ივერიონი / ყველანი არჩევნებზე, ანუ წინ ახალი „დიდგორი“ გველოდება!

ყველანი არჩევნებზე, ანუ წინ ახალი „დიდგორი“ გველოდება!

30 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა მივიღეთ. ამ ხნის განმავლობაში ყველაფერი დავანგრიეთ თუ რამის დანგრევა შეიძლებოდა - ქვეყანაში არაფერი სასიკეთოდ არ იცვლება, პირიქით, ქვეყნის და მოსახლეობის მდგომარეობა  ყოველწლიურად უარესდება - ქვეყანა მიადგა იმ ზღვარს, როცა უკვე მწვავედ დგას თვითონ ქვეყნის და ერის ყოფნა-არყოფნის საკითხი...

 

მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ ამას მისი უწმინდესობაც აღნსიშნავს, რომ ღმერთმა მიგვატოვაო.

 

დიახ, ვითარება უკიდურესად მძიმეა!

 

უკიდურესად კატასტროფულია დემოგრაფიული მდგომარეობაც - ძალიან მალე აბორიგენი მოსახლეობა -  საქართველოში უმცირესობაში ვიქნებით. მიუხედავად ამისა, მოსახლეობა ქვეყნიდან გარბის და პარალელურად ყოველწლიურად მასიურად იზრდება უცხოტომელების ჩამოსახლება ქვეყანაში.

 

ასევე, უკიდურესად მძიმეა ეკონომიკური მდგომარეობა! რეალური ეკონომიკა (მრეწველობა და სოფლის მეურნეობა) დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ, დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობებმა, მთლიანად დაანგრიეს. ქვეყანაში არ იქმნება რეალური პროდუქცია - ყველაფერი იმპორტით შემოგვაქვს, ისიც კი, რისი წარმოებაც ქვეყანაში უპრობლემოდ შეიძლება. ის დოვლათიც კი, რაც ქვეყანაში იქმნება, არსებული ეკონომიკური და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის პირობებში, იმდენად არსამართლიანად ნაწილდება, რომ მოსახლეობის მხოლოდ მცირე რაოდენობა (რამდენიმე დაჯგუფება), ყოველწლიურად უზომოდ და უკონტროლოდ მდიდრდება, დანარჩენი მოსახლეობა კი ყოველწლიურად ღარიბდება. ფაქტიურად არსებული ეკონომიკის და ქვეყნის მართვის პირობებში მდიდრები მუდმივად მდიდრდებიან, ღარიბები მუდმივად ღარიბდებიან!

 

უკიდურესად მძიმეა მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა:

 

მოსახლეობის უმრავლესობა უმუშევარია, დიდი ნაწილი გაქცეულია ქვეყნიდან, თითქმის მთელი მოსახლეობა ბანკებისა და მევახშეების ვალებშია გახვეული და წლების განმავლობაში, მთელი თაობების (წინაპრების) დაგროვილ ქონებას კარგავს. მოსახლეობის დიდ ნაწილს იმედი აქვს დაკარგული, გამოსავალს ვერ ხედავს და ყველაფერზე ხელი აქვს ჩაქნეული.

 

ვინაა ამ ყველაფერში დამნაშავე?

 

ქვეყნის არსებულ უკიდურესად მძიმე მდგომარეობას ერთადერთი დამნაშავე ჰყავს - ესაა საქართველოს მთავრობა (მთავრობები), რომლებსაც ხელისუფლებაში ყოფნა სურთ და წარმოდგენა არა აქვთ ქვეყნის მართვაზე! 

 

როცა ხელისუფალი ქვეყანას ვერ მართავს და ხელისუფლებაში ყოფნის სურვილი აქვს, ასეთი ხელისუფლება ყოველთვის ძალადობრივ რეჟიმს აყალიბებს და ტყუილითა და სიცრუით, ძალადობრივი გზით ინარჩუნებს ხელისუფლებას!

 

არის კიდევ ერთი დამნაშავე, შეიძლება უფრო დიდი და მნიშვნელოვანი ვიდრე ხელისუფლებაა - ესენი მოსახლეობის სწორედ ის ნაწილია, რომელსაც ამ ცხოვრებაზე „ხელი აქვს ჩაქნეული“ და პოლიტიკურ პროცესებში, არჩევნებზე მონაწილეობას არ იღებენ. 

