრონ, როგორ შეიძლება ლიბერალური „ღირებულებების“ პირობებში თვითოეული ადამიანის არსებობა და განვითარება და მერე ვიდაოთ!). 

 

ლიბერალების გასაგონად ვიტყვი: ყველაფერზე დაგეთანხმებით თუ თქვენს მიერ მოფიქრებულ მოდელში, თუ სისტემაში თითოეული ადამიანი თავისუფლად შეძლებს არსებობას, გამრავლებას და განვითარებას. მანამ „ლიბერალური ეკონომიკა“ამ პრობლემებს არ წყვეტს, ჩემთვის ასეთი ეკონომიკა ვიღაცის ხელში ქვეყნის ნგრევის და მოსახლეობის გაჟლეტვის იარაღია და სხვა არაფერი!

 

ლიბერალები თავის დემაგოგიური ფილოსოფიის შესაბამისად გვეტყვიან, რომ ადამიანს თავისუფალი არჩევანი აქვს და თვითონ განსაზღვრავს და აყალიბებს თავის ყოფას და მომავალს.

 

კი, მაგრამ, როგორ?!

 

ყველა ადამიანი არაა დაჯილდოებული ბიზნესის კეთების ნიჭით. ამას, ნიჭის გარდა, სპეციალური უნარ-ჩვევები და თავისებური ალღოც ჭირდება. სამუშაო ადგილები კი რამდენჯერმე უფრო ნაკლებია, ვიდრე, სამუშაო ძალა. დიახ, სამუშაო ადგილები რაიმე კანონზომიერებით და ეკონომიკური თეორიით არ იქმნება და არც თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა, „უხილავი ხელი“, არეგულირებს სამუშაო ადგილების რაოდენობას შრომისუნარიან ადამიანთა რიცხვის მიხედვით. 

 

მასიური უმუშავრეობის პირობებში, უმუშევრად და საარსებო სახსრების გარეშე დარჩენილი ადამიანები თავის გადასარჩენად სპონტანურად, ყოველგვარი გათვლებისაა და საჭირო პირობების გარეშე, იწყებენ „ბიზნესის“ კეთებას, რომელიც იშვიათი გამონაკლისის გარდა, არ ამართლებს. ასეთ ვითარებაში ადამიანი განწირულია და მისი ფიზიკური მოსპობა მხოლოდ დროის ფაქტორია!  

 

რაც ყველაზე მთავარია, აბსოლუტურად ურთიერთგამომრიცხავი მოდელებია თავისუფალი თვითრეგულირებადი საბაზრო ეკონომიკა, სადაც ყველაფერი დამყარებულია დიდ ფულზე და ამ ფულის მფლობელებზე და დემოკრატია, ანუ ხალხის მმართველობაა. ხალხის ინტერესებშია კარგად იცხოვროს და უკეთესი ცხოვრება მიიღოს. ასეთ გარანტიებს თავისუფალი თვითრეგულირებადი საბაზრო ეკონომიკა არ იძლევა. ამიტომაცაა შეუთავსებელი დემოკრატია და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა.

 

ამ სტატიის მიზანი არ არის პოლიტიკური და ეკონომიკური მოდელების განხილვა და ერთმანეთთან შედარება. ეს შესავალი იმიტომ გავაკეთე, რომ ამ სტატიაში საჩოთირო თემის განხილვის დროს მკითხველმა კარგად დაინახოს, რომ უმძიმესი პრობლემები, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა იმყოფება, გამოწვეულია არსებული ეკონომიკური მოდელით და ამ მოდელში ჩაურევლობის პრინციპის გამო. დიახ, ხშირად ჩაურევლობა დანაშაულიც კია, თუმცა, ხელისუფალნი ამ ჩაურევლობას და დანაშაულებრივ მძიმე შედეგებს „თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის“ პრინციპებით ხსნიან.

 

სტატიაში, არ ვაპირებ საუბარს ეკონომიკურ მოდელებზე და მათ ავკარგიანობაზე. ამ  საუბარი მექნება ისეთი უდიდესი მნიშვნელობის ეკონომოკურ ფენომენზე, როგორიცაა „მოგება“. სამწუხაროდ ეკონომიკის ამ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს პრაქტიკულად არ ექცევა არანაირი ყურადღება. ეკონომიკურ ლიტერატურაში მოგება, როგორც ეკონომიკის განსაკუთრებული მნიშვნელობის ფაქტორი, ცალკე არ განიხილება. ხშირ შემთხვევაში კი, საერთოდ არ განიხილება.

 

მოგებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკაში. სწორედ მოგებაა ის ლოკომოტივი, რაც მთელ ეკონომიკას ეწევა. ეკონომიკური საქმიანობის მთავარი მიზანი კაპიტალისტურ საზოგადოებრივ წყობაში მოგების მიღებაა. 

 

სოციალისტურ-გეგმიურ ეკონომიკაშიც დიდი მნიშვნელობა აქვს მოგებას. გაფართოებული კვლავწარმოების პროცესი (ეკონომიკის განვითარება) შეუძლებელია მოგების გარეშე. ძირითადში, სწორედ მოგებით ხერხდებოდა სოციალიზმის პირობებში მნიშვნელოვანი სახელმწიფო პროექტების (უფასო განათლება, უფასო სამედიცინო მომსახურება, უფასოდ საცხოვრებელი ბინების გადაცემა და ა.შ.) დაფინანსება.

 

 

რატომ აკოტრებს საზოგადოებას ზემაღალი მოგება?!

 

მოგება თავისებური „ამორტიზატორია“, რომელიც თავის თავზე იღებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ რყევებს, იმისდა მიუხედავად, თუ რით არის გამოწვეული ეს რყევები. როდესაც „ეკონომიკური ამორტიზატორი“ - მოგება, რყევებს ვეღარ უძლებს, მთელი ეკონომიკის ჩამოშლა და ნგრევა ხდება. მოგებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც მიკროეკონომიკურ (წარმოების და კომპანიის), ისე მაკროეკონოიკურ (მთლიანი ეკონომიკის) დონეზე. 

 

მოგების მნიშვნელობაზე და მის დადებით თავისებურებებზე  ბევრი შეიძლემა ვისაუბროთ. მოგებას დადებითთან ერთად გააჩნია დიდი უარყოფიი თავისებურებებიც, რაც დამანგრეველად მოქმედებს ქვეყნის ეკონომიკაზე, სოციალურ მდგომარეობაზე და საერთოდ  ქვეყანაზე. თუ საზოგადოების და ხელისუფლების მხრიდან მოგების უარყოფით თავისებურებებს დროულად არ მიექცა  ყურადღება, ქვეყანაში უკიდურესად მძიმე მდგომარეობა იქმნება და ქვეყანა ისეთ ჩიხში შედის, საიდანაც გამოსავლის პოვნა და ქვეყნის ამ ჩიხიდან გამოყვანა, უკიდურესად რთულია. 

