მთავარი გვერდი > ვაშაძე თუ ზურაბიშვილი?! ორივე შემთხვევაში საქართველო დამარცხებულია!!!

ვაშაძე თუ ზურაბიშვილი?! ორივე შემთხვევაში საქართველო დამარცხებულია!!!


29-10-2018 / 12:42

ვაშაძე თუ ზურაბიშვილი?! ორივე შემთხვევაში საქართველო დამარცხებულია!!!

 

საპრეზიდენტო არჩევნების შეფასება ჯერჯერობით ნაადრევია, მაგრამ, გარკვეული ტენდენციები მაინც გამოიკვეთა, კერძოდ:

 

1. „ნაციონალებმა “ ზედმიწევნით იციან, როგორ ჩაატარონ საარჩევნო კამპანია, როგორ გააბრუონ „ოცნების“ უნამუსობით უკმაყოფილო ამომრჩეველი და როგორ შეინარჩუნონ საკუთარი მოტივირებული ელექტორატი.

 

მითუმეტეს, „ნაციონალებმა“ ზედმიწევნით კარგად იციან, როგორ დაიცვან მოპოვებული ხმები და როგორ გამოიწვიონ საზოგადოების ეგზალტაცია!!!

 

მიუხედავად იმისა, რომ მათთვის მიუღებელი საბოლოო შედეგის გამოცხადების კვალობაზეც ისინი ვერ მოაწყობენ მათთვის ნანატრ რევოლუციას (ხალხი მაინც არ გამოყვება), ახლა საზოგადოებამ იმაზე უნდა იფიქროს, როგორ გამოვიდეს ამ მოჯადოებული წრიდან და როგორ შექმნას ახალი, ერის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებისთვის აუცილებელი რეალობა.

 

ფაქტია: „ნაციონალებმა“ ხალხის დაბოლებაც შეძლეს და მოსყიდვაც, თუმცა, ამაში ლომის წილი „ქართული ოცნებას“, პირადად, ბიძინა ივანიშვილს მიუძღვის, რომელმაც ბოლო ორი გამოსვლით მის მიმართ საზოგადოებაში ობიექტურად გაჩენილი ბზარი კიდევ უფრო გააღრმავა და ამომრჩეველი „სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს“ ხასიათზე დააყენა!

 

დიახ, არჩევნების პირველი ტურის რეალობა ბიძინა ივანიშვილის მაცდურმა თავდაჯერებულობამ, ხალხის უპატივცემლობამ და ზოგადად, მმართველი გუნდის არაადექვატურმა საქციელმა განაპირობა-მათ არჩევნები მოგებულად წინასწარ გამოაცხადეს და გამარჯვების ოფიციალურად გაფორმებას ფეიერვერკებიღა აკლდა!

 

2. „ქართულმა ოცნებამ“ შეგნებულად თუ შეუგნებლად თავადვე გაიკეთა ხარაკირი, როცა საკუთარი კანდიდატი არ დაასახელა და ფავორიტად საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის მიუღებელი სალომე ზურაბიშვილი დაასახელა.

 

პირადად ჩემთვის გაუგებარია ამ შემთხვევაშიც „ნაციონალების“ ფაქტორს უნდა ეთამაშა მთავარი როლი თუ ივანიშვილს იმის დემონსტრირება უნდოდა, ხეც რომ დავაყენო პრეზიდენტობის კანდიდატად, მაინც გავამარჯვებინებო!

 

3. არ ვიცი, ყბადაღებული კოჰაბიტაციის ბრალია, თუ საზოგადოების ზედმეტი დოყლაპიობის, გუშინდელი შედეგებით, „ქართულ ოცნება“ კი არ გავაპანღურეთ, საკუთარ თავს გამოვუტანეთ განაჩენი და ისიც დავამტკიცეთ, რომ უთავმოყვარეო ერი ვართ - „ქართულ ოცნებაზე“ გაბრაზებულებმა შური საქართველოს მომავალზე ვიძიეთ!!!

 

ნაცვლად იმისა, რომ „ნაცებიც“ მოგვეტყორცნა და „ქოცებიც“ და სხვა, რომელიმე დამოუკიდებელი, საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად მისაღები კანდიდატის გარშემო გავერთიანებულიყავით, სირაქლემას პოზა დავიჭირეთ - ან საერთოდ არ მივედით არჩევნებზე და არ გამოვხატეთ საკუთარი პოზიცია, ან „ნაცებისა“ და „ქოცების “ კუკუდამალობანას თამაშის თანამონაწილენი გავხდით!

 

4. მე არ ვარ შურისძიებისა და რევოლუციური გრიგალის მომხრე, მაგრამ,ჩვენს მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, თეიმურაზ შაშიაშვილის თქმისა არ იყოს: ასე ცხოვრება ნამდვილად არ შეიძლება (დამღუპველია ერის მომავლისთვის)!

 

5.დიახ, დასანგრევი უნდა დაინგრეს, გამოსაშვები „სისხლი“ დროულად უნდა გამოვუშვათ - დასამშვიდობებელს (ქართულ ოცნებას“) დავემშვიდობოთ, თავის დროზე უარყოფილს („ნაციონალები“) საბოლოოდ უარი ვუთხრათ და ახალ პოლიტიკურ ძალას გავუხსნათ გზა. ძნელია? კი ბატონო, ძნელი, მაგრამ, სასიცოცხლოდ აუცილებელი!

 

6. ახლა იმდენად იმაზე არ უნდა ვნერვიულობდეთ, როგორ დავსვათ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის ტახტრევანზე და როგორ დავტოვოთ პირში ჩალაგამოვლებული „ნაციონალები“ თავის გრიგოლ ვაშაძიანად, არამედ, იმაზე, როგორ ვემზადოთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელიც მეორე ტურში ნებისმიერი შედეგის შემთხვევაშიც კი გარდაუვალია-პოლიტიკურ კრიზისს ქვეყანა უკვე თავიდან ვეღარ აიცილებს!

 

p.s. საპრეზიდენტო არჩევნების პერიპეტიებზე სრულყოფილ ანალიზს უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ.

 


უკან დაბრუნება