მთავარი გვერდი > მიხეილ ჯიბუტი: თბილისის გენგეგმა კალაძისთვის მავნეა, თბილისისთვის კი – საზიანო, ანუ როგორ აკანონებს გენგეგმის პროექტი უკანონო მშენებლობებისთვის გაცემულ ნებართვებს?!

მიხეილ ჯიბუტი: თბილისის გენგეგმა კალაძისთვის მავნეა, თბილისისთვის კი – საზიანო, ანუ როგორ აკანონებს გენგეგმის პროექტი უკანონო მშენებლობებისთვის გაცემულ ნებართვებს?!


3-09-2018 / 11:36

მიხეილ ჯიბუტი: თბილისის გენგეგმა კალაძისთვის მავნეა, თბილისისთვის კი – საზიანო, ანუ  როგორ აკანონებს გენგეგმის პროექტი უკანონო მშენებლობებისთვის გაცემულ ნებართვებს?!

რაკი თბილისის მერიამ უკვე ჩაიბარა „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ შემუშავებული გენგეგმის პროექტი, საკრებულო მის დასამტკიცებლადაც ემზადება. პროცესი კი შემდეგნაირად ვითარდებოდა: გენგეგმის პროექტის ჯგუფს დოკუმენტი ჯერ კიდევ გასულ წელს უნდა ჩაებარებინა დამკვეთისთვის, ანუ თბილისის მერიისთვის, თუმცა პროექტის მეექვსე ეტაპი (პროექტის ხუთი ეტაპი ჯერ კიდევ დავით ნარმანიას მერიამ ჩაიბარა) სადავო გახდა და მისმა ჩაბარების ვადამ კანონით დადგენილ ყველა ვადას გადააცილა. 

 

საბოლოოდ, მერიას პირველ ივლისს უნდა მიეღო დოკუმენტი შემსრულებლისგან, თუმცა ვადა ამ შემთხვევაშიც დაირღვა და გენგეგმის პროექტმა მეტად უცნაური ფორმა მიიღო (ის გამოქვეყნებულია მერიის საიტზე). შესაბამისად, უცნობია, რას უნდა უყაროს საკრებულომ კენჭი: ბოლო ვარიანტს (რომელიც რამდენიმე დანართისგან შედგება რუკის ჩათვლით) თუ გენგეგმის პროექტის უკვე ჩაბარებულ ხუთ ეტაპსაც. 

 

მიხეილ ჯიბუტთან ერთად შევეცდებით იმის გარკვევას, თუ რა ბედს უმზადებს გენგეგმის პროექტი დედაქალაქს.

 

– ბატონო მიხეილ, ჩემთვის ბუნდოვანია, რას უნდა უყაროს კენჭი საკრებულომ, ბოლო დანართებს, წინა ეტაპებს თუ ორივეს ერთად?

 

– ზუსტად ერთი წლის წინათ გამოცხადდა, რომ თბილისის მერიაში წარადგინეს თბილისის გენგეგმის პროექტი და დაიწყეს მისი საჯარო განხილვა. დღეს უკვე გამჟღავნდა, რომ ეს იყო ფარსი, რადგან მაშინ არანაირი დოკუმენტი წარდგენილი არ ყოფილა. ასეთი დოკუმენტის წარდგენის მცდელობა არის მხოლოდ ახლა.

 

– რას გულისხმობთ, რომ დოკუმენტის გარეშე - ზეპირად მსჯელობდნენ?!