 

დიახ, უკონტროლო მოგება მთლიანად ანგრევს ქვეყნის არსებობის საფუძვლებს!

 

ბევრი ეკონომისტი იფიქრებს, რომ ზედმეტად ვამუქებ ვითარებას და არაფრისგან ტრაგიკულ სურათს ვქმნი, სინამდვილეში კი ეს ასე არ არის. მაღალი  მოგება უფრო დიდ საფრთხეებს უქმნის ქვეყანას, ვიდრე, ნებისმიერი მტრულად განწყობილი ქვეყანა. დიდი მოგებისადმი საზოგადოების და ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობის შედეგად შეიძლება დავკარგოთ მოსახლეობის დიდი ნაწილი, ქეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური დამოუკიდებლობა.

 

მაღალი მოგება, ქვეყნის შეძლებულ, მდიდარ მოსახლეობას მუდმივად ამდიდრებს, ღარიბ მოსახლეობას კი მუდმივად აღარიბებს. მაღალი მოგების პირობებში პრაქტიკულად მიმდინარეობს მოსახლეობის "ძარცვა", რის შედეგადაც  მოსახლეობის ერთი მცირე ნაწილი მდიდრდება, სხვათა გაღარიბების ხარჯზე და ამ ძარცვას და მძარცველებს კანონი კი არ სჯის, პირიქით იცავს. 

 

ადამიანს, რომელსაც ფული აქვს, რა მნიშვნელობა აქვს:  ქურდი პარავს, ყაჩაღი დააყაჩააღებს, თუ ამ ფულს გადაიხდის მაღაზიაში - იქ, სადაც 10 ლარი უნდა გადაიხადოს ნომალური ხელისუფლების და კანონის პირობებში, იხდის 30-40 ლარს და მეტსაც. ესაა კანონით დაშვებული ძარცვა, დაყაჩაღება, რაც ვითომ დემოკრატიის და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებით მართლდება. სინამდვილეში კი ხელისუფლების მხრიდან ქვეყნის მართვის უუნარობის, ან მიზანმიმართული დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგია! 

 

მაღალი მოგება ამცირებს ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტსაც (მშპ-ს). 

 

თუ მაგალითად ორ ქვეყანაში მშპ 20 მილიარდი დოლარია და ერთ ქვეყანაში საშუალო მოგება 20 %-ია, მეორეში კი 100 %, პირველ ქვეყანაში რეალური მშპ 16 მილიარდი დოლარია, მეორეში მხოლოდ 10 მილიარდი დოლარი. პირველ ქვეყანაში ცხოვრების დონე, ერთნაირი მშპ-ს პირობებში, 1,6-ჯერ მაღალია, ვიდრე მეორე ქვეყანაში იგივე მშპ-ს პირობებში. საქართველოში მოგება 40-50 %-ზე მეტია, ხშირ შემთხვევებში იგი 100 %-ს აღემატება და ჩვენ ქვეყანაში დაფიქსირდა შემთხვევები როდესაც მოგებამ 10 000-ზე მეტი პროცენტი შეადგინა. 

 

კიდევ უფრო ტრაგიკულია ქვეყანაში მდგომარეობა, როცა ქვეყნის ბანკები მუშაობენ ზემაღალ მოგებაზე. 

 

როცა ბანკები ზემაღალ მოგებაზე მუშაობენ, ფული განსაკუთრებით ძვირდება (კრედიტზე ძალიან დიდი პროცენტია). ძვირი ფულით შეუძლებელი ხდება იაფი პროდუქციის წარმოება და მწარმოებლები იძულებულნი ხდებიან გაზარდონ ფასები, რის შედეგადაც ადგილობრივი პროდუქცია არაკონკურენტუნარიანი ხდება, არა მხოლოდ უცხოეთის ბაზრებზე, რის შედეგადაც პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება ექსპორტი, არამედ, ადგილობრივი პროდუქციას კონკურენტუნარიანობა დაკარგული აქვს ადგილობრივ, შიდა ბაზარზე და კონკურენციას ვერ უწევს იმპორტულ პროდუქციას. 

 

ბანკებში დღეს არსებული ვითარება აბსოლუტურად სპობს ეკონომიკის განვითარების და ადგილობრივი რეალური პროდუქტის შექმნის შესაძლებლობას. ეს ვითარება განაპირობებებს იმას, რომ ადგილობრივი რეალური პროდუქტის შემქმნელი კომპანიები  ძალიან მალე კოტრდებიან. ასეთი ვითარება თავის მხრივ განაპირობებს იმას, რომ ბანკები ეკონომიკის რეალურ სექტორს ფულს არ აძლევენ, ან თუ აძლევს მყარი, კაპიტალური ქონების უზრუნველყოფით. საბოლოოდ ბანკების ზემაღალი მოგების გამო მწარმოებელი კომპანიები კოტრდებიან და დამატებითი კაპიტალის მიღების მაგივრად, იმ ქონებასაც კარგავენ, რაც გააჩნდათ და ბანკებში ჩადეს.

 

როცა ფულის პირდაპირ გაყიდვას (კრედიტში გაცემას) უფრო დიდი მოგება მოაქვს, ვიდრე, ამ ფულით შექმნილი რეალური პროდუქტის წარმოებას, ასეთ შემთხვევაში ფული რეალურ პროდუქციას არ ქმნის და პირდაპირ ფულის სახით იყიდება. ამიტომაც არის, რომ ქვეყანაში სოკოებივითაა გამრავლებული ბანკები და მათი ფილიალები, მიკროსაფინანსო ფირმები და მათი ფილიალები, ლომბარდები, კერძო მევახშეები და ა. შ.

 

საქართველოში ბანკების და მიკროსაფინანსოების დისკონტირებული მოგება 40-50 პროცენტს აღემატება. ეგრეთწოდებული სწრაფი სესხების შემთხვევაში კი დისკონტირებული მოგება 80-100 პროცენტზე მეტია. ხოლო, ჯარიმებსა და სანქციებს თუ გავითვალისწინებთ, რომელიც საკრედიტო პროცენტზე რამდენჯერმე უფრო მეტია, ბანკების წლიური მოგება ასტრონომიულ ციფრებში იზომება. 

 

ბანკების ზემაღალი მოგების პირობებში ქვეყანაში არსებული მთლიანი ფულის მასა ძალიან სწრაფად ხდება  ბანკების საკუთრება. ქვეყანაში ფული არსებობს, მაგრამ ის კომერციული ბანკების საკუთრებაა და არა სახელმწიფო - საზოგადოებისა. 