 

სწორედ მათ შეუძლიათ ყველაფერი შეცვალონ ქვეყანაში, მშვიდობიანად არჩევნების გზით. სწორედ მათი დანაშაულებრივი უმოქმედობა, არჩევნებში არ მისვლა და საკუთარი ხმების დაუცველობა, განაპირობებს დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალების ხელისუფლებაში მოსვლას და ხელისუფლების შენარჩუნებას. 

 

აღსანიშნავია ისიც, რომ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არც კი იცის, თუ რას ნიშნავს მათი არჩევნებში მონაწილეობა და როგორ მოქმედებს მათი არჩევნებში მონაწილეობა (ან არმონაწილეობა) ქვეყნის ბედზე და მომავალზე - არ იციან, რომ მათი პასიურობა ამძიმებს მათი ახლობლების და სხვა მოქალაქეების სოციალურ მდგომარეობას, მათი და სხვისი შვილების მომავალს და ყოფნა არყოფნის შესაძლებლობას. არავის მათთვის ეს არ აუხსნია, სწორედ ამიტომ არიან ისინი პასიურები და თვლიან, რომ არჩევნებში მათი მონაწილეობით ან არ მონაწილეობით არაფერი შეიცვლება! 

 

„ქართული ოცნების“ ლიდერი ბატონი ბიძინა ივანიშვილი დაპირდა მოსახლეობას, რომ „სამოქალაქო საზოგადოებას“ ჩამოაყალიბებდა, რაც იმას ნიშნავს რომ მოსახლეობის პოლიტიკური აქტივობა და პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობა  გაიზრდებოდა, მაგრამ ამაოდ, ექვსი წელი გავიდა მას შემდეგ და არაფერი ამ კუთხით არ შეცვლილა!

 

გვპირდებოდნენ, რომ დემოკრატიის ხარისხი გაიზრდებოდა და ამ მხრივ ევროპას გავაოცებდით. სანაცვლოდ რა მივიღეთ? 

 

მაშინ, როცა ხალხის მოთხოვნა იყო რომ ადგილობრივი გამგებლები და მერები პირდაპირი წესით არჩეულიყო, ამ მთავრობამ, „ქართულმა ოცნებამ“, ქვეყნის პრეზიდენტის არჩევნებიც გააუქმა და ეს უფლება ხალხს ჩამოართვა. სახეზე გვაქვს დემოკრატიის აშკარა, ღია რეგრესი და არა პროგრესი, როგორიც იყო დაპირება. 

 

პოლიტიკოსები კი აღნიშნავენ, რომ არჩევნებში მონაწილეობა აუცილებელია. მართალია, მოუწოდებენ მოსახლეობას არჩევნებზე აქტივობისკენ, მაგრამ ბოლომდე ვერ უხსნიან პოლიტიკური აქტივობის მნიშვნელობას, შეიძლება თვითონაც არ იციან ყველაფერი. 

 

აღსანიშნავია, რომ არჩევნები ურთულესი პოლიტიკური პროცესია, სწორედ ამიტომ სხვადასხვა პოლიტიკური ძალები, ათასგვარი პოლიტიკური და საარჩევნო ტექნოლოგიებით ცდილობენ სასურველი შედეგის მიღებას. 

 

ყველა პოლიტიკურ ძალას თავისი მიზნები აქვს. ბევრი პოლიტიკური ძალის ინტერესი საერთოდ არ ემთხვევა მოსახლეობის ინტერესებს. პირიქით, ძალიან ხშირად დიდ წინააღმდეგობაში მოდის მათ ინტერესებთან. მიუხედავად ამისა, წარმატებით ახერხებენ არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსვლას და ხელისუფლების შენარჩუნებას. ამის მთავარი მიზეზი გაუცნობიერებელი ამომრჩეველია. ამომრჩეველი, რომელიც სერიოზულად არ ფიქრობს ქვეყნის მომავალზე და ამ პროცესებში თავის როლზე და მნიშვნელობაზე.