 

– დოკუმენტი საერთოდ არ ყოფილა წარმოდგენილი, ისე მიმდინარეობდა მსჯელობა. თანაც, ეს განხილვები ჩატარდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საქართველოს ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიაში და სხვა საპატივცემულო ორგანიზაცია-დაწესებულებებში ისე, რომ დოკუმენტი არ არსებობდა და გახილავდნენ. ამ ტრაგიზმს დავარქვით შეთქმულება თბილისის წინააღმდეგ. მხოლოდ ახლა წარადგინეს რაღაც დოკუმენტი. ის გამოქვეყნებულია მერიის საიტზე: დოკუმენტების ამ პაკეტში არის გენგეგმის რუკა და ტექსტური ნაწილი. მანამდე უნდა განვმარტო მთავარი: საქართველოში დღეისთვის ჯერ კიდევ არ არსებობს სრულფასოვანი საკანონმდებლო ბაზა, რომლითაც მომზადდება ტერიტორიულ-სივრცითი დაგეგმვა და ქალაქმოწყობა. ამის შესახებ ეს კამათი მიმდინარეობდა ყველა დონეზე და კიდევ ერთი შენიშვნაა ის, რომ, იდეალურიც რომ იყოს ეს დოკუმენტი, მიწათსარგებლობის გენგეგმა, მისი საშუალებით საქმიანობა მაინც შეუძლებელია, იმიტომ რომ, კანონმდებლობით, თბილისს უნდა ჰქონდეს ქალაქმშენებლობითი გეგმა, რომელიც უნდა შედგებოდეს არა მარტო მიწათსარგებლობის, არამედ განაშენიანების გეგმისგანაც. ისევე, როგორც ორკომპონენტიანი წებო, თუ მხოლოდ ერთი კომპონენტი გაქვს, თავის ფუნქციას ვერ შეასრულებს, ქალაქმშენებლობის გეგმა თბილისს ვერ ექნება მხოლოდ მიწათსარგებლობის გენგეგმის მიღებით, რადგან არ არსებობს განაშენიანების გეგმა. განაშენიანების გეგმა ისევ მოსამზადებელია, თუმცა გენგეგმის პროექტის შექმნაზე უამრავი დრო დაიხარჯა. იმაზე აღარ შევჩერდები, რომ დროის ყველა პარამეტრი დაირღვა წარდგენისას.

 

– მოდით, განვიხილოთ რუკა, რომელიც თან ახლავს გენგეგმის პროექტის დოკუმენტაციას.

 

– რუკების მიმართ ბევრი შენიშვნა გამოითქვა როგორც ქართველების, ისე უცხოელების მიერ. მაგრამ აქ მთავარი მომენტია, თუ რა სტანდარტითაა შედგენილი რუკა. ანუ რა არის ის სტანდარტი, რითაც მე უნდა წავიკითხო ეს რუკა?! საქართველოში ზოგადად რუკის სტანდარტი დადგენილი არ არის, ამიტომ ავტორებმა თავად შექმნეს რაღაც ეკლექტური სტანდარტი. მაგალითად, ფერები აიღეს იმის მიხედვით, ვის როგორი მოწონს, მასშტაბი ისეთი, როგორიც უნდოდათ.

 

– გენგეგმის პროექტის რუკების მასშტაბს აბრალებენ მერიას, დავალებაში რაც მოითხოვეს, იმ მასშტაბით შევასრულეთ რუკებიო.

 

– არც ეს არის დაცული: ზოგან ერთი მასშტაბია, მეორე რუკაზე – მეორეა. სტანდარტთან დაკავშირებული პრობლემა მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ რუკის წაკითხვას ხდის შეუძლებელს.

 

– საინტერესოა რა წინააღმდეგობას ქმნის სტანდარტის აღრევა?

 

– საქართველოში ამ წუთას ბევრ სფეროშია სტანდარტების ვაკუუმი, მაგრამ არის ზოგადი წესი, თუ არ გაქვს სტანდარტი, აცხადებ იმ სტანდარტს, რომელსაც იყენებ. მაგალითად, შეგიძლია თქვა, რომ იყენებ ნიუ იორკის ქალაქმშენებლობის ან ვენის ქალაქმშენებლობის რუკის სტანდარტს და ასე შემდეგ და რუკის წამკითხველისთვის უკვე გასაგებია, როგორ წაიკითხოს რუკა. მხოლოდ ამ მინიშნების არარსებობაც მიუთითებს რომ რუკის ხარისხი არის პრობლემური, თუმცა ვიმეორებ, მიწათსარგებლობის გენგეგმის განხორციელება, იდეალურიც რომ იყოს, დღეს შეუძლებელია განაშენიანების რეგულირების გეგმის გარეშე.