 

თუ მაგალითად ბანკების ხელში ქვეყნის ფულის მასის 10 პროცენტია და ბანკების წლიური დისკონტირებული მოგება 100 პროცენტს აღემატება, ქვეყნის მთლიანი ფული 3-4 წელიწადში ბანკების კონტროლის ქვეშ ექცევა. ასეთ შემთხვევაში ბანკებმა ან მათმა მესვეურებმა რომ მოინდომონ, ფულის ბრუნვიდან ამოღებით (ამოღებული ფულის ბანკში გაჩერებით) 1 წელიწადში პარალიზებას გაუკეთებენ ქვეყნის მთელ ეკონომიკას და თუ დასჭირდათ, პრაქტიკულად ქვეყნის განადგურება და ფიზიკური მოსპობაც შეუძლიათ. ასეთ ვითარებაში ჩავარდნილი ქვეყნები იძულებულები არიან დააკმაყოფილონ ბანკების პირობები და მოთხოვნები.

 

როდესაც ქვეყნის მთლიანი ფულის მასა რამდენიმე კომერციული ბანკის კონტროლის ქვეშ იმყოფება, ნებისმიერი სუბიექტის (იურიდიული და ფიზიკური პირის)ხელში არსებული ფული ან პირდაპირ (უშუალოდ ამ პირის მიერ) ან ირიბად (სხვის) ბანკის მიერ გაცემულ კრედიტს წარმოადგენს და მისი, ბანკის კუთვნილებაა. ასეთ ვითარებაში როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირები, ბანკების პირდაპირი გავლენის ქვეშ ექცევიან და მათი არსებობა, ცხოვრება და განვითარება მთლიანად ბანკებზე და მათ კრედიტებზეა დამოკიდებული.  

 

როცა მთელი ფული ბანკების ხელშია, პრაქტიკულად ქვეყანაში იქმნება ვითარება: თუ არსებობა გინდა, იყიდე ბანკისგან ფული (აიღე ბანკის კრედიტი). პრაქტიკულად მოსახლეობას აიძულებენ გაცილებით უფრო ძვირად შეიძინონ ფული და გარკვეული დროით სარგებლობისთვის 2-3-ჯერ მეტი გადაიხადონ აღებულ ფულთან შედარებით. რა თქმა უნდა, ასეთი დროს არსებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკის პირობებში ყველაფერში, რასაც ადამიანი ყიდულობს ბევრად მეტს იხდის, ვიდრე უნდა გადაიხადოს.

 

არსებულ ვითარებაში რომ უკეთ გავერკვეთ მოვიყვანოთ თვალსაჩინო მაგალითი დაუშვათ ვინმე „ავანტურისტი“, რაც ქვეყანაში პური გამოდის მთლიანად იძენს, მერე კი ამ პურს ორმაგ და სამმაგ ფასში ყიდის მოსახლეობას. კანონით ეს მოქმედება ბიზნესია და თავისუფალი თვითრეგულირებადი საბაზრო ეკონომიკის პირობებით დაშვებულია. მოსახლეობის მდგომარეობა კი ასეთი ავანტურის დროს მნიშვნელოვნად ძვირდება და უარესდება. ზუსტათ იგივეს აკეთებენ ზემაღალ მოგებაზე მომუშავე ბანკები ფულის შემთხვევაში და ამაში ხელისუფლება თავისი ეკონომიკური და ფულად-საკრედიტო პოლიტიკით აქტიურად ეხმარება და მხარს უჭერს!

 

ბანკების ზემაღალი მოგების პირობებში, როცა ქვეყნის მთლიანი ფულის მასა მთლიანად კომერციული ბანკების კონტროლის ქვეშაა, ნებისმიერი ოდენობის ფულის მასის ემისია სწრაფად ექცევა კომერციული ბანკების კონტროლის ქვეშ. კომერციული ბანკების კონტროლის ქვეშ ექცევა ქვეყანაში არსებული უცხოური ვალუტის მთლიანი ან უდიდესი ნაწილი. უძრავი ქონება და ქვეყნის სხვა ეკონომიკური აქტივები.

 

ეკონომიკური განვითარების მონეტარული მოდელის პირობებში, ქვეყნის ეკონომიკაზე ზემოქმედება მხოლოდ ფულის მასის რეგულირებით შეიძლება. როდესაც ქვეყანაში არსებულ მთლიან ფულის მასას რამდენიმე კომერციული ბანკი აკონტროლებს, ეკონომიკის მონეტარული განვითარების მოდელის პირობებში ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები მთლიანადაა დამოკიდებული კომერციულ ბანკებზე. ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესები კი დიდადაა დამოკიდებული კომერციულ ბანკებზე, ამაში სულ მალე დავრწმუნდებით.

 

ბანკების ზემაღალი მოგება რამდენჯერმე აძვირებს პროდუქციას. დავუშვათ, რომ პროდუქციის დამზადებაში და რეალიზაციაში, ანუ საბოლოო მომხმარებლამდე მიტანაში 4 სუბიექტი მონაწილეობს. დავუშვათ ქვეყანაში კრედიტზე დისკონტირებული მოგება  50%-ს შეადგენს. ისიც დაუშვათ რომ ოთხივე სუბიექტი საქმიანობას აწარმოებს ბანკიდან აღებული კრედიტებით, რეალურად ასეც ხდება. ეკონომიკურ საქმიანობაში მონაწილეობს მომპოვებელი, ანუ ის ვინც ქმნის ან მოიპოვებს ნედლეულს, მწარმოებელი, დისტრიბუტორი და რეალიზატორი. დაუშვათ რომ მომპოვებელს ნედლეულის მოპოვება 10 ლარი დაუჯდა რომელიც ბანკის კრედიტითაა გადახდილი, მაშინ, მომპოვებელს ნედლეულის მოპოვება 15 ლარი დაუჯდება ბანკის პროცენტის გათვალისწინებით, გადასახადებს და მოგებას თუ გავითვალისწინებთ, მომპოვებელს სარეალიზაციო ფასი ბევრად მეტი გამოუვა, მაგრამ მოდით ექსპერიმენტი გავამარტივოთ და შრომის ანაზღაურება, მოგება და გადასახადები სარეალიზაციო ფასში არ ჩავთვალოთ. ამ შემთხვევაში მარტო საბანკო კრედიტების გამო საბოლოო სარეალიზაციო ფასი იქნება 50,63 - (10*1,54) ლარი. სარეალიზაციო ფასი 5-ჯერ მეტია  ვიდრე თავდაპირველი საწყისი ფასი. ამ ფასში ნახევარი ბანკის მოგებაა.