 

მოვიყვანოთ მარტივი მაგალითი: არჩევნებზე არ მისვლით, მოქალაქე თვლის, რომ ამით არაფერს ცვლის, სინამდვილეში, რეალურად ხელს უწყობს არსებულ ხელისუფლებას ძალაუფლების შენარჩუნებაში. გამოდის, რომ ხელისუფლებაზე განაწყენებული მოსახლეობა არჩევნებზე არ მიდის და ამ დროს სწორედ ვისზეცაა განაწყენებული, იმათ უწყობს ხელს ხელისუფლებაში დარჩენაში.

 

ასე რატომ ხდება?

 

ხელისუფლებას აქვს სახელისუფლო რესურსი. სამწუხაროდ, მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის, რა არის ეს რესურსი. მიაჩნიათ, რომ ესაა მოსახლეობის ნაწილი, რომლებიც სახელმწიფო სტრუქტურებშია დასაქმებული და ხელისუფლება აიძულებს მათ სასარგებლოთ მისცეს ხმა. 

 

ეს ასე არ არის.

 

სახელისუფლო რესურსია:

 

1. სახელისუფლო რესურსია სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებული მოსახლეობა, რომელიც ფიქრობს, რომ ხელისუფლების შეცვლით, შეიცვლება საკადრო პოლიტიკა და სამსახურს დაკარგავენ. სწორედ ამიტომ მათ უმრავლესობას და მათი ოჯახის წევრების ნაწილს გააჩნიათ ბუნებრივი მოტივაცია მივიდნენ არჩევნებზე და ხმა მისცენ არსებულ ხელისუფლებას;

 

2. მოსახლეობის ნაწილი რომელიც კმაყოფილია არსებული მდგომარეობით, გააჩნია ნორმალური საცხოვრებელი პირობები;

 

3. ბიზნესის ნაწილი რომელიც არსებული ხელისუფლების პირობებში რეგულარულად ღებულობს სახელმწიფო დაკვეთებს;

 

4. მოსახლეობის ნაწილი რომელიც არსებული გამოცდილებიდან გამომდინარე, თვლის, რომ ხელისუფლების ცვლილებით კიდევ უფრო გაუარესდება ქვეყანის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა;

 

5. არაქართული მოსახლეობის დიდი ნაწილი რომლებსაც მრავალი მიზეზის გამო აწყობს არსებული მდგომარეობა და ცვლილებების წინააღმდეგია;

 

6. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლებიც სახლმწიფო შემწეობას იღებს;

 

7. ჯამში სახელისუფლო რესურსი შეადგენს 400 000 - 500 000 კაცს.

 

ახლა კი კარგად დავაკვირდეთ! 

 

თუ არჩევნებზე (ამ შემთხვევაში საპრეზიდენტო არჩევნებზე), პოლიტიკურად პასიური მოსახლეობის გამო, დაფიქსირდა დაბალი აქტივობა და არჩევნებზე მივიდა 800 000 – 1 000 000 კაცი, არსებული ხელისუფლება უპრობლემოდ იმარჯვებს არჩევნებში სახელისუფლო რესურსის მეშვეობით. თუ მოსახლეობა იქნება აქტიური და არჩევნებზე  მილიონ კაცზე მეტი მივა, სავარაუდოდ გაიმართება არჩევნების მეორე ტური. 

 

ამ შემთხვევაში ჩნდება შესაძლებლობა, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს ოპოზიციური ძალა. რაც უფრო მაღალი იქნება მოსახლეობის აქტივობა არჩევნებში, მით უფრო დაბალ პროცენტს აიღებს ის პოლიტიკური ძალები, რომლებსაც მოტივირებული ამომრჩეველი ჰყავთ. 

 

მოსახლეობის მაქსიმალური აქტივობა პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის არსებული ხელისუფლების ხელისუფლებაში დარჩენის შესაძლებლობას, თუ ეს მოსახლეობის უმრავლესობას არ უნდა. 

 

პოლიტიკურად პასიური მოსახლეობის გამო დაბალია მოსახლეობის აქტივობა საპარლამენტო არჩევნებში. საპრეზიდენტო არჩევნებში აქტივობა კიდევ უფრო დაბალია. სწორედ ამიტომ აცხადებენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, რომ არჩევნებს მათი მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი პირველსავე ტურში მოიგებს - გათვლა სწორედ მოსახლეობის დაბალ აქტივობაზეა. შემთხვევითი არ არის, რომ ადრე არსებული არჩევნებისგან განსხვავებით, ისინი არ მოუწოდებენ მოსახლეობას მივიდნენ არჩევნებზე!