 

– ფრანგი ექსპერტი ერიკ ჰიუბრეხტიც წერდა, რომ მიწათსარგებლობის გეგმისთვის რუკის არჩეული მასშტაბი დიდია, იმიტომ, რომ მიწის ნაკვეთებს შორის საზღვრებს ვერ ადგენს და მცირეა გენგეგმისთვისო.

 

– ეს შემადგენელი ნაწილია, იმიტომ, რომ განაშენიანების გეგმის გარეშე ამას ვერ გამოიყენებ. ამას გარდა, პრობლემურია ისიც, რომ არ არის დადგენილი ნორმატივები, რომლებიც არეგულირებს განაშენიანებას: სოციალური, ეკონომიკური, არქიტექტურული და ასე შემდეგ. რუკის კიდევ ერთი დიდი ნაკლია, რომ მასში ბევრი საკითხი ღიადაა დატოვებული. გენგეგმის პროექტის შექმნის მიზანი, რატომაც დაუკვეთა ის თბილისის მერიამ, იყო ის, რომ გადაეჭრა 2014 წლის გენგეგმის პრობლემები. როდესაც ლაპარაკობდნენ წინა გენგეგმის ხარვეზებზე, მას პრეტენზიად უყენებდნენ, რომ ის არ იყო რელევანტური და ამავე დროს იყო უვარგისი – ოპერატიული საქმიანობისთვის. დასკვნაში წერია, დოკუმენტს ახასიათებს დეკლარაციულობა, არ ეყრდნობა ქალაქის განვითარების მკაფიო ნიმუშს, სტრატეგიულ ხედვას, მასში სათანადოდ არ არის ინტეგრირებული ქალაქის განვითარების ქვესისტემების ურთიერთკოორდინირებული სქემები: სატრანსპორტო, ინფრასტრუქტურული და ასე შემდეგ, ის არ წარმოადგენს სპეციალისტების კონსენსუსის შედეგს.

 

– ანალოგიურ პრეტენზიას გამოთქვამენ გენგეგმის პროექტის მიმართ, რომელსაც, წესით, ეს ხარვეზები უნდა გამოესწორებინა. 

 

– ძველი, ანუ მოქმედი გენგეგმის მიმართ გამოთქმული არც ერთი შენიშვნა, რის საფუძველზეც გამოცხადდა ახალი გენგეგმის შექმნისთვის კონკურსი, მოცემულ პროექტში გადაჭრილი არ არის. უფრო მეტიც, თუ დავუკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ ამ დოკუმენტის სახით ჩვენ მივიღეთ არა მიწათსარგებლობის გენგეგმა, არამედ დავალებათა ნუსხა, რომლებიც უნდა შეასრულოს თბილისის მერიამ. ანუ მთელი ამ სამწლიანი დავივიდარაბის შემდეგ საკრებულო ამტკიცებს დოკუმენტს, რითაც თბილისის მერიას ავალებს იმის შესრულებას, რაც, წესით, მოცემული უნდა ყოფილიყო გენგეგმის პროექტში.

 

– გენგეგმის პროექტის შემქმნელი კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ არ ევალებოდათ სატრანსპორტო სქემების დადგენა, ეკოლოგიის კველვა და საერთოდ არანაირი კვლევა...

