ივერიონი / ზაურ ნაჭყებია: „ეთიკის კოდექსი“ რომ პრეზიდენტობას წყვეტდეს, თავი ქუდში გვექნებოდა!

ზაურ ნაჭყებია: „ეთიკის კოდექსი“ რომ პრეზიდენტობას წყვეტდეს, თავი ქუდში გვექნებოდა!

გუშინ ცესკოში, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატის თეიმურაზ შაშიაშვილის წარმომადგენელი, შვეიცარიის საელჩოს წარმომადგენელს ბატონ შალვა ცხაკაიას და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრს ბატონ ზურაბ ხრიკაძეს შევხვდი.

 

დასაწყისშივე ვიტყვი, რომ ორივემ საქმიანი და კეთილგანწყობილი პიროვნების შთაბეჭდილება დატოვა, რაც შეხვედრის შედეგზეც პოზიტიურად აისახა.

 

შეხვედრის ძირითადი თემა „პრეზიდენტობის კანდიდატთა ეთიკის კოდექსი“-ს შექმნა იყო, რისი ინიციატორიც შვეიცარიის საელჩოა.

 

მიუხედავად იმისა, რომ ანალოგიური კოდექსების მიმართ უარყოფითად ვარ განწყობილი, (რადგან, მათში ჩამოყალიბებული პრინციპების მესამედსაც არავინ ითვალისწინებს) ინიციატივა ფრიად დროული და ანგარიშგასაწევი მეჩვენება.

 

მითუმეტეს, კანდიდატთა ეთიკის (ქცევის) კოდექსის მიღების აუცილებლობა განპირობებულია ჩვენს რეალობაში არსებული დაბალი პოლიტიკური კურტურით, რომლის ძირითადი შემადგენელი ნაწილი კამათის კულტურაა - ქართველ პოლიტიკოსთა უმრავლესობა პოლემიკაში ისე შემოდის, თითქოს მის წინ არა პოლიტიკური ოპონენტი, არამედ, მოსისხლე მტერი იჯდეს!

 

ლოგიკას რომ თავი დავანებოთ, ჩვენი ბედოვლათი „პოილიტიკოსები“ თავიანთი „უპირატესობის დასამტკიცებლად“ არა მარტო უცენზურო სიტყვების კორიანტელს აყენებენ ღია ეთერში, არამედ, მუშტი-კრივსაც არ ერიდებიან! ცალკე საუბრის თემაა პიროვნული შეურაცხყოფები, რომლის თვალსაჩინო ნიმუში ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატის ამპლუაში მოგვცა, როცა მან „უტვინო “ ჟურნალისტებს საჯაროდ მიმართა - „ცოტა ტვინი გაანძრიეთ ჟურნალისტებმა“.

 

ზოგადად და მითუმეტეს, იქ მყოფ ჟურნალისტებს ელემენტარული ღირსების გრძნობა რომ გააჩნდეთ, იმდენს გააკეთებდნენ, ისეთ შავ პიარს აუგორებდნენ, ქალბატონ სალომეს დისკვალიფიკაცია არ ასცდებოდა. თუმცა, პირში წყალი ჩაიგუბეს და 8 სექტემბრამდე ელოდებიან, ოფიციალურად დაუჭერს თუ არა „დამოუკიდებელ“ კანდიდატს მხარს „ქართული ოცნება“.  აქსიომაა, რომ, ზურაბიშვილისადმი ხალხის განწყობის გათვალისწინებით, ტოტალური გაყალბების გარეშე, მისი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება შეუძლებელია!!!

 

ჟურნალისტები ვახსენე და აქვე დავამატებ. თუ ვინმეს სჭირდება ეთიკის კოდექსი, უპირველესად ჟურნალისტებს, რადგან, ხშირად მათი საქმიანობა ყოველგვარი ეთიკის ნორმას სცილდება!

 

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ჟურნალისტთა ეთიკის კოდექსი და ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, იქ ჩამოყალიბებულ პრინციპებს საქართველოში მოქმედ ჟურნალისტთა 1 პროცენტიც არ ემორჩილება - ქარტიას „უზნეო “ ჟურნალისტი მხოლოდ მაშინ გაახსენდება, როცა ესა თუ ის მედიასაშუალება ეთიკის ყოველგვარ ზღვარს დაარღვევს.

 

სხვათაშორის, ჩემი განწყობა ეთიკის (ქცევის) კოდექსების მიმართ არც გუშინ დამიმალავს. მიუხედავად იმისა, რომ იდეას ვემხრობი, ნაკლებად მჯერა, რომ ამ კოდექსით ოპონენტებთან ან საზოგადოებასთან ურთიერთობაში პრეზიდენტობის კანდიდატთა მცირე ნაწილი მაინც გაითვალისწინებს. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა სასარგებლო, კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმების დარღვევისას დისკვალიფიკაციას ან დასჯის სხვა მეთოდს ითვალისწინებდეს.

 

მე პირადად სიამოვნებით ვუჭერ მხარს შვეიცარიის საელჩოს ინიციატივას: შეიმუშაოს პრეზიდენტობის კანდიდატთა ეთიკის (ქცევის) კოდექსი, რადგან, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენს მიერ წარდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატი, ბატონი თეიმურაზ შაშიაშვილი კონკურენტებს შორის უპირობო ლიდერი იქნება - სხვებისგან განსხვავებით, შაშიაშვილი არააგრესიული პოლიტიკოსია, ყოველთვის მოზომილია დაპირებებში, აქვს ოპონირების უნიკალური კულტურა და კეთილგანწყობილია ნებისმიერი ოპონენტის მიმართ (ეს რომ ნამდვილად ასეა, მომავალ დებატებშიც გამოჩნდება). კანდიდატის ეს თვისებები საკმარისი რომ იყოს ამომრჩევლის გულის მოსაგებად, უკვე ხმამაღლა ვიტყოდი, რომ იგი პოტენციური პრეზიდენტია.

 

სამწუხაროდ, თანამედროვე ქართველ პოლიტიკოსთა (პრეზიდენტობის მაძიებელთა) მხრიდან ეთიკის დარღვევა მარტო ბილწსიტყვაობაში და მუშტი-კრივში არ გამოიხატება - ეთიკის კოდექსი ირღვევა მაშინაც, როცა პრეზიდენტობის კანდიდატი, ცრუ, პრეზიდენტის სტატუსისთვის არაადექვატურ დაპირებებს იძლევა, როცა 500 ლარიან პენსიას, ან საკანალიზაციო მილების და სხვა მსხვილმან-წვრილმანების გამოსწორებას ჰპირდება.

 

ეთიკის კოდექსი ეთიკის კოდექსად, მაგრამ, ამომრჩეველმაც თვითონ უნდა გაარჩიოს შავი თეთრისგან - ავანტიურისტი და მასხარა ჭეშმარიტი პატრიოტისგან, ნამდვილი სახელმწიფო მოხელისგან.

 

ამ მხრივ ჩვენ თავი ქუდში გვაქვს - თეიმურაზ შაშიაშვილს არც ეთიკის კოდექსის ეშინია და არც დაპირებების შეუსრულებლობის, თუ რა თქმა უნდა, ამომრჩეველთა მხარდაჭერას მოიპოვებს!

 

6-09-2018, 10:23
უკან დაბრუნება