 

იმის გამო, რომ ექსპერიმენტში მიმდინარე პროცესები რთულია და ამავე დროს მნიშვნელოვანი, დაწვრილებით განვიხილოთ ეს ექსპერიმენტი. პირველი სუბიექტი ბანკიდან ვალს იღებს ნედლეულის შესაქმნელად, რაც საქონლის ერთეულზე 10 ლარს შეადგენს, ბანკის პროცენტიც, რომ დავამატოთ საქონლის გსაყიდი ფასი 15 ლარი იქნება. მწარმოებელი ფირმა ნედლეულის შესაძენად ბანკიდან ერთეულ პროდუქტზე 15 ლარს იღებს, საქონლის რეალიზაციას 22,5 ლარად ახდენს მესამე ფირმა 22,5 ლარ კრედიტს იღებს და 33,75 ლარად ყიდის და ბოლოს მეოთხე ფირმა 33,75 ლარს კრედიტს იღებს და ბანკის კრედიტის პროცენტის გათვალისწინებით 50,63 ლარად ყიდის.

 

როცა ბანკების დისკონტირებული წლიური მოგება 30 პროცენტია, იგივე პროდუქტი, იგივე პირობებით თითქმის 3-ჯერ ძვირდება!  

 

ახლა ვნახოთ რა ეღირებოდა იგივე პროდუქტი, იგივე პირობებით, როცა საბანკო კრედიტის წლიური პროცენტი 5 პროცენტია. ასეთ შემთხვევაში სარეალიზაციო ფასი იქნება 12,16 (10*1,054) ლარი. ამ შემთხვევაში ბანკის პროცენტი უმნიშვნელოდ 1,22 ჯერ აძვირებს პროდუქტს. 

 

როგორც ვხედავთ, ბანკის ზემაღალი მოგება 5-ჯერ და მეტად აძვირებს პროდუქციის ღირებულებას.

 

რეალურად, პროდუქციის შექმნის ღირებულებას ემატება შრომის ანაზღაურება, მოგება, გადასახადები და ეს ყველაფერი ბანკის კრედიტის ქვეშ ექცევა, ამასთან ერთად საქონლის შექმნაში შეიძლება მონაწილეობდეს არა ოთხი, არამედ, მრავალი ფირმა, ასე რომ, ბანკების ზემაღალი მოგების გამო საქონლის ფასი მრავალჯერ შეიძლება გაიზარდოს!

 

ანალოგიური მდგომარეობაა საქონლის იმპორტით შემოტანის პირობებში, თუმცა, ამ შემთხვევაში ეკონომიკურ პროცესში მხოლოდ 3 სუბიექტი მონაწილეობს: იმპორტიორი, დისტრიბუტორი და რეალიზატორი.  იმპორტის შემთხვევაში ეკონომიკურ სუბიექტთა რაოდენობა მუდმივია და აქედან გამომდინარე, იმპორტული საქონლის გაძვირებაც, ადგილობრივთან შედარებით ზღვრული იქნება.

 

ეკონომისტებმა კარგად იციან, რომ რამდენჯერაც ბაზარზე საქონელი ძვირდება, ზუსტად იმდენჯერ უარესდება ცხოვრების დონე. ძნელი გასაგები არ არის, რომ ეკონომიკის განვითარება და მოსახლეობის ცხოვრების დონე მთლიანადაა დამოკიდებული ბანკის კრედიტის სიძვირეზე.

 

ბანკების ზემაღალი მოგების პირობებში ადგილობრივი პროდუქცია აბსოლუტურად არაკონკურენტუნარიანი ხდება, როგორც უცხოეთის, ისე ადგილობრივ  ბაზრებზე. უფრო მეტიც არსებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკის პირობებში შეუძლებელია ეკონომიკის განვითარება, ქვეყნის განვითარება და საერთოდ რაიმე წარმატება. 

 

არსებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკის პირობებში ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა სრული კრახით დასრულდება. წარმატებას შეიძლება მიაღწიოს მხოლოდ მათ, ვისაც გარკვეული ფინანსები გააჩნია, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია, როცა ქვეყანაში არსებული ფულის მასას მთლიანად ბანკები აკონტროლებენ და ისინი ზემაღალ მოგებაზე მუშაობენ. ასეთ ვითარებაში განვითარებას ახერხებენ მხოლოდ უცხოური ინვისტიციებით შექმნილი კომპანიები ან საქართველოს ის  მოქალაქეები, ვინც დიდი ფული უკანონო გზებით ან უცხოეთში იშოვა.          

                                                                                                                                                                                                                                                                                           

ბანკების სიხარბისა და მათი მესვეურების გამდიდრების დაუოკებელი სურვილის გამო სრულიად კნინდება კრედიტის, როგორც უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური ფაქტორის და დაგროვების, როგორც ფულის უმნიშვნელოვანესი ფუნქციის მნიშვნელობა. 

 

არ დავიწყებ ეკონომიკის განვითარებაში დაგროვების უდიდესი როლის მნიშვნელობაზე საუბარს, ეს მოცემული თემის ფარგლებს სცდება. მხოლოდ ზოგადად შევეხებით კრედიტების, ამ უდიდესი ეკონომიკური ფაქტორის მნიშვნელობას, ეკონომიკისა და ქვეყნის განვითარებაში.

 

 

რა მნიშვნელობა აქვს კრედიტებს ეკონომიკაში და ქვეყნის განვითარებაში?

 

კრედიტების არარსებობის შემთხვევაში ადამიანმა რომ ბიზნესი დაიწყოს, წლების განმავლობაში ფული უნდა აგროვოს. ბიზნესის დაწყების შემდეგ მის გაფართოებას ასევვე დაჭირდება მრავალი წლის განმავლობაში თანხების დაგროვება. კრედიტის არარსებობის შემთხვევაში ბიზნესის წარმოება შეუძლია მხოლოდ იმათ, ვინც მემკვიდრეობით მიიღო ქონება ან ბიზნესი.

 

სხვა ვითარებაა კრედიტის არსებობის შემთხვევაში. ამ შემთხვევაში ბიზნესის დაწყება დროის დაკარგვის გარეშე შეიძლება და ბიზნესიდან მიღებული შემოსავლებიდან თანდათან მოხდება კრედიტის ძითითადი თანხის და პროცენტის გასტუმრება.

 

კრედიტი, ნორმალური ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შემთხვევაში, საშუალებას აძლევს ნიჭიერ და ინიციატივიან ადამიანებს, ვისაც საინტერესო პროექტები და იდეები აქვთ და არა აქვთ შესაბამისი თანხები, არ დაკარგონ ხანგრძლივი დრო, აიღონ კრედიტი და განახორციელონ თავიაანთი იდეები და პროექტები. ამ შემთხვევაში თვითოეულ ადამიანს თანაბარი განვითარების და თავისი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება აქვს. სწორი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა საშუალებას იძლევა ინიციატივიანი და მცოდნე ადამიანები ჩაერთონ ეკონომიკურ პროცესებში, რაც თავის მხრივ ანვითარებს ქვეყნას.