 

– მე ვსაუბრობ იმაზე, რა დოკუმენტი მივიღეთ, იმიტომ რომ მათი საუბრის განხილვას აზრი არ აქვს. ისინი უკვე “გასული არიან ფონს“. ახლა არსებობს დოკუმენტი, რომელიც მერიამ მიიღო და წარუდგინა საკრებულოს. ამიტომ, ახლა ჩვენ მერიას ველაპარაკებით და ბატონ კალაძეს ვეუბნებით, რომ ეს მავნე დოკუმენტია თქვენთვის და იმის ნაცვლად, რომ ჩაგებარებინათ მზა პროდუქტი, ანუ სამოქმედო დოკუმენტი, მიიღეთ თქვენს მიერ შესასრულებელი დავალებები. ეს დავალებები კი არ არის უწყინარი. ისინი საკმაოდ მკაცრადაა გაწერილი დროში და ქალაქის მერიასა და მერიის არქიტექტურისა და ურბანულ სამსახურებს ამ საკითხების მოგვარება ევალებათ წლის ბოლომდე.

 

– ხომ ფაქტია, რომ წლის ბოლომდე ვერ მოაგვარებენ. ელემენტარული ლოგიკაა, დავალებების ჩამონათვლის მომზადებას დასჭირდა სამი წელი და მათ შესრულებას როგორ ეყოფა ორი-სამი თვე?

 

– დადგენილების პროექტის მეხუთე მუხლით მერიას ევალება,ე.წ. „ჩარჩო-გეგმების“ დამუშავების მიზნით უზრუნველყოს პროცედურები. ეს სიახლეა კანონმდებლობაში. მეორე: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურსა და „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ შორის რაღაც ხელშეკრულების პუნქტით, საკონსულტაციო რეჟიმში, გათვალისწინებულია გამოვლენილი ხარვეზების, მათ შორის, ავტოსატრანსპორტო ზონების კორექტირების საკითხებზე კანონმდებლობით თანახმად ღონისძიებების გატარება და ეს უნდა მოესწროს 2018 წლის 31 დეკემბრამდე. ეს არის უზარმაზარი პროცესი, რომელიც არქიტექტურის სამსახურმა და დაკვეთის შემსრულებელმა კომპანიამ ერთობლივად უნდა შეასრულონ 31 დეკემბრამდე. თუ ეს მოცემული არ არის ამ დოკუმენტში, მაშინ რა დოკუმენტს იღებს საკრებულო?! რაც შეეხება „ჩარჩო-გეგმებს“: ეს არის ის დავალებები, რომელთა შესრულებაც თავის თავზე აიღო მერიამ თავის თავზე ამ დოკუმენტით.

 

– კიდევ ერთხელ დავაზუსტოთ, რომ ამ დავალებებს მერიას, ანუ შემკვეთს აძლევს მის მიერვე დაქირავებული კომპანია, რომელიც სწორედ ამ დავალებების გადასაჭრელად გადაუხადა ფული მერიამ.

 

– კანონმდებლობა ბრჭყალებში ჩასმულ ჩარჩო-გეგმებს არ იცნობს, ამ დოკუმენტში რას ნიშნავს ჩარჩო-გეგმა, არ ვიცით, ჩარჩო-ადამიანებზე ვთქვით უარი, მაგრამ ჩარჩოებზე უარს მაინც ვერ ვამბობთ, როგორც ჩანს. ესენი: ვარკეთილის მასივის ჩარჩო-გეგმა, დიდი დიღმის მესამე-მეოთხე მიკრორაიონის სამხრეთ ტერიტორიის, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორტის, გლდანის ტბის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ორთაჭალის ბაღების, კოჯრის ტყის მიმდებარე ტერიტორიის, ფონიჭალის, მეტრო სამგორის, მეტრო დიდუბის მიმდებარე ჩარჩო-გეგმა და ასე შემდეგ.

 

– ფაქტობრივად, მთელი თბილისის ჩარჩო-გეგმებია შესადგენი?