 

როგორც ვხედავთ, არჩევნებზე მოსახლეობის პასიურობის გამო, არსებულ ხელისუფლებას, რომელსაც პასიური მოსახლეობა არჩევნებზე არ მისვლით თავისებურ პროტესტს უცხადებს, სინამდვილეში სწორედ ეს პასიური მოსახლეობა თავისი ქმედებით (რაც დანაშაულად მიმაჩნია) აქტიურად ეხმარება, ხელისუფლებაში მყოფ პოლიტიკურ ძალას ხელისუფლების შენარჩუნებაში.

    

მოტივირებული ამომრჩეველი ჰყავს სხვადასხვა პარტიებს, თუმცა, მათი რიცხვი უმნიშვნელოა - გარდა ერთიანი „ნაციონალური მოძრაობისა“.

 

„ნაციონალები“, მოსახლეობის ნაწილში, მოტივაციას თავისი აქტიური მოქმედებებით თვითონ ქმნიან. მათ ხელშია დიდი ფინანსური რესურსები, გააჩნიათ „საკუთარი ტელევიზია“, ეწევიან აქტიურ პროპაგანდას, რეკლამირებას, ამასთან, კოორდინატორების მეშვეობით ახდენენ ამომრჩეველთა მობილიზებას. 

 

ეს პარტია უკანონო გზებსაც იყენებს საკუთარი მიზნებისთვის, ხშირად, არჩევნების დღეს კოორდინატორები ზეწოლას ახდენენ ამომრჩეველზე, რაც კანონით დასჯადი ქმედებაა. ხელისუფლება კი ასეთ დარღვევებზე არ რეაგირებს!

 

ბოლო წლებია ჩვენ ქვეყანაში ხელისუფლებისთვის ბრძოლა მიდის ამ ორ ძალას შორის. მოსახლოება „მოჯადოებულ წრეში“ მოექცა. ერთის მხრივ, არ სურთ „ნაციონალების“ ხელისუფლებაში დაბრუნება, იმ საშინელებების გამო, რაც მათ 9 წლის განმავლობაში ჩაიდინეს, მეორეს მხრივ კი არ სურთ არსებული ხელისუფლება, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნით არსებითად ვერაფერი გააკეთა და თავის შესაძლებლობები ბოლომდე ამოწურა. 

 

„ქართულ ოცნებას“ აწყობს ეს მდგომარეობა იმის გამო რომ „ნაცების“ უკან დაბრუნების შიშით მოსახლეობის ნაწილი მათ აძლევს ხმას. თუმცა, „ნაცმოძრაობასაც“ აწყობს არსებული მდგომარეობა - მეორე პოლიტიკურ ძალად არსებობა.

 

ეს „პოლიტიკური ტანგო“ ორ სუბიექტს შორის დითხანს შეიძლება გაგრძელდეს. მეტიც, შეიძლება სამოქალაქო დაპირისპირებაში გადავიდეს, რითაც როგორც ერთხელ უკვე მოხდა, კვლავ ისარგებლებს „ნაციონალური მოძრაობა“, ხელისუფლებაში მოსასვლელად. 

 

ამაშიც დამნაშავე არსებული ხელისუფლება იქნება, თუმცა ყველაზე დიდი დამნაშავე პოლიტიკურად პასიური მოსახლეობაა. სწორედ ეს პასიური მოსახლეობა, თუ მასიურად მივა არჩევნებზე და ხმას არ მისცემს „ნაცმოძრაობას“, იგი მინიმალურ პროცენტს აიღებს და შემდგომში თვითონ გაქრება პოლიტიკური „სცენიდან“.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ არსებული მახინჯი საარჩევნო კანონმდებლობის პირობებში პარტიები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და დაფინანსების მოცულობა პირდაპირაა დამოკიდებული არჩევნებში აღებულ პროცენტულ მაჩვენებელზე. 