 

სწორი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შემთხვევაში ბანკების მეშვეობით ხდება თავისუფალი თანხების მობილიზება და მისი ეფექტურად გამოყენება.

 

კრედიტებს ასევე იყენებენ ფიზიკური პირები ცხოვრების პირობების მოსაწყობად. მაგალითად, ფიზიკურმა პირმა შეიძლება ფული რამდენიმე წელი დააგროვოს და იყიდოს მაცივარი. ფიზიკურ პირს ასევე შეუძლია არ დაელოდოს ფულის დაგროვებას, შეიძინოს მაცივარი, ხოლო შემდგომ შემოსავლებიდან თანდათან გადაიხადოს. სწორი საკრედიტო სისტემა საშუალებას აძლევს ადამიანს მყისიერად მიიღოს მრავალი სიკეთე, მაგალითად,  ბინა, იცხოვროს ამ ბინაში და თანდათან იხადოს ბინის ღირებულება. 

 

სწორი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა ერთის მხრივ, ზრდის ეკონომიკურ აქტივობას და ხელს უწყობს ახალი ბიზნესების განვითარებას და არსებულის გაფართოებას. ამასთან ერთად, ხელს უწყობს მოსახლეობის გარკვეული ფენების მსყიდველობითი უნარის ზრდას ეს ყველაფერი მხოლოდ დადებითად მოქმედებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე.

 

სხვა ვითარებაა, როცა ქვეყანაში ტარდება არასწორი, ხშირად დანაშაულებრივი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა. ასეთ დროს კრედიტები ეკონომიკას კი არ ანვითარებს, პირიქით, ანგრევს და ყველაფერს ანადგურებს! 

 

სახელმწიფოს არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამო, კრედიტების, ეკონომიკის განვითარების ამ უმნიშვნელოვანესი ფაქტორის, მიმართ ჩამოყალიბდა საშინელი უარყოფითი დამოკიდებულება. ითვლება, რომ თუ კრედიტს აიღებს ადამიანი, თუ ფირმა ან კომპანია, ღუპავს თავის თავს და ბიზნესსაც! 

 

არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამო კრედიტი, როგორც ქვეყნის შენების უძლიერესი ინსტრუმენტი, ქვეყნის ნგრევისთვის გამოიყენება. 

 

ასეთ მძიმე და სახიფათო ვითარებას ქმნიან ბანკები და მაღალი მოგება, რომელიც მათ გააჩნიათ. ზოგადად თუ გავაანალიზებთ შემდეგ სურათს ვღებულობთ: თუ ქვეყანაში ბანკები 0,5-3,0 პროცენტი წლიური მოგებით მუშაობენ, როგორც ეს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია, ბანკების მხრიდან არანაირი საფრთხე არ არსებობს და რეგულირება არ სჭირდება. თუ მოგება 5-7 პროცენტია საფრთხე ექმნება ეკონომიკურ განვითარების ტემპებს. 10-15 პროცენტის დროს ეკონომიკა არ ვითარდება და შეიძლება მუდმივ სტაგნაციურ მდგომარეობაში იყოს. ზემაღალი მოგების დროს კი ეკონომიკა ნადგურდება და საფრთხე ქვეყნის და მისი მოსახლეობის ფიზიკურ არსებობას ექმნება.   

 

 

რა როლი მიუძღვის ხელისუფლებას ბანკების მხრიდან ხალხის გაყვლეფაში?!

 

საქართველოში, მთელი ქვეყანა ბანკების ვალებშია „გახვეული“. ხელისუფლების არასწორი, გაუაზრებელი, აბსოლუტურად გაუთვლელი და წინდაუხედავი ეკონომიკური და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გამო, ქვეყნის მთელი მოსახლეობა ბანკების „ურდოებს“ ქვეშ „გმინავს“. ხელისუფლების დანაშაულებრივი ეკონომიკური პოლიტიკის გამო, ფაქტიურად ბანკებმა დაიპყრეს ქვეყანა და უმოწყალოდ არბევენ და ძარცვავენ მას. 

 

მაღალი საპროცენტო განაკვეთის და დიდი მოგების გამო, საქართველოს მთელი მოსახლეობა კოლოსალურ ხარკს უხდის ბანკებს. ზუსტად ისევე, როგორც მომხდურ მტერს უხდის ქვეყანა დაპყრობის შემდეგ. საქართველოში დღეს არსებული ვითარება კიდევ უფრო უარესია. მომხდური მტერი, თუ სასტიკი არ არის იმდენს მაინც უტოვებს მოსახლეობას, რომ თავისუფლად იარსებოს, კვლავ შექმნას დოვლათი, რომლის ნაწილსაც ხარკის სახით შემდგომში წაიღებს. 

 

დღევანდელი დამპყრობელი გაცილებით უფრო საშიში და სასტიკია, მოსახლეობას ისე ძარცვავს და აყაჩაღებს, რომ არ უტოვებს არანაირი არსებობის საშუალებას, არ ინდობს არავის და არაფერს. ქვეყანა არასწორი (დანაშაულებრივი) ეკონომიკური პოლიტიკის გამო, სწრაფი სიჩქარით მიექანება დიდი კატასტროფისკენ.

 

ამბობენ: „ჭკვიანები სხვის შეცდომებზე სწავლობენ, სულელები კი საკუთარზეც არაო“, ზუსტად, ასე ხდება ხშირად ჩვენ ქვეყანაში. არასწორი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გამო უახლოეს წარსულში ჩვენ ერთხელ უკვე განვიცადეთ დიდი ეკონომიკური კატასტროფა, როცა გასული საუკუნის 90-იან წლებში ბანკების კრედიტზე წლიური საპროცენტო  განაკვეთი 300-360 პროცენტს აღემატებოდა, ხოლო დისკონტირებული მოგება 400-500 პროცენტზე მეტი იყო. ეს პერიოდი არავის ნორმალურად არ გაუანალიზებია, დამნაშავეების გამოვლენა და დასჯა ხომ საერთოდ არ მომხდარა. პირიქით მაშინდელი დამნაშავეები, დღესაც დიდი „პატივითა და ღირსებით“ სარგებლობენ.

 

რა მოხდა სინამვილეში მე-20 საუკუნის 90-იან წლებში?!