 

– მესამე დანართი მთლიანად ამ საკითხს ეძღვნება. არ ვიცი, რას უნდა შევადაროთ ეს ამბავი - ეს ერთგვარ ფოკუსს ჰგავს. ისევე, როგორც ის, რომ მერიამ სატრანსპორტო გეგმა ორ თვეში უნდა მოამზადოს, ანუ გააკეთოს ის, რას გენგეგმის პროექტის ავტორმა კომპანიამ ვერ შეძლო სამ წელიწადში. გამორიცხულია, ამის გაკეთება მერიის არქიტექტურის სამსახურმა ორ თვეში მოასწროს, მას არ აქვს ამდენი ადამიანური რესურსი. წინააღმდეგ შემთხვევაში სხვას არ დაუკვეთავდა გენგეგმის პროექტს და აი, ახლა მივედით მთავარ აბსურდამდე: ქალაქ თბილისის მერიამ შესრულებული სამუშაოს ჩაბარების ნაცვლად, ჩაიბარა დავალებათა ნუსხა, თუ რა უნდა გააკეთოს და ეს შეაქვთ საკრებულოში დასამტკიცებლად.

 

– უცხოელმა ექსპერტებმაც შენიშნეს, რომ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ შემუშავებული გენგეგმის პროექტი არის იდეების ყუთი და არა გენგეგმა.

 

– თან, ამ ჩარჩო-გეგმათა შესრულების ვადები სხვადასხვაა: ზოგი 2020 წლამდე უნდა შესრულდეს, ზოგი –2022 წლამდე, ზოგი – 2029 წლამდე, თავად გენგეგმის ვადა კი 2030 წლამდეა. ეს გენგეგმა განწირულია, ჯანსაღი აზრიდან გამომდინარეც, არაფერს ვამბობ, მეცნიერულ შეფასებაზე. არ ვიცი, როგორ განხორციელდება, მაგრამ კახა კალაძისთვის ეს არის მავნე დოკუმენტი. ეს ჩაიწერება მის პოლიტიკურ მინუსებში და ვერ ვხსნი, რატომ აკეთებს ამას. ამასაც რომ თავი დავანებოთ: შესაძლოა, კალაძემ გადაწყვიტა, შესწიროს თავისი პოლიტიკური კარიერა ამ დოკუმენტს, მაგრამ ისმის კითხვა: არის ეს თბილისისთვის სასარგებლო დოკუმენტი?! ეს დოკუმენტი, ამ სახით, თბილისს არაფერს აძლევს. უფრო მეტიც, დოკუმენტში არის ჩანაწერი, რომ ამ დოკუმენტის ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენგეგმის დამტკიცების შესახებ თბილისის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის დადგენილება.

 

– ანუ უქმდება ამჟამად მოქმედი გენგეგმა, რომლის განახლებაზეც გამოცხადდა კონკურსი და მივიღეთ უცნაური დოკუმენტი?

 

– დიახ, ის უქმდება და თბილისი გადადის ყოველგვარი ნორმებისგან თავისუფალ სივრცეში.

 

– როგორც მივხვდი, გენგეგმის პროექტის ის ხუთი ეტაპი, რომელიც უკვე ჩაიბარა მერიამ, გადაიყარა?

 

– ესეც მნიშვნელოვანი საკითხია. ამ დოკუმენტს თან არ ახლავს არანაირი განმარტებითი ბარათი, მოცემულია მუხლები, მაგრამ არ არის განმარტებული, რომელი მუხლი რატომაა. დოკუმენტის მიღება კი განმარტებითი ბარათის გარეშე არ შეიძლება. ჩვენ არ ვიცით, რატომ ვიღებთ ამ დოკუმენტს, რას ნიშნავს ესა თუ ის დებულება, რა რით შეიცვალა, რით განსხვავდება წინა გენგეგმისგან, რა ცვლილებები შევიდა მასში, რაში გამოიხატება განახლება და რა მიმართულებით. ასეთი გზამკვლევი საკრებულოს არ აქვს და არ ვიცი6 რით იხელმძღვანელებენ დოკუმენტის დამტკიცებისას. თუ მათ უნდა იხელმძღვანელონ იმ 1 500-გვერდიანი დოკუმენტით, რომლის შესახებაც ჩვენ ძალიან ბევრჯერ ვისაუბრეთ, ეს შეუძლებელია. ამდენად, საკრებულოს მიერ ამ დოკუმენტის გააზრებულად მიღება შეუძლებელია.