 

უმცირესობები, სხვადასხვა სექტებისა და რაღაცა ახალი მიმდინარეობების წარმომადგენლები გარკვეული პოლიტიკური ძალების მაქსიმალური აქტივობით აღწევენ იმას, რომ უმცირესობა თავს გვახვევს უმრავლესობას თავის ნებას და თავის მიზნებს აღწევს, რომლებიც როგორც წესი, დიდ წინააღმდეგობაში მოდის უმრავლესობასთან. 

 

ამაშიც ბატონებო ჩვენ ვართ დამნაშავე ჩვენივე პასიურობით. 

 

დიახ, ჩვენი პასიურობის და ხელისუფლებაში გაუგებარი ძალების მოსვლის შედეგია, რომ აქტიურად ებრძვიან მართლმადიდებლობას, ჩვენს ადათ-ჩვევებს და ტრადიციებს, თავს გვახვევენ ჩვენთვის მიუღებელ ცხოვრების წესებს და ა.შ. 

 

სწორედ პოლიტიკურად პასიურ მოსახლეობას შეუძლია არსებული „მოჯადოებული წრის“ გარღვევა და „ნაცქოცური ტანგოს“ დასრულება. დიახ მათ შეუძლიათ ყველაფერი შეცვალონ ქვეყანაში - მათ შეუძლიათ ქვეყანა გადაარჩინონ სამოქალაქო დაპირისპირებას და სამოქალაქო ომს!

 

ბატონებო და ქალბატონებო,

 

როგორც უკვე ავღნიშნე, ქვეყანა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია -კატასტროფულია დემოგრაფიული მდგომარეობა, კატასტროფულია ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა, სწორედ ამიტომ თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობა ასმაგად დიდია ქვეყნის წინაშე, ჯერ კიდევ შეიძლება ყველაფერს ვუშველოთ და გადავარჩინოთ. კარგად გავაცნობიეროთ ვის მივცეთ ხმა, მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება, მივიდეთ არჩევნებზე და დავაფიქსიროთ ჩვენი არჩევანი. სწორი გადაწყვეტილების შემთხვევაში ჩვენ დიდ სამსახურს გაუწევთ როგორც საკუთარ თავს, ისე ზოგადად ქვეყანას.

 

დიახ, კარგად დაფიქრდით 28 ოქტომბრის არჩევნებზე. ხმა არ მივცეთ იმათ, ვინც უკვე იყვნენ ხელისუფლებაში და არაფერი გააკეთეს. 

 

ხმა არ მივცეთ „კარგი ბიჭია“-ს პრინციპით! 

 

ეს დაუშვებელია, როცა ქვეყნის ბედი წყდება, გავაკეთოთ გააზრებული,  ყოველმხრივ აწონილი და სწორი არჩევანი! 

 

დაიმახსოვრეთ: „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატისთვის ხმის მიცემა ნიშნავს არსებული მდგომარეობის გახანგრძლივებას, შემდგომ გაუარესებას და დამძიმებას, „ნაცმოძრაობისთვის“ და მათი სატელიტი პარტიების კანდიდატებისთვის კი მათ გაძლიერებას და ქვეყნის ჯოჯოხეთურ წარსულში დაბრუნებას! 

 

ხმა არ მივცეთ იმ პრეზიდენტობის კანდიდატებს, რომლებიც ბიუჯეტური დაფინანსების შესანარჩუნებლად, ან მოპოვებისთვის იბრძვიან და სხვა არაფერი აინტერესებთ. 

 

არ დაიჯეროთ ის, რომ პრეზიდენტს არაფერი შეუძლია, პრეზიდენტს ხალხთან ერთად ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. ავირჩიოთ მცოდნე და ღირსეული ადამიანი და ამაში მალე დავრწმუნდებით!

 

28 ოქტომბრის არჩევნები „დიდგორის ბრძოლაა“ იმედი მაქვს ყველა ადამიანი აქტიურად ჩაებმება ამ ბრძოლაში ქვეყნის სასიკეთოდ ყველანი ერთად მოვიგებთ.

 

ყველანი არჩევნებზე! 

 

ნასყიდა დარბუაშვილი

ეკონომიკის აკადემიური დოქტორი

 

 

 

25-10-2018, 17:53
უკან დაბრუნება