 

არასწორი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გამო ბანკების საპროცენტო  განაკვეთმა კატასტროფულ მასშტაბებს მიაღწია. გაკოტრდა ყველა ფირმა და კომპანია, ვისაც ბანკების კრედიტები ჰქონდა აღებული. მოსახლეობის ერთი ნაწილი მაღალი სარგებლის გამო უძრავ ქონებას ყიდდა და ბანკებში შეჰქონდა - ეგონათ, რომ ასეთი შემოსავლები უზრუნველყოფდა მათ „ბედნიერ“ ცხოვრებას.  მეორე ნაწილი კი დამღუპველ კრედიტებს იღებდა და „ბიზნესს იწყებდა“ - ეგონათ, რომ მალე გამდიდრდებოდნენ. ყველას „სამოთხეში“ ცხოვრება მოუნდა. 

 

 

ვინ მოიგო და ვინ წააგო?! 

ანუ, სახელმწიფო რეკეტის როლში!

 

ჯერ გაკოტრდნენ ისინი, ვისაც ბანკების კრედიტები ჰქონდა აღებული, შემდეგ შემოსავლების გარეშე დარჩენილი ბანკები და ბოლოს ისინი, ვინც ბანკებში მაღალი სარგებლის მისაღებად ფული შეიტანა. „სამოთხის“ მაგივრად, ყველა ერთად აღმოჩნდა დიდ „ჭაობში“, საიდანაც ქვეყანამ დღემდეს ვერ დააღწია თავი. ყველა წაგებული დარჩა, უამრავმა ადამიანა კი ყველაფერი დაკარგა. წაგებული დარჩა ქვეყანა, შექმნილი უკიდურესად მძიმე, კატასტროფული ეკონომიკური მდგომარეობის გამო ქვეყანამ დაკარგა ტერიტორიები, 1,5 მილიონზე მეტი ადამიანი ქვეყნიდან აიყარა და უცხოეთში წავიდა საკუთარი თავის და ოჯახის გადასარჩენად. ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა კი ფიზიკურად შემცირდა 1,7 მილიონი კაცით. მოგებული დარჩა მხოლოდ თაღლითების მცირე ჯგუფი, რომლებმაც არსებული მდგომარეობით ისარგებლა და დიდი ფული იშოვა. ისინიც მხოლოდ იმიტომ დარჩნენ მოგებულები, რომ კანონი არ კანონობდა და ქვეყანა ქაოსმა მოიცვა!  

 

ანალოგიური და კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა დღეს. მართალია ვითარება მნიშვნელოვნად განსხვავებულია და სწორედ ამიტომ არის უფრო მძიმე, ეკონომიკურ და ფულად-საკრედიტო პოლიტიკაში, ისეთივე შეცდომებია, როგორც მაშინ იყო. ეს პოლიტიკა ქვეყანას ანადგურებს და განვითარების არანაირ საშუალებას არ აძლევს.

 

ჯერჯერობით არსებული ფულად-საკრედტო პოლიტიკის შედეგად ფირმები და კომპანიები კოტრდებიან. ფიზიკური პირები კარგავენ ყველაფერს, თუ კიდევ რამე შერჩენიათ. ასეთი პოლიტიკით მომავალში, მალე ბანკებიც გაკოტრდებიან. ბოლო პერიოდში რამდენჯერმე იყო ბანკების გაკოტრების საფრთხე, მთავრობის დახმარებით და უცხოეთიდან მოზიდული კრედიტებით კრიზისები დროებით დაძლეულ იქნა. უმძიმესი იქნება მომავალი ეკონომიკური კოლაფსის შედეგები ქვეყნისთვის. მოგებულები კი კვლავ თაღლითთა მცირე ჯგუფი აღმოჩნდება, ვინც დღეს მოსახლეობის და ქვეყნის ძარცვა-დაყაჩაღების ხარჯზე მდიდრდება და კოლოსალურ მოგებას ნახულობს.  

 

სწორედ იმიტომ, რომ წარსულის „გაკვეთილებს“  არ ვაანალიზებთ და დამნაშავეებს არ ვსჯით, კვლავ მიმდინარეობს დანაშაულებრივი ეკონომიკური პოლიტიკა და ქვეყნის ძარცვა განადგურება.  

 

კანონი (და დღევანდელი ხელისუფლებაც) მოსახლეობას და ქვეყანას კი არ იცავს ყაჩაღი „ბიზნესმენებისგან“ და ბანკების აბსოლუტურად უკონტროლო თარეშისგან, პირიქით, ბანკებს იცავს ფისკალური მექანიზმებით, დიდ ფულსაც აკეთებინებს მათ და რაც შეუძლია, ხელსაც უწყობს ქვეყნის დანგრევაში.

 

მკითხველს გავახსენებ შემთხვევას, როდესაც დღევანდელმა მთავრობამ „სოფლის დახმარების“ პროგრამა გააკეთა. ფერმერებს ბანკიდან 16 პროცენტში აღებულ კრედიტის 10 პროცენტს ორი წლის განმავლობაში სახელმწიფო უფარავდა. ბანკები საქართველოს ეროვნული ბანკიდან (სებ) 4 %-ში კრედიტებს იღებდნენ და ფერმერებზე 16 %-ში გასცემდნენ, სახელმწიფო ბიუჯეტი კი ბანკებს 16 პროცენტიდან 10 პროცენტს უფარავდა. დააკვირდით, რა ხდება ფაქტიურად - სახელმწიფო ბანკებს ფულს 4%-ად აძლევდა და მერე 10%-ში ყიდულობდა. ორი წლის შემდეგ კი, ბანკებთან „პირისპირ“ დარჩენილი ფერმერები კოტრდებოდნენ და იმასაც კარგავდნენ, რაც კრედიტის აღებამდე გააჩნდათ.  რეალურად ეს დანაშაულია, არსებული კანონმდებლობა და ეკონომიკური პოლიტიკა კი ამის საშუალებას იძლევა. სწორედ ასეთი დაუფიქრებელი პოლიტიკის შედეგად  იძარცვება და ნადგურდება ქვეყანა!

 

ბანკების მიერ გაცემული კრედიტები დღეისათვის 22,00 მილიარდ ლარს აჭარბებს. ნორმალური ფულად-საკრედიტო პოლიტიკის პირობებში, საბანკო პროცენტი რომ 2-3 პროცენტი იყოს,  ეს არც ისე საშიშია და ბევრად მეტიც შეიძლება იყოს ეს მხოლოდ უკეთესი იქნებოდა ქვეყნისთვის. მაგრამ, თუნდაც 30 პროცენტიანი დისკონტირებული მოგების შემთხვევაში ბანკები 6,6 მილიარდ ლარ დამატებით შემოსავალს ღებულობს, რაც რა თქმა უნდა აისახება ქვეყნის მშპ-ში. 

 

დავაკვირდეთ რა ხდება: ქვეყნის მშპ-ში 6,6 მილიარდი, სხვა გათვლებით კი 10 მილიარდზე მეტი, ბანკების ზემაღალი მოგებით იქმნება, ანუ მშპ-ს დიდი ნაწილი არაფრისგან „ჰაერისგან“ იქმნება. ამიტომაც არის, რომ ეკონომიკური ზრდა მოსახლეობაზე არ აისახება!