 

იმას გარდა, რომ თბილისი რჩება ყოველგვარი ნორმების გარეშე და უკანონო სივრცეში, ფაქტობრივად, 2030 წლამდე, ამ დოკუმენტის მიღების შემთხვევაში, მასში არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერი, კერძოდ, მესამე მუხლში: მშენებლობის ნებართვის გაცემის, სივრცითი დოკუმენტების დამუშავებისა ან მათში ცვლილების შეტანის შესახებ წინამდებარე დადგნილების ამოქმედებამდე დაწყებულ ადმინისტარციულ წამროებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მიღებულ იქნას უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში განცხადების წარდგენის დროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ანუ რა ნებართვებიცაა გაცემული 1992 წლიდან 2018 წლამდე, მათ შორის, უამრავი დაუსაბუთებელი და ეს ეხება 6 მილიონ კვადრატულ მეტრ ფართობს, რაც თბილისის მესამედია, ყველაფერი არის გამართლებული.

 

– როდესაც გენგეგმის პროექტის ჯგუფი დოკუმენტს თან ურთავს რუკას, რომელზეც აღნიშნულია ახალი ზონირება, თანდართულ დოკუმენტში კი ამბობს, რომ მანამდე გაცემული ნებართვები კანონიერია, თუ შეესაბამება გაცემის მომენტში არსებულ კანონმდებლობას, რომ არ დაემთხვეს ის ნებართვები ახალ ზონირებას? ეს არ ქმნის წინააღმდეგობას?

 

– თუ შეცვლილია ზონირება, მოქმედებს ნებართვის გაცემის დროს არსებული კანონმდებლობის ნორმები. ანუ მთელი ამ დოკუმენტის არსი და რაც იმუშავებს, არის ის, რომ 1992 წლიდან 2018 წლამდე სხვადასხვა ჯგუფების, მთავრობების, პიროვნებების მიერ გაცემული ნებართვები ძალაშია – იმ დროს მოქმედი კოეფიციენტით, იმ დროს მოქმედი ზონებით და ასე შემდეგ. ამიტომაც ვამბობ, რომ ეს დოკუმენტი არის საზიანო თბილისისთვის და მავნე – კალაძისთვის აი, ამ ნაწილით. ხომ შეიძლება, ის მაინც არ გააფუჭო, რაც არ არის ჯერ გაფუჭებული?! აი, ეს არის ამ დოკუმენტის არსი. ადრე უკანონოდ გაცემულ ნებართვებს ეძლევა კანონიერი სახე, ყველა დანარჩენი საკითხი კი რჩება ღიად. თბილისის სასარგებლოდ ამ დოკუმენტში ვერც ერთი საკითხი ვერ ამოქმედდება. უარყოფილია ისიც, რასაც თავად ამბობდნენ: კომპაქტური ქალაქის იდეა, რკინიგზის თემა საერთოდ ამოვარდნილია და სხვა. ძალიან მწყდება გული, მაგრამ კახა კალაძეს კიდევ აქვს დრო, რომ შეაჩეროს ეს მისთვის და ქალაქისთვის მავნე დოკუმენტი. თუ არადა ჩვენ გვევალება, რომ ხმა ავიმაღლოთ, რომ ასეთი დოკუმენტის ამარა არ დავტოვოთ თბილისი.

