ივერიონი / ზაურ ნაჭყებია: არც სააკაშვილი, არც ბოკერია - მე ვირჩევ თეიმურაზ შაშიაშვილს!

ზაურ ნაჭყებია: არც სააკაშვილი, არც ბოკერია - მე ვირჩევ თეიმურაზ შაშიაშვილს!

ჩემი კოლეგა, ტელეჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი საკუთარ სტატუსში საინტერესო ფორმულირებას აკეთებს:

 

თუ ვირჩევთ გრიგოლ ვაშაძეს, ვირჩევთ სააკაშვილს, ხოლო თუ ვირჩევთ დავით ბაქრაძეს, ვირჩევთ ბოკერიას.

 

მძინარაშვილი არ აკონკრეტებს, ვის ვირჩევთ სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაში - მხარს ვუჭერთ „ქართული ოცნების“ მიერ საეჭვოდ მხარდაჭერილ კანდიდატს, თუ მის უკანაც დგას კონკრეტული სახელი და გვარი, კონკრეტული სახელმწიფო ან რომელიმე საერთაშორისო სტრუქტურა?!

 

ამ მოცემულობაში აშკარაა, რომ საქართველო 28 ოქტომბერს მკაცრი და გამოუსწორებელი დილემის წინაშე შეიძლება დადგეს - მიუხედავად იმისა, რომ არც სალომე ზურაბიშვილია ქართული (ჭეშმარიტი) არჩევანი, მის მიმართ საზოგადოებაში უკვე დაგროვილმა ნეგატივმა (რაც მისი უცერემონიო განცხადებების დამსახურებაა) შეიძლება კარტ-ბლანში გრიგოლ ვაშაძეს, ან დავით ბაქრაძეს მისცეს!

 

როგორც სარწმუნო წყაროები იტყობინებიან, საკმაოდ მიზანმიმართულად მუშაობენ ვაშაძისა და ბაქრაძის საარჩევნო შტაბები -„ქართული ოცნების“ უნიათობით უკმაყოფილო საზოგადოებას უკვე უქმნიან იმის ილუზიას, რომ დღევანდელ ხელისუფლებას სააკაშვილის რეჟიმი სჯობდა, რადგან,„რაღაცას მაინც აკეთებდა“, ამათ კი „ჯურღმულისკენ მიჰყავთ ქვეყანა და ხალხზე საერთოდ არ ფიქრობენ“... 

 

დიახ, სწორედ ეს არის მთავარი დილემა - „ქართულ ოცნებაზე“ განაწყენებულმა და ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის ჩიქორთულითა და არადიპლომატიური (რბილად ნათქვამია), საპრეზიდენტო კანდიდატისთვის შეუფერებელი განცხადებებით გაღიზიანებულმა ამომრჩეველმა შეიძლება ან საერთოდ არ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, ან მხარი სააკაშვილის ფავორიტებს (არა აქვს მნიშვნელობა, ვინ რა პოლიტიკური პარტიის სახელით გამოდის - ყველა საააკაშვილის რეჟიმის ნარჩენია) დაუჭიროს. 

 

როგორც ამბობენ, ვაშაძეც და ბაქრაძეც რეგიონებში კარგად მუშაობენ და პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ხალხს „უკეთესი ცხოვრების“ პერსპექტივაში არწმუნებენ.

 

განსაკუთრებით სიმპტომატურია (დამაფიქრებელია) ვაშაძე - ბაქრაძის აგრესიული და ცინიკური დამოკიდებულება სალომე ზურაბიშვილის მიმართ და მისი ქვეყნის მოღალატედ წარმოჩენა.

 

ალბათ ყველასთვის გასაგებია, თუ რას ემსახურება ყოველივე ეს. ამბობენ იმასაც, რომ ივანიშვილმა საკუთარ ფავორიტად სალომე ზურაბიშვილი იმიტომ დაასახელა, რომ ის თავისი რენომედან გამომდინარე, ვერ გაუძლებდა შემოტევებს და ამით გზა გაუსუფთავა „ნაციონალებს“ პრეზიდენტის სავარძლის ხელში ჩასაგდებად, რაც ხავერდოვანი რევოლუციის, ანუ „ნაციონალური“ რეჟიმის ხელისუფლებაში ოფიციალურად დაბრუნების წინაპირობა იქნება!

 

ისმება კითხვა არსებობს თუ არა გამოსავალი ამ მოჯადოებულ სიტუაციაში?