 

პრაქტიკულად რა გამოდის? მოსახლეობა მასიურად იღებს ვალებს, (ბევრი მათგანი იძულებულია ეს გააკეთოს, ვინაიდან არსებობის და თავის გადარჩენის სხვა საშუალება არა აქვს) რის შედეგადაც მკვეთრად იზრდება ვალების მოცულობა, ბანკების ზემაღალი მოგება კი მკვეთრად ზრდის ბანკების დამატებით შემოსავლებს და ქვეყნის მშპ-ს. გამოდის, რომ არსებული ეკონომიკური პოლიტიკით ბანკები მდიდრდებიან, ქვეყნის მშპ იზრდება, მოსახლეობა კი ღარიბდება და უფრო მძიმე მდგომარეობაში ვარდება.

 

ქვეყანაში ჭარბვალიანობის პრობლემა კი არ არის, როგორც „გვიხატავენ“, ზე მაღალი მოგების და არასწორი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის პრობლემაა. 

 

ბანკები არ კმარობენ ზემაღალ პროცენტში თანხების გაცემას და მცირედი დაგვიანების შემთხვევაშიც კი, ჯარიმას ახდევინებენ კლიენტებს. ვადაგადაცილებაზე ჯარიმის პროცენტი რამდენჯერმე აღემატება, ისედაც ძალიან დიდი საპროცენტო განაკვეთს, მისი მოცულობა თვეში 15 პროცენტზე მეტია. ნორმალური ფულად-საკრედიტო პოლიტიკის პირობებში ჯარიმის პროცენტი უმნიშვნელოდ აღემატება ძირითად პროცენტს. 

 

ბანკების მესვეურების სიხარბე და გამდიდრების ავადმყოფური სურვილი არსებულ კანონსაც არაფრად აგდებს. ბანკები და მიკროსაფინანსები კლიენტებს ჯარიმას ახდევინებენ არა დამდგარი ვალდებულების თანხიდან, არამედ, ვალის მთლიანი თანხიდან და მისაღებ ჯარიმის თანხას მრავალჯერ ზრდიან. 

 

ანუ, ადამიანი ჯარიმას იხდის იმ თანხაზე, რისი გადახდის ვალდებულებაც ჯერ არ დამდგარა. მაგალითად, თუ ადამიანს აღებული აქვს 2000 ლარი და მიმდინარე გადასახდელი თანხა შეადგენს 100 ლარს, თვიური ჯარიმა კი 15 პროცენტს შეადგენს. ერთი თვის დაგვიანების შემთხვევაში პროცენტისა და დამდგარი ვალდებულების დაგვიანების ჯარიმის სახით, ჯამში უნდა გადაიხადოს 115 ლარი. ბანკები კი ჯარიმას ახდევინებენ ძირითადი თანხიდან, ანუ 2000 ლარის 15 პროცენტს, პლიუს დამდგარ ვალდებულებას 100 ლარს. ესე, რომ კლიენტი იხდს არა 115 ლარს, არამედ 400 ლარს, ანუ 285 ლარით მეტს.

 

იმისათვის, რომ მკითხველმა კარგად წარმოიდგინოს რა დონის და მაშტაბის „აფიორასთან“ გვაქვს საქმე, უფრო ხატოვნად და კარგად ავხსნათ ეს ვითარება. 

 

წარმოიდგინეთ, რომ ადამიანს 500 ლარად ბინა აქვს ნაქირავები, რომლის საბაზრო რირებულებაც 100 000 ლარია. ქირის დაგვიანების შემთხვევაში სახლის პატრონმა ჯარიმა, დაუშვათ თვიური 10 პროცენტი დამქირავებელს გადაახდევინა არა 500 ლარიდან, არამედ, ბინის მთლიანი ღირებულებიდან. ასეთ ავანტურულ შემთხვევაში ბინის დამქირავებელი ჯარიმის სახით იხდის არა 50 ლარს, არამედ, 10 000 ლარს - ბინის მთლიანი ღირებულების 10 პროცენტს. 

 

ქართულ რეალობაში ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანი ბანკის შესატანის შეტანის დროს 15 ან 20 თეთრი დარჩენია შესატანი, არ მიუქცევია ყურადღება შემდეგ კი 200-300 ლარი და მეტი ჯარიმა დარიცხვია. საქმე იმაშია რომ ბანკის წინაშე უკვე დამდგარ ვალდებულებას თეთრიც რომ დააკლდეს, მიმდინარე შესატანი დაფარულად არ ითვლება და არსებული კომპიუტერული პროგრამები ჯარიმას მთლიანი თანხიდან ახდევინებს.

 

როცა ბანკი ჯარიმას იმაზე გახდევინებს, რისი გადახდის ვალდებულებაც არ დამდგარა, ეს არის ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა და ფეხქვეშ გათელვა. ხელისუფლება იმის მაგივრად, რომ მოსახლეობა დაიცვას ბანკების წარმოუდგენელი თვითნებობისგან, ხალხს მოუწოდებს კარგად წაიკითხონ ხელშეკრულებაში რა წერია და თუ არ ეთანხმებიან, არ მოუწერონ ხელი, ანუ უარი თქვან კრედიტის მიღებაზე. 

 

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ხშირად ადამიანები კრედიტს იღებენ იმის გამო, რომ თავის გადარჩენის და არსებობისთვის სხვა საშუალება აღარ აქვს. ასეთ შემთხვევაში ხელისუფლებაა დამნაშავე - ჯერ ერთი იმიტომ, რომ ქვეყანაში არ ქმნის ადამიანის არსებობის შესაძლებლობებს, ამის უნარი არ გააჩნია და არც ხელისუფლებას თმობს. მეორე, იმიტომ, რომ არ იღებს სწორ კანონებს და არსებული უმაქნისი კანონები ადამიანთა ჩაგვრის უფლებას იძლევა. მესამე, იმიტომ რომ ატარებს დანაშაულებრივ ეკონომიკურ და ფულად-საკრედიტო პოლიტიკას.

 

იმისდა მიუხედავად, თუ რა წერია ხელშეკრულებაში და რაზე აწერს ხელს კლიენტი, დანაშაული მაინც არის. ხელშეკრულებაზე მაღლა დგას ქვეყნის კანონი, ქვეყნის კანონზე მაღლა კი ადამიანის უფლებების საერთაშორისო დეკლარაცია, რომლის თანახმად, ადამიანი პასუხს იმ მატერიალური ზარალისთვის აგებს, რაც მან სხვას მიაყენა. ასე რომ ბანკები მასიურად არღვევენ ადამიანის უფლებებს და ამაზე ხელისუფალი დუმს, - არ რეაგირებს ბანკების უკანონობებზე.