 

გული გვწყდება, ვინაიდან თბილისის მერია თანამშრომლობდა თბილისის საზოგადოებასთან, არქიტექტორებთან, ეკონომისტებთან, დაინტერესებულ პირებთან, 2018 წლის 13 თებერვალს ჩატარდა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია: „თბილისის მომავალი – მდგრადი განვითარება თუ კრიზისი“, რომელზეც კახა კალაძეც გამოვიდა მოხსენებით, ესწრებოდნენ მერიის სამსახურების წარმომადგენლებიც და მიიღეს სპეციალური რეზოლუციაც. სამწუხაროა, რომ თბილისის ინტელექტუალური პოტენციალი არ გამოიყენეს, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის გვიან.

 

ესაუბრა ნანა მდივანი

 

P.S. 2018 წლის 13 თებერვალს თბილისში გამართული სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის „თბილისის მომავალი: მდგრადი განვითარება, თუ კრიზისი?“

 

რ ე ზ ო ლ უ ც ი ა

 

კონფერენციის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ ქალაქ თბილისი, ისტორიულად შექმნილი მდგომარეობის გამო, როდესაც ხდება საბჭოთა იდეოლოგიის შესაბამისად განხორციელებული ქალაქთმშენებლობის ტრანსფორმაცია და მისი ადაპტაცია სრულიად სხვა, საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე დაფუძნებულ სინამდვილისადმი, რასაც ემატება ერთპიროვნულად განხორციელებული მმართველობითი ქმედებები, გარდამავალი პერიოდის ფინანსური, ეკონომიკური, სოციალური პრობლემები, დგას უმწვავესი გამოწვევების წინაშე, რომელთაც ბევრი მიმართულებით კრიზისული ფორმები მიიღო.

 

კონფერენციის მონაწილეები თანხმდებიან, რომ მდგომარეობა ჯერ კიდევ არაა შეუქცევადი და გამოუსწორებელი, თუმცა თუ ასე გაგრძელდა, არაა გამორიცხული უმწვავესი ურბანული კრიზისის დადგომა თავისი კატასტროფული შედეგებით.

 

კონფერენციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული მდგომარეობის გამოსასწორებლად საჭიროა ანტიკრიზისული პროგრამის შემუშავება და მისგან გამომდინარე ღონისძიებების გატარება.

 

კონფერენციის მონაწილეები აცნობიერებენ რა პროცესების განხორციელების მიმდინარეობას დროსა და სივრცეში, შესაბამისად იძლევიან დასკვნას, აქტივობების განხორციელებისათვის უახლესი და ხანგძლივი დროისათვის მისაღწევი მიზნების მიხედვით, რაც გულისხმობს პირველი რიგის ღონისძიებებით შეჩერებულ იქნას თბილისში მიმდინარე ნეგატიური პროცესები და მიეცეს საშუალება ქალაქს მდგრადი განვითარებისათვის.

 

კონფერენციის მონაწილეები იძლევიან რეკომენდაციას, რომ თბილისის ქალაქთმშენებლობის ჩამოყალიბებული სისტემის არ არსებობის გამო ანტიკრიზისული პროგრამა უნდა განხორციელდეს ორერთიანი მიდგომის საფუძველზე: ერთი მხრივ, შემუშავდეს და დაუყონებლივ გატარდეს ქალაქმშენებლობის უმწვავეს და გადაუდებელ გამოწვევებთან დაკავშირებული რისკებისა და საფრთხეების პრევენციული ღონისძიებები და მეორე მხრივ, პარალელურად წარიმართოს ინსტიტუციონალური პროცესი თანამედროვე ქალაქთმშენებლობის სისტემის შესაქმნელად. ამასთანავე სათანადო საკანონმდებლო ბაზის შემუშავებამდე და დამტკიცებამდე შეჩერდეს ქალაქის ურბანულ ქსოვილში რადიკალური ჩარევები.

 

კონფერენციის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულის განხორციელება მარტო ქალაქ თბილისის შესაძლებლობებს აღემატება და მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლების ეფექტიანი ქმედებების შემთხვევაშია შესაძლებელი.