 

რა თქმა უნდა, არსებობს - მე პიროვნულად არც ერთ რეგისტრირებულ საპრეზიდენტო კანდიდატს ჩრდილს არ ვაყენებ, მაგრამ, ამ ურთულეს მოცემულობაში ყველაზე რეალური თეიმურაზ შაშიაშვილია, რომელსაც ჩვენი პროგნოზებით, აქვს საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერა, თუმცა, საჭიროა მეტი ინფორმირება, რომ ამომრჩეველმა გაიაზროს ზემოთხსენებული დილემა და თეიმურაზ შაშიაშვილში დაინახოს სწორედ ის პიროვნება, რომელიც ჰაერივით სჭირდება დღევანდელ საქართველოს- მროგორც ენერგიული, პრინციპული და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პრეზიდენტი.

 

მე შორს ვარ ვინმეს გაკერპებისგან. მადლობა ღმერთს, არც სიტუაციის რეალურად შეფასების უნარი მღალატობს. აქედან გამომდინარე, მართალი ვიქნები საკუთარ სინდისთან, როცა ვამბობ, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, დღევანდელ მოცემულობაში თეიმურაზ შაშიაშვილი უალტერნატივო კანდიდატურაა.

 

ნიშანდობლივია ისიც, რომ როცა მის შეფასებაზე მიდგება საქმე, შაშიაშვილის ოპონენტებს გარდა შევარდნაძის რეჟიმის პერიოდში მისი ქუთაისის მერად და იმერეთის გუბერნატორად მუშაობისა, შაშიაშვილის მიმართ სხვა კომპრომატი არ გააჩნიათ. ხანდახან კი ისეთ პრეტენზიებს წამოაყენებენ, მწარე ღიმილის ხასიათზე დაააყენებს კაცს: თუნდაც ერთი ასეთი „პრეტენზია: „რა გააკეთა, რომ იყო“?

 

რა გააკეთა და არ ყოფილა შევარდნაძის დროინდელი ჩივოვნიკებივით კორუფციაში ჩაფლული, მუდმივი ოპონირების რეჟიმში იყო ხელისუფლებასთან, როცა საქმე სახელმწიფოს ინტერესებს ეხებოდა, ყოველთვის გამოირჩეოდა გონივრული (გაბედული) ინიციატივებით და ერთადერთი, რასაც მაშინ საყვედურობდნენ, ქუთაისის და ზოგადად, იმერეთის რეგიონის გამორჩეულ სიტუაციაში ყოფნა იყო - საქმე ეხებოდა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას თუ საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საყოფაცხოვრებო ობიექტების ეფექტურად ფუნქციონირებას.

 

მეტი რა უნდა გაეკეთებინა შევარდნაძის დამყაყებული რეჟიმის პირობებში?

 

შაშიაშვილი მისანი არ იყო, კვერთხი მოექნია და რეგიონი წალკოტად ექცია - რაც გააკეთა და დამყაყებულ დროში უმწიკვლო ჩინოვნიკის რეპუტაციაც შეინარჩუნა, ეს ერთი ადამიანისთვის ძალიან მძიმე ტვირთია, რომელიც ღირსეულად ზიდა!

 

დარწმუნე3ბული ვარ, ამომრჩეველთა მხარდაჭერის შემთხვევაში შაშიაშვილი ღირსეული, ქვეყნის ინტერესებისთვის თავგანწირული პრეზიდენტი იქნება, რომელსაც ხელეწიფება მედიატორის როლი შეასრულოს ხალხსა და ხელისუფლებას შორის და ქვეყანაში სიმშვიდე და ერთობა დაამკვიდროს. თუ მას მხარს დაუჭერენ, გაპრეზიდენტების შემთხვევაში, მე პასუხს ვაგებ ჩემს სიტყვებზე.

 

და ბოლოს: უფალი განსაცდელს იმიტომ გვიმზადებს, რომ დავფიქრდეთ და სწორი არჩევანი გავაკეთოთ. თუ ახლაც შევცდით, მოსალოდნელ პერსპექტივაზე გაფიქრებაც არ მინდა!!!

 

მე გააზრებულად მხარს ვუჭერ თეიმურაზ შაშიაშვილ საქართველოს პრეზიდენტად- ხელის აუკანკალებლად შემოვხაზავ 65-ს და თქვენც გირჩევთ, ასე მოიქცეთ, რადგან ჯერ ერთი, სიტუაციამ სხვა არჩევანი არც დაგვიტოვა და მეორეც, იგი, მართლაც ღირსეული საპრეზიდენტო კანდიდატია!

 

 

23-09-2018, 14:14
უკან დაბრუნება