 

მთავრობის არასწორი ფულად-საკრედიტო და ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია ის, რომ მოსახლეობა მიღებულ სიკეთეებში იხდის ბევრად უფრო მეტს, ვიდრე უნდა გადაიხადოს, რაც მკვეთრად ამძიმებს ცხოვრების პირობებს. 

 

მძიმე ეკონომიკურმა მდგომარეობამ და ბანკების უკიდურესად მძიმე საკრედიტო პოლიტიკამ განაპირობა ის, რომ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დაკარგა ქონება, 800 000 მეტი ადამიანი გადახდის უუნაროა. როცა ქვეყნის მთელი მოსახლეობა ვალებშია გახვეული ასეთ ვითარებაში შეუძლებელია ეკონომიკური განვითარება. არსებული ვალების პირობებში ვერ იქმნებიან ოჯახები. ოჯახის შექმნას და არსებობის პირობებს ათასობით ლარი სჭირდება, რისი საშუალებათ იშვიათ ახალგაზრდას გააჩნია, ბანკში კრედიტის აღება კი გადაუჭრელ პრობლემებს უქმნის ახალგაზრდა ოჯახებს. არსებული საბანკო პოლიტიკის შედეგია დამძიმებული კრიმინალური ვითარება. 

 

არსებული საკრედიტო პოლიტიკის გამო უმნიშვნელო პრობლემებიც კი მძიმედ გადასატანი ხდება. მოსახლეობის უმრავლესობას ბანკების გამო არ აქვს საშუალება ოპერაცია ან მკურნალობა ჩაიტაროს და ასეთ ვითარებებში ბევრი მათგანი განწირულია სასიკვდილოდ. 

 

არსებული პოლიტიკა არ აძლევს ახალგაზრდობას სწავლის საშუალებას - ათი ათასობით სტუდენტია გარიცხული უმაღლესიდან ფულის გადაუხდელობის გამო. არსებული პოლიტიკა აიძულებს ქართველებს დატოვონ ქვეყანა, გაყიდონ სახლ-კარი და ა.შ. მათ ადგილებზე კი უცხოელები სახლდებიან, ანუ არსებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკა და ბანკების მიერ ქვეყნის ძარცვა მკვეთრად აუარესებს ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობას. 

 

ქვეყნისთვის დამანგრეველი და უარყოფითი შედეგების ჩამოთვლა დაუსრულებლად შეიძლება გაგრძელდეს.

 

ცალკე უნდა აღინიშნოს ის ტერორი, რასაც ბანკები ახორციელებენ იმათ მიმართ, ვინც ვერ იხდის კრედიტს. ზეწოლა, მუქარა, შავ სიებში შეტანა და ა.შ. ადამიანის შანტაჟი და ტერორიც ადამიანის უფლებების დეკლარაციის დარღვევაა. ბანკები საერთოდ არ ითვალისწინებენ კლიენტის მდგომარეობას და არანაირ ჰუმანურობას არ იჩენენ კლიენტების მიმართ. აქაც გვაქვს ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტები: თუ ადამიანს მისგან დამოუკიდებელად შეექმნა ისეთი მდგომარეობა, რის გამოც მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო  ვერ ასრულებს აღებულ ვალდებულებებს, პასუხს არ აგებს ამ ვალდებულების შესრულებაზე. უნდა მოხდეს ვალდებულებების ბათილად ცნობა ან გადატანა, ან ახალ პირობებთან შესაბამისობაში მოყვანა. ადამიანის უფლებათა დეკლარაციის მიხედვით. ამავე დეკლარაციით, თუ ადამიანმა ჩაიდინა კანონდარღვევა, საკუთარი სიცოცხლის გადარჩენის მიზნით, (მაგალითად ყალბი მონაცემებით აიღო კრედიტი) ჩადენილი კანონდარღვევისთვის არ ისჯება. 

 

რას აკეთებს ამ დროს, ასთი მასიური ძარცვის და ადამიანის უფლებების მასიური დარღვევების პირობებში ხელისუფლება?

 

კარდინალური, ძირეული ცვლილებების მაგივრად, ახდენს კოსმეტიკურ შელამაზებებს. ბანკები შეზღუდა და 100 % წლიური პროცენტის მაგივრად 50 % დაუწესა თითქოს 50 პროცენტი კარგი იყოს და არ გაგრძელდება ქვეყნის ძარცვა და გაჩანაკება. ერთადერთი, რაც ამ შემთხვევაში გაკეთდა 50% ჯობია 100 %-ს, რეალურად კი არაფერი არ შეიცვალა - წლიური პროცენტი ბანკებს ისედაც 50-60 ჰქონდათ. აეკრძალა ბანკებს იმათზე კრედიტის გაცემა, ვისაც სტაბილური შემოსავლებ არა აქვს. კი, მაგრამ, რას ეუბნებიან იმ ხალხს, ვისაც ხშირად ბანკის კრედიტი სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა. აი ეს არის მთელი საბნკო რეფორმა, „კოსმეტიკაში“ სხვა საშუალებები არ აღმოაჩნდათ.

 

 

სები - მოსახლეობის გაკოტრების ინიციატორი!

 

შეგნებულად არ ვახსენებდი საქართველოში ბანკების ზედამხედველ უმაღლეს ორგანო სებ-ს. ეს აბსოლუტურად უმაქნისი და არაფრის მკეთებელი ორგანიზაცია. პირველ რიგში საზოგადოებრივი კონტროლი უნდა დაწესდეს ამ არაფრის მთქმელ ორგანოზე, რომლის პოლიტიკის შედეგია ის, რაც ქვეყანაშიხდება. 

 

დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შეცვლა. ბანკებს, რომლებიც მასიურად არღვევდნენ ადამიანის უფლებებს, უნდა ჩამოერთვათ ფუნქციონირების ლიცენზია. ადამიანებმა, რომლებმაც ბანკების მიზეზით, მათი კანონდარღვევების გამო მიიღეს დიდი მატერიალური ზარალი, ბანკების მიერ უნდა ანაზრაურდეს ეს ზარალი, საჭიროების შემთხვევაში ბანკის ქონების რეალიზაციით. უნდა დაისაჯოს ყველა ის ხელმძღვანელი პირი, ვინც უხეშად და მასიურად არღვევდა ადამიანის უფლებებს. უნდა შემუშავდეს ახალი ეკონომიკური პოლიტიკა, რისთვისაც უნდა შეიქმნას კომისია - მცოდნე ეკონომისტთა ჯგუფი, რომელიც დაამუშავებს ახალი ეკონომიკური პოლიტიკის მოდელს! 

 

 

30-08-2018, 14:06
უკან დაბრუნება