 

კერძოდ:

 

- ცენტრალურ ხელისუფლებასთან ურთიერთკოორდინაციით უნდა განისაზღვროს თბილისის ადგილი ტერიტორიულ-სივრცობრივი მართვაში და ცენტრალური ხელისუფლების მონაწილეობის ფორმები ქალაქის განვითარების საკითხებში.

 

ამისათვის,

 

- უნდა იქნას ჩამოყალიბდეს საქართველოს ტერიტორიული დაგეგმვის სტრატეგიის პრინციპები, რაც უნდა აისახოს საქართველოს სახელმწიფო მოწყობის კონცეფციაში, უნდა შეიქმნას სივრცითი სტრატეგია, სამოქმედო პროგრამა (გეგმა) და საქართველოს კანონი „სივრცითი დაგემვისა და ქალაქთმშენებლობის“ შესახებ, კანონი მიწების ზონირების შესახებ და სხვა ფუნდამენტური კანონები (უპირველეს ყოვლისა „მიწის კოდექსი“)

 

- განხორციელდეს ქვეყნის სივრცობრივ ტერიტორიული დაგეგმვა

 

- შემუშავდეს თბილისისი განვითარების სტრატეგია და ქალაქმშენებლობის გეგმა, რომელიც წარმოადგენს, თანამედროვე მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის და განაშენიანების რეგულირების გეგმის ერთობლიობას.

 

კონფერენციის მონაწილეები მოუწოდებენ თბილისის თვითმმართველობას ადგილობრივი მმართველობის მეშვეობით დაუყოვნებლივ განსაზღვრონ ქალაქის ფუნქციონირებისათვის უმთავრესი ხელისშემშლელი პრობლემები, და დაიწყონ მათი დაძლევა სპეციალურად შემუშავებული საგანგებო პროგრამის მიხედვით.

 

კონფერენციის მონაწილეები თვლიან, რომ ქალაქ თბილისისთვის უმწვავეს პრობლემას წარმოადგენს:

 

-ტრანსპორტის პრობლემა;

-საინჟინრო ქსელური კომუნიკაციები და სამშენებლო გარემო;

-მუნიციპალური ინფრასტრუქტურა და მომსახურება; 

-ბუნების დაცვა და ეკოლოგიური მდგომარეობა;

-ეკონომიკური და სოციალური პრობლემები;

-მოქალაქეების არასაკმარისი ჩართულობა თვითმმართველობის საკითხებში.

 

განსაკუთრებით გამოყოფენ არათანამიმდევრული ურბანული მენეჯმენტის, ურბანული სიღარიბის მართვისა და ფინანსების პრობლემას. 

 

კონფერენციის მონაწილეები მიუთითებენ, რომ წარმატებისათვის აუცილებელია ადამიანური რესურსები, რომელიც დღეს არ ჰყოფნის ქალაქის მენეჯმენტს. ამის საკმარისი ინტელექტუალური რესურსი მხოლოდ მაშინ იქნება საკმარისი თუ გაერთიანდება ქალაქის მმართველობა და ინტელექტუალური და პროფესიული ელიტა.

 

კონფერენციის მონაწილეები თვლიან, რომ საკითხისადმი სამოქალაქო, სამეცნიერო და პოლიტიკური ინტერესის ამაღლების, პრობლემების ირგვლივ საზოგადოების კონსოლიდაციისა და ინტელექტუალური პოტენციალის მობილიზების მიზნით, ჩატარებულ კონფერენციას უნდა ჰქონდეს გაგრძელება სხვადასხვა ფორუმების - კონფერენციების, დისკუსიების, სემინარების, თუ სამუშაო ჯგუფების შექმნის სახით ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით.

 

კონფერენციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ თბილისის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფისათვის აუცილებელია სამეცნიერო და სამოქალაქო საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა ქალაქ თბილისის თვითმმართველობასა და მმართველობასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების გადაწყვეტაში, საჯაროობის პრინციპების სრულად განხორციელების საფუძველზე.

 


უკან დაბრუნება